fbpx

რეალი, მანჩესტერ სიტი თუ იტალიელები?!


გააზიარე სტატია

 

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

როგორც მოსალოდნელი იყო, განვლილ კვირას ჩემპიონთა ლიგის ტურნირთან შედარებით, უფრო საინტერესოდ განვითარდა მოვლენები ევროპის ლიგაზე, სადაც ოთხივე საპასუხო მატჩში შენარჩუნებული იყო ინტრიგა.

სამწუხაროდ, მეოთხედფინალის ბარიერი ვერ დაძლია „ნაპოლიმ“, რომელმაც განმეორებით მატჩშიც მეტოქისადმი გარკვეულწილად მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად, უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს უნდა დააბრალოს მარცხი იმ ერთფეროვანი სანახაობის გამო, რომელსაც დროდადრო სამი მოწინააღმდეგით გარშემორტყმული ხვიჩა კვარაცხელია თუ გამოაცოცხლებდა ხოლმე. 

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი და რამდენიმე საგოლე მომენტი კი მეორეხარისხოვანია, რადგან „მილანს“ ორივე მატჩში ხელთ ეპყრა მართვის სადავეები და ის უკარნახობედა თამაშის რიტმს და განვითარების სცენარს.

განა ამის ნათელი გამოხატულება არ არის ორივე შეხვედრაში ერთადერთი გოლის პირველი ტაიმის მიწურულს გატანა, რაც განსაკუთრებით ამძიმებდა ისედაც საკმაო  ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი „ნაპოლის“ ფეხბურთელების მდგომარეობას?

როგორც ჩანს, გამოცდილებამ და ტრადიციებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ წყვილის გამარჯვებულის გამოვლენაში და როგორც იტალიამ, ისე ზოგადად საფეხბურთო ევროპამ ნახევარფინალში მილანური დერბით უფრო დიდი საჩუქარი მიიღო, ვიდრე ეს „ნაპოლი“ – „ინტერის“ შემთხვევაში შეიძლებოდა რომ ყოფილიყო.

„ინტერმა“ „ბენფიკასთან“ განმეორებითი შეხვედრის 73-ე წუთისთვის მიაღწია რა ორბურთიან უპირატესობას, იმდენად „მოიწყინა“ მოედანზე, რომ საბოლოოდ ორი ბურთი გაუშვა და საკუთარი „ტიფოზებიც“ ოდნავ გაანაწყენა, რადგან საბოლოო ანგარიში 3:3 მხოლოდ სეირის მოყვარული ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის თუ იქნებოდა დამაკმაყოფილებელი და არა სტადიონზე მისულ „ნერაძურის“ ქომაგთათვის.

მადრიდის „რეალმა“ საკმაოდ მშვიდად, პირველი მატჩის ანალოგიური შედეგით, ანგარიშით 2:0 გასვლაზე დაამარცხა უნიათო „ჩელსი“, რომელსაც უკანასკნელად 11 მარტს აქვს თამაში მოგებული და ბოლო ექვს შეხვედრაში ერთადერთი გოლი აქვს გატანილი.

განმეორებითი მატჩი ბრაზილიელ როდრიგოს ბენეფისად იქცა, რომელმაც დუბლი შეასრულა და თანამემამულე ვინისიუს ჟუნიორთან ერთად თავბრუდამხვევი ფინტებით აიკლო „ჩელსის“ უკანა ხაზის მოთამაშეები.

„ბაიერნმა“კი ვერაფერი გააწყო ერთი თავით მაღლა მდგომ „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ საპასუხო დაპირისპირებაში, რომელშიც „რეკორდმაისტერი“ მარცხისგან მატჩის მიწურულს კიმიხის ზუსტად შესრულებულმა თერთმეტმეტრიანმა იხსნა.  

ჰალანდმა იქამდე პირველ ტაიმში პენალტი გაანიავა, ხოლო მეორე ნახევარში კი დააწინაურა საკუთარი გუნდი, მოუსპო რა მასპინძლებს თამაშის შემობრუნების ყოველგვარი ილუზია.

როგორც ჩანს, „ბაიერნის“ ფიასკოს ძირითადი მიზეზი არასწორად მიმართული  სელექციური სამუშაოა, რადგან „რეკორდმაისტერის“ ამჟამინდელი შემადგენლობის ძირითადი ბირთვი ბუნდესლიგის მორიგი ტიტულის მოპოვებას შეიძლება აკმაყოფილებდეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგების წინაპირობას ის ვერ შექმნის.

თუმცა, ტუხელის ხელში განვლილ უიკენდზე „მაინცთან“ წაგების შემდეგ, „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის გათამაშებაშიც გადაულოცა ლიდერის პოზიცია მუდმივ მდევარ   „დორტმუნდს“.

„დორტმუნდიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ გადასული ერლინგ ჰალანდი კი, რომელსაც უკვე 13 გოლი აქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფში ჩატარებულ პირველ ათ შეხვედრაში, „რეკორდმაისტერმა“ მიმდინარე სეზონში სიძუნწის გამო არ შეიძინა.

ამრიგად, შარშანდელი გათამაშების მსგავსად, ნახევარფინალში ერთმანეთს კვლავ „მანჩესტერ სიტი“ და „რეალი“ დაუპირისპირდებიან. განსხვავება კი ისაა, რომ ამჯერად პირველი შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩატარდება.  

თუკი „რეალი“ ფინალში გავა, მაშინ მას უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ორ-ორჯერ ექნება „ჩელსის“, „ლივერპულის“ და „მანჩესტერ სიტის“ ბარიერი გადალახული, რაც ინგლისის პრემიერლიგის პრესტიჟზე აშკარად უარყოფითად  იმოქმედებს.

აი ევროპის ლიგაზე კი პრემიერლიგა უკვე შერცხვა, რადგან მისი ერთადერთი წარმომადგენელი „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელიც „სევილიასთან“ დაპირისპირებაში თითქოს ფავორიტად მოიაზრებოდა, განმეორებით შეხვედრაში ანგარიშით 0:3 დამარცხდა ამ ტურნირის ექვსგზის გამარჯვებულ ესპანურ კლუბთან.

„სევილიამ“ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და მეტოქე ყველა სათამაშო ასპექტში, მათ შორის თავით თამაშშიც დაჯაბნა. 

ინტენსიური პრესინგის მსხვერპლად პირველი ტაიმის დებიუტშივე მანჩესტერელთა ცენტრალური მცველი ჰენრი მაგუაიერი იქცა, რომელმაც თუკი პირველ შეხვედრაში თავი ავტოგოლით „ისახელა“, ამჯერად საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან დაუთმო ბურთი მეტოქეს და მასპინძლებსაც ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებიათ.

სისწრაფესა და ტექნიკაში სევილიელთა სრული დომინირება მეორე ნახევარშიც გაგრძელდა, რასაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარში იქამდე დამაჯერებლად მოქმედ მეკარე დე ხეას შეცდომის შედეგად გასული გოლიც მოჰყვა, რომელმაც წერტილი დაუსვა ერიკ ტენ ჰააგის გუნდის გამოსვლას ევროპის ლიგის ტურნირზე.

„სევილიას“ ნახევარფინალში „იუვენტუსი“ დაუპირისპირდება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერის“ მიერ ორი წამყვანი პორტუგალიური გუნდის გაგდების შემდეგ, ევროპის ლიგაზე ამ ქვეყნის მესამე წარმომადგენელი „სპორტინგი“ დაამარცხა.

მეორე ნახევარფინალში კი კიდევ ერთი იტალიური კლუბი „რომა“ „ლევერკუზენს“ დაუპირისპირდება, რომლისთვისაც „სევილიას“ მსგავსად, შედარებით იოლი აღმოჩნდა საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი.

„რომა“ „ფეიენოორდთან“ განმეორებით შეხვედრაში გამოვარდნისგან მატჩის 72-ე წუთზე მოედანზე შესულმა პაულო დიბალამ იხსნა. 

არგენტინელმა შემტევმა ძირითადი დროის ბოლოს წინა წუთზე უაღრესად ეფექტური გოლით თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, რომელშიც „რომამ“ კიდევ ორი ბურთი გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგის (4:1) მიხედვით იოლი გამარჯვების შთაბეჭდილება შექმნა.

იტალია კონფერენს ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზეცაა წარმოდგენილი, სადაც „ფიორენტინა“ „ბაზელს“ შეხვდება, ხოლო მეორე ნახევარფინალში „ვესტ ჰემი“ და „ალკმაარი“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ჩვენი ყურადღება კი ევროთასების შემდეგ, რა თქმა უნდა, იტალიის სერია A-ს გათამაშებამ მიიპყრო, სადაც „ნაპოლი“ 31-ე ტურის მატჩში 15 ქულის დაბრუნების შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე აღზევებულ ტურინის „იუვენტუსს“ ესტუმრა.

იქამდე ორივე მილანურმა კლუბმა საკუთარ აქტივში სამი ქულა ჩაიწერა, ხოლო „ნაპოლის“ უახლოესმა მდევარმა „ლაციომ“ შინ მოულოდნელად დათმო შეხვედრა „ტორინოსთან“.

იტალიის მომავალი ჩემპიონის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდი მოსაგებად გავიდა „იუვენტუსთან“ სათამაშოდ და მატჩის უმეტესი ნაწილი მეტოქის ნახევარზე გაატარა.

ხვიჩა კვარაცხელია ტრადიციულად წარმართავდა თანაგუნდელთა შეტევებს და გარდა ამისა, ორივე ფლანგიდან ასრულებდა სტანდარტულ სიტუაციებს.

ერთადერთი გოლი კი „ნაპოლიმ“ შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გაიტანა, როდესაც ელმასმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო მოედნის ცენტრისკენ მოძრავი რასპადორი შენიშნა, რომელმაც ახლო დისტანციიდან ერთი შეხებით დაუძლიერესი დარტყმით დალაშქრა მასპინძელთა კარის ბადე.

„იუვენტუსთან“ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს წლეულს პირველი წრის მატჩი გამანადგურებელი ანგარიშით 5:1 ჰქონდა მოგებული. 

ამ გამარჯვების შემდეგ კი „ნაპოლისთვის“ მიმდინარე სეზონის დარჩენილი ნაწილი სრულ ფორმალობას ემსგავსება „ინტერთან“ შეხვედრის გამოკლებით, რადგან „ჯუზეპე მეაცას” სტადიონზე განცდილი მარცხის შემდეგ გულშემატკივრები „სკუდეტოს“ მფლობელთა მხრიდან რევანშის მოლოდინში არიან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტთან შეხვედრაში. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.