ვენეციის მე-18 საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალე – საქართველოს პავილიონი
ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი
მაისის ბოლოს ვენეციის მე-18 საერთაშორისო არქიტექტურულ ბიენალეზე საქართველო საკუთარი პავილიონით წარდგება. პავილიონის იდეა შეეხება დუშეთის რაიონში ხელოვნურად გარდაქმნილ დასახლებას, რომელიც დაფუძნებულია კვლევაზე, სახელწოდებით – “იანვარი, თებერვალი, მარტი.”
კვლევის პრეზენტაცია გაიმართა თბილისში, CCA-ში (თანამედროვე ხელოვნების ცენტრში) მოხსენებებისა და დისკუსიების სერიით – “დინება. ბრუნვა”, რომლის მთავარი განსახილველი საკითხი იყო წვდომა ბუნებასთან და მისი ექსპლუატაცია ადამიანის ნაშენ გარემოში, განსაკუთრებული აქცენტით ჰიდრორესურსებსა და ურბანულ განაშენიანებაში არსებულ წყალზე. ქართველ მომხსენებლებთან – ალექსანდრა აროშვილთან და ლექსო სოსელიასთან ერთად, თავიანთ კვლევებზე პლატფორმა LINA-ს სტიპენდიატებმაც ისაუბრეს იტალიიდან და ნიდერლანდებიდან. სერიები თბილისის არქიტექტურულმა ბიენალემ პლატფორმა LINA-სთან ერთად განახორციელა (LINA ევროკავშირის “ევროპული მწვანე შეთანხმების” ერთ-ერთი ინიციატივაა და სივრცის წარმოების მდგრად, ცირკულარულ და გამჭვირვალე პრინციპზე მუშაობს. პროექტს ლიუბლიანას ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი უძღვება.).
ვენეციის ბიენალეზე საქართველოს პავილიონში წარდგენილი პროექტი “იანვარი თებერვალი მარტი” იკვლევს ადამიანის მიერ რესურსების შენახვისა და განაწილების მეთოდებს ენერგოეფექტურობის მიმართულებით, ამგვარი პოლიტიკის დროებითობას ან მუდმივობას ისტორიული და მომავალი კონტექსტის გათვალისწინებით.
და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნიმუშები, მათ შორის, XII საუკუნეში აშენებული ჯვარიპატიოსნის ეკლესია, რომელიც რამდენიმე თვე წყალქვეშაა და მხოლოდ წლის იმ მონაკვეთებში ჩნდება, როდესაც წყალი დედაქალაქში მოხმარების გაზრდის გამო შრება.
პავილიონი წარმოადგენს კვლევისას აღმოჩენილი არტეფაქტების ნარჩენებით შთაგონებულ ინსტალაციას, რომელიც ცდილობს აღადგინოს ამ მიდამოს სივრცითი მეხსიერება, მისი ერთ-ერთი პრიმიტიული არქეტიპის საშუალებით.
მდინარის შლამისგან შექმნილი მართკუთხა სამშენებლო ბლოკები თითქმის სრულად დაფარავს საგამოფენო სივრცეს, რასაც მივყავართ ოთახის ცენტრში, ჯვარიპატიოსნის ბაზილიკის შიგთავსის ფორმასთან და ამით გვაჩვენებს სიცარიელეს, როგორც მასას. პავილიონის 4 ოთახი გააერთიანებს კვლევის დროს შემუშავებული პუბლიკაციის, ვიდეო და დოკუმენტური მასალის გამოფენას.
“რამდენად დროებითია გარემოზე ჩვენი ნაკვალევი? შეგვიძლია გავაანალიზოთ წყალი, როგორც წესრიგის განმსაზღვრელი? რა სახის დინებებზე ვსაუბრობთ, როდესაც ენერგიის, მიგრაციის და დროის დინებებს, ანდა თავად ლანდშაფტების გადინებას ვახსენებთ? რა არის წესრიგის დარღვევის ან ახალი წესრიგის დამყარების საფასური? ადამიანის სივრცით-პოლიტიკური განვითარების რა დონემდე შეიძლება ის ცვლილების მომტანი იყოს ბუნებისა და საზოგადოებისთვის და პირიქით? რა ფიზიკური და კონცეპტუალური ფორმები ქრება ან რჩება მსგავსი გარდაქმნებისას? არის თუ არა ბუნებრივი ქმნილებები, მათი მეხსიერება, ისტორია და მათი წარსული ცხოვრების განმსაზღვრელი არტეფაქტები მუდმივი? რა დარჩება მსგავსი ადგილების განსაზღვრისგან და ყველაზე მეტად, გლობალური და ლოკალური კონტექსტის გათვალისწინებით, რა არის მათი მომავალი?”
თბილისის არქიტექტურის ბიენალე დაარსდა 2017 წელს როგორც
ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალების გამაერთიანებელი პლატფორმა. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ის მართავს გამოფენებს, ინსტალაციებს, ვორქშოფებს, სიმპოზიუმებს და აქტივობებს აქტუალური კრიტიკული საკითხების ირგვლივ. 2022 წელს თბილისის არქიტექტურის ბიენალე მესამედ გაიმართა და ურბანულ და სოციალურ კონტექსტებში არსებული დროებითობის საკითხზე ფოკუსირდა.