fbpx

მესამედ 33 წლის შემდეგ


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

როდესაც ვიქტორ ოსიმენმა „უდინეზესთან“ მატჩის 70-ე წუთზე საკუთარი საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით ბურთი დემონსტრაციულად ზუსტად იმ მიმართულებით გაუშვა, სადაც წესით, თვითონ უნდა ყოფილიყო, აშკარა შეიქმნა, რომ ანგარიში 1:1 მატჩის ბოლომდე აღარ შეიცვლებოდა და „ნაპოლი“ თავის მესამე ისტორიულ ჩემპიონობას მარადონას ეპოქის დასრულებიდან 33 წლის შემდეგ, ქალაქ უდინეში იზეიმებდა.

ეს ამ ფაქტის სიმბოლური მხარეა, თორემ „ნაპოლი“ ჩემპიონობას ხელიდან რომ არ გაუშვებდა, უკვე 2022 წლის დეკემბრისთვის  გაცხადდა, როდესაც გუნდს „მილანთან“, „ლაციოსთან“, „რომასთან“ და „ატალანტასთან“ გასვლაზე, ხოლო „იუვენტუსთან“ შინ ჰქონდა მოპოვებული სამი ქულა.

მართალია, 2023 წლის 4 იანვარს „ნაპოლი“ „ინტერთან“ დამარცხდა, მაგრამ ეს ბევრს ვერაფერს შეცვლიდა, რადგან მომავალში თურმე მდევრებს „ნაპოლიზე“ მეტი ქულები უნდა დაეკარგათ და „სკუდეტოს“ სიმბოლურად „უდინეზესთან“ მოპოვებისას „ნაპოლი“ უახლოეს მდევარ „ლაციოს“ უკვე 16 ქულით უსწრებდა.

ქართველი გულშემატკივრები კი იმ გუნდს, რომელიც თბილისის „დინამოს“ 1978/1979 წლების სეზონში მაშინდელი უეფას თასიდან ჰყავს გამოგდებული, მთელი წლის განმავლობაში ქომაგობდნენ და შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ამ კლუბის გაჩემპიონებით, საკუთარ სამშობლოსაც არანაკლები სიხარული მოუტანა.

საქართველოში „ნაპოლის“ თამაშების განრიგი და თითოეული მათგანის დაწყების დრო ტელესერიალების მაცქერალმა დიასახლისებმა და თანამედროვე ქართული საკლუბო ფეხბურთის დონით განაწყენებულმა ძველი თაობის თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრებმაც კი დაისწავლეს ზეპირად და შედეგად „ნაპოლის“ ირგვლივ მთელი ჩვენი ქვეყანა გაერთიანდა…

ასეთი გმირობა კი 22 წლის ბიჭმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩაიდინა, რომელმაც როგორც სათამაშო მინდორზე, ისე მის გარეთ, თავისი თამაშითა თუ ქცევით, მხოლოდ საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინა ფეხბურთის მოყვარულებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან მის შესახებ არა მხოლოდ იტალიელი, არამედ სრულიად საფეხბურთო ევროპის წამყვანი ექსპერტები და წარსულში სახელოვანი  ფეხბურთელები ალაპარაკდნენ.

„ნაპოლის“ მიერ „სკუდეტოს“ მოპოვებაში ხვიჩას როლი გამორჩეულია, რადგან სწორედ მისი ძალისხმევით აგროვებდა გუნდი სეზონის დასაწყისში იმ უმნიშვნელოვანეს ქულებს, რომელთა მეშვეობითაც ჩემპიონი იგი ფაქტობრივად პირველი წრის შემდეგ გახდა.

ამ დროს გვახსენდება „ვერონასთან“ პირველ ტურში ხვიჩას სადებიუტო მატჩი, რომელშიც „ნაპოლიმ“ თავდაპირველად გოლი გაუშვა და ამის შემდეგ ექვსი ბურთის გატანა შეძლო.

ხვიჩამ მაშინვე გამოიჩინა თავი როგორც შესანიშნავმა გოლეადორმა, ისე შეტევების წარმმართველმა. 

მომავალ ტურებში კი  გამოჩნდა, რომ გოლის გატანის აუცილებლობის ჟამს სწორედ ხვიჩასგან მოდიოდა ამისათვის საჭირო ფანტაზია და ხალისი, რასაც შედეგი მოჰყვებოდა კიდეც.

ასე გაგრძელდა აპრილამდე, როდესაც გუნდს სამწუხაროდ, გარკვეული ჩავარდნა დაეწყო.

ასე რომ არ ყოფილიყო, „ნაპოლი“ იმ მიკერძოებული მსაჯობის პირობებშიც კი დაძლევდა „მილანის“ წინააღმდეგობას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და მომდევნო ეტაპზე დღესდღეობით  იტალიის ყველაზე ძლიერად მოთამაშე გუნდს, „ინტერს“ დაუპირისპირდებოდა…

მაგრამ „ინტერთან“ თამაში „ნაპოლის“ სამწუხაროდ, მხოლოდ  სერია A-ს გათამაშების 36-ე ტურში, საკუთარ კედლებში ელის, სადაც იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ძველებურად უნდა გაიბრწყინოს და შური იძიოს მეტოქეზე პირველ წრეში მარცხისთვის და იმ მატჩში ხვიჩას მიმართ ჩადენილი შეგნებული უხეშობებისთვის.

თუკი „ნაპოლისთვის“ სერია A-ს მიმდინარე სეზონი პრაქტიკული თვალსაზრისით დასრულებულია, მის „მდევრებს“ ხუთი ტური აქვთ დარჩენილი ზედა ოთხეულში ჩემპიონთა ლიგის სამი საგზურის მოსაპოვებლად.

ამ სამი ადგილისთვის ექვსი გუნდი იბრძვის, რომელთაგან მეორე და მეშვიდე ადგილზე მყოფ „ლაციოსა“ და „რომას“ შორის სულ რაღაც ექვსი ქულის სხვაობაა.

უკანასკნელ ტურში მილანურმა კლუბებმა რომაულები ერთნაირი ანგარიშით 2:0 დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგის კარსმომდგარი დაპირისპირების წინ ჩემპიონატში სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესეს.

ქულების დაბრუნების შემდეგ მარათონში „იუვენტუსიც“ ჩაერთო, რომელსაც ისევე როგორც „რომას“, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი ევროპის ლიგის მოგების შემთხვევაშიც აქვს.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩების წინ კი „მილანთან“ და „ინტერთან“ ერთად, „რეალმა“ და „მანჩესტერ სიტიმაც“ მოიგეს თავ-თავიანთი შეხვედრები.

პეპ გვარდიოლას გუნდი საუკეთესო ფორმაშია და განვლილ ტურში იგი ინგლისის პრემიერლიგაში დარჩენისათვის მებრძოლ „ლიდსს“ შედარებით იოლად, ოღონდ ანგარიშის მიხედვით (2:1) დაძაბულ ბრძოლაში გაუსწორდა.

გიუნდოგანმა დუბლი მატჩის პირველ ტაიმშივე შეასრულა, ხოლო მეორე ნახევარში კი თერთმეტმეტრიანი დარტყმა ძელს მოახვედრა. პრესტიჟის გოლი „ლიდსის“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა როდრიგომ მატჩის 85-ე წუთზე გაიტანა, რის შემდეგაც მნიშვნელოვანი შეხვედრაში აღარაფერი მომხდარა.

კიდევ ერთმა და უფრო სახელოვანმა ბრაზილიელმა როდრიგომ კი მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში დუბლი შეასრულა „ოსასუნას“ წინააღმდეგ ესპანეთის სამეფო თასის ფინალურ შეხვედრაში, რომლის გამორჩეულ ფიგურადაც ასევე ბრაზილიელი ვინისიუს ჟუნიორი იქცა. 

„ოსასუნამ“ ყველაფერი გააკეთა ამ მატჩის გადასარჩენად, მაგრამ ვერაფრით მოახერხა ვინისიუსის შეჩერება, რომელმაც პირველი წუთიდანვე აიკლო მეტოქის სათამაშო მარჯვენა ფლანგი.

სწორედ ვინისიუსის ინდივიდუალური გარღვევის და ზუსტი გადაცემის შემდეგ გახსნა როდრიგომ ანგარიში მატჩის უკვე მეორე წუთზე, ხოლო მეორე ტაიმის შუახანს კი მან ვარდნაში შემოატრიალა თითქოს უკვე პირით ხაზს გადასვლისათვის განწირული ბურთი, რომელიც ტონი კროოსს მიუვიდა. გერმანელის დარტყმის შემდეგ  „ოსასუნას“ მცველისგან ასხლეტილი ბურთი კი როდრიგოსთან აღმოჩნდა, რომელსაც არ გასჭირვებია გამარჯვების გოლის გატანა.

„რეალმა“ სამეფო თასი თავის ისტორიაში მეოცედ  აღმართა, მაგრამ თუკი ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, სეზონი მისთვის წარმატებული არ იქნება. ასეთია „სამეფო კლუბის“ მოთხოვნები…

აი „ოსასუნას“ კი, მარცხის მიუხედავად, შეუძლია მშვიდად იყოს იმით, რომ მომავალ წელს საუდის არაბეთში გაემგზავრება ესპანეთის სუპერთასზე მონაწილეობის მისაღებად, სადაც საგრძნობლად გაიუმჯობესებს თავის ბიუჯეტს.

მეორე მხრივ, იგივე მარშრუტი წლეულს „ვალენსიამ“ უკვე განახორციელა, მაგრამ მაინც არაფერი ეშველა და ამჟამად ლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

გასულ კვირას თასის ფინალის გამო ესპანეთის ჩემპიონატში პაუზა გამოცხადდა, მაგრამ ბოლო ტურში „ვილიარეალთან“ ფრედ ნათამაშევი მატჩის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილის გუნდს ქულებით „ხეტაფე“ გაუთანაბრდა, რომელსაც ახლახან სწორედ „ვალენსიიდან“ შარშან გაშვებული მწვრთნელი ხოსე ბორდალასი დაუბრუნდა. 

„ვალენსიასთვის“ საბედნიეროდ სატურნირო ცხრილში „ვალიადოლიდი“, „კადისი“ და „ალმერიაც“ მისი მეზობლები არიან და აქ ნახსენებ „ხეტაფესთან“ და „ესპანიოლთან“ ერთად, მას მიმდინარე სეზონის ბოლომდე დიდი ბრძოლები ელის ლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, ხოლო უკვე გავარდნილმა „კრემონეზემ“ კი სერია A-ს განვლილ ტურში შინ „სპეცია“ დაამარცხა, რის შემდეგაც ეს გუნდი გასავარდნ ზონაში შეიამხანაგა.

ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ლუკა ლოჩოშვილმა სრულად ჩაატარა ეს მატჩი და მთავარი როლი ითამაშა საკუთარი გუნდის კარის მშრალად შენარჩუნებაში. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.