fbpx

ერთი კვირა კვარასთან


გააზიარე სტატია

ავტორი: დავით კოვზირიძე

 

ჩემოდნიდან ამოღებული ოცნება

ოცნებების ჩემოდანში ყველას გექნებათ ჩაკეცილი ერთი ისეთი ქალაქი მაინც, რომლის ნახვა და შეგრძნებაც ბავშვობიდან გსურთ. არ ვიცი, როდის და როგორ აღმოჩნდა ჩემსაში ნეაპოლი, მაგრამ ფაქტია, ათწლეულები იყო იქ მორცხვად და ვერც ერთხელ ვერ გავიცანი. თითქოს არ არის რთულად ჩასაღწევი ქალაქი, მაგრამ ათწლეულები ვცდებოდით ერთმანეთს იმიტომ, რომ ჩვენი გაცნობა უფრო მაგარი გამოსულიყო  – უახლოეს მეგობრებთან ერთად წავედი ქართველი ბიჭის საგულშემატკივროდ ორ თამაშზე: სერია ა-ს “ნაპოლი” – “ატალანტა” და ჩემპიონთა ლიგის “ნაპოლი” – “აინტრახტი”. ბიჭის, რომელიც დღეს უკვე დიეგო არმანდო მარადონას მოსაცდელშია ჩამოსკუპებული და ყოველ მომდევნო ტურში სულ უფრო ხმამაღლა აკაკუნებს ღმერთის კარზე.

ღმერთებს და წმინდანებს ამ ორტაიმიან წერილში ნამდვილად ვერ ავცდებით, განსაკუთრებით წმინდა იანუარიუსს, ნეაპოლის მფარველს და გენიალური კომედიის, „ოპერაცია წმინდა იანუარიუსის“ მთავარ გმირს. ჰო, ეს ფილმი უნდა იყოს ჩემოდანში ნეაპოლის აღმოჩენის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი და ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ – იქაურ სუნსაც კი იგრძნობთ.

სან ჯენარომ, რომელსაც ფილმში ეუსებიოს ყიდვას შეჰპირდნენ ძარცვაზე ნებართვის სანაცვლოდ და რომელზეც მისმა სეხნია გატუზომ თქვა წაგებების სერიის შემდეგ, მოსალოცი გვყავს, სხვა ვერავინ გვიშველისო, გზაშივე გამოცდა მოგვიწყო – თბილისიდან ჩავედით ათენში, სადაც პასპორტკონტროლზე პარასკევის ბერგჰაინს დამატებული ლენინის მავზოლეუმისხელა რიგი და ორადორი მოქმედი ფანჯარა დაგვხვდა. აქედან ერთი მალევე დაიხურა, ახმახმა კონტროლიორმა შესვენება მაქვს, “კოფე” უნდა მივირთვაო და ასე აღმოვჩნდით ერთ გასასვლელ პუნქტთან ნახევარი მსოფლიო. რა თქმა უნდა, გადაჯდომა ვერ მოვასწარით, რის შემდეგაც გაგვიშვეს სტამბოლში, საიდანაც საღამოს გავფრინდით ნეაპოლში და ის იყო, ბორბალი მიწას უნდა შეხებოდა, თვითმფრინავი ქარმა ისე ააქანავა, დაჯდომის მაგივრად რომში გაფრინდა. 

რომში ხმელეთზე არ ჩაგვიშვეს, ქარი მალე ჩადგება და უკან გავფრინდებითო. სადღაც საათი გავატარეთ ჭიდაობაში, ჩაგვიშვით, არ ჩაგიშვებთ, ჩაგვიშვით, არ არსებობს და როცა უკვე რამდენჯერმე გაისმა სიტყვები: პოლიციას გამოვიძახებთ, ნეაპოლისკენ გავფრინდით -უძინრები, დაქანცულები, წინა დღეებში გაზნასუნთქები და ნერვებმოშლილები. დილის ნაცვლად ღამე ჩავედით. ასე დაგვაკარგვინა ავიაკომპანიამ AEGEAN ერთი დღე ნეაპოლში, უკან გამოფრენის წინა დღეს კი საერთოდ გაიფიცა, ფრენა გაგვიუქმა და კიდევ ერთი დღე გაგვინიავა, ამჯერად იტალიის დედაქალაქში. ჩვენს შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ ყველა გზა კი არა, არცერთი არ მივიდა რომში. 

წმინდანების ქალაქი

დავდგი თუ არა ფეხი ამ ზღაპრულ ქალაქში, მივხვდი, ძალიან შემიყვარდებოდა. და ამაშიც მთავარი როლი შეასრულა სან ჯენარომ, რომლის სახელობის ულამაზესი ტაძარიც ჩვენი სახლიდან რამდენიმე მეტრში აღმოჩნდა. რომ შევედით, ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ დიდი ხნის უნახავ მეგობართან ვართ სტუმრად, რადგან არ არსებობს წელიწადი ისე გავიდეს, „ოპერაცია წმინდა იანუარიუსი“ ერთხელ მაინც არ ვნახოთ ყველამ, ვინც იქ ვიყავით. ეტყობა, იგრძნო ეს გულწრფელი სიყვარული და მთელი კვირა ჩვენთან ერთად იყო, გვიწყობდა სიურეალისტურ სიურპრიზებს, გვეხმარებოდა, გვაჩვენებდა ყველაფერს, რატომაც შეიძლება მისი ქალაქი გიყვარდეს. კი, მისტიკაა, მაგრამ ლამაზი და თბილი მისტიკა. ისე, მისტიკა ეძახე და “ატალანტასთან” ხვიჩამ ჯენაროს ლოცვა-კურთხევით ისეთი გოლი შეაგდო, აზრზე რომ მოვედი, სტადიონზე ჩემი ადგილიდან რამდენიმე რიგის მოშორებით ვხტუნაობდი და ვეხუტებოდი სრულიად უცხო ნეაპოლელ ტიპს, რომელიც ჩემს ყურთან ღრიალებდა გაუჩერებლად – მამმა მია… კვარა, მამმა მია… თუმცა ფეხბურთზე მოგვიანებით.

როცა ნეაპოლში დადიხარ, დადიხარ ფილმში, რომელიც რეალურია. იქ სულ ხმაურია, სულ ვიღაც მღერის ან რაღაცაზე კამათობს. უვიწროვეს ქუჩებზე მარადონებივით დაქრიან პატარა მანქანები და მოპედები, თან წარმოუდგენელი სისწრაფით და გაოგნებული ფიქრობ, როგორ ხარ ცოცხალი. რამდენიმე დღეში ეჩვევი. როგორც თუშეთის სოფლებს შორის გაბმულ საშიშ გზებს.

ტურისტული ადგილები ულამაზესია, მაგრამ თუ გინდა, ნეაპოლი გაიგო (ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქალაქი), მის სულში უნდა შეძვრე, თითქმის ერთმანეთზე მიდგმულ სახლებს შორის, სადაც გგონია, რომ უცებ კარავაჯო შეგხვდება. სადაც პირველ სართულზე თითქმის ყველა კარი ღიაა და ნეაპოლელი ბებიები დაფუსფუსებენ, გამოდის უგემრიელესი სუნები, ამ ბებიების და მათი უსაქმური შვილიშვილების ჩხუბის და ტელევიზორის ხმა, გაზავებული ნეაპოლიტანური მუსიკით. გარშემო ყველგან, თითქმის ყველა კართან არის ხატები, ელექტროსანთლები და იმ ოჯახების გარდაცვლილთა ფოტოები, ერთმანეთს ენაცვლება თევზის, ნივრის და ჰაშიშის არომატები და სარეცხი. გაუთავებელი სარეცხი, ძირითადად ნაპოლის ფერებში.

ნეაპოლის პირველი სართული მურალებში და ფოტოებშია გამოწყობილი და ამ არაჩვეულებრივი გამოფენიდან ხვდები, რომ სან ჯენაროს სამფლობელოში სამება მეფობს – დიეგო არმანდო მარადონა; დიდგვაროვანი კომიკოსი ანტონიო გრიფო ფოკას ფლავიო ანჯელო დუკას კომნენო პორფიროჯენიტო გალიარდი დე კურტის დი ბისანზიო. უფრო მოკლედაც შეიძლება – ტოტო; და სოფი ლორენი, ქალღმერთი, რომელიც ნეაპოლში გაიზარდა.

სხვათა შორის, წმინდა ჯენაროს ზემოხსენებული სიურპრიზების ერთი ხაზი წმინდა ქართული იყო და ასე დაიწყო – სანაპიროზე დავინახე პომადაწასმული სტალინის გრაფიტი და ზუსტად მაგ მომენტში წინ ჩამიარა იტალიელმა წყვილმა, რომელიც დემნა გვასალიაზე ლაპარაკობდა. გოგოს კვარას მაისური ეცვა. ასეთ დიდებულ წამს მხოლოდ სან ჯენარო თუ შექმნიდა, სხვა ვერავინ.

ქართული ხაზი კი ასე გაგრძელდა – ჯერ კაფეში, სადაც წვიმას შევაფარეთ თავი, სავარაუდოდ არაბი ბიჭი შემოვიდა კეთილი სახით, ქოლგებს ყიდდა. არ გინდათო? ინგლისურად. რა ღირსო, ვიღაცამ რატომღაც ქართულად ჰკითხა. იმან, ერთი ევრო, სამი ევრო და ხუთი ევროო. ოღონდ ასევე ქართულად. და ეს ისე სწრაფად და ბუნებრივად მოხდა, ქართულადვე ვუთხარით, რომ არ გვინდა. არ გინდათ და ნუ გინდათო (ზუსტად ასე თქვა), გამართული კოლხურით და წვიმაში გაქრა.

ეს ამბავი ალბათ იმიტომ არ გაგვიკვირდა ისე, როგორც უნდა გაგვკვირვებოდა, რომ წინა დღეს, ღამის პირველ საათზე ქუჩაში ვიღაცამ დაგვიძახა: უკაცრავად, ქართველები ხართ? ნეაპოლელი სტუდენტი ბიჭი აღმოჩნდა, რომელიც იქ ერთ-ერთ უნივერსიტეტში ქართულს სწავლობს. ბევრი ვილაპარაკეთ. ვახტანგ გორგასალიც ახსენა რაღაც მომენტში. წესით, მალე ჩამოვა ვახტანგის ქალაქში. 

დავემშვიდობეთ და წავედით სახლისკენ. ორშაბათია. ღამის ორი ხდება. და უცებ ძალიან ახლოდან ხმამაღალი მუსიკის ჰანგები მოგვესმა. ლაივს ჰგავდა. ორშაბათს, ორზე. მივყევით ხმას. ჩავტეხეთ ერთ ქუჩაზე, მერე მეორეზე და მოულოდნელად მივადექით კოკროჭინა ადგილს, სადაც დიდი დინამიკები იდგა გარეთ, შუქები ბდღვრიალებდა, ვიღაც საშუალოსტატისტიკური მომღერალი დახტოდა და მის გარშემო დაახლოებით ასი ზუსტად ერთნაირი გოგო თავდავიწყებით ცეკვავდა და მღეროდა. რომ მივუახლოვდით, ზედა სართულებზე გადმომდგარი მეზობლები შევნიშნე და მეთქი, აქ ახლა ამბავი ატყდებააა. მაგრამ არა, მივედით და თურმე მეზობლებიც ცეკვავენ.

რაც შეეხება საჭმელს, არც ეს ხაზი ყოფილა „ოპერაცია წმინდა იანუარიუსში“ გაბუქებული, როცა ძარცვის წინ მძარცველები დუდუს შორეული ნათესავის პანაშვიდზე მიდიან და ერთ-ერთი, ამერიკელი, მიდიების ოვერდოზით კვდება, ისეთი გემრიელია. რამდენჯერმე აღმოვჩნდით ამ საფრთხის წინაშე და ამიტომ ცოტა ფრთხილად იყავით, ასეთი ხარისხის საჭმელი ასეთ ფასად, ალბათ, ერთ-ორ ადგილას თუა დედამიწაზე.

(დასასრული მომდევნო წერილში)

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.