fbpx

თბილისის 26-ე ჯაზფესტივალი 9-11 მაისს გაიმართება


გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ ჭინჭარაული

 

6 მეგობრის იდეა თბილისში  ყოველწლიური ჯაზფესტივალის  დაარსების შესახებ დღევანდელი გადმოსახედიდან სიგიჟედ შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა,  სანამ 21-ე საუკუნის დასაწყისში ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებდა, მას დიდი ისტორია აქვს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული. 

თბილისის ჯაზფესტივალის წინამორბედად მიიჩნევა 1978 წელს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული ფესტივალი, რომელშიც საბჭოთა რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქის ჯაზშემსრულებლებმა მიიღეს მონაწილეობა. ამის შემდეგ, 1986 წელს, ჩატარდა მეორე ფესტივალი, რომელშიც საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან  ერთად, ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებიც მონაწილეობდნენ, 1989 წელს გამართულ  უკვე საერთაშორისო ჯაზფესტივალში კი   საბჭოთა მუსიკოსების გარდა, ამერიკელი, დანიელი, შვედი და ფინელი მუსიკოსებიც ჩამოვიდნენ. 

სწორედ ამ ისტორიას აგრძელებს “ისთერნ ფრომოუშენსი” 2000 წლიდან, რომელმაც თბილისის ჯაზფესტივალი ყოველწლიურ მოვლენად აქცია.

როგორც “ისთერნ ფრომოუშენსის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, კახა კანდელაკი გვიყვება, ფესტივალის განახლებამდე “ისთერნ ფრომოუშენსმა”, 1998 და 1999 წლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი კონცერტი ჩაატარა თბილისში. 90-იანების ბოლოს თბილისს მანჰეტენ ტრანსფერი, ჯეიმს ბრაუნი, მესიო პარკერი,  როი აიერსი ესტუმრნენ. ეს გამოცდილება ერთგვარი რეპეტიცია და მოსამზადებელი პერიოდი აღმოჩნდა იმისთვის, რომ 2000 წელს მეოთხედ ჩატარებულიყო თბილისის ჯაზფესტივალი, რომელიც უწყვეტ, ყოველწლიურ მუსიკალურ დღესასწაულად იქცა.

ფესტივალს არსებობის განმავლობაში 2000-ზე მეტი მუსიკოსი ეწვია და დღეს, დაარსებიდან 26-ე წელს, ის რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ მოვლენად ითვლება. 

წლევანდელ ჯაზფესტივალს კვლავ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს. ფესტივალის განმავლობაში სასტუმროს ფოიეში ყოველდღიურად სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი, ფესტივალის დაწყებამდე კი კახა თოლორდავას ფილმის, “პირველ პირში (ერთი ფესტივალის ისტორია)” – მეორე ნაწილის პრემიერა ჯაზის საერთაშორისო დღეს, 30 აპრილს გაიმართება. 

ფილმის პრემიერა არტარეას ეთერში, 22:00 საათზე შედგება, მსმენელს კი მისი ნახვა შერატონში შეეძლება ფესტივალის განმავლობაში.

ფილმი ფეხდაფეხ მიჰყვება ჯაზფესტივალის ისტორიას “ისთერნ ფრომოუშენსის” დაარსებიდან დღემდე და გვიყვება იმ ამბებს, რაც კულისებს მიღმა ხდებოდა. ფილმში ფესტივალის დამფუძნებლები იხსენებენ ჯერ კიდევ უშუქო თბილისში ჩატარებულ კონცერტებს, სხვადასხვა მუსიკოსთან და მენეჯერთან მოლაპარაკებების სირთულეებს, 90-იანი წლების დასასრულს და 2000-იანების დასაწყისში, როდესაც ჯერ კიდევ იმის ახსნა უწევდათ, თუ სად მდებარეობდა ქვეყანა – საქართველო. გარდა ფესტივალის ისტორიისა, ფილმში მოისმენთ ინტერვიუებს მუსიკოსებთან, ფესტივალის აქამდე უცნობ, კულუარულ ამბებს, ნახავთ უნიკალურ ფოტო- და ვიდეომასალას არქივიდან. თუ გაინტერესებთ, რა უცნაური მოთხოვნები ჰქონდათ მსოფლიო ჯაზის ლეგენდებს, რომელი მცენარეები დაახვედრეს ელტონ ჯონს ნომერში, რატომ მოითხოვა ბობი მაკფერინმა სასტუმროს ოთახიდან ყველა ელექტრომოწყობილობის გატანა და ბევრი სხვა საინტერესო ამბავი, აუცილებლად უნდა უყუროთ ამ ფილმს. “პირველ პირში – ერთი ფესტივალის ისტორია” აწ უკვე ჯაზის მსოფლიო რუკაზე მონიშნული ფესტივალის გზაა. კახა თოლორდავას რეჟისორობით შექმნილ ფილმს არტარეა და კონცეპტი წარმოგიდგენთ.

წელს, 9-იდან 11 მაისის ჩათვლით თბილისი უკვე 26-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალს “ისთერნ ფრომოუშენსი” ტრადიციულად თიბისი კონცეპტთან ერთად წარუდგენს ერთგულ მსმენელს. 26-ე ფესტივალის სტუმრები, როგორც ყოველთვის, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები იქნებიან. 

“ჩვენს ფესტივალებზე უმაღლესი ლიგის მუსიკოსები ჩამოდიან, ყოველი კონცერტი სიურპრიზებითაა სავსე, ამიტომ ვფიქრობ, რომ არცერთი საღამოს გამოტოვება არ შეიძლება. თუნდაც ყოველ წელს ერთი და იგივე მუსიკოსები ჩამოვიყვანოთ, არასდროს არ იქნება წინა წლის მსგავსი – ყოველთვის ახალი პროექტები აქვთ, ცვლიან ბენდის წევრებს და სიახლეებს სთავაზობენ მსმენელს. წელს ფესტივალს პირველად სტუმრობს ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტი, იტალიელი სტეფანო ბოლარი, არ შეიძლება სუპერგრუპის გამოტოვებაც, იმიტომ რომ ეს არის ერთჯერადი პროექტი, ოლ სტარ ბენდი, სადაც ოთხი ვარსკვლავია შეკრებილი. ისინი მხოლოდ  წლევანდელი ტურის ფარგლებში გაერთიანდნენ და არა მგონია, მსმენელს სხვა დროს მიეცეს მათი ერთად მოსმენის შესაძლებლობა. სტენლი კლარკი ჯაზის ლეგენდაა, ის უკვე მესამედ ჩამოდის, მაგრამ ამჯერადაც განსხვავებული პროექტი აქვს. სულ სხვა ბენდი ჰყავს, ახალგაზრდა მუსიკოსებით დაკომპლექტებული. დიდი ალბათობით ისინიც მომავალი ლეგენდები არიან. ხშირად ყოფილა ჩვენი ფესტივალის ფარგლებში, რომ იმ მომენტისთვის უცნობი მუსიკოსები მალევე ქცეულან ვარსკვლავებად და დიდ სახელებად. ვფიქრობ, მისი წლევანდელი ბენდის შემადგენლობის მომავალიც  ასეთი იქნება”. – გვიყვება კახა კანდელაკი.

ფესტივალს ლუკა თოფურია და მისი ბენდი  გახსნის, ხოლო საღამოს 9 საათზე  სთარ სთეიჯზე ჯაზზ თეიქს სუპერგრუპ (JAZZ/TAKES SUPERGROUP ft.: Bill Evans, Niels Lan Doky, Felix Pastorius & Harvey Mason) წარდგება მსმენელის წინაშე. 

10 მაისს დარბაზი „ჯაზ ლაბი“  მარტინ კრატოჩვილსა და ჯაზ ქიუს (Martin Kratochvil & Jazz Q) უმასპინძლებს ჩეხეთიდან, შემდეგ კი სთარ სთეიჯზე გენიოსად წოდებული იტალიელი პიანისტი სტეფანო ბოლანი წარდგება, ვარიაციებით როკოპერაზე „სუპერ სტარი“ (STEFANO BOLLANI Piano variations on the Rock Opera “Jesus Christ Superstar”). 

11 მაისს „ჯაზ ლაბის“ დარბაზში იტალიური ბენდი მოტელ კაიჯუ (Motel Kaiju) შეხვდება მსმენელს, ფესტივალს კი სთარ სთეიჯზე ლეგენდარული სტენლი კლარკი (STANLEY CLARKE N’4Ever) დახურავს. 

ბილეთები https://tkt.ge/-ზე იყიდება, ხოლო თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, თიბისი ვიზა ბარათის მფლობელები 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.