კარტოფილად ქცეული ვარსკვლავები
ავტორი: ნიკოლოზ ნადირაშვილი
2021 წლის 5 ივლისს საქართველოში, პარლამენტის წინ, დემოკრატიის მტრებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და მიმდებარედ ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქცია აღმართეს. მომდევნო დღეს მათ დროშა დაწვეს კიდეც. პარალელურად, მერიისგან გავიგეთ, რომ რკინის კონსტრუქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის განახლებამდე შენარჩუნდებოდა. 2023 წელს ჰომოფობიური და პრორუსული პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ შეგულიანებით, რადიკალურმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა კვლავ ჩამოხსნეს და დაწვეს.
თუკი პირველ შემთხვევაში ეს ანტიკონსტიტუციური ვანდალიზმი „ღირსების მარშს“ მიემართებოდა, ორი წლის შემდეგ სამიზნე, ზოგადად, არასამთავრობო სექტორი იყო: პრორუსული და, შესაბამისად, ფსევდოპატრიოტული ჯგუფები ითხოვდნენ „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტის კანონად ქცევას, გრძელვადიან პერსპექტივაში არასამთავრობო სექტორის და თავისუფალი მედიის შეზღუდვისა და დასუსტების მიზნით.
პოლიტიკის კონტექსტში საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უკვე მოძველებულია ჯენი ჰოლცერის ტრუიზმიც კი, რომ „ყველაფერი ერთმანეთთან დელიკატურადაა დაკავშირებული,“ რადგან, ქვეყნის სტაგნაციის ფონზე, რაც დრო გადის (უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, „რაც უფრო მეტ დროს ვკარგავთ“), მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება რუსული გავლენების გამტარი ფიგურანტების ვინაობა და მეთოდოლოგია, რომელიც რადიკალური ჯგუფებისთვის ხშირად ჯენი ჰოლცერის მეორე ტრუიზმს ექვემდებარება: „გამოიყენე, რაც დომინანტურია კულტურაში, რათა სწრაფად შეცვალო ის.“ რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ამ ფილოსოფიურ თეზისს ისინიც მივყვებით, ვისაც არსებული სტატუს-კვო არ გვაკმაყოფილებს.
შესაბამისად, ისმის კითხვა: რეალურად საით არის პოლიტიკური ქანქარა გადახრილი და რა არის ის „დომინანტური კულტურა,“ რომლით მანიპულირებითაც მისი ცვლილება გვინდა მათ, ვისაც ქვეყნის ევროპული მომავალი გვანაღვლებს და მათაც, ვისაც საქართველოს რუსულ ორბიტაზე შეუქცევადად დაბრუნება უნდა? ამ დროს რა არის ის ნიშან-სიმბოლოები, რომლებიც ჩვენი – ორივე ჯგუფის – ბრძოლის იარაღია?
ერთ-ერთი ასეთი ნიშან-სიმბოლო უდავოდ ჯვარია და მასში მოცული მთელი მართლმადიდებლური სამყაროს კოსმოლოგია, რომელსაც მაგ., თანამედროვე ხელოვანები ხშირად „არაკანონიკურად“ იყენებენ; ამის გამო ისინი ღვთის გმობაშიც არიან ბრალდებულნი. ჯვართან ერთად, როგორც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვიჩვენა, ეს ევროკავშირის ვარსკვლავებიანი დროშაა, რომლის იკონოგრაფიაც ასევე ქრისტიანულ მოტივებში იკითხება.
ამ მხრივ ჩემთვის საინტერესო იყო რონდელის ფონდის უფროსი მკვლევრის, კახა გოგოლაშვილის წერილი, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ამჟამინდელ დროშას ევროპარლამენტის მასპინძელი ქალაქის, სტრასბურგის კათედრალში განთავსებული XIX საუკუნის ღვთისმშობლის ქანდაკება უდევს საფუძვლად: „და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში: ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე.“ (იოანეს გამოცხადება, 12:1).
ზოგადად, პოლიტიკის კრიტიკოსების პროფილი, სხვა მრავალთან ერთად, ორ კატეგორიადაც შეიძლება დაიყოს: ზოგის მიზანი კრიტიკის ობიექტის აბსოლუტური დემონიზებაა (როგორც ეს ქართული ე.წ. კონსერვატიული მოძრაობის შემთხვევაში მოხდა) და ზოგიც საკუთარი პოზიციით ცდილობს კრიტიკის ობიექტის გაჯანსაღებას. ალბათ, სწორედ ეს არის უმთავრესი არსობრივი სხვაობა ნეო-საბჭოთა რეტროგრადსა და რეფორმაზე მიმართულ ევროსკეპტიკოსს შორის, რომელთაგან ბევრს ევროპის თანამედროვე სახელოვნებო წრეებშიც შევხვდებით.
ერთ-ერთი მათგანია ფერნანდუ ჟ. რიბეირუ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ვეწვიე მის სახელოსნოში, ლისაბონში. პირველი, რამაც ყურადღება მიიქცია, „ძლიერთა ამა ქვეყნისა“ გრაფიკული პორტრეტები იყო. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ანგელა მერკელის, ემანუელ მაკრონის, სი ძინპინის, ჟაირ ბოლსონარუს, ბორის ჯონსონის, ჯეფ ბეზოსის, მარკ ცუკერბერგის, ბილ გეიტსის და, სხვებთან ერთად, ვლადიმერ პუტინის პორტრეტებიც კი. თითოეული პორტრეტის ხუთი ინვარიანტი იყო წარმოდგენილი: ერთი შეხედვით იდენტური, მაგრამ მაინც განსხვავებული.
ეს სერია, რომელზეც რიბეირუ სამი წლის განმავლობაში მუშაობდა, აჩვენებს იმ ვერარსებულ მომენტს, როდესაც შესაძლებელია ამ სახე-ძალების მოხელთება. რიბეირუს ეს პრაქტიკა მედიტაციურ აქტთანაც ასოცირდება: როდესაც ხელოვანი, თუნდაც სიზიფეს მითისეულად, ერთსა და იმავეზე ექსპერიმენტირებით ცდილობს გარკვეულ ტრანსში გასვლას (დაახლოებით ისე, როგორც ამას პოლ სეზანი შვრებოდა, როდესაც მონ სენ ვიქტუარის უსასრულო ვარიაციებს ამუშავებდა). ამ დროს მისი, როგორც ხელოვანის „ეგო“ ქრება; და როგორც თავად არტისტმა მითხრა, ეს ერთგვარ ბიბლიურ მსხვერპლშეწირვის აქტსაც ჰგავს: იმისთვის, რომ გაანეიტრალო „ანტაგონისტი“, საკუთარი თავიც უნდა დაკარგო.
ამ სერიას, ჩემთვის, მეორე ახსნაც ჰქონდა: თითქოს, უწყვეტი რეპროდუქციის პირობებში, ხელოვანი გამოსახულ პირთა დაუძლურებას და გასაშუალოებას ცდილობს… მათ იმავე სიმრავლეში გარდაქმნის, როგორც თავად ისინი უყურებენ რიგით მოქალაქეებს.
რიბეირუს პორტრეტებზე გამოსახულ პირთა ნაწილი პოლიტიკურთან ერთად (და შესაბამისად) ეკონომიკურ ძალაუფლებასაც ფლობს – ფულს. ეს შინაარსობრივი გადაწყვეტილება ლოგიკურიც არის, რადგან არტისტი საკუთარ თავს მემარცხენედ აპოზიციონირებს.
ერთ-ერთი შეხვედრისას მან ისიც მომიყვა, თუ როგორ შეუერთდა 1989 წელს ხელოვანთა საერთაშორისო დელეგაციას ჩრდილოეთ კორეის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდებისა და სტუდენტების მეცამეტე მსოფლიო ფესტივალს. მაშინდელმა პრეზიდენტმა კიმ ირ სენმა გადაწყვიტა, რომ სოციალისტური სულისკვეთების ხელოვანებისთვის ემასპინძლა ე.წ. კაპიტალისტური ქვეყნებიდანაც. თუმცა, ის გაწბილებული დარჩა, როდესაც აღმოაჩინა, რომ საქმე მარტივად არაა: ყველა მემარცხენე-სოციალისტი როდია კომუნისტური იდეების მატარებელი?! რიბეირუ ასევე იხსენებს რამდენიმე შემთხვევასაც, როდესაც, ოფიციალური ფხენიანისთვის მოულოდნელად, სხვადასხვა დელეგაციამ კონტროვერსიული ბანერები აღმართა – ზოგი ერთიანი კორეის იდეაზე და ზოგიც ადამიანის უფლებების კრიზისზე აკეთებდა აქცენტს.
სწორედ პოლიტიკურ იდეოლოგიაზე დაფუძნებით ვხვდებით ხელოვანის პორტფოლიოში კიდევ ერთ სერიულ (Forever Mondrian) ნამუშევრებს, რომლებიც ჟურნალ-გაზეთების ამონარიდებს წარმოადგენს, და მათი იმიჯები პიტ მონდრიანის კონკრეტული ნამუშევრების კომპოზიცია-მოტივებითაა დაფარული.
ამ პრინტ-კოლაჟებით რიბეირუ მოდერნისტი კოლეგის უმთავრეს თეზისზე ექსპერიმენტირებს, რომლის თანახმადაც: „იმისთვის, რომ მივაღწიოთ გარკვეულ სულიერებას ხელოვნებაში, მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ რეალურობა მასში, რადგან ეს უკანასკნელი ეწინააღმდეგება სულიერებას“. რიბეირუ საკუთარ á-la-De Stijl ნამუშევრებში მონდრიანის ვიზუალურ კონცეფციას არათუ უბრალოდ რეალობას, არამედ ამ უკანასკნელის ყველაზე უხეშ გამოვლინებებს უპირისპირებს. მისივე განცხადებით, აღნიშნულ სერიაში მონდრიანის პარადიგმული/საბაზისო შავი მონაკვეთები ჟურნალ-გაზეთების ტექსტებში ითარგმნება, რომელსაც, საპირისპიროდ, გეომეტრიული ფერადოვანი სიბრტყე აწონასწორებს. ამრიგად, ერთი მხრივ, რიბეირუს ფორმალისტური მიზანი მასმედიის ინფორმაციული ველის დე-რეალიზება და უკომპრომისო გააბსტრაქტულებაა, მეორე მხრივ, დამთვალიერებელი, რა თქმა უნდა, არ ნებდება „ერთ შეხედვას“ და იწყებს ტექსტუალურ ექსკავაციას, სადაც, კვლავინდებურად, ხელოვანისთვის აქტუალური პოლიტიკური პლასტებია გაბნეული: ერთ კოლაჟში ულტრამემარჯვენე ტრამპის და პუტინის ტანდემს ვხედავთ, მეორეში კი სტატიაა წარმოდგენილი, თუ როგორ რაცხდა დასავლეთის ყველა ავტორიტარული რეჟიმი ოპოზიციურ ძალებს კომუნისტებად… და ეროვნულ მტრებად.
ხელოვანის მიერ მემარჯვენე იდეოლოგიის კრიტიკის კონტექსტში საინტერესო იყო 2009 წელს შესრულებული სერიაც, ალტერნატიული სათაურით – „ჰორიზონტი“, რამაც რელიგიური თემატიკის ირგვლივ კვლევის პერსპექტივითაც საინტერესო ასპექტებზე დამაფიქრა.
რას ვხედავთ? კლასიკურ ჩარჩოებში სასურათე სიბრტყე ვეღარ ეტევა და ჩვენკენ გადმოედინება. ჩარჩო კონვენციურ წესებთან და, ეს უკანასკნელი, წესრიგსა და იერარქიის უზენაესობაზე მიანიშნებს, რომელიც არა მემარცხენე, არამედ კონვენციური მემარჯვენე იდეოლოგიისთვისაა სახასიათო. ალბათ, მემარცხენე ხელოვანისთვისაც ეს „ფსიქოსომატური“ ნამუშევარი სწორედ იმ დაგროვილ კაპიტალზე და, ზოგადად, ძალაუფლებაზე მიანიშნებს, რომელსაც, კვლავინდებურად, „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ ვეღარ ატევენ საკუთარი წესრიგის ზონაშიც კი და ჩვენზე გადმოანთხევენ.
აქ, ვფიქრობ, საინტერესოა დასავლურ-აღმოსავლური მსოფლაღქმის სპეციფიკის მოხმობაც: წარმოდგენილი ინსტალაცია-მხატვრობა დასავლური ხატწერისთვის სახასიათო პერსპექტიულ ხედვას კი არ ავითარებს, როდესაც დამთვალიერებელი ღრმად და ღრმად შედის ნამუშევარში, არამედ, თითქოს, ორთოდოქსული ხატწერის მეთოდს ემყარება, სადაც შიგთავსი შენკენ გადმოედინება… შენამდე მოდის… გეხება…
და, ალბათ, ჩემთვის ყველაზე სევდიანი და, ამავდროულად, რიბეირუს პორტფოლიოში ერთ-ერთი ყველაზე საეტაპო ნამუშევარია 2012 წელს შესრულებული „უსათაურო (ევროკავშირი).“ ჩვენ წინაშეა დროშის ლურჯი მატერია (სატინი); თუმცა, აქ ვარსკვლავები აღარ არის… ისინი გამქრალია, ჩამოფერფლილია და ინსტალაციის ძირს ჩიფსებადაა ქცეული. არტისტი იმას, რასაც მე ჩამოფერფვლას ვეძახი, ციური მანანის ფენომენთან აკავშირებს. თუმცა, საქმე საბოლოოდ არა ღვთაებრივ საკვებთან, არამედ მასკულტურისთვის ყველაზე სახასიათო გლობალურ მენიუსთან გვაქვს.
მათთვის, ვისაც ხშირი კონტაქტი აქვს დასავლურ სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებთან, ახალი არ არის, რომ, თუნდაც ევროპის მასშტაბით, მრავალი ხელოვანის მხატვრული კვლევის საგანს სწორედ პანევროპული პოლიტიკის და ევროპული ისტებლიშმენტების კრიტიკა წარმოადგენს; უფრო ზუსტად კი, იმ ქვეყნების კრიტიკა, რომლებიც კავშირში მთავარ გადაწყვეტილებებს იღებენ და, ამრიგად, შედარებით სუსტი ქვეყნების მოქალაქეებში არა ერთიანობის, არამედ ხისტი (დის)პროპორციულობის განცდას ბადებენ. შეიძლება, ზოგი მათგანი გამოსავლად ევროკავშირის დაშლასაც ხედავდეს, მაგრამ, მაინც ვფიქრობ, რომ მოსახლეობის მსგავსად, ხელოვანთა უმეტესობა ამის წინააღმდეგია. ჩემს კითხვაზე, თვლით თუ არა, რომ პორტუგალია უნდა გამოეყოს ევროკავშირს, რიბეირუ მიპასუხებს: „არა, არავითარ შემთხვევაში.“
ამგვარად, სტატიის პირველ ნაწილში ნახსენებ კრიტიკოსთა ორი ჯგუფიდან, ვფიქრობ, ფერნანდუ რიბეირუ მეორეს მიეკუთვნება, რომლის მიზანიც არა დესტრუქცია, არამედ თვითრეფლექსია და განახლებაა; და ეს მიდგომა კიდევ და კიდევ მარწმუნებს არტ-კრიტიკოსის, კლემენტ გრინბერგის სიტყვებში: „დასავლური ცივილიზაცია არ არის ერთადერთი, რომელიც მობრუნდა და საკუთარი რაობის საკითხი დასვა, თუმცა მან ამ მხრივ ყველაზე მეტი ძალისხმევა გასწია.“
ვფიქრობ, ყველაზე დიდი სივერაგე ქართული ევროსკეპტიცისტური სულისკვეთებისა სწორედ ისაა, რომ ჩვენთან ამ მხრივ ავანგარდში არა კონსტრუქციული მემარცხენეები, არამედ თვითმარქვია კონსერვატორები და სინამდვილეში მოსკოვთან ალიანსში მყოფი ნეო-საბჭოთა დისტოპიური დაჯგუფებები არიან (რადგან გაცნობიერებულმა მემარცხენემ იცის, რომ რუსეთი ვერც დაედრება მემარცხენე პოლიტიკის ინსტრუმენტების სიმდიდრით არათუ ევროპას, არამედ ამერიკასაც კი).
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ჯგუფები არც კონსტრუქციული კონსერვატორები არიან, რომლებიც თავიანთ იდეოლოგიას თუნდაც ტრადიციულ ორთოდოქსულ სულისკვეთებაზე ამყარებენ, რადგან მათი მიზიდულობის ცენტრი არათუ საქართველო ან „ტრადიციული რუსეთი,“ არამედ ნეო-საბჭოთა რეჟიმია… რეჟიმი, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 3% არის ეკლესიური… რეჟიმი, რომელიც მსოფლიო ლიდერია აბორტების რაოდენობის მხრივ და სადაც ქორწინების და განქორწინების მაჩვენებლები 3/2-თან თანაფარდობაშია. ეს ყოველივე ჩემთვის არ წარმოადგენს განმსაზღვრელ ინდიკატორებს, რამდენადაც არ ვიზიარებ მემარჯვენე კონსერვატორულ მსოფლმხედველობას, მაგრამ ამ უკანასკნელის პერსპექტივით ხომ ცალსახაა, რომ ვარსკვლავებიანი დროშის მწველები, ვერც ამ რიგში ეწერებიან?!
რუსი დისიდენტი, დიმიტრი სავინი, რომელიც ამჟამად ლიეტუვაში ცხოვრობს, საკუთარ თავს ორთოდოქს-ტრადიციონალისტად მოიხსენიებს. The European Conservative-თან ინტერვიუში ის ამბობს:
იმისთვის, რომ პუტინის სისტემა გაიგოთ, არ არის საჭირო იფიქროთ რუსეთის ათასწლოვან ისტორიაზე, მეფეებზე ან თუნდაც ეკლესიაზე; ამის სანაცვლოდ, თქვენ უნდა გაიხსენოთ საბჭოთა კავშირი და სტალინი. [პოსტსაბჭოთა პერიოდის] ადამიანებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ საბჭოთა სისტემის პირობებში, ვერ ესმოდათ სიტყვის ან რელიგიის თავისუფლების იდეები და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, საბჭოთა სისტემის აღდგენა დაიწყეს. ამიტომაც ვეძახი პუტინის რუსეთს ნეო-საბჭოთა სისტემას. ის არა ისტორიული [და მართლმადიდებლური] რუსეთის, არამედ საბჭოთა კავშირის გაგრძელებაა.
საბოლოოდ რანი გამოდიან ეს თვითმარქვია კონსერვატორები, რომლებიც ხევენ და წვავენ ევროკავშირის დროშებს, რომელთა ლიდერებიც მოსკოვის წითელ მოედანზე გადაღებულ ფოტოებს სოცქსელში აზიარებენ დიდი თუ არა, იმ სიამაყით, რაც აქვთ. მათი პოლიტიკური იდეოლოგია, თუკი სინამდვილეში არც კონსერვატიულ-ორთოდოქსული და არც მემარცხენეა, რა არის? იქნებ მათთვის მთავარი არც ვარსკვლავები ან ჯვარი, არამედ კარტოფილია, განსაკუთრებით, თუკი ის 3 კგ-ს იწონის?!
პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, EU4Culture პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი. პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია ნიკოლოზ ნადირაშვილი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.