fbpx

Rooms Studio-ს ინსტალაცია “Palace of Rituals” მილანის დიზაინის კვირეულზე


გააზიარე სტატია

 

2023 წლის მილანის დიზაინის კვირეულის ფარგლებში Rooms Studio-მ წარადგინა ადგილობრივი ტრადიციული  რესტორნის, Osteria Del Treno-ს სივრცეზე მორგებული კონცეპტუალური წვეულება/ინსტალაცია, სახელწოდებით Palace of Rituals. Osteria Del Treno-ში ხშირად იმართება საქორწინო და სხვა ვახშმები, რაც თავისთავად უკავშირდება ინსტალაციის კონტექსტს.

გაიმართა ვახშამი, სადაც რიტმულად განთავსებული იყო მინიატიურული ალუმინის კვერცხის ჩასადები სკულპტურები, სააღდგომო წითელი კვერცხებით, ორთოდოქსული დღესასწაულის ტრადიციის და თავად კვერცხის, როგორც ნაყოფიერების სიმბოლოს აღსანიშნავად.

სივრცეში აივნებიდან გადმოკიდებული იყო Rooms Studio-ს მიერ შექმნილი ორი ახალი ნამუშევარი Dowry Blankets, ანუ “მზითვის საბნების” სერიიდან – სპილენძისფერი და ვერცხლისფერი ხელით მოქარგული კედლის ობიექტები, რომლებზეც გამოსახულია ქალურობის სიმბოლოები – ვარდი, გედი და კვერცხი.

ამ ნამუშევრებით ქეთი თოლორაია და ნატა ჯანბერიძე გვაფიქრებენ კულტურულ და სოციალურ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება ახალგაზრდა ქალის მოვალეობებსა და წეს-ჩვეულებებს.  ისინი ცდილობენ აქცენტები გააკეთონ ქალის სხეულისა და ნაყოფიერების სიმბოლოებზე. 

ინსტალაცია როგორც ქალურობის ინტროსპექცია, კვლევის საგნად იღებს ქალების ქორწინებისა და ცერემონიებისადმი წინაგანწყობას და წარმოაჩენს ქალის მნიშვნელოვან როლს ისტორიასა და კულტურაში. ტექსტილის მედიუმად გამოყენებაც უკავშირდება იმ კულტურულ გარემოებებს, რომლის მიხედვითაც ქსოვილზე მუშაობა ოდითგანვე წარმოადგენდა ქალისთვის შესაფერის საქმიანობას.

ინსტალაციის პერფორმანსული ხასიათი წვეულების დასასრულს გამოვლინდა, როდესაც სივრცეში ცხენოსანი სილვერ მასარენტი თავისი თეთრი ცხენით გამოჩნდა.

ცხენი როგორც რეალური და არარეალური სამყაროს სიმბოლო, ასახავს რიტუალებსა და ტრადიციებს, მუდმივი გმირის მოლოდინის ილუზიას; მეორეს მხრივ კი, ახალგაზრდა ქალის გულწრფელი და ავთენტური სურვილების ძიების აუცილებლობას ხელოვნურად შექმნილი კულტურული და სოციალური მოცემულობების ფონზე.

თავის მხრივ “რიტუალების სასახლე” წარმოადგენს ქეთი თოლორაიასა და ნატა ჯანბერიძის შემოქმედებითი პრაქტიკის გაგრძელებასა და ქალის როგორც ცენტრალური ფიგურის შესწავლას.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.