ფუნჯი, ულვაში და რელიგიური ინტერპრეტაციები – სალვადორ დალი
ავტორი: მათე წიკლაური
„ყველაზე საინტერესო მსოფლიოში – ეს მე და გალა ვართ“.
– სალვადორ დალი
XX საუკუნის 30-იანი წლები მხატვრობაში სიურრეალიზმის სახელითაა ცნობილი. მხატვრებმა თითქოს უარი თქვეს წარსულში დაწესებულ სტანდარტებზე და ფანტასტიკურ სცენებსა თუ წარმოსახვებზე დაყრდნობით ახალი ნამუშევრების შექმნა დაიწყეს. ჩვენ შეიძლება დნობის პროცესში წავაწყდეთ საათს, რომელიც აფეთქების პირველ წამსაა დაფიქსირებული, შეიძლება ვნახოთ ადამიანის სახე, რომელიც ვაშლითაა გადაფარული, შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, მაგალითად, ჩიბუხის რაობაში, მაგრამ სინამდვილეს ძალიან ავცდეთ. ხელოვნებაში არსებულ ამ გარდაქმნებსა და მხატვრობაში დანერგილ ახალ ინტერპრეტაციებს, ვფიქრობ, სალვადორ დალის შემოქმედების რელიგიური თემატიკის ხაზში ძალიან კარგად დავინახავთ.
პირველ ნახატს, რომელზეც მინდა ვისაუბრო, „საიდუმლო სერობის საიდუმლოება“ ჰქვია და მხატვრის ხასიათს თითოეული დეტალით გვამცნობს. ამ ნახატს ფერმწერი 9 თვის განმავლობაში ხატავდა, რათა ზუსტად დაეცვა ის ქაოსური სიმეტრიულობა, რომელსაც ნამუშევარში ვხვდებით.
სალვადორ დალის ეს ტილო, ვფიქრობ, რეალობისგან გაქცევაა. დალისთვის სამყარო ზუსტადაც არაა ისეთი, როგორსაც მას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აღიქვამს. ყველაზე მნიშვნელოვან და ცნობილ ტილოდ საიდუმლო სერობასთან დაკავშირებით ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარი რჩება და დალის ამ ნახატის ნახვაც სწორედ რენესანსში დაგვაბრუნებს, მაგრამ და ვინჩის ნახატი გაცილებით რეალურია, იქ ყველაფერს საზღვარი აქვს, სივრცე ჩაკეტილია და ჰაერში გამოკიდებულის შთაბეჭდილებას არავინ ტოვებს, სალვადორ დალისთან სრულიად სხვა სიტუაციაა. ესპანელი მხატვარი სივრცის უსასრულობის განცდას ქმნის, შენობის უკანა ფონზე არსებული სხეული ნელ-ნელა უფრო და უფრო ფერმკრთალდება და გარემოს ერწყმის. შესაძლოა სხვა მხატვრის ნამუშევარი რომ განგვეხილა, გვეფიქრა, ქრისტე და მის გარშემო მსხდომი ადამიანები თითქოს ზეციური ძალით ჰაერთან არიან შერწყმულნი და ამას ღვთიური ბუნების განდიდების დატვირთვა აქვს, მაგრამ ახლა ეს უფრო ფერმწერის ირონიაა ზეციური ბუნების მიმართ, ირონიაა იმ ხალხის მიმართ, რომელსაც არასდროს არ უნახავს არაფერი მსგავსი და მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმის“ ერთი უბრალო პერსონაჟივით ფიქრობს: “უნდა მჯეროდეს, სხვა ალტერნატივა არ არსებობს!“ იესო ქრისტეს მარჯვნივ და მარცხნივ ხუთ-ხუთი ადამიანი უზის, რაც პროპორციების დაცვას ემსახურება. ქრისტეს სახის მოყვანილობაზე არ არის დიდი ძალისხმევა დახარჯული, რადგან დალი ვერავის განსაკუთრებულს მასში ვერ ხედავს, მას არ ესმის, თუ რატომ უნდა მოეპყროს განსხვავებულად ქრისტეს, მისთვის ხომ ის ჩვეულებრივი მოკვდავია… პირველი პასუხი იმასთან მიმართებით, თუ ვის ეკუთვნის ეს შიშველი სხეული, რომელიც ცასთან ყველაზე ახლოსაა, ალბათ, უმრავლესობისთვის მამა ღმერთია, მაგრამ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მხატვარს აქ საკუთარი თავი ჰყავს წარმოდგენილი, რომელიც თვითონ უტოლებს ღმერთს თავს და ზევიდან დაჰყურებს ამ „უბრალო“ ადამიანების საუბარს. სალვადორ დალისთვის რელიგია არანაირად არ არის შემზღუდველი, მეტიც, მისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე ფართო ასპარეზია თავისი შესაძლებლობებისა და იდეების წარმოსაჩენად.
სალვადორ დალი ძალიან იშვიათად აჩენს ქრისტეს სახეს, ამ ნახატს „ქრისტეს წმინდა გული“ ჰქვია. დალიმ იესო ფიზიკურად ძლიერი წარმოიდგინა, შარავანდედის ილუზიის შესაქმნელად თავზე ნათელიც კი შემოატარა, მაგრამ ერთგვარი ირონია ამ ნახატშიც შეიმჩნევა. პირველად ნახვისას ვიფიქრებთ, რომ ქრისტეს უჭირავს სურათი, რომელზეც ჯვარი და გული ხატია, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, იესოს მხოლოდ ჯვარი უჭირავს ხელში და მის გარშემო კარია გაჭრილი, რომელსაც ქრისტეს შინაგან სამყაროში შევყავართ, იქ კი, ხელოვანის აზრით, სიცარიელეა და ამიტომაცაა, რომ მნახველი არაფერ ზეციურს არ ხედავს, ქრისტეს წინაც და უკანაც მხოლოდ ბუნებაა. მსგავსი დამაბნეველი ტექნიკური დეტალები ხშირია ამ მიმდინარეობისათვის და არაერთი მხატვრის შემოქმედებაში გვხვდება.
ეს სალვადორის დალის თვალით დანახული ჯვარცმაა. ერთ-ერთ ინტერვიუში ხელოვანი ამბობს: “ჯერ იდეა მომივიდა, შემდეგ ამ იდეის განხორციელების მეთოდს მივაგენი. ზაფხულში დახატულთაგან ეს ჩემი საუკეთესო ნახატია“. ქრისტე ჩვენკენ არ იყურება, სხვა ჯვარცმებში ძირითადად ქრისტეს მარჯვნივ და დაბლა ჰქონდა ხოლმე თავი დახრილი, აქ ესეც შეცვლილია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან დეტალად, ვფიქრობ, ჯვრის პროპორციების ცალსახა უარყოფა უნდა მივიჩნიოთ. ჯვარი გეომეტრიული ფიგურებით, კერძოდ, კუბებითაა შექმნილი, რაც ხელოვანთა აზრით, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დალის ირონიულ დამოკიდებულებას ღმერთისადმი. თანამედროვე ელემენტების შეტანის მიზნით უნდა იყოს გამოყენებული ჯვარცმის ქვეშ ახალი სამშენებლო მასალით მოპირკეთებული იატაკი, ღვთისმშობელს არავინ ჰყავს გვერდით, ის მარტოა. აღსანიშნავია, რომ ჯვრის ფორმები იმდენად უცნაურია, მნახველს ქრისტეს გარკვეულწილად ავიწყებს, რადგან დალისთვის მთავარი თემა იესო ახლაც არაა. ის თვლის, რომ თავად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი ზეციური არსება.
დალის მიაჩნდა, რომ მისი შთაგონება ქრისტეს ამაღლებამდე „კოსმოსური ოცნებიდან“ მოვიდა. ამ იდეას კი ფრთები 1958 წელს შეესხა. სურათი საოცრად დინამიკურია, ქრისტე ატომისკენ მიიწევს, რაც სიმბოლურად შესაძლოა, ფიზიკის ძალაზე მიუთითებდეს და წარმოაჩენდეს, თუ როგორ ყლაპავს მეცნიერება რელიგიას. სალვადორ დალის თვალით დანახული ამაღლება ყველაზე განსხვავებულია, რაც კი მსოფლიო მხატვრობის ისტორიას ოდესმე უნახავს. ქრისტეს ფეხები ზუსტად ატომის შუაშია. იესოს სალვადორ დალის მეუღლე, გალა დასცქერის, რომლის თვალებზეც, კარგად თუ დავაკვირდებით, ცრემლებს დავინახავთ. სალვადორ დალი იყენებს სამკუთხა სტრუქტურას, რაც გეომეტრიის ბრწყინვალე ცოდნას გულისხმობს. სალვადორ დალის ნამუშევრებში გალა ძალიან ხშირად გვხვდება. მხატვარს მადონაც კი დაუხატავს გალას სახით და შემთხვევითი სულაც არაა, რომ ამ ნამუშევარშიც ამხელა დატვირთვა აქვს. სალვადორ დალი, ცხადია, რელიგიურ თემებზე ხატვისას მხოლოდ ქრისტეს არ გამოსახავდა. მის შემოქმედებაში ძალიან მნიშვნელოვანი ტილოა „წმინდა ანტონის ცდუნება“.
ნახატის სიღრმისეულად გასასიგრძეგანებლად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ ვინ იყო წმინდა ანტონი. ის ქრისტიანი აცტეკი გახლდათ, რომელსაც ეშმაკმა უამრავი განსაცდელი მოუვლინა, მაგალითად, შიშველი ქალიშვილი საცდუნებლად, რომელიც ნახატზე სპილოს თავზე მდგომი დაგვყურებს. აღსანიშნავია მაღალ ფეხებზე შემდგარი ცხოველებიც, – ისინი სიმბოლურად მიგვანიშნებენ, რომ რაც უფრო მაღლიდან ვარდება ადამიანი, მით უფრო მტკივნეულია დაცემაც.
სალვადორ დალის რელიგიურ თემისადმი მიძღვნილი ნახატებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ დალი ათეიზმით არაა შეპყრობილი. მას ძალიან სჯერა და უნდა, რომ არსებობდეს ღმერთი, რადგან მიიჩნევს, რომ ის, როგორც ხელოვანი და შემოქმედი, მასზე მაღლა დგას. ესპანელი მხატვარი ძალიან ხშირად დასცინის ღმერთს, რადგან მისთვის ის არაფერია. ის იკაროსის და დედალოსის მითის იდეითაა შეპყრობილი, თვლის, რომ შეუძლია ფრენა და უფრო მაღლა აჭრაც კი, ვიდრე ეს ღმერთს ძალუძს. სალვადორ დალის ფრთებს იცავს ის უშრეტი ფანტაზია, რომელსაც ფერმწერი ნამუშევრებში გვაჩვენებს. ის ჭეშმარიტი ხელოვანია, რომელზეც გავლენას კი არ ახდენენ, არამედ ის ტოვებს სხვებზე დიდ კვალს. სალვადორ დალი თითოეულ ნახატში იწვევს ღმერთს საბრძოლველად, რათა დაამტკიცოს, რომ მოკვდავმა ადამიანმაც შეიძლება მიაღწიოს სრულყოფილებას და ამას ზეციური ბუნება სულაც არ სჭირდება.
დასასრულს, წარმოგიდგენთ ხელოვნური ინტელექტის ინტერპრეტაციას იმის შესახებ, თუ როგორ დახატავდა ცეცხლის ალში გახვეულ კრემლს სალვადორ დალი.