fbpx

ვუდ მარკეტი – უნიკალური დიზაინისა და ისტორიის მქონე ხის ნივთები


გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ ჭინჭარაული

 

როგორც ამბობენ, ხე ღვინოს ჰგავს – წლებთან ერთად უკეთესი ხდება და არ კარგავს სილამაზეს. მიზეზი, რატომაც მომხმარებლები და დიზაინერები ხის ნივთებს და ავეჯს ირჩევენ, ბევრია – გამძლეობა, მრავალფეროვნება, ეკოლოგიური სისუფთავე. ხის ავეჯს თუ დეტალებს ინტერიერის დიზაინში არასდროს დაუკარგავს აქტუალობა, თუმცა, თუ დიზაინერებს დავუჯერებთ, 2023 წელს ინტერიერის ეს კლასიკური შტრიხები უკვე ტრენდად იქცა. 

ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული სახელოსნო ვუდ მარკეტია, რომელიც რატი ბაქრაძემ 2018 წელს დააფუძნა. ამ საქმიანობის უკან პატარა, მაგრამ შეკრული გუნდი დგას – რატი, მისი 3 ხელოსანი, სოციალური მედიის მენეჯერი, ფინანსისტი და იურისტი. დიზაინი და იდეები რატის ეკუთვნის, თუმცა ტექნიკურ მხარეებშიც ბოლომდეა ჩართული.

სანამ  ვუდ მარკეტი დაიბადებოდა, იყო ვუდენი. ვუდენი დავაფუძნე ჩემს ორ მეგობართან ერთად და ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება წიფლის ხისგან დავიწყეთ, გვიწევდა ძალიან დიდი შრომა,  ღამეების თენება, რადგანაც იმ დროისათვის არ გვქონდა არანაირი ინსტრუმენტი და ყველაფერს ხელით ვამუშავებდით.  სათამაშოების იდეამ გაამართლა, საკმაოდ კარგად იყიდებოდა,  რვა წლის წინ ძალიან ახალი და განსხვავებული პროდუქტი იყო საქართველოსთვის. ვუდენში საკმაოდ ბევრი დიდი პროექტი შევასრულეთ. 

მერე გამიჩნდა იდეა, რომ გამეკეთებინა ვუდ მარკეტი, სადაც  სხვადასხვა ზომის და ფორმის განსხვავებული ხის ნაჭრები გაიყიდებოდა. მინდოდა, მომხმარებელი  მოსულიყო შოურუმში და თავად ენახა ხის სტრუქტურა, დამუშავების ხარისხი და ხელით შეხებოდა ნამუშევარს”. –  გვიყვება რატი.

ვუდ მარკეტში უნიკალური დიზაინისა და ისტორიის მქონე ნივთები მზადდება, შესაძლებელია შეკვეთაც, თუმცა შეკვეთის დიზაინი უნდა ჯდებოდეს სახელოსნოს ზოგად კონცეფციასა და ხედვაში: ძალიან ბევრ შეკვეთაზე მიწევს უარის თქმა, რადგანაც არის ისეთი მოთხოვნები მომხმარებლისგან,  რომელიც ვუდ მარკეტის ხასიათსა და დიზაინში არ ჯდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერს არ ვაკეთებთ. ადგილობრივი მომხმარებლების მხრიდან საკმაოდ დიდი დაინტერესებაა. შეუძლიათ ჩვენს შოურუმში შეიძინონ უკვე მზა ნივთები. ასევე ვთანამშრომლობთ არქიტექტორებთან და ინტერიერის დიზაინერებთან. ზოგჯერ იმდენად დატვირთულები ვართ, პროექტების სიდიდიდან გამომდინარე, რომ ბევრ ინდივიდუალურ შეკვეთაზე გვიწევს უარის თქმა.”

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ რატი და მისი გუნდი ნივთებს მეორადი მასალისგან ქმნიან, რასაც, გარდა ეკომეგობრულობისა, პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს – მეორადი ფიცრები უკვე გამომშრალია, რაც ნივთებს უფრო მეტ მდგრადობას და ამტანობას მატებს.

“ნივთებზე მუშაობისას, ძირითადად ვიყენებთ ფოთლოვანი ხეს – მუხას, თელას და წაბლს. დაშლილი საუკუნოვანი სახლების, ბეღლების ფიცრებსაც ვამუშავებთ. ძველ ხეს ის უპირატესობა აქვს, რომ ბუნებრივად არის გამომშრალი და ნაკლები საშიშროებაა, რომ უკვე გამზადებული პროდუქტი დროთა განმავლობაში დეფორმირდეს, მაგიდა იქნება ეს, ბენჩი  თუ სხვა ნივთი.  ასევე, მეორადი ხე საინტერესოა თავისი ფაქტურით,ზოგჯერ ისეთი ლამაზი ორნამენტები აქვს   მასალას, რომ უბრალოდ უნდა გაასუფთაო და დატოვო ისე, როგორც არის”.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.