fbpx

იცხოვრე შენი ცხოვრებით – სლოგანი, რომელიც m²-ის და თაკო მექვაბიძის კოლაბორაციის ინსპირაციად იქცა


გააზიარე სტატია

თანამედროვე ეპოქაში მოდა ადამიანის ცხოვრების სტილის განუყოფელ ნაწილად იქცა. სამოსი  ჩვენს პიროვნებას, ინტერესებს  ღირებულებებსა და სამყაროს აღქმას, ხშირად,  ყველაზე სრულყოფილად გადმოსცემს. სწორედ ამიტომ, მოდის ინდუსტრია, დღეს ისე, როგორც არასდროს, ვიზუალური ხელოვნების ყველაზე ექსპრესიულ და ინტერაქციულ ფორმად იქცა. 

ახლახან ქართული მოდის ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. სამწლიანი პაუზის შემდეგ Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ფიზიკური ჩვენებების სახით დაბრუნდა და Factory-ის მულტიფუნქციურ სივრცეში ქართველი დიზაინერები ახალი კოლექციებით კიდევ ერთხელ წარუდგინა საერთაშორისო პრესას, ბლოგერებს, ბაიერებს. როდესაც მოდაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად  უნდა აღვნიშნოთ, რომ მოდა ის სახელოვნებო სფეროა, რომელიც ყოველგვარი საზღვრებისაგან თავისუფალია. ის მრავალმხრივია და ეს მრავალმხრივობა ხშირად საინტერესო კოლაბორაციების ინსპირაცია ხდება. გამორჩეული კოლაბორაცია  Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მსვლელობისასაც ვიხილეთ –  დიზაინერმა თაკო მექვაბიძემ დეველოპერულ კომპანია m²-თან თანამშრომლობით თანამედროვე თაობისათვის ავთენტური განაცხადი გააკეთა და ის კოლექციაში საინტერესო ფორმით გამოხატა. ამ კოლაბორაციის თანამშრომლობის ისტორიას m²-ის ახალ სლოგანთან მივყავართ. „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ – ასე ჟღერს კომპანიის ახალი სლოგანი, რომელიც m²-ის და მომხმარებლის გულწრფელი ურთიერთობის კიდევ ერთი ახალი თავის დასაწყისად იქცა. 

კოლექციის შესახებ At.ge-ისთან საუბრისას თაკო მექვაბიძე აღნიშნავს, რომ  ეს სლოგანი მისი სრული კოლექციის ინსპირაციისათვის მეტად ავთენტური აღმოჩნდა და ასე იქცა m²-თან თანამშრომლობა საინტერესო გამოწვევებით სავსე თავგადასავლად. 

თაკო მექვაბიძე, დიზაინერი:

„როდესაც თანამშრომლობის ინიციატივა გაჩნდა, ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ m²-ის სლოგანი ზუსტად ეხმიანებოდა იმ იდეას, რაზეც მთელი ჩემი კოლექცია იყო დაფუძნებული. ეს კოლექცია თავისთავად ადამიანებისათვის შევქმენი, განსხვავებული პერსონებისათვის, რომლებიც მიუხედავად სხვადასხვა ინტერესებისა და ცხოვრების წესისა, საკუთარ თავთან ჰარმონიულად ცხოვრობენ, არიან ძლიერები, თავისუფლები, თავდაჯერებულები და არ უშინდებიან დაბრკოლებებს. „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ ზუსტად ის სლოგანია, რაც ამ კოლექციისადმი ჩემს, როგორც დიზაინერის დამოკიდებულებას გამოხატავს.“

წლევანდელი ჩვენება თაკო მექვაბიძისათვის განსაკუთრებული იყო, რადგან დიზაინერმა მამაკაცის ხაზი წარადგინა. კოლექციას შორის ვიხილეთ ლუქები, რომლებიც m²-ის სლოგანის საინტერესო ვიზუალიზაცია იყო – სამოსმა და აქსესუარებმა ზუსტად გამოხატა ის ენერგეტიკა, რისი მატარებელიც ეს სლოგანია. 

თავის მხრივ, m²-ისათვის თაკო მექვაბიძესთან თანამშრომლობა ასევე  საინტერესო და აღმოჩენებით სავსე პროცესად იქცა. როგორც m²-ის ბრენდი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირინა დუმბაძე აღნიშნავს, თბილისის Mercedes-Benz Fashion Week-თან თანამშრომლობამ შესაძლებლობა მისცა კომპანიის სტრატეგიული ხედვა და მომხმარებლებისადმი დამოკიდებულება კიდევ ერთი მედიუმის საშუალებით გაეხმოვანებინა. 

ირინა დუმბაძე,  m²-ის ბრენდი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

„გასულ წელს ახალი სლოგანი წარვადგინეთ. იცხოვრე შენი ცხოვრებით არის გზავნილი, რომელიც გულისხმობს საკუთარ თავთან სიახლოვეს და ვფიქრობთ, რომ სამოსი, აქსესუარები  და მასზე დატანილი ეს გზავნილი ყველაზე ახლოსაა ადამიანთან. თაკო მექვაბიძესთან თანამშრომლობა საინტერესოდ წარიმართა – დიზაინერი სრულიად თავისუფალი იყო თავის შემოქმედებაში და საბოლოოდ ეს კოლაბორაცია წარმატებული აღმოჩნდა. თაკო მექვაბიძემ თავისი ხედვით შეძლო წარმოედგინა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა თან ატაროს ეს მეტად მნიშვნელოვანი გზავნილი“.

ჩვენების შემდეგ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმოდგენილმა კოლექციამ საკმაოდ დიდი მოწონება და გამოხმაურება დაიმსახურა, რაც შინაარსობრივი დატვირთვის და თანამედროვე დიზაინის სინთეზმა განაპირობა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.