fbpx

უკრაინა და საქართველო. ერთმანეთის გვერდით: საქართველოში უკრაინული ხელოვნების ფესტივალი Bouquet Kyiv Stage ჩატარდება


გააზიარე სტატია

კონცერტები, მუსიკალური წარმოდგენები, გამოფენები და ფილმის ჩვენებები – ეს ყველაფერი თბილისის  6 უბანში  28-30 აპრილს ჩატარდება

28 – 30 აპრილს თბილისში უკრაინული ხელოვნების ფესტივალი Bouquet Kyiv Stage გაიმართება. ეს ფესტივალის მეორე საერთაშორისო გასვლაა. მისი მთავარი გზავნილი კი ასეთია: უკრაინა + საქართველო. ერთმანეთის გვერდით (“Ukraine + Sakartvelo. Side by Side”). ბილეთებიდან შემოსული თანხა და შემოწირულებები მთლიანად გადაეცემა უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს.

„მამაჩემი საქართველოში დაიბადა. 2022 წლის მარტ-აპრილში (სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას) ჩვენ და ქართველები ერთად ვიბრძოდით და ვიცავდით უკრაინელებს. ეს ფესტივალი არის თბილისისა და კიევის ერთობის სიმბოლო – როგორც ერთი თაიგულის (Bouquet), სიყვარულის თაიგულის, გამარჯვების თაიგულის“, – ამბობს ფესტივალის თანადამფუძნებელი ევეჰენ უტკინი.

ტრადიციულად, Bouquet Kyiv Stage აერთიანებს მუსიკას, კინოს, თეატრს, საგამოფენო პროექტებსა და საჯარო დისკუსიებს. მაგალითად, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება კონცერტი „გარღვევა სინათლისკენ“, რომელიც აერთიანებს  ცნობილი უკრაინელი კომპოზიტორების –   ვალენტინ სილვესტროვის, ვიქტორია პოლიოვას, ჰანა ჰავრილეცის, ივან ნებესნის და ვიქტორ სტეპურკოს ნამუშევრებს. კონცერტი იქნება მსოფლიო პრემიერა, რომელზეც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სასტიკი ომის დროს, 2022 წელს, დაწერილი კომპოზიციები გაჟღერდება.

თითოეულ კომპოზიტორს, როგორც ყველა უკრაინელს, საკუთარი ტრაგიკული და მტკივნეული ამბავი აკავშირებს ომთან. 85 წლის ვალენტინ სილვესტროვს, მსოფლიოში ცნობილ კომპოზიტორს, მოუხდა საყვარელი კიევის დატოვება, ქალაქის, რომელშიც დაიბადა, სადაც  მთელი ცხოვრება გაატარა. მან ახალი კომპოზიცია სწორედ დევნილებით გადაჭედილ ავტობუსში შექმნა. ავტობუსში, რომელსაც 3 დღე დასჭირდა უკრაინის საზღვრის გადასაკვეთად. კომპოზიტორმა ჰანა ჰავრილეცმა, უკრაინული მუსიკის სულმა, რუსეთის შემოჭრის შემდეგ კიევი არ დატოვა. მორიგი საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სირენების ხმას მისმა გულმა ვეღარ გაუძლო და გაჩერდა. იგი ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. თითოეული უკრაინელის ცხოვრებაში მოხდა უმძიმესი  დანაკარგითა და ტკივილით სავსე ამბები. კომპოზიტორებმა კი ეს ემოციები მუსიკაში გადმოიტანეს.

 

ფესტივალი ასევე წარმოგიდგენთ ანდრი კირიჩენკოს ელექტრონული მუსიკის კონცერტს, რომელიც ცნობილი უკრაინელი არტისტის, მარია პრიმაჩენკოს შემოქმედებას ეძღვნება. ივანკოვის ისტორიის მუზეუმი, რომელშიც პრიმაჩენკოს ათობით უნიკალური ნამუშევარი ინახებოდა, 2022 წლის თებერვალში, რუსეთის საჰაერო დარტყმების დროს დაიწვა. არტისტის ბევრი ნამუშევარი სამუდამოდ განადგურდა.

ფესტივალი The Bouquet Kyiv Stage თბილისში თავისუფლების მოყვარე ქართველების პატივსაცემად ტარდება. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის მიზანია კიდევ უფრო გააერთიანოს ქართველები და უკრაინელები – იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები.

„საქართველომ გამოიარა რუსეთთან ომი და საკუთარი გამოცდილებიდან იცის, რა არის ოკუპაცია, გენოციდი და რუსული სისასტიკე. 2008 წელს, როდესაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი გააჩაღა, ეს პატარა ქვეყანა მარტო დარჩა იმპერიული მონსტრის წინააღმდეგ: მსოფლიომ კიდევ ერთხელ დახუჭა თვალი და გააგრძელა ჩვეულებრივად ცხოვრება. მსოფლიოს სურვილმა, არ გამოსულიყო კომფორტის ზონიდან, რუსეთის დანაშაულების დაუსჯელობამ 21-ე საუკუნეში დამანგრეველ ომამდე მიიყვანა ყველა. თუმცა, დღეს სხვა სიტუაციაა: ცივილიზებულმა სამყარომ გაკვეთილი ისწავლა და გაერთიანდა რუსული ბოროტების წინააღმდეგ. ერთიანობა დაამარცხებს რუსეთს, სინათლე გაიმარჯვებს სიბნელეზე!“ – ამბობს ირინა ბუდანსკა, ფესტივალის დამფუძნებელი.

28-30 აპრილის პროგრამაში ასევე ნახავთ ბევრ ქართულ/უკრაინულ კოლაბორაციას: ქართული კამერული ორკესტრისა და უკრაინელი სოლისტების ერთობლივ კონცერტს, გამოფენებს უკრაინისა და საქართველოს ომის შესახებ და სპეციალურ პროექტს უკრაინის დამცველ ქართველ ლეგიონერებზე.

გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში უკრაინის ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია „ჩერვონა კალინა“ (Chervona Kalyna) გაიმართება. ორგანიზატორები დაღუპული 42 ქართველი გმირის ხსოვნისა და მადლიერების ნიშნად, 42 ხეს დარგავენ.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.