fbpx

ნაილ როჯერსი – ცოცხალი ლეგენდა „Black Sea Arena-ზე“


გააზიარე სტატია

 

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელმაც მუსიკის განვითარებაში ისეთივე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, როგორიც – ნაილ როჯერსმა. გარდა იმისა, რომ დამსახურებული აღიარებისთვის მხოლოდ მისი სახელიც საკმარისია, აღსანიშნავია, რომ ნაილ როჯერსი ბევრი სხვა მსოფლიო დონის არტისტის სახელს ძალიან მჭიდროდ უკავშირდება. მაგალითად, ბიონსეს, რომელთან ერთადაც შექმნილი ალბომის გამო, მათ სულ ახლახან,  2023 წელს გრემი აიღეს. სხვათა შორის, მისი პროდიუსინგითაა შექმნილი „Daft Punk-ის“ ყველაზე წარმატებული ალბომი – „Random Access Memories“, რომელიც 2013 წლის საუკეთესო ალბომი გახდა. მოკლედ, არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ის გახლავთ არტისტი, რომელმაც მსოფლიოს სხვა არტისტები აჩუქა, თუმცა, მოდი, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ…

1952 წლის 19 სექტემბერს, როცა სამყაროს მუსიკის მომავალი ლეგენდა მოევლინა, დედამისი მხოლოდ და მხოლოდ 14 წლის იყო. ბუნებრივია, ნაილს მშობლების ყურადღება აკლდა. ბავშვობის წლებზე საუბრისას ის ხშირად ამბობდა, რომ თავს მიტოვებულად და უსარგებლოდ გრძნობდა. სკოლაშიც უცნაურ ბავშვად თვლიდნენ. თანაც, მას თეთრკანიანი მამინაცვალი ჰყავდა, რაც იმდროინდელ ამერიკაში არსებული რასიზმის ფონზე, საკმაოდ უცნაურად ჩანდა.

დედამ, მიუხედავად მისი მცირე ასაკისა, პატარა ნაილს გონებაში ბავშვობიდანვე ჩაუბეჭდა ერთი მარტივი ჭეშმარიტება: „მოექეცი ადამიანებს ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ“. ნაილი ცდილობდა, მეტი სიკეთე გაეკეთებინა ხალხისთვის.

„ამით, მე უფრო ლამაზად, კეთილად, უკეთესად ვგრძნობდი თავს,“ – იხსენებდა უკვე ცნობილი მუსიკოსი.

ნაილმა კარიერა ნიუ-იორკში 70-იან წლებში დაიწყო. ის მონაწილეობას იღებდა შოუში – „სეზამის ქუჩა“. მოგვიანებით, მუშაობდა თეატრში, უკრავდა იმ დროის რიტმ-ენდ-ბლუზის ლეგენდარულ არტისტებთან.

ნაილი შეხვდა ბასისტ ბერნარდ ედვარდსს, რომელიც მოგვიანებით მისი უახლოესი მეგობარი გახდა. მათ ერთად დააარსეს ჯგუფი – „The Big Apple Band“. მხოლოდ ერთი ჰიტის შექმნის შემდეგ – „I’m Doing Fine Now“ – ჯგუფმა ბევრი ტურნე გამართა. მათ გახსნეს The Jackson 5-ის პირველი მსოფლიო ტურნე. თუმცა,  ჯგუფი  მეორე ალბომის გამოსვლის შემდეგ დაიშალა, რომელმაც კომერციული მარცხი განიცადა. ამ წარუმატებლობამ ბერნარდსა და ნაილს ხელი არ შეუშალა. დრამერ ტონი ტომპსონთან ერთად, მათ შექმნეს ჯგუფი – „The Boys“. ბენდმა ფანკისა და როკის სტილში დაიწყო დაკვრა. მათ შეერთებული შტატების მთელი აღმოსავლეთ სანაპირო მოიარეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩამწერი კომპანია დაინტერესებული იყო ჯგუფთან მუშაობით, ვერ გააფორმეს კონტრაქტი მათთან, რადგან ბიჭები აფროამერიკელები იყვნენ. თავად ლეიბლები უარს იმით ხსნიდნენ, რომ ფანკისა და როკის შავკანიანი შემსრულებლების მუსიკა ბაზარზე კარგად არ გაიყიდებოდა. მიუხედავად ამისა, ჯგუფი განაგრძობდა დაკვრას, მაგრამ ძველი სახელწოდებით – „The Big Apple Band“.

ჯგუფი „Chic“

„The Big Apple Band-ის“ პარალელურად, არსებობდა ზუსტად ამავე დასახელების მეორე ჯგუფიც. როდესაც ამ ჯგუფმა ჰიტი გამოუშვა, გაურკვევლობის თავიდან არიდების მიზნით, ნაილი და ბერნარდი იძულებულები გახდნენ, ჯგუფის სახელი შეეცვალათ. ასე გაჩნდა 1976 წელს ბენდი – „Chic“. ბენდი რიტმ-ენდ-ბლუზის, ფანკისა და დისკოს ჟანრის მუსიკას ასრულებდა. მათ Top ჰიტებად იქცა სიმღერები: „Le Freak“, „I want your Love“, „Everybody dance“, „Dance, dance, dance“, „My forbidden Lover“, „Good times“.

ამ სიმღერებმა, ფაქტობრივად, მუსიკალური გადატრიალება მოახდინა. სიმღერა „Le Freak“ „Atlantic Record-ის“ ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა.

„Chic-ის“ მრავალი წარმატების წყალობით, „Atlantic Record-მა“ ნაილსა და ბერნარდს საშუალება მისცა, თავად ემუშავათ პროდიუსერებად. „The Sister Sledge“ პირველი ბენდი იყო, რომელსაც მათ პროდიუსერობა გაუწიეს. შემდეგ გაჩნდა „The Chic Organization“ .

80-იანი წლების ათწლეული „The Chic Organization-ისთვის“ კომერციულად ყველაზე წარმატებული იყო. 1980 წელს ნაილმა და ბერნარდმა დაიანა როსისთვის ჩაწერეს და გამოუშვეს ალბომი – „Diana“. ალბომში შევიდა ისეთი ჰიტები, როგორიცაა: „Upside Down“ და „I am coming out“.

1983 წელს ნაილმა დაიწყო სოლო კარიერა და გამოუშვა პირველი ალბომი – „Adventures in the Land of the Good Groove“. მოგვიანებით, ნაილ როჯერსმა გამოუშვა დევიდ ბოუის ალბომი – „Lets Dance“, რომელიც დიდი რაოდენობით გაიყიდა.

ამის შემდეგ როჯერსმა დაიწყო მუშაობა ჯგუფთან – „Duran Duran“. 1983 წელს, ერთობლივი მუშაობის შემდეგ, გამოჩნდა სუპერ გაყიდვადი ჰიტი – „The Reflex“. შემდეგი იყო „The wild Boys“, რომელიც შევიდა ალბომში – „Arena“, რომელიც 1984 წელს გამოჩნდა.

ნაილ როჯერსმა თავისი წვლილი შეიტანა ბევრ სხვა პროექტსა და გამოსვლაში, როგორც დამწყები, ისე შემდგარი არტისტების შემთხვევაში. სწორედ მისი დამსახურებით დაიწყო მადონას ის კარიერა, რომელმაც მადონა პოპის დედოფლად აქცია. მისი პირველი ალბომი „Madonna“ გახლდათ, რომელმაც 1983 წელს ხმაურის გარეშე ჩაიარა. როდესაც ლეიბლმა ამ ახალბედა არტისტთან მუშაობა დაიწყო, მას ნაილ როჯერსი შეურჩიეს. სჯეროდათ, რომ სწორედ ის შექმნიდა იმ მუსიკას, რომელიც მადონას იმხანად სჭირდებოდა. შედეგმაც არ დააყოვნა. ალბომი „Like a Virgine“ აღმოჩნდა მადონას მომავალი დიდებული კარიერის დასაწყისი, რომლის თითოეული სიმღერაც ნაილ როჯერსის პროდიუსინგით შეიქმნა.

ამ ამბავს შემდეგ მადონა ასე იხსენებდა:

„საუკეთესო პროდიუსერი უნდა მყოლოდა და მეც ნაილ როჯერსი ავარჩიე,“ – ამბობდა პოპის უკვე შემდგარი დედოფალი.

1988 წელს ნაილ როჯერსმა შექმნა თავისი პირველი საორკესტრო „საუნდტრეკი“ ფილმისთვის – „Coming to America“, რომელშიც ედი მერფი მონაწილეობდა. ეს სურათი 1988 წლის მეორე ყველაზე წარმატებული ფილმი გახდა.

1992 წელს, დაბადების დღის წვეულების შემდეგ, ნაილ როჯერსმა, ბერნარდ ედვარდსმა, პოლ შეფერმა და ენტონ ფიგმა „Chic-ის“ ძველი ჰიტები დამსწრე საზოგადოების ოვაციების ფონზე შეასრულეს. მაშინ ნაილმა და ბერნარდმა გადაწყვიტეს, ხელახლა შეექმნათ  ჯგუფი „Chic“, უფრო სწორად, მისი ახალი ვერსია. მათ ჩაწერეს ახალი ალბომი – „Chic-Ism“ და ცოცხლად წარადგინეს კიდეც.

სამწუხაროდ, ნაილის მეგობარი და მუსიკალური პარტნიორი – ბერნარდ ედვარდსი, პნევმონიის შედეგად დაიღუპა 1996 წლის აპრილში. ნაილმა ძალიან რთულმა გადაიტანა ეს ტრაგედია და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ჩავიდა იაპონიაში, რათა თავისი საუკეთესო მეგობრისთვის პატივი მიეგო და გაეგრძელებინა გზა ახალი მუსიკალური მომავლისკენ. მას შემდეგ ნაილი ყოველი წლის აპრილში ჩადის იაპონიაში, თავის საუკეთესო მეგობრის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად.

რაღაც დროის მერე ნაილმა კვლავ განაგრძო ცოცხალი კონცერტების ჩატარება, ასევე გააგრძელა ახალი მუსიკის შექმნა, პროდიუსერობა და ფილმების „საუნდტრეკების“ შექმნა.

1998 წელს მან დამოუკიდებელი მუსიკალური ლეიბლი „Sumthing Else Music Works record label“ და „Sumthing Distribution“ დააარსა.

2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიამ ნაილ როჯერსის სამი ნაცნობი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომლებიც North Tower-ს შეჯახებული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ. ამ ტრაგედიამ მას უბიძგა, შეექმნა ფონდი – „We Are Family Foundation“ (WAFF), რომლის მუშაობაც საზოგადოებისთვის მიყენებული იარების მოშუშებაში საკუთარ წვლილს შეიტანდა. ნაილმა ორგანიზება გაუწია სიმღერის – „We are the family“ – ხელახლა ჩაწერას, რომელიც მან და მისმა მეგობარმა, ბერნარდ ედვარდსმა „Sister Sledge-ისთვის“ ჩაწერეს. სიმღერის ხელახლა ჩაწერაში სხვადასხვა დონის 200-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა.

ნაილ როჯერსის ცხოვრება ყოველთვის სავსე იყო კარგი და ცუდი მოვლენებით. 1980 წელს მას კლინიკური სიკვდილის გადატანა მოუწია, ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღების გამო, მაგრამ ნაილმა მათთან სამუდამოდ განშორება მხოლოდ 17 წლის წინ შეძლო. ამის შემდეგ ის ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწევა.

2010 წლის ოქტომბერში როჯერსმა გაიგო, რომ მას პროსტატის სიმსივნის აგრესიული ფორმა ჰქონდა და უმოკლეს დროში ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება უნდა მიეღო. გარდა ამისა, უძლიერესი ნერვული დაძაბულობის გამო, ნაილმა მკლავის კუნთოვანი ფუნქცია დაკარგა. ოპერაციისთვის მოსამზადებლად, ექიმმა ურჩია, ყოველდღიურად, დილაობით, ოთხი მილი დაეფარა. დილაობით სიარულის ეს ჩვევა ნაილ როჯერსს დღემდე შემორჩა. სიცოცხლის, მუშაობის, მუსიკისა და სიმღერების წერის, შესრულებისა და კარგი საქმეების კეთების სურვილის წყალობით, ნაილ როჯერსი ჯანმრთელად ცხოვრობს და სრულიად განიკურნა სიმსივნისგან…

და რა მოხდა ამის შემდეგ? ეს უკვე ახალი ისტორიაა, რომელსაც „Black Sea Arena-ზე“ შეკრებილ მსმენელს ნაილ როჯერსი 5 აგვისტოს თავად მოუყვება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.