fbpx

ერთი კვირა კვარასთან (ნაწილი მეორე)


გააზიარე სტატია

 

ავტორი: დავით კოვზირიძე

 

ის არის, ვითომ?

ნეაპოლი დიეგო მარადონას ქალაქია ბოლო რამდენიმე ათწლეულია. კაცის, ვინც ოთხმოციანებში ჩავიდა ღარიბ, კრიმინალურ, ძალიან ემოციურ სამხრეთულ ქალაქში, რომელსაც ჩრდილოეთში სულ დასცინოდნენ, მას კომპლექსები გაუქრო და სიამაყით გაავსო, თან ისეთი დონის ფეხბურთით, არავის რომ არსად უთამაშია. და ნეაპოლიც წელში გაიმართა, ნეაპოლმა დიდი მილანები და იუვენტუსები ათრია და იტალიის საფეხბურთო ცენტრი გახდა. ხოლო დიეგო – უწმინდესი და უნეტარესი.

ამიტომ, როცა ნეაპოლში დადიხარ, თვალში სულ მარადონა გხვდება – მარადონას სახელობის ეკლესია, მარადონას სახელობის რესტორნები, მარადონას სახელობის კოკაინი, მაღაზიები, მურალები, ხატები, ადამიანები, ძეგლები, ფუნთუშები თუ სიმღერები. ის ზუსტად ისე უყვართ და ეთაყვანებიან, როგორც პირველი სკუდეტოს მოგებისას, ვერ ივიწყებენ იმ ემოციებს და სულ მეორედ მოსვლას ელოდებიან. ამ ლოდინში “ნაპოლიში” ბევრმა მაგარმა ფეხბურთელმა კი გაიარა, მაგრამ არცერთზე არც ერთხელ არ თქმულა – ეს ხომ არ არის ის? ყველას აკლდა მისტიკა და არტისტიზმი, ყველა ადამიანი იყო და არა ნახევრად ღმერთი. ამიტომ დიეგოს ახლოსაც ვერავინ მიუახლოვდა და როცა ის გარდაიცვალა, სულ ცოტა ხანში “ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელია იყიდა…

… “ატალანტასთან” თამაში მეთოდურად უინტერესო ფრეს ემსგავსებოდა ხასიათით, როცა ჩემმა ათეისტმა მეგობარმა სტადიონზე ასეთი უცნაური ფრაზა ისროლა – გაასწორე რა, ღმერთო! რამდენიმე წუთში ხვიჩამ ოსიმენისგან მიიღო ბურთი, წაიღო, ერთი მოძრაობით რამდენიმე მცველი მოტეხა, მეორით სხვა ჩამორბენილი ბერგამოელები გაასრიალა, მესამით კი ყველა ერთად, რვა კაცი მოატყუა როგორც საუკეთესო ინიესტამ და კარში ჩააჭედა, თითქოს მინის ყომარობდა უბანში. ამის შემდეგ სტადიონზე რა ხდებოდა, რამდენიმე წამი არ მახსოვს, სადღაც დავხტოდი პატარა ბავშვივით, ვიღაცებს ვეხუტებოდი, ვხედავდი ჩემს მეგობრებს, რომლებიც ასევე ამოუხსნელ მოძრაობებს აკეთებდნენ, ვხედავდი მასობრივ ორგაზმს, რომელიც სექსის გარდა მხოლოდ ფეხბურთს შეუძლია გამოიწვიოს. ამ ხარისხის ფეხბურთს ასეთ მგრძნობიარე და ჩვენზეც კი ოდნავ გადარეულ ხალხში.  

და ზუსტად მაგ გოლის შემდეგ დაესვა ბეჭედი იმ კითხვის ლეგიტიმაციას, რომელიც ნეაპოლში კვარას ბურთთან პირველი შეხების შემდეგ ნელ-ნელა მწიფდებოდა – ნუთუ ეს ის არის?..

თამაშის შემდეგ მესენჯერში მოლოცვების ისეთი კორიანტელი დადგა, მიმიქარავს ახალი წელი – ეს რა მაგარ თამაშზე მოხვდი, გილოცავ! მანდ იყავი? ეგ გოლი ცოცხლად ნახეთ? რა ბედნიერები ხართ და ასე შემდეგ. მეორე დღეს კი ნეაპოლელებთან ურთიერთობა გაზეთების პირველი გვერდების სათაურების კითხვას დაემსგავსა:

– საიდან ხართ?

– საქართველოდან.

ჯერ თვალები ენთებოდათ, მერე სახე ებადრებოდათ, გვეხუტებოდნენ, გვკოცნიდნენ, გვლოცავდნენ, ტელეფონებს გვაჩვენებდნენ, სადაც ყველას ხვიჩას ფოტო ეყენა, გვირთავდნენ ძველ გოლებს და თან სათაურებს ისროდნენ: გრანდე კვარა! მეჯიქ შარაშელია! სეზონის ულამაზესი გოლი! ასეთებს მარტო დიეგო იტანდა! მადლობა, ქართველებო, ამ ბიჭისთვის! მამმა მია, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია! და ასე შემდეგ, გაუთავებლად – იმ დღეს კვარამ ნეაპოლში სულ სხვა განზომილებაში გაიღვიძა, იმ დღეს ის მარადონას ფენომენალურობას შეეხო, იმ დღეს ხვიჩას ახალი მურალები და პოსტერები გამოჩნდა წმინდა ადგილებში – დიეგოს ხატების გვერდით, იქ, სადაც თითქმის ნახევარი საუკუნე ვერავინ გაიჭაჭანა. ნეაპოლმა დაიჯერა, რომ უდაბნოში ათწლეულები ბოდიალს წერტილი დაესვა და წმინდა ჯენარომ საყვარელ ქალაქს ახალი ჯადოქარი გამოუგზავნა.

კვარა იქ სხვანაირად იმიტომ შეიყვარეს, რომ ეს ნიჭი აქვს – ბურთს რომ იღებს, არ იცი რას იზამს, მაგრამ რამე მაგარს რომ გააკეთებს, დარწმუნებული ხარ და ეს წამია ამ სიყვარულის მიზეზი – მოულოდნელობის, ორიგინალურობის, ფოკუსის, ყველასგან გამორჩეულობის წამი. ის, რაც ნეაპოლში არგენტინელისგან ახსოვთ და რასაც თაობები ელოდნენ. როგორც ჩვენ ველით მუდმივად 13 მაისის განმეორებას. ხვიჩამ ნეაპოლს დიეგოს „ლომკა“ გადააგდებინა ამ ჯადოსნური თამაშით და თან იტალიის ჩემპიონობა გაუნაღდა თითქმის შუა სეზონში, ნანატრი სკუდეტო, რომელიც იქაურებს ჩემპიონთა ლიგას ურჩევნიათ.

შორიდან ძნელია აღქმა, რა ხდება ნეაპოლში საფეხბურთო ამბავში, სხვების მონაყოლის დაჯერებაც გიჭირს, გგონია, აზვიადებენ, მაგრამ არა – როცა იქ ხარ, ხვდები, რომ პირიქით, იმის ნახევარიც არ მოუყოლიათ, რაც რეალურადაა. ალბათ იმიტომ, რომ მთელი ეს ურთიერთობა წმინდა ემოციებზეა აწყობილი და ამის მოყოლა თითქმის შეუძლებელია. იქ სამი წლის ბიჭი და 93 წლის ქალი ზუსტად ერთნაირად იქცევიან, როცა საქმე ბურთს ეხება. ნეაპოლისთვის ფეხბურთი თვითგამოხატვის და დამკვიდრების მთავარი ფორმაა და იმიტომ – ეს ქალაქი ბედნიერია, როცა ნაპოლი მაგრად თამაშობს და გაბრაზებული, როცა აგებს. ზუსტად მაგიტომ გახდა დიეგო ღმერთი, მის დროს ხომ სან ჯენაროს ქალაქი ზედიზედ რამდენიმე წელიწადი იყო ბედნიერებისგან აფეთქებული. 

დღეს კი ყველა კვარას მისჩერებია იმ ჯადოსნურ ფეხებში. ყოველი ტურის შემდეგ ის ქალაქში მრავლდება, ახალ კედლებზე ჩნდება, ახალი ტელეფონების ეკრანებზე იკავებს ადგილს, ახალ გულებში თავსდება, ახალდაბადებულ ბავშვებს არქმევენ მის სახელს, მისი ფოტოებია ხორცის მაღაზიაში, მდიდრულ რესტორანში, ოჯახებიდან გადმოფენილ სარეცხზე, მას ხან მარკო ვან ბასტენი აქებს და ხან ტიერი ანრი…

სადაც ვცხოვრობდით, ერთ დღეს დამხმარე ქალი შემხვდა დერეფანში. იტალიურად მივესალმე და უცებ ქართულად მეუბნება, შენო, საიდანღაც მეცნობიო. თხუთმეტი წელია წასული ყოფილა საქართველოდან, დიდხანს ვილაპარაკეთ და მომიყვა, როგორ შეცვალა კვარამ ნეაპოლში მყოფი ქართველების ცხოვრება, როგორ უღიმის და პატივს სცემს მათ ყველა, როგორ იგრძნეს კვლავ თავი სრულყოფილ ადამიანებად, როგორ მოემატათ ახალი, გაუმჯობესებული სამუშაოები და შემოსავალი, როგორი ბედნიერები არიან ყოველ შაბათ-კვირას. მიყვებოდა ამას, თვალები უბრწყინავდა და მანდ მივხვდი, რომ ეს კვარას ყველაზე დიდი მიღწევაა. შეიძლება თვითონ წარმოდგენაც არ აქვს ჯერ ამაზე, მაგრამ ოდესმე, როცა უკვე ტიტულების კოლექცია ექნება, აუცილებლად იგრძნობს, რომ ცხოვრებაში ყველაზე მაგარი ათასობით ადამიანის დაბრუნებული ღირსება და ბედნიერება მოიგო.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.