fbpx

მაისის წიგნები – სამზადისი საზაფხულო საკითხავებისთვის


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

ეჭვგარეშეა, საზაფხულო დასვენება წიგნების კითხვის გარეშე არ არსებობს, რთულად თუ მოიძებნება ვინმე, ვის ჩემოდანშიც ერთი წიგნი მაინც არაა ზაფხულში თავის შესაქცევად და საინტერესო სამყაროში სამოგზაუროდ, მაგრამ საზაფხულო დასვენებას ერთგვარი რეპეტიცია სჭირდება, რომლისთვისაც საუკეთესო თვე სწორედ მაისია, – ზაფხულისკენ რომ მივყავართ და ძალიან ცხელი და მზიანი დღეებისთვის გვამზადებს.  ამიტომაც გადავწყვიტე, შემოგთავაზოთ ის რამდენიმე წიგნი, რომლებიც მაისს  კიდევ უფრო საინტერესოსა და მშვენიერს გახდის.

 

„ყველანი აქ ვართ“ – უკრაინის გაკვეთილები

წიგნი თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლებს აერთიანებს. უკრაინის პრეზიდენტის მრავალრიცხოვანი გამოსვლებიდან წიგნი მხოლოდ რამდენიმეს მოიცავს. რასაკვირველია, ზელენსკის მიმართვები კონკრეტული ნიშნითაა შერჩეული და  ისეთ კითხვებს უპასუხებს, როგორებიცაა: როგორ მოახერხა უკრაინამ ასეთი მძლავრი კონსოლიდაცია? რა არის უკრაინული სიმამაცე? და რატომ გახდა ეს ომი მსოფლიოს თითოეული მოქალაქისათვის უმნიშვნელოვანესი? კრებული შეადგინა, თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო რუსიკო კობახიძემ. “Ziari Press”-მა სულ ცოტა ხნის წინ ეს კრებული გამოსცა და ქართველ მკითხველს ძალიან დიდი საჩუქარი გაუკეთა. ამ თხელი წიგნის წაკითხვის შემდეგ თქვენ თვალწინ გადაიშლება უკრაინელი ხალხის ის თვისებები, რომელთა წყალობითაც ისინი ღირსეულად იცავენ თავისუფალ სამყაროს. 

 

„ლექსები პროზად“ – შარლ ბოდლერი

XIX საუკუნის ევროპული პოეზია ფრანგი პოეტის, შარლ ბოდლერის, გარეშე წარმოუდგენელია. მას ქართველი მკითხველი არაერთი პოეტური კრებულით იცნობს, მაგრამ ფრანგი კლასიკოსის პროზაზე ცოტას თუ სმენია. შარლ ბოდლერის „ლექსები პროზად“ გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა და ქართველ მკითხველს პოეტის სხვა მხარე დაანახვა. აღსანიშნავია, რომ წიგნს თავის დროზე გამომცემლობები პესიმისტურად შეხვდნენ, ბევრმა მის გამოცემაზე უარიც კი თქვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბოდლერის შედევრი მარსელ პრუსტის შთაგონების წყაროდ იქცა, მსოფლიოში ბოდლერის ნაწარმოების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. მარინე ჭილაშვილის ფრანგულიდან შესრულებული შესანიშნავი თარგმანის საშუალებით კი ქართველ მკითხველს ეძლევა საშუალება გაიცნოს ისეთი ბოდლერი, როგორსაც აქამდე ნამდვილად არ იცნობდა. 

 

 მზის იმპერია – ჯეიმს ბალარდი

XX საუკუნის ერთ-ერთი ინგლისელი მწერალი, ჯეიმს ბალარდი, ჩინეთში დაიბადა.  ქართველი მკითხველი მას უკვე იცნობს რომანებით „ცათამბჯენი“, „შეჯახება“. „სულაკაურის გამომცემლობამ“  სულ ცოტა ხნის წინ მისი ახალი რომანი „მზის იმპერია“ გამოსცა. წიგნი ჩინეთში უზრუნველად მცხოვრები 11 წლის ბიჭის ამბავს მოგვითხრობს, მაგრამ მისი ცხოვრება 1941 წელს იაპონიის ჩინეთზე თავდასხმით რადიკალურად იცვლება, ომით გამოწვეული ქუჩის არეულობა და პანიკა ჯეიმსს ხალხის ტალღას გააყოლებს და დაკარგავს. დედას მოწყვეტილი მთავარი გმირი წარმოუდგენელი სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე დგება, მაგრამ საუკეთესო ადამიანურ თვისებებს მაინც არ კარგავს. წიგნი შესანიშნავად ასახავს ახალგაზრდის ფსიქიკის ფორმირების დეტალებს და მკითხველს მთელ იმ სისასტიკეს წარმოუდგენს, რომელიც ომს ახლავს. წიგნი ქართულ ენაზე შესანიშნავად თარგმნა ზაზა ჭილაძემ. 

 

უძებნი შვილი – ბესიკ ხარანაული

თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, ბესიკ ხარანაული, ქართველ მკითხველს მორიგ შედევრს სთავაზობს. სულ ცოტა ხნის წინ გამომცემლობა „ინტელექტმა“ „უძებნი შვილი“ – მეტაპოეტური ტექსტის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში გამოსცა. წიგნში ბევრი რამ ნაცნობია ბესიკ ხარანაულის ადრინდელი შემოქმედების თვალსაჩინო ნიმუშიდან „სამოცი ჯორზე ამხედრებული“, მაგრამ ავტორმა ახალი ნაწარმოებით მკითხველი დიდ ოდისეაში დაპატიჟა. ესაა წიგნი შეუძლებელსა და შესაძლებელზე, ჰიპერბოლასა და მეტაფორაზე. ის ერთგვარი თავგადასავალია ადამიანისა და ისეთ ცხოვრებისეულ შეკითხვებზე სცემს პასუხს, რომლებიც მუდამ გვაქვს. წიგნის ერთ-ერთი მთავარი ღირსება, ვფიქრობ ისაა, რომ მისი წაკითხვის შემდეგ ყველაფერზე სხვანაირად იწყებ ფიქრს და ხვდები, რომ ბევრად უკეთესი ხარ, ვიდრე „უძებნი შვილის“ წაკითხვამდე იყავი. 

 

არ გამოტოვოთ ეს წიგნები და მოიწყვეთ დაუვიწყარი მაისის დღეები, დაუვიწყარ ამბებთან ერთად. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.