fbpx

მეოთხედფინალებიდან ნახევარფინალებისკენ


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ფეხბურთი იმითაცაა საინტერესო, რომ უამრავი საკითხი მოედნის მიღმა წყდება, რაც თითქოს საიდუმლოდ კი რჩება, მაგრამ სინამდვილეში განსაკუთრებით სასეიროს ხდის გულშემატკივრებისთვის ამ შეუდარებელ სანახაობას. 

მიუნხენის „ბაიერნი“ ასეთი სეირის გამორჩეული მაგალითია, რადგან „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის მიხედვით თუკი ვიმსჯელებთ, „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელებმა ყველაფერი გააკეთეს თავიანთი გუნდის გასანადგურებლად.

რას ერჩოდნენ მწვრთნელ ნაგელსმანს, რომლის ხელშიც გასული სამშაბათის საღამომდე ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე „ბაიერნს“ ყველა თამაში მოგებული ჰქონდა?

იმდენად უსუსური და თითიდან გამოწოვილი იყო „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელ პირთა მხრიდან ნაგელსმანის მაინცდამაინც სანაკრებო პაუზის პერიოდში გაშვების დასაბუთება, რომ ეს უკანასკნელი ჯერაც იღებს კლუბში ხელფასს და ვინ იცის ახლო მომავალში იქნებ დაუბრუნდეს კიდეც ძველ  საქმიანობას…

მთავარი კი ისაა, რომ ნაგელსმანს განაჩენი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ერთკვირიანი შვებულების დროს გამოუტანეს და ტელეფონითაც არ დაჰკავშირებიან მას, რადგან აღმასრულებელ დირექტორ ოლივერ კანის თქმით, ასეთი მრავალმნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სატელეფონო ზარით შეტყობინება „მწვრთნელისთვის მეტისმეტად უხერხული იქნებოდა“!

საკვირველია თომას ტუხელის თანხმობაც „ბაიერნის“ გადაბარებაზე ჩემპიონთა ლიგის ასეთი საპასუხისმგებლო შეხვედრის წინ, რადგან თუკი ნაგელსმანის ხელში გუნდი მართლაც მოსაწესრიგებელი იყო, ის ამის გაკეთებას ათი დღის განმავლობაში მაინც ვერ შეძლებდა,  წინააღმდეგ შემთხვევაში კი იქ მისვლას რა აზრი ჰქონდა? მოეცადა სეზონის ბოლომდე და მაშინ მიეღო გადაწყვეტილება. 

ტუხელის ხელში „ბაიერნმა“ გერმანიის თასიდან გამოვარდნა უკვე მოასწრო, „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩში კი ის სათადარიგოთა სკამზე დარჩენილი მიულერისგან იღებდა რჩევებს, თუ რა ცვლილებები შეეტანა მეორე ტაიმში ანგარიშის გასათანაბრებლად.

მაგრამ პირველი ნახევრის ანგარიშით 0:1 წაგების შემდეგ ცხადი იყო, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ უფრო გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ხვედრის გაზიარებასთან იყო ახლოს, ვიდრე გმირულ „ქამ ბექთან“.

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებმა შეიგრძნეს რა საკუთარი სათამაშო პოტენციალი, სწორედ რომ „რეკორდმაისტერის“ სტილში გადაუარეს მრისხანე მეტოქეს, რომელიც მეკარე ზომერმა თუ იხსნა 0:3-ზე დიდი ანგარიშით წაგებისგან. 

თავის მხრივ პეპ გვარდიოლამაც მწარედ იძია შური შარშანწინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მის მომგებ ტუხელზე, მოჩვენებითად დაუთმო რა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს ბურთის ფლობის ინიციატივა. ასეთი რამ კი პეპს აქამდე არც „ბარსელონაში“, არც „მანჩესტერ სიტიში“ არ გაუკეთებია!

მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა შესაძლებლობების ზღვარზე ჩაატარა მატჩი და თანაბარი წვლილი გაიღო საერთო წარმატებაში, რაც ძალზედ იშვიათი და დასაფასებელია. 

შესანიშნავ გუნდურ თამაშზე კი ის ერთადერთი ცვლილებაც მეტყველებს, რომელიც პეპ გვარდიოლამ მთელი 90 წუთის განმავლობაში განახორციელა. ნახევარდაცვის ბურჯი კევინ დე ბრიუინე მან 68-ე წუთზე ფორვარდ ალვარესით ჩაანაცვლა. 

ცვლილებამ აშკარად გაამართლა, რადგან სწორედ არგენტინელი თავდამსხმელის მოედანზე გამოსვლას მოჰყვა სულ რაღაც შვიდი წუთის განმავლობაში ბერნარდუ სილვას და ჰალანდის გოლები „ბაიერნის“ კარში, რამაც საპასუხო შეხვედრაში თითქმის უიმედო გახადა გერმანიის ჩემპიონის მდგომარეობა.

„მანჩესტერ სიტის“ მსგავსად, მადრიდის „რეალიც“ ცალი ფეხით უკვე ნახევარფინალშია, რადგან შარშანდელი სეზონისგან განსხვავებით, ამჯერად თითქმის წარმოუდგენელია „ჩელსის“ ფეხბურთელთა მხრიდან რაიმე ხასიათის სიურპრიზი „სანტიაგო ბერნაბეუზე“. 

ამიტომ, თუკი დავუშვებთ მოვლენათა სავარაუდო განვითარებას, მადრიდის „რეალს“ ნახევარფინალში ორი წლის განმავლობაში ზედიზედ მეექვსე დაპირისპირება მოუწევს ინგლისურ კლუბებთან. 

მეოთხედფინალისტთა მეორე დაჯგუფება კი გვამცნობს, რომ ერთ-ერთი ფინალისტი დიდი ალბათობით იტალიური გუნდი იქნება, რადგან „ინტერს“, „რეალის“ და „მანჩესტერ სიტის“ მსგავსად, პირველივე მატჩის შემდეგ თითქმის უკვე განაღდებული აქვს ნახევარფინალის საგზური.

„ნერაძურის“ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი თეორიული თვალსაზრისით თვით მადრიდის „რეალისას“ აღემატება, რადგან მან მატჩი ანგარიშით 2:0 გასვლაზე მოიგო და „ბენფიკას“ მდგომარეობა „სან სიროზე“ აშკარად უიმედოდ გამოიყურება.

მაგრამ ვინ იცის? აქ ნახსენები სამი წყვილიდან იქნებ ერთ-ერთში მაინც იმალებოდეს „ბარსელონა“ – „ლივერპულის“ 2019 წლის საპასუხო დაპირისპირების მსგავსი სენსაცია…

ჩვენი ყურადღების ცენტრში კი ამ კვირაში „ნაპოლის“ და „მილანის“ საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრა იქნება, რომლის პირველ რაუნდშიც, ჩვენთვის სამწუხაროდ, „ნაპოლი“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

პირველი 20 წუთი „ნაპოლიმ“ შესანიშნავად ჩაატარა და უკვე 55-ე წამზე ხვიჩა კვარაცხელიას შეეძლო საკუთარი გუნდის დაწინაურება, როდესაც მის დარტყმას კრუნიჩი გადაეღობა მეკარე მენიოს მიერ მიტოვებული კარის ხაზზე. 

ხვიჩას საგოლე ეპიზოდს დი ლორენცოს და ზელინსკის სახიფათო დარტყმებიც მოჰყვა, მაგრამ „მილანმა“ თანდათანობით ტემპს უმატა, ნახევარდაცვაში თამაში დაალაგა, სათამაშო ინიციატივა ხელთ იგდო და „ნაპოლის“ ფეხბურთელებს მაქსიმალურად აღუკვეთა სწრაფი და მახვილგონივრული კომბინაციების მოწყობის საშუალება.  

მასპინძლებმა ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე სწრაფი კონტრიერიშის შემდეგ გაიტანეს. ბენასერის დარტყმა აუღებელი აღმოჩნდა მეკარე მერეტისთვის, რომელიც კი შეეხო ბურთს, მაგრამ მისი მოგერიება ვერ შეძლო.

პარადოქსია, მაგრამ მატჩის მიწურულს ანგისას გაძევების შემდეგ, „ნაპოლი“ გამოცოცხლდა და ერთ-ერთ ეპიზოდში „მილანის“ გოლკიპერმა მენიომ თავგანწირულ ნახტომში მოიგერია დი ლორენცოს დარტყმა, რომელსაც შეიძლებოდა სტუმრები გადაერჩინა „სან სიროზე“ მარცხისაგან.

„ნაპოლის“ გამოცოცხლებაში გარკვეული როლი მოედანზე ნდომბელეს გამოჩენამ შეასრულა და მატჩის ბოლო ათ წუთში შეიძლებოდა ამას შედეგიც გამოეღო, სპალეტის ანგისა პირველი ყვითელი ბარათის მიღებისთანავე ამ ნახევარმცველით რომ ჩაენაცვლებინა. 

ამ შემთხვევაში კვარაცხელია მოედანზე თამაშის ბოლომდე დარჩებოდა და მისი ტანდემი ნდომბელესთან გაცილებით ეფექტური შეიძლებოდა ყოფილიყო. გავიხსენოთ, რომ ყოფილ „ტოტენჰემელს“ სერია A-ში „ნაპოლის“ შემადგენლობაში ერთადერთი გოლი სწორედ ხვიჩას გადაცემის შემდეგ აქვს გატანილი. 

ერთბურთიანი უპირატესობა განმეორებითი მატჩის წინ, ერთი მხრივ, „მილანს“ საკმაო უპირატესობას ანიჭებს, რადგან მას „ინტერის“ მსგავსად, პლეიოფის სამ შეხვედრაში ერთი გოლიც არ აქვს გაშვებული. ეს კი ნამდვილი იტალიური ხელწერაა!

მეორე მხრივ კი, რადგან „ნაპოლიც“ იტალიური გუნდია, სწორედ მან უნდა მოარგოს გასაღები ამ იტალიურ ცხრაკლიტულს და ზედიზედ მესამე მატჩში მაინც მოახერხოს „მილანის“ კარის, სულ მცირე, ერთხელ მაინც დალაშქვრა.

ბუნებრივია, რომ ასეთ დრამატულ დაპირისპირებაში თერთმეტმეტრიანების სერიაც გასათვალისწინებელია, რაზეც „ნაპოლის“ ფეხბურთელებს სერიოზული ვარჯიში მოუწევთ, რადგან მიმდინარე სეზონში პენალტები ამ გუნდის საკმაოდ სუსტი მხარეა.

პირველი რაუნდის ყველაზე სასეირო ამბები კი ევროპის ლიგაზე დატრიალდა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „სევილიასთან“ შეხვედრაში ორბურთიანი უპირატესობა უკანასკნელ 10 წუთში ორი ავტოგოლით გაანიავა. მთავარი ანტიგმირი ცენტრალური მცველი მაგუაიერი აღმოჩნდა. მატჩის მე-3 დამატებულ წუთზე სწორედ მან დალაშქრა თავური დარტყმით საკუთარი კარის ბადე.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.