fbpx

სად არიან პროგრესული მართლმადიდებლები?


გააზიარე სტატია

ავტორი: ნიკოლოზ ნადირაშვილი

 

თავდაპირველად, როდესაც ლისაბონში ჩამოვედი, ჩემი მიზანი გარკვეული პარალელების გავლება იყო XX საუკუნის პორტუგალიის დიქტატორულ რეჟიმს, Estado Novo-სა და საბჭოთა კავშირს ან, გნებავთ, საბჭოთა საქართველოს შორის, რელიგიური თემატიკის ხელოვნებაზე დაკვირვებით. მაგრამ, ისტორიამ მომიტაცა და ახლა საერთოდაც მგონია, რომ Estado Novo, კიდევ უფრო მეტად, დღევანდელ საქართველოს წააგავს: ჩვენთანაც ხელისუფლება ნაციონალისტური სენტიმენტებით მანიპულირებს და რეჟიმს ეკლესია აძლიერებს და პირიქით, რეჟიმი – ეკლესიას.

ამ სტატიაში გამოვკვეთ იმ ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს, რომელმაც პორტუგალიის დიქტატორის, ანტონიუ დი ოლივიერა სალაზარის იმპერიის დანგრევას შეუწყო ხელი; იქნებ იყოს ამ ამბავში რაღაც, რაც ჩვენც წაგვადგება?!

Estado Novo-ს ნახევარსაუკუნოვანი დიქტატორული რეჟიმი, თავის მხრივ, სევდიანი პასუხი იყო მის წინამორბედ, რესპუბლიკურ წყობილებაზე, რომელსაც მკვლევრები ასე აფასებენ: „ლიბერალური დემოკრატია კრიზისში“. პორტუგალიის დიქტატურამდელი რესპუბლიკა ერთგვაროვანი იყო: ქვეყანას არ  გააჩნდა ეროვნული, ეთნო-კულტურული ან ლინგვისტური და რელიგიური უმცირესობები, რომელთა არსებობაც, ჯანსაღი დემოკრატიული მართვის გამოცდილებას შესძენდა ხელისუფლებას (ალბათ, სწორედ ამიტომ არის, რომ დემოკრატიის მტრები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის საქართველოში, განუხრელად ებრძვიან ფუნდამენტურ მრავალფეროვნებებს საზოგადოებაში).

პორტუგალიის I-ლი რესპუბლიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი (და, შესაძლოა „სტრატეგიული შეცდომაც“) სეკულარიზაციის ხისტი პოლიტიკა იყო: ლისაბონი უკომპრომისოდ დაუპირისპირდა ეკლესიას. ამან, რასაკვირველია, კათოლიციზმის ცენტრი, ვატიკანი გაანაწყენა და, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით სხვადასხვა რეაქციულ პროცესს დაუდო დასაბამი: შეიქმნა მოძრაობა Centro Católico, რომელსაც კავშირები ჰქონდა ეკლესიის მაღალ იერარქებთან. პარალელურად, კონტინენტურ ევროპაში მიმდინარე პოლიტიკების სარკისებურად, შეიქმნა ღიად ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ეროვნული სინდიკალიზმიც. სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა მოსაზრება, რომ პორტუგალიური საზოგადოების ჯანსაღ განვითარებას ხელს უშლის მეცხრამეტე საუკუნეში „იმპორტირებული“ ლიბერალიზმი (აქ კი, დღევანდელი  საქართველოს პრორუსული მესიჯბოქსი უნდა გავიხსენოთ, როდესაც „ლიბერასტებს“ ბრალი „ქართველობის წართმევაში“ მიუძღვით). თუმცა, პორტუგალიის მემარჯვენე დიქტატურისთვის მტერი ორი აღმოჩნდება: ლიბერალიზმთან ერთად ის განუხრელად ებრძვის მემარცხენეებს, სოციალისტებსა და კომუნისტებს. და ასე, „ნუნო ალვარეშის სახელობის ჯვაროსნების“ დაჯგუფებაში გაერთიანდნენ რესპუბლიკის ოპოზიციონერები, მათ შორის მრავალი კათოლიკე და ფაშისტი, და 1926 წელს, ფაქტობრივად უბრძოლველად, პორტუგალიის პირველი რესპუბლიკა სამხედრო დიქტატურას ჩაბარდა. 

ამ ახალ წყობაში უდიდესი როლი რელიგიას ენიჭება და კათოლიკური ეკლესიაც ახალი რეჟიმის უმთავრესი მხარდამჭერი ხდება. დიქტატურას სათავეში ანტონიუ სალაზარი უდგება, რომელიც, სტალინის მსგავსად, სემინარიაში სწავლობდა; და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ არჩევანი იურიდიულ განათლებაზე გააკეთა, კათოლიციზმი მისი და პორტუგალიის ცხოვრების წესი ხდება მომდევნო მრავალი ათწლეულის განმავლობაში. 

აღსანიშნია ისიც, რომ სწორედ სწავლის პერიოდში ის დაუმეგობრდა მანუელ გონსალვიშ სერეჟეირას, რომელიც მომავალში ლისაბონის კარდინალ-პატრიარქი და თავისი მეგობრის რეჟიმის განუხრელი მხარდამჭერია. თუმცა კი ისტორიას ახსოვს ამ ორის დიალოგი, როდესაც სალაზარმა კარდინალ-პატრიარქს უთხრა: „მე ვიცავ პორტუგალიის, როგორც ქვეყნის ინტერესებს; ჩემთვის ეკლესიის ინტერესები იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც ისინი თანხვდება ქვეყნის ინტერესებს […].“ მაგრამ, ეს, ერთი შეხედვით, პრინციპული განაცხადი არასდროს გარდაქმნილა რაიმე დაპირისპირების საფუძვლად დიქტატორულ რეჟიმსა და ეკლესიას შორის. 

1940 წელს ხელი ეწერება კონკორდატსაც, რომლის თანახმადაც იკრძალება განქორწინება კათოლიკეებს შორის, ხოლო ყველა საჯარო სკოლა აუცილებლად ითვალისწინებს რელიგიური განათლების კომპონენტს. კონკორდატი ფორმალურად ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნას ემსახურებოდა, თუმცა ფაქტობრივად მან პირველი გააძლიერა: სამღვდელოება „სთავაზობდა საკუთარ სერვისს“ სახელმწიფო დაწესებულებებს, მათ შორის – ჯარს, ის გათავისუფლდა ქონების გადასახადისაგან და იღებდა დაფინანსებას მისიონერული მოღვაწეობისთვის კოლონიებში.

პორტუგალიის ახალ სლოგანს „ღმერთი, ერი, [ხელისუფლება], ოჯახი“ წარმოადგენს და განათლების სამინისტროც ღირებულებათა შემდეგ სისტემას ამკვიდრებს: ოჯახი, როგორც სოციალური უჯრედი; რწმენა, როგორც ეროვნული ერთობისა და სოლიდარობის ელემენტი; და ხელისუფლისა და იერარქიის პატივისცემა, როგორც სოციალური ცხოვრების პრინციპი. 

რამდენიმე ათწლეულის ალიანსის შემდეგ ვითარება იცვლება. სალაზარს, არც მეტი, არც ნაკლები, თავად კათოლიკეები უპირისპირდებიან. „პროგრესულ კათოლიკეთა“ გაძლიერებას კი, თავის მხრივ, არა მხოლოდ პორტუგალიის შიგნით არსებული მძიმე ყოფა (ავტორიტარიზმი და კოლონიალიზმის მიმდინარე პოლიტიკა), არამედ კათოლიკური საქრისტიანოს უმნიშვნელოვანესი მოვლენა: ვატიკანის მეორე კრება უწყობდა ხელს. აღსანიშნია, რომ ამ დროს, პორტუგალიის კათოლიკური ეკლესია ერთგვარ იზოლაციაშია მოქცეული: მღვდლები არ იღებენ განათლებას საზღვარგარეთ და, არც უშუალოდ ვატიკანის მეორე კრების სამზადისში არიან დიდად ჩართულები (აღმოჩნდა, რომ პორტუგალიიდან არავინ იყო ვატიკანში, ვინც უკან სამშობლოში მეორე კრების პროგრესულ მესიჯებს ჯეროვნად გააჟღერებდა).

პროგრესულ კათოლიკეთა რიგებს სათავეში ახალგაზრდები ედგნენ, Vanguardista-ად წოდებულნი, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც იეზუიტების ორდენში განსწავლული ანტონიო ალსადა ბატიშტა იყო. ბატიშტა 1958 წელს, კოლეგებთან ერთად, აარსებს გამომცემლობას Livraria Morais Editora, სადაც კლასიკური კათოლიკური ლიტერატურის კვალდაკვალ, თანამედროვე თეოლოგთა ნაშრომები ქვეყნდება. 1963 წელს გამოდის პერიოდული გამოცემაც – O Tempo e o Modo, რომლის უმთავრესს მიზანს, ერთი მხრივ, საზოგადოების ათეისტურ ნაწილთან დიალოგი, მეორე მხრივ კი, ვატიკანის მეორე კრების გააზრება წარმოადგენს (აღსანიშნია, რომ სწორედ ეს ჟურნალი 1968 წელს „ქადაგებს,“ რომ ქორწილი არა სოციალური ნორმა, არამედ არჩევანის თავისუფლებაა; ეს განაცხადი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა სალაზარის ღირებულებათა სისტემასთან). საბოლოოდ, პორტუგალიის კათოლიკური ეკლესია ექვემდებარება არა მხოლოდ იმ შინაარსის ბრალდებას, რომ ის ავტორიტარულ რეჟიმთან წილნაყარია, არამედ პროგრესული კათოლიკეები მას აკრიტიკებენ მისი თანამედროვეობის უგულებელყოფის გამოც.

ამ დროს სალაზარი უკვე აცნობიერებს, რომ პროგრესული კათოლიკეები რეჟიმის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ, განსაკუთრებით თუკი ისინი მემარცხენე ოპოზიციასთან – ღიად სოციალისტურ და კომუნისტურ პარტიებთან შევლენ კოალიციაში. ამავდროულად, კომუნისტთა ოპოზიციური პარტია პროგრესულ კათოლიკეებს უფრთხილდება და სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს რეჟიმის დამარცხების პროცესში. კომუნისტებს კარგად ესმოდათ, რომ სეკულარულ ოპოზიციას კათოლიკეები არ უნდა გაერიყა (რომ არ განმეორებულიყო ის შეცდომა, რაც პორტუგალიის პირველმა რესპუბლიკამ დაუშვა). ასე და ამგვარად, პროგრესულ კათოლიკეთა და პორტუგალიის კომუნისტურ პარტიას შორის თანამშრომლობაც შედგა compagnons de route-ის სტილში. მეტიც, რიგი მიზეზების გამო, პროგრესულმა კათოლიკეებმა ვერ ჩამოაყალიბეს აღმსარებლობაზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტია და მათ Estado Novo-ს ბოლო წლებში შევხვდებით ოპოზიციონერ კომუნისტთა, სოციალისტთა და მონარქისტთა პარტიულ რიგებშიც. 

პორტუგალიის მასშტაბით გაზეთის, Direito à Informação-ს ფურცლები აქტიურად იწყებენ რეჟიმის სხვადასხვა კრიტიკულ ასპექტზე საუბარს, როგორიც არის სოფლად მცხოვრებთა პრობლემები, პროფესიული კავშირების ფორმირების შეზღუდვები, პოლიტიკური პოლიციის რეპრესიები და უმთავრესი – პორტუგალიის კოლონიალიზმის მიმდინარე პოლიტიკა. ამ უკანასკნელთან მიმართებით პორტუგალიის კათოლიკური ეკლესიის პოზიციაც რეჟიმის ბოლო წლებში უკვე კრიტიკულია. მაგ., პორტუგალიის ახალი კარდინალ-პატრიარქი – ანტონიო რიბეირო ჩამოაშორეს რადიო და ტელეეთერებს, რათა არ ესაუბრა რომის პაპის ვიზიტზე ინდოეთში, ქვეყანაში, რომელმაც პორტუგალიას კოლონია (გოა) „გამოსტაცა“ 1961 წელს.

როგორც აღმოჩნდება, კოლონიალიზმის პოლიტიკა წარმოადგენს უმთავრეს მიზეზს, რამაც სალაზარის დიქტატურა დაანგრია; თუმცა, ამ მხრივ, პროცესები ეტაპობრივად და დელიკატურად განვითარდა: ერთი მხრივ, ეკლესია აცნობიერებდა, რომ კოლონიალიზმი არაქრისტიანული პრაქტიკა იყო, და, მეორე მხრივ, ვერ თმობდა სახელმწიფო მხარდაჭერას მისიონერული სამუშაოებისთვის. ოპოზიციის მხარეს რესპუბლიკელები კვლავ კოლონიალიზმის მომხრეებს წარმოადგენდნენ. ამრიგად, მემარცხენე ფრთასთან ერთად, კოლონიალიზმის უპირველესი მტრები პროგრესული კათოლიკეები იყვნენ.  რასაკვირველია, მემარცხენეთა და კათოლიკეთა ალიანსი მხოლოდ განაცხადებით არ შემოიფარგლებოდა და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში მათ უმთავრეს ბერკეტს საბრძოლო აღჭურვილობის საბოტაჟი წარმოადგენდა.

წინააღმდეგობრიობის ისტორიას ჰყავს თავისი გმირები და, მოცემულ კონტექსტში, ერთ-ერთი ასეთი იყო მღვდელი – ფელისიდად ალვეში, რომელიც ამბიონიდან ანტიკოლონიალისტურ იდეებს ქადაგებდა. ამის საპასუხოდ, ის კარდინალ-პატრიარქმა – სერეჟეირამ „დააწინაურა“  და 1967 წელს პარიზში სასწავლებლად გაუშვა. თუმცა, ამ „პატივზე“ ალვეშმა მალევე თქვა უარი და ერთ წელიწადში, სააღდგომოდ დაბრუნებულმა, გაავრცელა დოკუმენტი, რომელშიც ეკლესიის განახლების საჭიროებაზე და, არც მეტი, არც ნაკლები, რევოლუციაზე ქადაგებდა. რა თქმა უნდა, მას უფლებამოსილება შეუზღუდეს. ალვეშის უშვერი წინააღმდეგობა გადამდები აღმოჩნდა: მას ჰბაძავენ სხვა სასულიერო პირები და სამოქალაქო აქტივისტები… რეჟიმის უკანასკნელი წლების დროს გამოდის სხვადასხვა პერიოდული გამოცემა: პოლიტიკური პოლიცია ხურავს ერთ გამომცემლობას, სამაგიეროდ იხსნება მეორე.

პუბლიკაციების და სამხედრო აღჭურვილობის საბოტაჟის პარალელურად, პროგრესული კათოლიკეები მიმართავენ ახალ ინსტრუმენტსაც: ღამისთევის „მსახურებებს“ მშვიდობისთვის, რომლის დროსაც განიხილება კოლონიალიზმის ტაბუირებული საქმეები. ამ მხრივ მნიშვნელოვანია 1972 წელს დარბეული ერთ-ერთი ასეთი შეკრება Capela do Rato-ში, რომელიც კათოლიკეებმა მარქსისტულ-ლენინისტურ დაჯგუფებასთან თანამშრომლობით მოაწყვეს. ფეიერვერკებისა და ბროშურების შარავანდედში მიმდინარე ღონისძიება რომის პაპის, პავლე VI-ის მესიჯის ქვეშ იმართებოდა: „მშვიდობა შესაძლებელია და ის შენზეა დამოკიდებული.“ პოლიცია შტურმით იღებს ეკლესიას და აპატიმრებს აქტივისტებს.  ლისაბონის ახალი კარდინალ-პატრიარქი – ანტონიო რიბეირო საჯაროდ გამოხატავს უკმაყოფილებას დარბევასა და დაპატიმრებების თაობაზე (ის თავად მიდის ციხეში, რათა დაიხსნას ერთ-ერთი დაკავებული მღვდელი-აქტივისტი). 

შესაბამისად, პროგრესული კათოლიკეები და დიქტატურის დასასრულს უკვე პორტუგალიის კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური ისტებლიშმენტიც ერთ-ერთ გამწევ ძალას წარმოადგენენ წინააღმდეგობრივ მოძრაობაში, რომელიც 1974 წლის 25 აპრილს მემარცხენე სამხედრო გადატრიალებით, მიხაკების რევოლუციით დაგვირგვინდა.

მიუხედავად ფუნდამენტურად განსხვავებული სოციო-კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ დროითი კონტექსტისა, ვფიქრობ, მაინც საინტერესოა პორტუგალიის „გათავისუფლების“ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რამდენიმე საკითხის დასმა ქართულ პოლიტიკურ კონტექსტშიც:

პროგრესული კათოლიკეები პორტუგალიის კათოლიკური ეკლესიის წიაღიდან გამოვიდნენ (როგორც აღინიშნა, მათი უმთავრესი ლიდერი იეზუიტთა ორდენოსანი იყო, ეს უკანასკნელი კი, კათოლიკური სამყაროს ყველაზე ელიტურ ორდენს წარმოადგენს). პროგრესულმა კათოლიკეებმა საკუთარი სამოქმედო გეგმა კათოლიკური სამყაროს ცენტრის, ვატიკანის მეორე კრების პათოსს დააფუძნეს, დაუპირისპირდნენ პორტუგალიის კათოლიკურ ეკლესიას და უკომპრომისოდ ჩაერთნენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, სოციალური აქტივიზმის და სამხედრო აღჭურვილობის საბოტაჟის პროცესებში.

ალბათ, საქართველოს პოლიტიკური მოცემულობის ცვლილების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი სწორედ ისაა, რომ მართლმადიდებლური ისტებლიშმენტი და მრევლი სტატიკურია; ის ვერ/არ შობს „პროგრესულ მართლმადიდებლებს,“ რომლებიც ზემოთ ხსენებული პროგრესული კათოლიკეების მსგავსად, ქვეყნის კრიზისული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს საპატრიარქოს სოციო-პოლიტიკურ პოზიციონირებას გააკრიტიკებდნენ და პროგრესული მართლმადიდებლური სამყაროს (მაგ., კონსტანტინოპოლის საპატრიარქო) პათოსზე დააფუძნებდნენ საკუთარ მსოფლმხედველობრივ პოზიციას.

მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალია თავად იყო კოლონიზატორი, საქართველო კი – რუსეთის კოლონია, საკითხი მაინც უნივერსალურია: კოლონიალიზმი არაქრისტიანულია. როგორც ვნახეთ, Estado Novo-ს ბოლო წლებში, არა მხოლოდ პროგრესული კათოლიკეები, არამედ უკვე პორტუგალიის კათოლიკური ისტებლიშმენტიც განუდგება რეჟიმს, სწორედ კოლონიალიზმის მიმდინარე პოლიტიკის თაობაზე. 

კი, ჩვენ თავად ვიყავით კოლონია, რაც დღევანდელობაში რუსეთის მიერ 20%-ის ოკუპაციასა და დანარჩენი 80%-ის გავლენის სფეროდ დატოვებაში ითარგმნა… და რამდენად საუბრობს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის მიმდინარე კოლონიალიზმის თაობაზე? რატომ არ აღიარებს დეკოლონიალიზაციის გზას შემდგარი უკრაინის ეროვნული ეკლესიის ავტოკეფალიას? რატომ ულოცავს გულმხურვალედ დაბადების დღეს საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს, რომელიც პუტინის იმპერიალისტურ-კოლონიალისტური პოლიტიკის გულშემატკივარია და, რომელიც საქართველოს პატრიარქს საპასუხოდ სრული რეგალიითაც კი არ მოიხსენიებს (არ ახსენებს ოკუპირებული ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ტიტულს)?

როდესაც ამ თემებზე დავიწყე მუშაობა, ისტორიკოსს ჟოაო ალმეიდას შევხვდი. ინტერვიუს ბოლოს ვკითხე, როგორ ფიქრობთ, პროგრესულმა კათოლიკეებმა მხოლოდ პორტუგალია გადაარჩინეს თუ კათოლიციზმიც მეთქი… გაეღიმა, ხომ, ალბათ ეგრეაო. 

აქ ახლა ვნების კვირაა და ყოველდღე ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. მრევლიც ტაძარშია. პორტუგალია კი, ერთ-ერთ სეკულარულ რესპუბლიკად განაგრძობს ევროკავშირში არსებობას. 

 

პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, EU4Culture პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი. პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია ნიკოლოზ ნადირაშვილი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.