fbpx

აჯანყებული ქალები – კინოდან რეალობაში


გააზიარე სტატია

 

სტატია დაწერილია გასული წლის შემოდგომაზე, ირანში არსებული საპროტესტო მანიფესტაციების დროს ჟურნალი “კინოსთვის”, რომელიც არ დაიბეჭდა და დაიხურა საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანისა და საქართველოს კინოცენტრის დირექტორის, კარლო სიხარულიძის მიერ.

 

ავტორი: ნინია კაკაბაძე

 

„მგონია, რომ ვიღაცის სიზმარში ირანი დატბორილია, ვიღაცის ღრმა ძილში. 

ჩვენ მის სიზმარში ვცხოვრობთ. 

თუ გაიღვიძებს, დატბორილი წყალი დაშრება. 

მგონი, დააგვიანა უკვე. 

ნავი აიყვანა თეირანამდე, სადაც ყოველთვის გვეჩქარება. 

ამ მიწაზე რაც უფრო შორს მიდიხარ, უფრო მეტს აღწევ. 

სევდიანია. 

მინდა, ჩემმა ხალხმა გაიღვიძოს, რომ წყალი დაშრეს“. 

„ბანდერ ბენდი“ (Bander Band)

 

გზა, რომელსაც ახალგაზრდა მუსიკოსების ჯგუფი გადის ირანის ერთ-ერთი პროვინციული ქალაქიდან თეირანამდე, სულ დატბორილია. 

ირანული როუდ მუვი „ბანდერ ბენდი“ 2019 წლის ირანში ძლიერი წყალდიდობის შემდეგ არის გადაღებული – წყალდიდობის, რომლის შედეგადაც 70 ადამიანი დაიღუპა, 2 ათასზე მეტი დასახლება დაზარალდა და მრავალი ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. რეჟისორმა წყალდიდობის და მის შედეგად დანგრეული  გზების დოკუმენტური კადრები მთავარ მეტაფორად გამოიყენა, როგორც ირანელი ხალხის, მისი განვითარების, წინსვლის შემაფერხებელი ბარიერი. მუსიკოსები ხუზესტანიდან თეირანში მიემგზავრებიან, რომ იქ მუსიკალურ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. ამ კონკურსში მონაწილეობამ მათ სახელი და პოპულარობა უნდა მოუტანოს. გზის ბოლოს ხიდი ჩატეხილია, ამიტომ ბანდერ ბენდი ვერც თეირანში ჩასვლას ახერხებს და შესაბამისად, ვერც კონკურსში მონაწილეობას. „ახალგაზრდა თაობამ გაიგო კარგი ცხოვრების გემო, ერთია მხოლოდ, რომ მას ამ ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე ძალიან ხშირად ხვდება დაკეტილი გზები და ჩატეხილი ხიდები“. – ამბობს ირანელი ქალი, ფილმის  რეჟისორი  მანიჯე ჰეკმატი.

ირანში უკანასკნელი საპროტესტო გამოსვლების გაშუქებისას ყველა მედია ირანელ ქალებზე აკეთებს აქცენტს – „ირანელი ქალების რევოლუცია“, „როგორ გამოიწვია ირანის პროტესტი ერთი ქალის სიკვდილმა?“… ვიდეო- თუ ფოტოკადრებშიც ძირითადად ქალები ჩანან. ცხადია, მთავარი მიზეზი ირანელი გოგოს, მასა ამინის, მკვლელობა და ქუჩაში გამოსული უშიშარი ირანელი ქალები არიან. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ყველა სათაურის თუ ტექსტის სიღრმეში მათ მიმართ გაკვირვება და აღფრთოვანებაც იმალება, რადგან ისინი ჩვენს, გარე სამყაროს წარმოდგენაში ყველაზე დიდი მორჩილებით ხასიათდებიან. რა თქმა უნდა, ამ წარმოდგენას ის ღრმად ტრადიციული, პატრიარქალური წყობა განსაზღვრავს, რომელიც ირანში დღემდე მყარად დგას. 

თუმცა მას, ვინც ირანულ კინოს იცნობს, მებრძოლი ირანელი ქალების ეს შემართება მაინცდამაინც არ გააკვირვებს. როგორია ირანელი ქალების კინო? ერთი მათგანი წერილის დასაწყისში უკვე ვახსენე. რა ჩანს მათ ფილმებში, რა ისტორიებს გვიყვებიან? ალბათ, ირანელი ქალის ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო ილუსტრაციაა მარზიე მეშკინი-მახმალბაფის ფილმი „დღე, როდესაც ქალი გავხდი“. 

სამი დამოუკიდებელი ნოველა სხვადასხვა ასაკის ქალზე, რომელიც ფინალში ერთიანდება. პატარა გოგონას ამბავი, რომელიც 9 წლის ხდება და მისი ბავშვობის უკანასკნელი დღეა მოთხრობილი, დღე, როდესაც მეგობარ ბიჭთან თამაშის უფლება ჯერ კიდევ აქვს. ხვალიდან მან ჩადრი უნდა დაიხუროს და მის მეგობარ ბიჭს დაემშვიდობოს. მეორე ნოველაში ახალგაზრდა გათხოვილი ქალი ქმრის ნების საწინააღმდეგოდ სხვა გოგოებთან ერთად ველორბოლაში  მონაწილეობს, მას ცხენით მისდევენ ქმარი და ოჯახის სხვა მამაკაცი ნათესავები თუ ახლობლები და ველოსიპედიდან ჩამოსვლას აიძულებენ. და ბოლო, მესამე ნოველა, სადაც მოხუცი ქვრივი ქალი ქალაქში ჩადის და ყველა იმ ნივთს ყიდულობს, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა – საძინებელი, სარეცხი მანქანა, მაცივარი, გაზქურა, რბილი ტახტი, ტელევიზორი და ა. შ. სინამდვილეში, ეს ერთი ქალის ბიოგრაფიაა, რომელსაც თავისუფლებას 9 წლის ასაკში ართმევენ, შემდეგ მოხუცებულობამდე სულ გაქცევას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს და ბოლოს ქმრის სიკვდილის შემდეგ იბრუნებს ამ თავისუფლებას. 

ფილმის მეორე ეპიზოდი, აჰუს რბოლა ველოსიპედით სხვა ქალებთან ერთად ყველაზე მძაფრად გამოხატავს ირანელი ქალების სწრაფვას თავისუფლებისკენ. ის მიდის და არ ჩერდება, არ ემორჩილება ადევნებულ კაცთა ბრძანებებს, მაგრამ საბოლოოდ, როცა მათი რიცხვი იზრდება და თავს არ ანებებენ, აჰუ მარცხდება. მარცხდება სწორედ ამ ასაკში, როგორც ქალების უმეტესობა მარცხდება დღეს ე. წ. მორალური პოლიციის წინააღმდეგ ბრძოლაში; პოლიცია, რომელიც კულტურულ კოდში დევს, რომელიც ოჯახშია და არამხოლოდ ქუჩაში ოფიციალური ფორმირების სახით. გაქცევა და გათავისუფლების მცდელობაა მახმალბაფის კინონაწარმოები „დღე, როდესაც ქალი გავხდი“

მახმალბაფის მსგავსად, სხვა ირანელი  რეჟისორი ქალებიც არასრულწლოვანების, ბავშვობის ასაკს ხშირად იყენებენ იმ სურვილებისა და მისწრაფებების გამოსახატად, რომლებიც ქალებს აქვთ ირანში. თანამედროვე ირანში ქალის უფლებებსა  და მის სურვილებზე ხმამაღლა ლაპარაკი ცენზურას ექვემდებარება, სწორედ ამიტომ ეს პატარა ბავშვების პირით ისმის. მშობლების მიერ სახლში, როგორც ციხეში გამოკეტილი 2 პატარა გოგოს ისტორიას გვაჩვენებს სამირა მახმალბაფი ფილმში „ვაშლი“. 

გოგოები, რომელთაც არ იციან სრულფასოვნად სიარული, ვერ მეტყველებენ, არ იციან წერა-კითხვა. ისინი  ისე ჰყავთ გამომწყვდეული სახლში, როგორც ცხოველები გალიაში. მხოლოდ გისოსებს მიღმა ხედავენ  თანატოლებს – როგორ თამაშობენ, სეირნობენ, ნაყინს ჭამენ, იცინიან… მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ირანის ერთი ოჯახის (სხვათა შორის, რეალურ) ისტორიას მოგვითხრობს, მისი განზოგადება შესაძლებელია. სამირა მახმალბაფი ალეგორიულად მიანიშნებს, რომ პატარა გოგოების ჩარაზული სახლი ირანია, კარის მიღმა კი თავისუფალი სამყაროა, სადაც გოგოებს გასვლა არ შეუძლიათ. მათ არ აძლევენ სიხარულის, განათლების, ცხოვრების უფლებას. 

განათლების, განვითარების უფლების მოპოვებაზე იღებს ფილმს სამირას და, ჰანა მახმალბაფიც. „ბუდა სირცხვილისგან დაინგრა – ის კი არ ააფეთქეს, არამედ შერცხვა იმ რეალობის, რასაც უყურებდა და ჩამოინგრა“. თალიბანის მიერ აფეთქებული ბუდას ქანდაკებების ისტორიას ასეთი ლეგენდის სახით უამბობს ფილმში ბაბუა შვილიშვილს. თუმცა არამხოლოდ ამ აფეთქების გამო „რცხვენია“ ბუდას. ფილმში ბავშვების მეშვეობით გათამაშებულ მინისახელმწიფოს ვუყურებთ, სადაც პატარა გოგოს კითხვის სწავლა უნდა. გარდა სოციალური სიდუხჭირისა, მას ყველა და ყველაფერი ხელს უშლის. სკოლისკენ მიმავალ პატარა ბახტაის თავს ესხმის „თალიბების რაზმი“, რომელიც ქალს განათლებას უკრძალავს, სახეს უფარავს და გამოქვაბულში გამოკეტავს. ეს ბავშვების თამაშია, რომელნიც ომობანას თამაშობენ – ამერიკელ სამხედროებს დასდევენ და კლავენ, ქალებს გამოქვაბულში ამწყვდევენ და სახეს უმალავენ. 

პატარა გოგოს ისტორიის საჩვენებლად რეჟისორი აქაც პირობით რეალობას ირჩევს (ბავშვების მიერ გათამაშებული ომი და თალიბების ბრძოლა), რომელიც ერთ-ერთ ისლამურ სახელმწიფოში, ავღანეთში, ვითარდება. საათ-ნახევრის განმავლობაში პატარა ბახტაი ცდილობს 10 მანეთი იშოვოს რვეულის საყიდლად, შემდეგ რვეულით ხელში მიდის სკოლაში, მას გზაზე ექსტრემისტი თალიბების ჯგუფი ხვდება და აპატიმრებს. ფილმის ფინალში გოგონას ხის სათამაშო თოფებით მისდევენ ექსტრემისტი ბიჭები, ბახტაი გარბის და ამ დროს მეგობარი უყვირის: „მოკვდი, ბახტაი, და თავს დაგანებებენ“. სიკვდილის გათამაშებით თამაშიც შეწყდება. ჰანა მახმალბაფიც ალეგორიულად აჩვენებს, რომ ისლამურ სახელმწიფოში მხოლოდ სიკვდილით მოიპოვებ თავისუფლებას. ბახტაი „კვდება“ და ფილმი სრულდება. 

უნდა ითქვას, რომ არა მხოლოდ  ავტორ ქალებთან, არამედ ზოგადად ირანულ კინოში ქალის როლი და მისი პრობლემები საკმაოდ აქცენტირდება. „ლეილას ძმები“ – ასე ჰქვია შესანიშნავ ფილმს, რომელიც წელს კანის კინოფესტივალზე იყო წარმოდგენილი საკონკურსო პროგრამაში. რეჟისორი საიდ რუსტაი ალეგორიული იგავური თხრობისგან მთლიანად თავისუფლდება და ერთი ოჯახის დრამას იღებს, სადაც მთავარი გმირი ახალგაზრდა ქალია. რეჟისორი საოცარი დამაჯერებლობით მოგვითხრობს პატრიარქალურ ტრადიციებზე დამყარებული თანამედროვე ოჯახის ისტორიას. ოთხი ძმა, მათი შვილები, ცოლები, ხნიერი მშობლები – ყველა მათგანის ცხოვრება ოჯახში ერთ ქალზე, ლეილაზე ჰკიდია, მასზეა დამოკიდებული ყველა მისი ძმის სამუშაოც, ბიზნესიც და კეთილდღეობაც. სწორედ ლეილა არის ფილმის მთავარი გმირი და ამ დიდი ოჯახის მთავარი ღერძიც. ლეილას გეგმებს და მომავალი ცხოვრების ხედვას ხნიერი მამა ეწინააღმდეგება, რომელიც ვერ ელევა დაჭაობებულ პატრიარქალურ წარმოდგენას საკუთარ ღირსებასა და პატივზე. 

ეს არის თანამედროვე ირანული ოჯახის მოდელი, სადაც პატრიარქატის მიერ დაკანონებული კაცის პრიმატი სინამდვილეში უსუსური, უუნარო ადამიანების ნაკრებს გვისახავს. ლეილა კი ყველა ის ქალია, რომელიც ზემოთ ხსენებულ ფილმებში იბრძოდა თავისუფლებისთვის, განათლებისთვის. ამ ქალმა გაიმარჯვა და გახდა მრავალრიცხოვანი ოჯახის ხერხემალი. თუკი ფილმში წარმოდგენილ ირანულ ოჯახს მთელ ქვეყანაზე განვაზოგადებთ, ლეილა ის ძლიერი ქალია, რომელიც მრავალსაუკუნოვანი პატრიარქალური წყობისგან გაზულუქებულ, დასუსტებულ, უუნარო კაცებსაც გადაარჩენს და დააყენებს გზაზე. 

ისევ „ბანდერ ბენდს“ და წერილის ეპიგრაფს დავუბრუნდები, რასაც ფილმის ფინალში ახალგაზრდა მუსიკოსი და პოეტი ამბობს: „მინდა, ჩემმა ხალხმა გაიღვიძოს, რომ წყალი დაშრეს“. 21 წლის გოგოს, მაჰსა ამინის, სიკვდილი იყო ტრიგერი, რომ „ლეილა“ ქუჩაში გასულიყო. ქალები გამოვიდნენ ქუჩაში, რომ ჩატეხილი ხიდი აღადგინონ და გაუშვან ახალგაზრდა მუსიკოსები თეირანში, გაუხსნან კარი სახლში გამომწყვდეულ პატარა გოგოებს, რვეული და სახელმძღვანელოები უყიდონ პატარა ბახტაის და გაქცევაში დაეხმარონ აჰუს, რომელიც მიქრის წარსულიდან მომავლისკენ, იმ მომავლისკენ, რომელიც ირანში განსხვავებული უნდა იყოს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.