fbpx

LOVE STREAM BY STREAMING მილანის დიზაინის კვირეულზე


გააზიარე სტატია

ტრადიციულად გაზაფხულზე დიზაინის სამყაროს ყველაზე დიდი ღონისძიება მილანში იმართება. Milan Design Week 17 აპრილს გაიხსნა და ერთი კვირის განმავლობაში აქ ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივებს Salone del Mobile-სა და Fuorisalone-ზე, ბევრი საინტერესო ინსტალაციის ნახვისა და ღონისძიებაზე დასწრების საშუალება აქვთ. როსანა ორლანდი და მისი გალერეა Number 14, via Matteo Bandello-ზე თანამედროვე დიზაინის მექაა და შესაბამისად, ამ კვირეულის მთავარი ლენდმარკია. ამიტომაც განსაკუთრებულად სასიხარულოა, რომ წელს ამ გალერეის კონკურსის, Ro Plastic Prize 2023-ის უამრავ მონაწილეს შორის, ფინალისტებში, პროდუქტის დიზაინის ქართული სტუდია STREAMING მოხვდა. LOVE STREAM BY STREAMING – ასეთია ლენკა ციციშვილისა და მარიამ სამარღანიშვილის პროექტის სახელწოდება. ეს ნამუშევარი არის ორი თანამოაზრე არქიტექტორის და მეგობრის ნაფიქრი სიყვარულზე.

,,ორივემ გამოვხატეთ ჩვენი განსაკუთრებული გამოცდილება და პირადი ბმა სიყვარულის კონცეფციასთან. თუმცა, შევთანხმდით, რომ სიყვარული უფრო გაცემაა, ვიდრე მიღება. ის შედარებით უფრო ალტრუისტულია, ვიდრე ეგოისტური. ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ, არ სურთ, განზრახ ზიანი მიაყენონ მათთვის ჭეშმარიტად საყვარელ ხალხს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვაღიარებთ, რომ ძვირფასი ადამიანები ერთმანეთს ხშირად გულს ვუტეხთ და ვტკენთ. ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ადამიანურ, არამედ ადამიანებსა და დედა ბუნებას შორის არსებულ ურთიერთობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარული და სიძულვილი ყოველთვის არ არის რაციონალურობის გამოვლინება, უსამართლო და არაგონივრული იქნებოდა იმის მტკიცება, რომ უმრავლესობა აზიანებს  ბუნებას, რადგან მათ იგი სძულთ. ეს უმეტეს შემთხვევაში არცოდნის გამო ხდება. სწრაფად ცვალებად სამყაროში, უმეტეს ჩვენგანს არ შეუძლია, დაჯდეს და განიხილოს ის გავლენა, რომელიც ჩვენ  ჩვენს საყვარელ ობიექტებსა და სუბიექტებზე გვაქვს. ამიტომ გვინდა, სხვებს ამ საკითხზე რეფლექსიაში დავეხმაროთ. თანამედროვე სამყაროში ნარჩენების გადამუშავების მრავალი გზა არსებობს, თუმცა, როგორც მშვენიერი ქვეყნის – საქართველოს წარმომადგენლებმა, სადაც გარემოსდაცვითი ცნობიერება ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდება, ჩვენ ნარჩენების მხარდაჭერის ასეთ ფორმით გადავწყვიტეთ წვლილი შეგვეტანა ამ პროცესში, რათა ჩვენს საზოგადოებას უფრო მეტად უყვარდეს და ზრუნავდეს ადამიანების საერთო სახლზე – დედამიწაზე. გულის ფორმის სკამი არის მიზანმიმართული გზავნილი, რომელიც გულისხმობს, რომ ტრანსფორმაციები ხდება, ლამაზია და ცდად ღირს”, რომ RoGUILTLESSPLASTIC-ზე ქართული პროდუქტი Streaming-ის სახელით უკვე მეორედ მოხვდა ფინალისტებში.

აღსანიშნავია, რომ სანათი ამ კომპანიის მიერ შექმნილი პირველი ნივთი იყო. მაშინ პეტრე ოცხელის ერთ-ერთ ჩანახატზე არსებული პატარა, თითქოს უმნიშვნელო ფორმის ინსპირაციით შექმნილმა Second Life Light-მა მილანში დიდი მოწონება დაიმსახურა .

RoGUILTLESSPLASTIC საერთაშორისო პროექტია, რომელიც 2019 წელს კურატორებმა – როსანა ორლანდიმ და ნიკოლეტა ორლანდი ბრუნონიმ დააარსეს. პროექტის არსი ისაა, რომ პლასტსმასა არ არის დამნაშავე. ამ მასალის ბოროტად გამოყენებამ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემა შექმნა, რომელიც დღეს დედამიწას აზიანებს. პროექტის მიზანია, შთააგონოს საერთაშორისო შემოქმედებით საზოგადოებას, ინოვაციური მასალების გამოყენებით შეისწავლოს დიზაინისა და წარმოების ახალი ფილოსოფია, აჩვენოს ხელოვნების მოყვარულებს ნარჩენების ხელახალი გამოყენების კარგი მაგალითები და აღმოაჩინოს მისი ტრანსფორმაციის უსასრულო შესაძლებლობები.

თავდაპირველად პროექტი ფოკუსირებული იყო მხოლოდ პლასტმასის ნარჩენებზე, მოგვიანებით კი სხვა სახის მასალებიც მოიცვა. RoPlastic prize-ის გამოწვევა მოიცავს კონკრეტულ კატეგორიებს, რომლებშიც მონაწილეობა შეუძლია ყველა შემოქმედს, განურჩევლად მათი ასაკისა თუ პროფესიისა. მილანის მოდის კვირეულის განმავლობაში Ro Plastic Prize-ის ფინალისტები სპეციალური გამოფენის მთავარი გმირები ხდებიან, რომელსაც ნიკოლეტა ორლანდი ბრუნონი კურირებს. გამარჯვებულებს კი პროფესიონალებისა და ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.

მადლობა დახმარებისთვის: თეკო ჩხაიძეს, გიორგი გამსახურდიას, ანი ქისტაურს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.