fbpx

ირაკლი მერელის სოლო შოუ – “ვიწყებდი ლოცვას” გალერეა 4710-ში


გააზიარე სტატია
გალერეა 4710 წარმოგიდგენთ ირაკლი მერელის სოლო შოუს “ვიწყებდი ლოცვას”.
გამოფენის მთავარი ხაზი პოეზია და ადამიანის შინაგან სამყაროზე დაკვირვებაა. ავტორი, საკუთარ გამოცდილებაზე რეფლექსირებით, ცდილობს შექმნას ნამუშევრების სერია, რომელიც საერთო გამოცდილების გადააზრების მეტაფორული სურათებია.
წარმოდგენილ ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ხაზია პორტრეტები, უზარმაზარი, უტრირებული სახეები, რომლებსაც ადამიანები ზურგით დაატარებენ, როგორც მეტაფორას, რაღაც მიღმიერის, დაფარულის და უხილავის, ამ შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს მწვანე ფერი, რომლის გარშემოც ყველაზე მძაფრად ვითარდება სიუჟეტი და კულმინაციას კერამიკის ფიგურებში აღწევს.
ირაკლი მერელი დაიბადა 1992 წლის 28 აგვისტოს, ბათუმში. დაამთავრა ბათუმის სამხატვრო სკოლა, 2010 წელს სწავლა დაიწყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში, საბაკალავრო პროგრამაზე. 2018 წელს სწავლა გააგრძელა კვლავ თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სამაგისტრო პროგრამებზე, ფერწერისა და გრაფიკის განხრით.

“ვისურვებდი ვყოფილიყავი ზღვა, ზოგადად, სადაც ადამიანები ისვენებენ, ერთობიან, დროს ატარებენ და ასევე ვიქნებოდი ზღვა ალიონისას, როცა აისი დგება, ვინმე სრულიად მარტო გაიხედავს უკიდეგანო სივრცეში, სადაც ზღვარი ჩემსა და ცას შორის ქრება. სადაც სილამაზე აღარ იქნება მხოლოდ სილამაზე, მშვენიერება აღარ იქნება მხოლოდ მშვენიერება, დასვენება აღარ იქნება გართობა. რაღაც უფრო მეტი ხდება, ეს მეტია ჩემი მიზანიც, ხედვის საბოლოო დანიშნულება, რომელიც, მშვენიერების გამადიდებელი ლინზიდან უცქერს სულისა და სამყაროს სიღრმეში გაბნეულ წყლულებს.” – ირაკლი მერელი

გამოფენა გაგრძელდება 27 მაისის ჩათვლით

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.