ვინ გავა ფინალში?!
ავტორი: აჩიკო ბენაშვილი
ეს თვე ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულია, რადგან 1981 წლის 13 მაისის სიხარული უკვე რამდენიმე თაობამ გაიზიარა.
მაშინდელი ვეტერანი ქომაგები უკვე ცოცხლები აღარ არიან, ხოლო მათმა შვილთაშვილებმა გადმოცემით იციან და ზოგიერთი ითავისებს კიდეც თბილისის „დინამოს“ ყველა დროის უდიდეს წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე.
მას შემდეგ 42 წელიწადია გასული, მაგრამ რაოდენ პარადოქსულადაც უნდა გვეჩვენოს, არც ის ტურნირი არსებობს, რომელიც თბილისის „დინამომ“ მოიგო და არც იმ დაუვიწყარი ფინალის მონაწილე გუნდების ქვეყნები, რადგან თასის მფლობელთა თასის ფინალში „დინამომ“ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი, იენის „კარლ ცაისი“ დაამარცხა.
უეფამ მესამე საკლუბო ტურნირი კონფერენს ლიგის სახით აღადგინა. იგი რანგით ევროპის ლიგაზე დაბალია, მაგრამ სინამდვილეში ისე შეიძლება მოხდეს, რომ ამ ტურნირის შარშანდელმა ტრიუმფატორმა „რომამ“, წლეულს უკვე ევროპის ლიგაც მოიგოს.
ჟოზე მოურინიო ერთადერთი მწვრთნელია, ვისაც სამივე ევროპული საკლუბო ტურნირი მოგებული აქვს.
გასულ კვირას ევროპის ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ბოლო ხანს შესანიშნავად მოასპარეზე „ლევერკუზენის“ მინიმალური ანგარიშით დამარცხების შემდეგ კი პორტუგალიელი სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერაში მორიგი ევროპული ფინალის კონტურები გამოისახა.
„რომამ“ ნამდვილი იტალიური ფეხბურთი ითამაშა; ალბათ ისეთი, რომლის დაცვითი ყაიდის თანამედროვე ელემენტების არაერთი საავტორო უფლება სწორედ მოურინიოს ეკუთვნის.
მთავარია ფეხბურთელებმა ზედმიწევნით ზუსტად შეასრულონ მწვრთნელის დავალებები, მაქსიმალურად მოუსპონ მეტოქეს ეფექტური შეტევის შესაძლებლობა და შედეგიც არ დააყოვნებს.
ასე იყო 2004 წელს „პორტოს“ და 2010 წელს „ინტერის“ შემთხვევებში, როდესაც დიდი პორტუგალიელის ხელმძღვანელობით ამ გუნდებმა პლეიოფებში სერ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ლიონელ მესის „ბარსელონა“ დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგა ისე მოიგეს…
„ლევერკუზენის“ მწვრთნელ ჩაბი ალონსოს კი აბსოლუტურად ყველა ტიტული აქვს მოპოვებული, რაც კი ფეხბურთელმა შეიძლება ინატროს.
უმაღლესი რანგის სამწვრთნელო ასპარეზზე ესპანელი სპეციალისტი მიმდინარე სეზონში გამოჩნდა და „ლევერკუზენიც“ მის ხელში ბუნდესლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდად ჩამოყალიბდა.
სწორად მასთან წაგება წარუყენეს ბრალად „ბაიერნის“ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს, როდესაც გუნდიდან უშვებდნენ მუხანათურად…
„ლევერკუზენი“ ინარჩუნებს ფინალში გასვლის შანსს, თუმცა მეტოქის გამოცდილების გათვალისწინებით, ეს შანსი შეიძლება შედარებით მცირე იყოს.
„იუვენტუსისა“ და „სევილიას“ პირველი ნახევარფინალური მატჩის დამატებით მე-7 წუთზე კი, როდესაც პოლ პოგბას გადაცემის შემდეგ გატიმ თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა, სევილიელთა მწვრთნელ ხოსე ლუის მენდილიბარის სახეზე წინასწარ აისახა მოსალოდნელი დრამა, რომელიც პირადად მას ექნება გადასატანი საკუთარ კედლებში საპასუხო შეხვედრაში.
„სევილიას“ მწვრთნელობა ხომ დამატებითი პასუხისმგებლობაა ევროპის ლიგის ტურნირზე, რომელსაც ხუმრობით „სევილიის სახელობისასაც“ კი უწოდებენ საფეხბურთო წრეებში, რადგან 2006-2020 წლებში ესპანურ კლუბს იგი ექვსჯერ აქვს მოგებული!
აი მენდილიბარის ხანგრძლივ სამწვრთნელო კარიერას კი, რომლის ჩამონათვალშიც „სევილიას“ ჩათვლით 11 ესპანური კლუბია, ჯერჯერობით არცერთი ტიტული არ ამშვენებს.
როგორც უნდა დასრულდეს საპასუხო მატჩი, „სევილიას“ გულშემატკივრებს კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ „იუვენტუსის“ კარში შეხვედრის 26-ე წუთზე გატანილი გოლი, რომლის შემოქმედიც ოთხი „ხუთიანი“ იყო.
მარჯვენა ფლანგიდან 55 ნომერი მაისურით მოასპარეზე ოკამპოსმა ცენტრში 25-ე ნომერი ბრაიან გილი გამონახა. ამ უკანასკნელმა კი ბურთი გაატარა და იქვე მყოფმა 15 ნომრით მოთამაშე იუსეფ ენ ნესირმა მშვიდად გადაგზავნა იგი მასპინძელთა დაბნეული მეკარისაგან მარცხენა კუთხეში.
ევროთასებზე მონაწილე ხუთი იტალიური გუნდიდან თავიანთი შეხვედრები ყველაზე სუსტად „ფიორენტინამ“ და „მილანმა“ ჩაატარეს.
განმეორებით მატჩში ფლორენციელების წარუმატებლობის შემთხვევაში კონფერენს ლიგის ერთ-ერთი ფინალისტი ამ ტურნირიდან კანკავას, კაშიას და ჩაკვეტაძის „სლოვანის“ პენალტების სერიაში გამგდები „ბაზელი“ იქნება.
„ინტერი“ კი სამივე ევროტურნირზე მონაწილე 12 გუნდთაგან ერთადერთია, რომელიც პირველი მატჩის შემდეგ „ცალი ფეხით“ უკვე ფინალშია.
სიმონე ინძაგის გუნდი ამჟამად აპრილამდელი პერიოდის „ნაპოლის“ სათამაშო დონეს უჩვენებს. ამიტომ, განსაკუთრებით საინტერესო სანახაობა გველის იტალიის სერია A-ს მომავალ ტურში, როდესაც „სკუდეტოს“ ამჟამინდელი მფლობელი ჩემპიონთა ლიგის სავარაუდო ფინალისტს უმასპინძლებს.
განვლილ ტურში „მონცასთან“ წაგების შემდეგ გამოჩნდა, რომ „ნაპოლი“ წლის ბოლომდე სერიოზულად ალბათ მხოლოდ „ინტერთან“ დაპირისპირებას უცქერს, რომელსაც მატჩ-რევანშის სტატუსი აქვს.
ამ შეხვედრაში „ჩვენებს“ ის უპირატესობა ექნებათ, რომ „ინტერს“ ცოტა ხანში იტალიის თასის ფინალშიც ელის თამაში „ფიორენტინას“ წინააღმდეგ, რისთვისაც ძალების დაზოგვა მოუწევს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემთხვევაში კი „ინტერს“ იმ ძირითადი პოზიციის უარყოფისთვის მოუწევს ბრძოლა, რომლის მიხედვითაც ჩემპიონთა ლიგას „რეალი“ – „მანჩესტერ სიტის“ წყვილში გამარჯვებული გუნდი მოიგებს.
ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ „ნერაძურის“ ამის შესანიშნავი შანსი მიეცემა და სულაც არ იქნება საკვირველი მის მიერ 2010 წლის წარმატების გამეორება…
აი „მანჩესტერ სიტი“ – „რეალის“ კარსმომდგარი საპასუხო დაპირისპირება კი სრულიად საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრშია, რადგან უკვე მერამდენედ შეიძლება, რომ „ბებერმა კარლომ“ დაამციროს არა მხოლოდ პეპ გვარდიოლა, არამედ ზოგადად ინგლისის პრემიერლიგა. ხომ არ დადგა რევანში დრო?!
მეორე მხრივ, რატომ არ უნდა ველოდოთ განმეორებით მატჩში ნაცნობ სცენარს, რომლის მხოლოდ სიუჟეტია ხოლმე განსხვავებული, მაგრამ არასოდეს დასასრული…
„მანჩესტერ სიტის“ არსენალში გიუნდოგანის და ჰალანდის ჰეთთრიკებით და დუბლებით შეჭმული პრემიერლიგაა. განვლილ ტურში მორიგი მსხვერპლი ანგარიშით 3:0 განადგურებული „ევერტონი“ აღმოჩნდა.
პეპ გვარდიოლას ბიჭები ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩს უკვე თითქმის როგორც პრემიერლიგის გამარჯვებულები ხვდებიან, რადგან მდევარი „არსენალი“ შინ „ბრაიტონთან“ დამარცხდა, ლიდერს უკვე 4 ქულით ჩამორჩება და მასთან შედარებით ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.
აი მადრიდის „რეალმა“ კი „ხეტაფეს“ წინააღმდეგ შეხვედრაში ლუკას ვასკესის გადაცემის შემდეგ, მარკო ასენსიოს მიერ გატანილი ერთადერთი გოლის მეშვეობით ლა ლიგის გათამაშების სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია აღიდგინა, რადგან „ატლეტიკომ“ მოულოდნელად დიდი ხნის გავარდნილ „ელჩესთან“ წააგო.
რა ტრიალებს ცბიერი ანჩელოტის თავში?
მის გუნდს ხომ გადამწყვეტ მომენტში არ სჩვევია მარცხი, პეპ გვარდიოლას დიდებული გუნდისგან განსხვავებით, რომლის უკანასკნელი წლების მაწყინართა სიას ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემი“, „ჩელსი“ და „რეალი“ წარმოადგენენ…





