fbpx

სკუდეტო ცოტა ხნით გადაიდო…


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ფეხბურთი რომ საოცრებათა სამყაროა, ამაში გამუდმებით ვრწმუნდებით, რადგან უშრეტია ზღვა ახალი ამბებისა, ერთიმეორეზე მეტად რომ გვაკვირვებენ თამაშიდან თამაშამდე.

გასული კვირის განსაკუთრებული საკვირველების ჩამდენი კი ვალენტინ კასტელანოსია. 

არგენტინელი თავდამსხმელის სახელი ფეხბურთის მოყვარულებისთვის მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგის დებიუტანტ „ჟირონას“ შემადგენლობაში დებიუტის შემდეგ მეტ-ნაკლებად ცნობილი გახდა. 

მაგრამ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ მატჩში შესრულებულმა „პოკერმა“ მისი სახელი უკვე საყოველთაო გახადა და სტატისტიკოსებს საფეხბურთო მატიანეშიც ჩაახედა, საიდანაც ირკვევა, რომ მადრიდის „რეალის“ კარში გატანილი გოლების რეკორდი ესტებან ეჩებერიას ეკუთვნის, რომელმაც „ოვიედოს“ შემადგენლობაში შორეულ 1947 წელს 5 ბურთი გაუტანა მადრიდელებს ანგარიშით 7:1 მოგებულ მატჩში… 

„ჟირონამ“ მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 4:2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის შუაგულში განთავსდა. 

აი „ვალენსია“ კი განვლილ ტურში, ექვსი ქულის ტოლფას მატჩში, „კადისთან“ 1:2 წაგების შემდეგ, გასავარდნ ზონას ერთი საფეხურით მიუახლოვდა. 

გიორგი მამარდაშვილის გუნდი იმდენად უსახურ ფეხბურთს უჩვენებს, რომ ერთადერთი ნათელი წერტილი მის თამაშში საქართველოს ნაკრების მეკარის „სეივებია“.  

ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს კი „ბარსელონა“ მყარად უდგას სათავეში და წინააღმდეგობრივ სეზონში პერიოდულად ისეთ შედევრებს ქმნის, როგორიც უკანასკნელ ტურში „ბეტისის“ განადგურება იყო.

ანგარიში მატჩის მე-14 წუთზე რაფინიას ჩაწოდების შემდეგ ეფექტური თავური დარტყმით კრისტენსენმა გახსნა. მალე კი სტუმრები მოედანზე 10 კაცის შემადგენლობით დარჩნენ, რამაც საბოლოოდ განაპირობა მათთვის ნაკლებად სასიამოვნო საღამო.

პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ლევანდოვსკის და რაფინიას გოლებს მატჩის მეორე ნახევარში სტუმრებმა ერთი ავტოგოლიც შემატეს და ამ წაგებით მინიმუმამდე დაიყვანეს ჩემპიონთა ლიგის ზონაში თავიანთი მოხვედრის შანსი.

სამაგიეროდ ამ შანსს „ლივერპული“ ეპოტინება და როგორც ჩანს, სეზონის ბოლომდე არ დაყრის ფარ-ხმალს ზედა ოთხეულში „ნიუკასლის“ ან „მანჩესტერ იუნაიტედის“  პოზიციის დასაკავებლად. 

თუმცა, შარშანდელი სეზონისგან განსხვავებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამჯერად მერსისაიდელებმა ამ მიზნის შესრულება შეძლონ. 

„ლივერპულმა“ უკანასკნელ ტურში „ტოტენჰემი“ ანგარიშით  4:3 დაამარცხა, სატურნირო ცხრილშიც გადაასწრო უშუალო კონკურენტს და „მანჩესტერ იუნაიტედთანაც“ შეინარჩუნა შვიდქულიანი ჩამორჩენა.

მაგრამ „ლივერპული“ – „ტოტენჰემის“  მსგავსი მატჩის სცენარის პოვნა ალბათ მეტისმეტად გაჭირდება. 

მასპინძლები პირველი წუთებიდანვე ხალისით შეუდგნენ მეტოქის რბევას და უკვე მე-15 წუთისთვის სამბურთიანი სხვაობით უგებდნენ მას. 

ჯონსმა და დიასმა მრავალსვლიანი კომბინაციები აქციეს გოლებად, ხოლო სალაჰმა კი თერთმეტმეტრიანი თავხედურად, კარის ცენტრში დაურტყა სტუმართა ისედაც დაბნეულ გოლკიპერს.

„ლივერპულის“ ქომაგები უკვე მოემზადნენ პირველ წრეში „ბორნმუთის“ ანგარიშით 9:0-ის და ამ ცოტა ხნის წინათ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ანგარიშით 7:0-ის მსგავსად, კიდევ ერთი მეტოქის განადგურების საყურებლად, მაგრამ სტუმრებმა თამაშში გარდატეხის შეტანა პირველ ტაიმშივე შეძლეს, ჰარი კეინის გოლით წონასწორობა აღადგინეს და „ლივერპულის“ კარის ძელის „ჩამოღებაც“ დაიწყეს.

მატჩის კულმინაცია კი მაყურებლებს მსაჯის მიერ დამატებული ექვსი წუთის განმავლობაში ელოდათ, როდესაც ჯერ სტუმართა ბრაზილიელმა ფორვარდმა რიჩარლისონმა წონასწორობა აღადგინა, ერთი წუთის შემდეგ კი შეცვლაზე ცოტა ხნით ადრე შესულმა მისმა თანამემამულე ლუკას მოურამ დაუფიქრებლად მიუგორა ბურთი ასევე მეორე ტაიმში გამოსულ დიოგუ ჟოტას და ამ უკანასკნელმაც საკმაოდ რთული სიტუაციიდან შესრულებული დარტყმით გამარჯვება მოუტანა მასპინძლებს. 

მაგრამ ინგლისის პრემიერლიგის უმთავრესი ამბავი „მანჩესტერ სიტის“ სატურნირო ცხრილის სათავეში მოხვედრა იყო მას შემდეგ, რაც მან ერთი კვირის მანძილზე ჯერ ყოფილი ლიდერი „არსენალი“ და შემდეგ „ფულემი“ დაამარცხა.

პეპ გვარდიოლას გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და წლეულს პრემიერლიგასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის და მანჩესტერულ დერბიში ინგლისის ასოციაციის თასის მოგებასაც უმიზნებს.

კარსმომდგარ ნახევარფინალში კი „მანჩესტერ სიტი“ „რეალთან“ გაარკვევს ურთიერთობას, რომლის წინააღმდეგობაც შარშან, ზუსტად ამ დროს, ანალოგიურ დაპირისპირებაში მან ვერ დაძლია მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონის მსგავსად, წყვილში ფავორიტად ითვლებოდა.

მაგრამ მაშინ ჰალანდი არ ყოფილა, ამჟამად კი ნორვეგიელი გიგანტის გამჩერებელი არ ჩანს და მას მხარს ფლანგებზე დაუოკებელი გრილიში და ბერნარდუ სილვა უბამენ. 

ინგლისის პრემიერლიგის მსგავსად, ლიდერი გერმანიის ბუნდესლიგაშიც შეიცვალა, სადაც „დორტმუნდმა“ ერთ კვირაზე მეტხანს ვერ გაძლო სატურნირო ცხრილის სათავეში.

„დორტმუნდი“ გასავარდნ ზონაში მყოფ „ბოხუმს“ ესტუმრა, რომელიც კბილებით იცავდა საკუთარ კარს გოლისაგან და დროდადრო სწრაფ და მწვავე კონტრიერიშებსაც ახორციელებდა. 

მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში სტუმრებისთვის მსაჯს აშკარა თერთმეტმეტრიანი რომ დაენიშნა, „ბაიერნს“ დიდი ალბათობით კვლავ მდევრის როლში მოუწევდა დარჩენა. 

ბუნდესლიგის ახალმა ლიდერმა კი აუტსაიდერ „ჰერტას“ უმასპინძლა და მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლო უსუსური მეტოქის წინააღმდეგობის გატეხა კიმიხის ძალისხმევით, რომელმაც ათი წუთის მანძილზე ორი საგოლე გადაცემა განახორციელა ჯერ გნაბრის, ხოლო შემდეგ კომანის მისამართით. 

ჩვენ კი ტრადიციულად ყველაზე მეტად იტალიის სერია A-ში მიმდინარე მოვლენები გვაინტერესებს და თანაც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „ნაპოლის“ ოფიციალურ გაჩემპიონებას სამშობლოს მსგავსად, ჩვენთანაც მოუთმენლად ელიან.

კვირა საღამოს ერთადერთ თეორიულ კონკურენტ „ლაციოს“ გასვლაზე „ინტერთან“ წაგების შემდეგ კი ნეაპოლში ზეიმისთვის ნიადაგი უკვე აშკარად მომზადდა.

მატჩის 62-ე წუთზე ზეიმი უკვე ერთკვირიან კარნავალს მიუახლოვდა, როდესაც რასპადორის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ოლივეირამ შესანიშნავი თავური დარტყმით გოლად აქცია.

მაგრამ იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურში „ნაპოლის“ დღესდღეობით სერია A-ს გუნდებიდან შესაძლოა, ყველაზე უხერხული მეტოქე დაუპირისპირდა, რაზედაც ამ გუნდის ბოლოდროინდელი სტატისტიკა მეტყველებს.

საქმე ისაა, რომ „სალერნიტანას“ უკანასკნელად თამაში 19 თებერვალს აქვს წაგებული და მას შემდეგ ჩატარებული ათი შეხვედრიდან რვა ფრედ აქვს დასრულებული და ორი ანგარიშით 3:0 მოგებული.

ამიტომ სტუმრების მიერ მატჩის 84-ე წუთზე გატანილი საპასუხო გოლი „ნაპოლის“ ფეხბურთელებზე მოქმედი ფსიქოლოგიური წნეხის გათვალისწინებით, მაინცდამაინც მოულოდნელი არ ყოფილა. 

„სკუდეტოს“ ზეიმი კი ნამდვილ კარნავალთან ერთად, როგორც ჩანს, მომდევნო ტურში „უდინეზესთან“ გასვლითი მატჩის შემდეგ შედგება…

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.