fbpx

ყველაზე „უცნაური“ პერსონაჟები კინოში


გააზიარე სტატია

 

ავტორი:  ნინკა მამულაშვილი

 

ხანდახან ფილმის ყველაზე გამორჩეული პერსონაჟები  წერტილებით დაფარული სახის ან სულაც კომპიუტერით შექმნილი გმირები არიან. სამყაროში, სადაც უცხოპლანეტელები, მონსტრები და მაგიური არსებები არ არსებობენ, კინო და ანიმაცია საშუალებას იძლევა ისინი დიდ ეკრანზე გააცოცხლონ. ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში რეჟისორები მოწინავე ტექნოლოგიებს – როგორც ციფრულს, ისე პრაქტიკულს – არა მხოლოდ ვიზუალური ეფექტებისთვის, არამედ CGI პერსონაჟების შექმნისთვის იყენებდნენ. 

დღეს კინორეჟისორებისთვის შეუძლებელი არაფერია, თუმცა სპეცეფექტები მაინც სარისკოა, რადგან კომპიუტერით პერსონაჟის სწორად შექმნა ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ აუდიენცია მასთან ემოციურ კავშირს დაამყარებს. 

გადავხედოთ კინემატოგრაფიის ყველაზე „უცნაურ“ გმირებს და მონსტრებს, რომლებიც ფილმის  გარდამტეხ ნაწილად იქცნენ და სამუდამოდ დაგვამახსოვრეს თავი. 

 

ფერმკრთალი მამაკაცი, „ფავნის ლაბირინთი”

„ახლა ფერმკრთალი მამაკაცის დროა“, – ტვიტერზე გამოაქვეყნა გილერმო დელ ტორომ 2017 წელს. ის გულისხმობდა, რომ მის მიერ შექმნილი მონსტრის ინსპირაცია ძალაუფლების ის კორუმპირებული  სისტემა იყო, რომელიც გარშემო ყველაფერს შთანთქავს – ამ შემთხვევაში ახალგაზრდა და მშიერ ოფელიას, რომელიც  მითური ხანჯლის მოპოვებას ცდილობს და ამავდროულად, საჭმლის ცდუნებას უმკლავდება. The Pale Man საშიშია, რადგან ის არასასიამოვნო პოლიტიკურ ჭეშმარიტებებს ეხმაურება. რა თქმა უნდა, მონსტრს არც მისი შემზარავი ვიზუალი ხდის ესთეტიკურად მიმზიდველს. ურჩხული ჰომეროსის ციკლოპისა და გოიას სახელგანთქმული ნახატის, „სატურნი ჭამს თავის შვილის“  ერთგვარი ჰიბრიდია. უკანასკნელი  მექსიკელი რეჟისორის პირდაპირი ინსპირაციაა. 

 

პენივაიზი, „It”

ათწლეულების განმავლობაში სტივენ კინგმა იმდენი საშიში და დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა, რომ რთულია რომელიმე გამოვარჩიოთ. თუმცა, დემონური ჯამბაზი, რომელიც ადამიანებით, კერძოდ, ბავშვებით იკვებება, ყველაზე შემზარავია მათ შორის. It პარანორმალური არსება და  შიშის კონცეფტის პერსონიფიკაციაა – მას თავისი მსხვერპლის შიშის მანიფესტაციის უნარი აქვს. როდესაც ტიმ კარის და ბილ სკარსგარდის მკვლელი ჯამბაზის სატელევიზიო და უახლესი ეკრანიზაციის ვერსიას ბოროტი ღიმილით, თეთრი სახითა და მოძრავი თვალებით ვხედავთ, გასაკვირი არ არის, რომ ის არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მოზარდების ღამის კოშმარადაც იქცა. 

 

უსახო, „მოჩვენებებით გატაცებულნი“

მართალია, ანიმაციაში არაერთი “უცნაური” პერსონაჟი გვხვდება, თუმცა ჰაიაო მიაძაკის უსახო ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური და ფილოსოფიურად ღრმა არსებაა ჟანრის ისტორიაში. უსახოს ნებისმიერი გამოჩენა ფილმის ყველა ასპექტს ერთ ფორმაში აერთიანებს. სული ჩიჰიროს კრიზისის სარკეა, რომელიც მის ყველაზე დიდი შიშებს: მიტოვებულობას, მარტოობას და იდენტობას წარმოადგენს. გარდა ნიღბისა, პერსონაჟის განსაკუთრებულობა მის უნარშია – უსახო ნებისმიერი მსხვერპლის შთანთქმისას მის  პიროვნულ მახასიათებლებს ითვისებს. 

 

იოდა, „ვარსკვლავური ომები“

ლეგენდარული ფრენკ ოზის წყალობით, იოდა თავდაპირველად ხელის თოჯინა იყო. რეჟისორმა ჯორჯ ლუკასმა გადაწყვიტა, რომ ციფრულ ეპოქაში, „ვარსკვლავური ომების“ პრიკველ ტრილოგიაში, 900 წლის ჯედაი მთლიანად CGI-დ ექცია. საბედნიეროდ, იოდას ჯარ-ჯარ ბინკს-ის მსგავსი ტექს ეივერის გაზვიადებული სახე არ ჰქონდა, პირიქით, ის სრულად რეალიზებული ანიმაციური პერსონაჟი იყო,  ისეთივე ემოციური დიაპაზონით,  როგორც რეალური გმირები: იოდა ინტიმურ დისკუსიაში, გიგანტურ ბრძოლაში ან თუნდაც იუმორისტულ გაცვლაშიც დამაჯერებელია. წლებთან და სიქუელებთან ერთად, პერსონაჟმა იგივე სახე და ხიბლი შეინარჩუნა, რომელიც მაყურებელს „The Empire Strikes“-ში მისი პირველი გამოჩენიდან ახსოვს. 

 

E.T., „E.T.“

ვინ იფიქრებდა, რომ დაბალი და უშნო უცხოპლანეტელი 700 მილიონ დოლარზე მეტი ბილეთის გაყიდვას შეძლებდა მსოფლიოში? სცენიდან გამომდინარე, E.T. ან ანიმატრონიული თოჯინა, ან ანიმატრონიული ელემენტების კოსტიუმი იყო, რომელსაც ადამიანი ირგებდა. მას მშვენივრად შეეძლო ემოციის გამოხატვა და ათზე მეტი სახის გამომეტყველების მიღება.  თოჯინა სრული დამაჯერებლობით გამოხატავდა  სიცილს,  სიხარულს, ბრაზსა და სინანულს.  მიუხედავად იმისა, რომ სპეცეფექტების ჯგუფს დიდი წვლილი მიუძღვის თოჯინას გაცოცხლებაში, სწორედ სპილბერგის ნოვატორულმა ხედვამ შეძლო ბარიერების დამსხვრევა, რითაც მან E.T. 80-იანი წლების ყველაზე დასამახსოვრებელ პერსონაჟად აქცია. 

 

დემენტორები, „ჰარი პოტერი“

მიუხედავად იმისა, რომ ამ სიაში „ბეჭდების მბრძანებლის“ ნაზგულებიც თავისუფლად შეიძლებოდა მოხვედრილიყვნენ, ისინი ოდესღაც ადამიანები, კერძოდ, შუახმელეთის მეფეები იყვნენ, რომლებიც საურონმა შეაცდინა და ძალაუფლების წყურვილმა მათ როგორც შინაგანი, ასევე ფიზიკური ჰუმანურობა ბოლომდე დააკარგვინა. დემენტორები სრულიად ცალკე არსებები არიან და ადამიანობასთან კავშირი არ აქვთ. როულინის მონსტრები ბერძნული მითოლოგიის ფურიების მსგავს არსებებს წარმოადგენენ, მათ სიკვდილისა და გახრწნის სუნი აქვთ და ადამიანის შიშითა და საზარელი მოგონებებით იკვებებიან. დემენტორების CGI ვერსია ისეთივე შემზარავია, როგორიც წიგნებშია აღწერილი, რაც დიდწილად მათმა ფიზიკურმა სიმარტივემ განსაზღვრა. რეჟისორ ალფონსო კუარონს ფილმის მუქი ტონის გაუფასურება cartoon ეფექტებით არ სურდა, შესაბამისად, დემენტორების გაცილებით რეალისტური ინტერპრეტაცია მივიღეთ. ფილმში უამრავი არსება გვხვდება, თუმცა დემენტორების პირველად გამოჩენა „აზკაბანის ტყვეში“ ფრენჩაიზის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტია. 

 

დობი, „ჰარი პოტერი“ 

როდესაც „უცნაურ“ და მაგიურ პერსონაჟებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია „ჰარი პოტერის“ მხოლოდ ერთ პერსონაჟს დავჯერდეთ. მაგიურ სამყაროში ჯადოსნური არსებების მთელი რიგია, მაგრამ ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო მკითხველისა და მაყურებლისთვის თავის შეყვარება ისე, როგორც სახლის ელფმა, დობიმ. ტობი ჯონსის მიერ შესრულებული დობი, ერთადერთი CGI პერსონაჟია, რომელიც ასეთ ფასდაუდებელ როლს ასრულებს „ჰარი პოტერის“ სამყაროში. ის უანგარო მოკავშირეა და მზად არის მთავარი გმირის უსაფრთხოებისთვის უდიდესი რისკი გაიღოს, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად. შესაბამისად, დობის ჰარის მკლავებში სიკვდილი ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი და სევდიანი სცენაა ფილმში. 

 

გოლუმი, „ბეჭდების მბრძანებელი“ 

ფილმის ისტორიაში არცერთი ანიმაციური პერსონაჟი არ ყოფილა ისეთი დამაჯერებელი, როგორიც გოლუმია. ენდი სერკისის მიერ განსახიერებული არსება არც გმირია და არც კომიკურ ეფექტს ემსახურება. ის სრულიად რეალიზებული დრამატული პერსონაჟია, რომელიც მუდმივად საკუთარ თავს ებრძვის. გოლუმი სრულყოფილი რომ არ ყოფილიყო, თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ბეჭდების მბრძანებლის“ ფრენჩაიზი ვერ შედგებოდა, ის ერთ-ერთი პირველი ციფრული პერსონაჟია, რომლის გარშემოც მთლიანი სიუჟეტური რკალი ტრიალებს. გროტესკული და ტანჯული გოლუმის დიდ ეკრანზე დებიუტიდან 20 წლის შემდეგაც კი, ის ანიმაციური პერსონაჟების უცვლელი სტანდარტია. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.