fbpx

ქართველი მხატვარი ქალი, რომელიც კრისტიან დიორისთვის ესკიზებს ქმნიდა – თამარ დე ლეტე


გააზიარე სტატია

საქართველოს ბანკი კულტურული პროექტების მხარდამჭერი

საქართველოს ბანკი ქართველ საზოგადოებას თამარ დე ლეტეს აცნობს – ქართველ მხატვარს, რომელიც კრისტიან დიორისთვის ესკიზებს ქმნიდა.

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე ჯორჯაძეებისა და ვაჩნაძეების შთამომავალი იყო, მან მეოცე საუკუნის კულტურაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 

გვინდა, გიამბოთ სან-პაოლოს თეატრის ქართველ სამხატვრო ხელმძღვანელზე, მოცეკვავეზე, მხატვარზე, ქალზე, რომელიც ანიმაციურ ფილმებს ქმნიდა.. 

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე თამარ დე ლეტე მრავალი მიმართულებით მუშაობდა. როგორც საარქივო დოკუმენტებში ვკითხულობთ,ის „საბალეტო დადგმებს ქმნიდა“, – წერდა ამბავს, არჩევდა მუსიკას, ხატავდა სცენარებს, ქმნიდა კოსტიუმებს და ტექნიკურ დეტალებს, რომელიც სანახაობას მაყურებლისთვის დაუვიწყარს ხდიდა”.

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე – ქართველი ქალი, რომელიც კრისტიან დიორისთვის ესკიზებს ხატავდა

1960-1980-იან წლებში მისი ნამუშევრების გამოფენები იმართებოდა პარიზში, „XVI უბნის გალერეაში“, პარიზის სალონ „სოფიტელ გრუპ 36-ში“, საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის ეროვნული საზოგადოების დარბაზებსა თუ ლუქსემბურგში, ფრანგული კულტურის ცენტრში. ის აფორმებდა კოსტიუმებს თეატრებისთვის, ლოკრონანის ფესტივალის ფარგლებში გამართული წარმოდგენებისთვის და სხვა.

At.ge-ის მკითხველს ჯორჯაძეებისა და ვაჩნაძეების შთამომავლის, თამარ დე ლეტეს ბიოგრაფიიდან ამონარიდებს გავაცნობთ:

“მეორე მსოფლიო ომის დროს ეგვიპტეში დააპატიმრეს და ინგლისურ ბანაკში მოათავსეს თამარის მამა პეტრუს ფონ ლეტე, მოკავშირეების გამარჯვების შემდეგ კი ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს მოკავშირე ძალების ოფიცრის საპატიო სერტიფიკატის თანხლებით. პეტრუს ფონ ლეტემ  ახალი ცხოვრება ბრაზილიაში დაიწყო  და ამ ქვეყნით ისე მოიხიბლა, რომ მას ოჯახის წევრებთან გამოგზავნილ წერილებში „სხვა სამოთხეს“ უწოდებდა… უნგრელი ოფიცერი მოაჯადოვა ბრაზილიურმა ყავის პლანტაციებმა, ცხენებმა, მალტო გროსოს, გოიას და ამაზონიას შორის მოგზაურობების დროს მიღებულმა შთაბეჭდილებებმა… მამის ფაქტორმა როგორც ჩანს, გადამწყვეტი როლი ითამაშა და თამარ დე ლეტე 1952 წელს დედასთან და ვაჟ ზოლტანთან ერთად ბრაზილიაში წავიდა საცხოვრებლად.”

თამარ დე ლეტეს წერილებში ვკითხულობთ, რომ ის თავს მუდამ ევროპელად თვლიდა და ყოველი საქმის კეთებისას ამ განწყობით იყო მოტივირებული:

“მე მივხვდი, რომ ვარ ევროპელი და არასდროს, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, არასდროს ვიქნები რაიმე სხვა”.

1958  წელს თამარი საფრანგეთში ცოტა ხნით დაბრუნდა, ამ დროს  მან საბოლოოდ დაასრულა ურთიერთობა მეუღლესთან,  რეჯებ ჟორდანიასთან და ოფიციალური განქორწინებაც გააფორმა. ამავდროულად,  მეგობრის, ცნობილი ფრანგი ბალერინას – ჟანინ შარატის წყალობით შეხვდა გამოჩენილ ფრანგ ბალეტმაისტერსა და ქორეოგრაფს – ჟან ბაბილეს. ეს უკანასკნელი თამარის საცეკვაო ტალანტით აშკარად მოიხიბლა… შეხვედრებით მიღებულმა შთაბეჭდილებებმა თამარ დე ლეტეს მტკიცედ გადააწყვეტინა  საკუთარი მომავალი ამერიკის კონტინენტზე ეძებნა… თუმცა, მანამდე, კერძოდ კი, 1968 წლის 17 ოქტომბერს შანზ-ელისეს თეატრში ჟანინ შარატისა და მისი ჯგუფის, „Ballet de France-თვის” აქტიურად მუშაობს და 10 დღეში დეკორაციებსა და კოსტიუმებს ქმნის. ამის დასტურად დე ლეტეს არქივში დაცულ ერთ-ერთ დოკუმენტში წერია: „ეს ნამუშევარი საბალეტო საზოგადოებას წარმოუჩენს ღირებულ კომპოზიტორს: ჟაკ ტიერაკს, რომლის პარტიტურაც გამოყენებული „ქიმერასთვის“ ძალიან მცირე ცვლილებებით, პირველ მოსმენაზე შესრულდა „ბეზანსონის“ ფესტივალზე სულ ცოტა ხნის წინ. უხვი, ლირიკული, მელოდიური მუსიკა, რომელიც კარგად ეთანხმება თემატიკას: ქიმერას მიერ მონუსხული კაცი მას შესწირავს ბედს, დიდებას, მეგობრობას და თვით სიყვარულსაც, რათა აღმოჩნდეს უსასრულობისა და არარაობის წინაშე“.

„ქიმერას“ წარმოდგენის შემდეგ მხატვარი, თითქმის უსახსროდ, ნიუ-იორკში ჩავიდა და ცოტა ხნით მეგობართან დაბინავდა, თამარი უშედეგოდ ცდილობდა თანამემამულეს – ჯორჯ ბალანჩინის (ბალანჩივაძეს) დაჰკავშირებოდა, საკუთარი ცეკვის ნიჭით კი ძალიან მცირე შემოსავალი იშოვა, სპარსეთში დაბადებულ გოგონას აშშ-ში მუშაობის დაწყებისა და მითუფრო მოქალაქეობის მიღების მინიმალური შანსი ჰქონდა… მოგზაურობა კანადაში განაგრძო, იქ რთულად აღსაზრდელი ბავშვების პედაგოგად მოკლე პერიოდი მუშაობდა.

საბოლოოდ ამერიკის კონტინენტზე თამარ დე ლეტე ბრაზილიას და კერძოდ, სან პაოლოს შტატს უბრუნდება,  ამ პერიოდის მოღვაწეობის შესახებ მწირი ცნობები გვაქვს, სურათის მეტ-ნაკლებად აღდგენა საარქივო მასალების საშუალებითაა შესაძლებელი: ვიცით, რომ სან პაოლოში მან  სხვადასხვა გამომცემლობის ათამდე წიგნისთვის ილუსტრაციები შექმნა.  გააფორმა მსოფლიო მითოლოგია, შარლ პეროსა და ჰანს კრისტიან ანდერსენის ნაწარმოებები. ამავე პერიოდში სან პაოლოს თეატრში თამარ დე ლეტე მოლიერის, ფედერიკო გარსია ლორკას, ჟან პოლ სარტრის შემოქმედების მიხედვით 30-ზე მეტი დადგმისათვის ქმნის თეატრალურ მაკეტებს, დეკორაციებსა და კოსტიუმებს.

1960-იან წლებში გაზეთ „Estado de Sao Paulo-ში” კლოჟ ვიეირა წერდა: „თამარ და ლეტე აკეთებს კოსტიუმების ლამაზ ნიმუშებს, ჟან-პოლ სარტრის პიესა „LES MOUCHES-ისთვის”,  რომელსაც ჯგუფი “OFICINA” წარმოადგენს. ჟან-ლუკ დესკავის ხელმძღვანელობით….

იმავე პერიოდში, იგივე გაზეთ  „Estado de Sao Paulo-დან”  ვიგებთ, რომ სან პაულოში ჟერმანო მარიუტიმ და თამარ დე ლეტემ  გალერეა  “Ambiante-ში” ერთობლივი გამოფენა გამართეს. ჯერალდო ფერაცი ექსპოზიციის აღწერისას საგანგებოდ აღნიშნავს: „მხატვარ თამარ დე ლეტეს გამოფენა ჩვენ წარმოგვიდგენს ქმედით ხელოვანს, იმას, ვისაც უნდა მივცეთ მუშაობის შესაძლებლობა“.

1961 წელი თამარ დე ლეტესათვის დატვირთული ყოფილა: მას პიესად გადაუკეთებია შარლ ბოდლერის ლექსი – „შეყვარებულთა სიკვდილი“ (დოკ. 19). 9  ოქტომბერს კი საფრანგეთის დრამატულ კომპოზიტორთა და ავტორთა საზოგადოების კომისიამ ის ასოცირებულ წევრად აირჩია (დოკ.21). 1961 წელსვე ანრი მონტერლანის ხსოვნის პატივსაცემად  თამარმა ბალეტებისთვის: „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“, „მარიონეტები“ და „ორცხობილას გამყიდველი“, ასევე ფილმისათვის „ოქროს ლეგენდა“ ლიბრეტო, დეკორაცია, კოსტიუმები და მიზანსცენა შექმნა.

1960 წელს თამარი ბრაზილიაში თანამშრომლობას იწყებს საქვეყნოდ განთქმულ Christian Dior-ის ფირმასთან, ამის დასტურად მხატვრის არქივს 3 ესკიზი შემორჩა, ორი  მათგანი ფერადია, ერთი კი პერგამენტზეა შესრულებული. თუმცა როგორც ჩანს, ფირმასთან ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ის ერთ წელიწადში დასრულებულა, რისი მიზეზიც Christian Dior-ში დირექციის ცვლილება ყოფილა. ამ გარემოებას ადასტურებს  თამარის არქივში 1961 წლის 8 თებერვალს უცნობი პირის მიერ გაგზავნილი წერილი. დოკუმენტში წერია: „ვწუხვარ, რომ ჩემგან მიიღეთ ნეგატიური და იმედგამაცრუებელი წერილი ცუდი სიახლეებით! როგორც ხედავთ, ჩემო პატარა თამარ, ამ შემთხვევაში არ იდგა თქვენი ნიჭიერების საკითხი, უბრალოდ, Dior-ში, სადაც წინა დირექტორი ძალიან გაფასებდათ, დირექცია შეიცვალა. შესაბამისად, ან ახალი უფროსის გემოვნება, ან მისი იდეები, ან მისი არაკომპეტენტურობა, ან ადგილი მისი მეგობარი ბიჭისთვის, არის მიზეზი იმისა, რომ მან არ გაითვალისწინა წინამორბედის რჩევები. რაც შეეხება რაიმონს, მას ხიბლავდა თქვენი ნახატები, თუმცა კომისიაში არიან ასაკოვანი ბატონები, რომელთაც ასევე საკუთარი უცნაური გემოვნება აქვთ. სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ მათ შეცვალეს სარეკლამო ფორმულა და ფული პატარა სარეკლამო ფილმებში, ჟურნალებსა და გაზეთებში ჩადეს“.

1983 წელს  ხელოვანი ხაზგასმით ამბობს, რომ ის საქართველოდანაა, სწორედ ამიტომაც  ითხოვს ბინადრობის დოკუმენტში ჩაიწეროს ტერმინი: „ლტოლვილი საქართველოდან“

თამარ დე ლეტე ხატავდა და ქმნიდა კოსტიუმების სერიას „რეალმონტისათვის“, დეკორაციებსა და კოსტიუმების ესკიზებს ბალეტისთვის – „რომეო და ჯულიეტა“,  „Dyade“, სპექტაკლებისთვის – „ტერფსიქორას მკვლელები“, „ნატალი და ტაქსი-ბირდი“, „გაუბედავი“, “მეფეთა ნამცხვარი“, „თქვენ მისასალმებლად“, „მედეა“, „სკაპენის ოინები“, „კალიგულა“. ასევე, დგამდა სპექტაკლებს, მათ შორის – ჟან ჟიროდუს „Ondine-ს”, მუშაობდა ტესა ბომონისთვის, ჟანინ შარასთვის, კლერ მოტისთვის, ლილის ოპერისა და კომიკური ოპერისთვის. თეატრში იგი ქმნიდა ნამუშევრებს მოლიერის, სარტრის, გარსია ლორკას, კამიუს პიესების მიხედვით.

ამასთან, მხატვარმა 1980 წელს გახსნა გამოფენა, რომელიც გაზეთ ფიგაროს ყურადღების ცენტრშიც მოექცა. 1985 წელს კი მისი გამოფენები მოეწყო პარიზში, გალერეებში – „მონპარნასი“, „შემოდგომის სალონი“, „მწიგნობარი“…

2012 წელს მხატვარმა ილუსტრაციებით გააფორმა ჟილბერ ლასკოს წიგნი „ეროტიკული პოეზია“ (დოკ.63) ამასთანავე პასტელით შესრულებული ილუსტრაციები გამოფინა გალერეა „Les Muses-ში”.

აღსანიშნავია, რომ ეს თამარ დე ლეტეს ისტორიის მხოლოდ ნაწილია. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ინიციატივის ფარგლებში, მხატვრის კიდევ უფრო უკეთ გასაცნობად არაერთი აქტივობის განხორციელება იგეგმება.

პროექტს ბანკი ხელოვნების სასახლის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.  

 

მასალა მომზადდა გიორგი კალანდიას კვლევის საფუძველზე.

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.