fbpx

ყაჯარული ირანის ხელოვნება და ფოტოგრაფი აბბას ქოვსარი – რას გავიგებ დღეს N11


გააზიარე სტატია

ავტორი: ქეთი ბზიკაძე

 

სტატია დავწერე და გადავგზავნე. 

რედაქტორმა შესწორებული ვერსია გადმომიგზავნა. 

აღმოჩნდა, რომ რესპონდენტის გვარი შეცდომით მეწერა. შეცდომით დაწერილმა გვარმა კი განაპირობა ყაჯარული პორტრეტების გახსენება. 

დაზგური ფერწერის საუცხოო გამოხატულება, რომელიც, ჩემი გემოვნებით ორიენტალური, კერძოდ კი, ირანული ხელოვნების სანიმუშო მაგალითია. ყაჯარული პორტრეტების ტიპური მახასიათებლებით: ხშირი, გადაბმული შავი წარბებით, მუქი, ნუშის ფორმის, ღრმა თვალებით, სავსე მთვარის ფორმის სახით, დეკორატიულობით და უჩვეულო კოლორიტით ჯერ კიდევ ბავშვობაში ეროვნული მუზეუმის აღმოსავლეთის სექციაში აღვფრთოვანდი. 

ფერადოვანი ყაჯარული ხელოვნება XVIII საუკუნის ირანში ყალიბდება, სახელწოდება მომდინარეობს სამეფო გვარიდან, რომლის დამაარსებელიც აღა მაჰმად ხანია. მან ჩაანაცვლა ზენდების დინასტია ყაჯარების დინასტიის მმართველობით და, როგორც გვახსოვს, კრწანისის ბრძოლაში დაგვამარცხა – აღა მაჰმად ხანმა  გადაწვა თბილისი და უამრავი ქართველი ტყვე წაიყოლა თან. 

მიუხედავად სისასტიკისა, სწორედ ამ პერიოდში იწყება ირანული ხელოვნების აღზევება. ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ ყაჯარულ ხელოვნებაში ევროპული მხატვრობის დიდი გავლენა იგრძნობა: მონუმენტურობა, ფორმათა მოცულობითი და რბილი მოდელირება, პერსპექტივა, სხეულის იდეალიზება, ევროპული პორტრეტებისთვის სახასიათო პეიზაჟური ფონები, პარადული ჩაცმულობა-მორთულობა, ლირიკული და ეროტიკული სცენები.

ამ მომნუსხველი პორტრეტების თვალიერებამ გამახსენა, რომ შუა საუკუნეების სპარსულ ხელოვნებაში პორტრეტებს კი არა, საერთოდ ანთროპომორფულ გამოსახულებებს არ ვხდებით, სასულიერო ხელოვნებაში კი მითუმეტეს, რადგან 600-იანი წლებიდან ისლამური ფილოსოფია კრძალავდა ცოცხალი არსებების გამოსახვას და თუკი სადმე გვხვდება, იმდენად სტილიზებული და დეკორირებული სახით, რომ საყურადღებოც არაა. ეს ფენომენი ანტიიკონიზმის სახელითაა ცნობილი და დაფუძნებულია ისლამურ სწავლებებზე, სადაც ღმერთი ტრანსცენდენტური, ერთიანი და უსხეულიო, შესაბამისად, ხელშესახები ქმნილებების ვიზუალიზაცია არაკანონიკური იყო, ფრთხილობდნენ, რომ ღმერთის მაგივრად მისი ქმნილებებისთვის არ ეცათ თაყვანი. ამიტომაცაა ისლამური ხელოვნება ნაკლებად ფიგურატიული, უფრო გეომეტრიულ პატერნებზე, აბსტრაქციებსა და კალიგრაფიაზე ფოკუსირებული. თუმცა, რა თქმა უნდა, გამონაკლისებს  ორთოდოქსულ აკრძალვებშიც ვერ ავცდით და ისლამურ ესპანეთსა და საფავიდის ეპოქის ირანში ვხვდებით ფიგურატიულ გამოსახულებებს, კერამიკულ ნამუშევრებსა და ტექსტილზე, დეკორატიული ფუნქციით.

დავუბრუნდები ყაჯარულ საერო პორტრეტებს, სადაც ხშირად გვხვდება ისეთი ფიგურები, რომელთა  სქესიც რთული დასადგენია. იმ პერიოდის ირანში აბსოლუტურ ნორმად იყო მიჩნეული უფროსი მამაკაცებისთვის ახალგაზრდა ყმაწვილებით მოხიბლა და ითვლებოდა, რომ სილამაზის სტანდარტები ორივე სქესისთვის საერთოა, მთავარი მომხიბვლელობა და სილამაზეა. ახალგაზრდებს, როცა წვერი ამოსდიოდათ, ავტომატურად ეძლეოდათ შანსი სასურველი ყმაწვილებიდან მოსურნე მამაკაცებად გადაქცეულიყვნენ, ხოლო წვერის გაპარსვის ჟესტით კვლავ დარჩებოდნენ სასურველ ობიექტებად. შესაბამისად, წვერი – სხვა კაცებისგან ყურადღების იმუნიტეტის, სიძლიერის, ძალაუფლების და აგრესიის სიმბოლოდ გვევლინება. Როგორც ხედავთ, წვერის ქონა არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალური პრეფერენცია.

სხვადასხვა წყაროში ასეთ, სქესისთვის ნაკლებად სახასიათო ნაკვთებით გამოხატულ კაცებს, უფრო ფემინურებს, უწვერულ ყმაწვილებს, რომლებსაც სურთ, იყვნენ სხვა კაცებისთვის სასურველები, “მუხანებად” მოიხსენიებდნენ. ალბათ ამ სიტყვაზე თქვენც

“მუხანათი” მოგაგონდათ, რომელიც ფარულ მოღალატეს და ცბიერს ნიშნავს ქართულ ლექსიკონში. კლასიკურ არაბულ და ისლამურ ლიტერატურაში კი ეს ტერმინი ქალის თვისებების მატარებელ კაცს გულისხმობს. საინტერესოდ მოირგო ქართულმა მსოფლმხედველობამ ქალის მანერებით “შენიღბული” ახალგაზრდა კაცის ფენომენი, არა?

ყაჯარებზე ინფორმაციის მოძიებისას წავაწყდი ლიეტუველი სტუდენტის 2017 წელს დაწერილ თეზისს თანამედროვე ირანელ ფოტოგრაფ აბბას ქოვსარზე. ავტორი ცდილობს ყაჯარული მრავალფეროვანი პერიოდის გავლენების ამოცნობას ოცდამეერთე საუკუნის თეირანელი ფოტოგრაფის ნამუშევრებში.

1970 წელს თეირანში დაბადებული ხელოვანი  ირანში აკრძალულ ადგილობრივ და უცხოურ ჟურნალებთან თანამშრომლობს. მისი ნამუშევრები გამოირჩევა სითამამით, პროვოკაციულობით, ემოციურობით. ძირითადად იკვლევს ადგილობრივ პრობლემებს, დაუსრულებელ კონფლიქტებს, დისკრიმინაციას, მოკლედ, დღევანდელ ირანულ ყოფას.  

მისი საინტერესო ფოტოსერიებიდან გამოვარჩევდი Shade of Earth-ს და Masculinity A-ს. ორივეში აღბეჭდილია დღევანდელი ირანი, მაგრამ სრულიად სხვადასხვა რაკურსით. 

Shade of Earth-ში ასახულია ირანის სამხრეთ-დასავლეთით, ერაყის საზღვართან მდებარე ქალაქი – ტალაიე 2008 წელს. კონფლიქტით დაღლილი კაცები და ჩადრიანი ქალები, ტანკები, საფორტიფიკაციო ნაგებობები და დროშები უდაბნოს მსგავს უსიცოცხლო ლანდშაფტში. კოლორიტი და მრავალრიცხოვანი ხალხის ან მარტოსულად მყოფი ადამიანების კომპოზიციები ემოციურ, დამთრგუნველ ესთეტიკას ქმნის, რომლის ეგზოტიკურობაც ადგილობრივებისთვის დრამატული და ფატალურია. 

მეორე ფოტოსერია – Masculinity A კი გვიამბობს სცენაზე და მის მიღმა მყოფ კულტურისტ კაცებზე, სადაც ჯანსაღი სხეულები მხოლოდ მათი სილამაზით ფასდება და არა სიძლიერით. Ფოტოებზე ვხედავთ, სენსუალურ სხეულებს, რომლებიც აუდიტორიის წინ წარსადგენად ემზადებიან: იწელებიან, ვარჯიშობენ, ხელოვნურ რუჯს უსვამენ ერთმანეთს. უნაკლო ბზინვარე აპოლონის მსგავსი  ფიგურები, ტრადიციისამებრ სიძლიერეს, მედგრობას, ძალაუფლებას, სიმკაცრეს, აგრესიას და დომინაციას რომ უნდა ასხივებდეს, პირიქით, ნაზი და დელიკატური მოძრაობებით მათ სიმყიფეს და ფემინურობას უსვამს ხაზს. რამდენიმე ფოტოში ზემოთ ხსენებული მგრძნობიარე სხეულები ბრინჯაოსფერი ტორსებით, თითქოს კერამიკის ანტიკური ჭურჭელი ან თავად ქანდაკებები იყოს, უკვე სცენაზე პოზიორებად გვევლინებიან, იღიმიან და ავლენენ თავიანთი სხეულის მაქსიმალურ რელიეფურობას ვარსკვლავებიან შავ ფონზე. ალბათ თქვენც გეუცნაურებათ ასეთი ვოიერისტული და ჰომოეროტიკული გართობა, სადაც კაცები სხვა კაცების შიშველ სხეულებს სიამოვნებით ათვალიერებენ, ქვეყანაში, სადაც აიათოლა ჰომეინმა სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაცია ლეგალური გახადა, რომ დაუყოვნებლივ გარდაქმნილიყვნენ ჰომოსექსუალობის პრეცედენტის აღმოსაფხვრელად. 

სპარსულ-ირანული კულტურა, რომელზეც ბევრი გვსმენია ჯერ კიდევ სკოლის წიგნებიდან, როგორც უდიდეს ცივილიზაციაზე, დღეს, სამწუხაროდ, ბრმა რელიგიურ ექსტრემიზმთან, უთანასწორობასთან, უსამართლობასა და დისკრიმინაციასთან ასოცირდება. არადა, მათი ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობა, ფასეულობები და ადამიანის უფლებები ოდითგანვე საუცხოოდ დემოკრატიული და ჰუმანური იყო. მეოცე საუკუნის ბოლო შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის ვითომ პროგრესულმა, ულტრადასავლურმა ტირანიამ (მაგალითად, ჩადრის ტარებას კანონით კრძალავდა), გამოიწვია მორწმუნე და არამორწმუნე მოსახლეობის პროტესტი, Რამაც საბოლოოდ, გადასახლებული აიათოლა ჰომეინის საფრანგეთიდან დაბრუნება გამოიწვია და ირანი ისლამურ, კონფლიქტურ რესპუბლიკად ჩამოყალიბდა. 

მცირე დასკვნა წინა აბზაციდან: ბუნებრივია, რომ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა ერთ აბზაცში არ აიხსნება, მაგრამ ძალადობამ, შიშმა და მუდმივმა წნეხმა, თუნდაც კარგი მიზნებისთვის, არსად გამოიღო დადებითი შედეგი. 

გარდა აბბას ქოვსარისა, სხვა ირანელი ხელოვანები, კინოს, ფოტოს თუ სხვა მიმართულებით თავიანთი ძირძველი, საამაყო და ლიბერალური კულტურის მუდმივ კვლევაში, ძიებასა და აღმოჩენებში არიან.

 

ბონუსი
რამდენიმე სპარსული სიტყვა ჩვენი ლექსიკონიდან:
აივანი, ალუჩა, ჰანგი, ბულბული, ბროლი, ფოთოლი, ტარხუნა, ჩაქუჩი, ხალხი, დარდი, ჩოხა.


შემდეგ სტატიამდე, be salamat!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.