fbpx

[პოსტ]ინდუსტრიული ქსოვილები


გააზიარე სტატია

 

დათა ჭიღოლაშვილი

[პოსტ]ინდუსტრიული ქსოვილები  მხოლოდ სიტყვებით თამაშსა და გარკვეული პერიოდის ტექსტილის პირდაპირ წარდგენას არ გულისხმობს. აქ მოიაზრება ქსოვილის ინდუსტრიის და მისი ნაწარმის განხილვა დღევანდელ კონტექსტში, რომელშიც ეს წარმოება, სხვა ბევრის მსგავსად, 1990-იანი წლების ეკონომიკური კრიზისის შედეგად გაქრა. ამ გაგებით, [პოსტ]ინდუსტრიული ქსოვილები იმ მდგომარეობას ეხმიანება, რომელიც XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე საქართველოსთვის საკმაოდ დამახასიათებელი გახდა – გარდამავალი და ამასთანავე, დამაბნეველიც – და შეიძლება, იმაზე დიდი ხანია გრძელდება, ვიდრე ეს გვინდოდა ან წარმოგვედგინა.

ტექსტილის თემის ასეთი ანალიზი საკვანძო იყო გამოფენისთვის „პოპ-აპი: ქსოვილები“, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში ხელოვან ნინო ქვრივიშვილთან თანამშრომლობით განვახორციელე. მაგრამ, სანამ უშუალოდ გამოფენაზე ვისაუბრებ, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ნინოს შემოქმედებიდან გარკვეული პროექტები ვახსენო.

1990-იან წლებში გაზრდილი თაობისათვის, რომელსაც თავს მივაკუთვნებთ გამოფენის ხელოვანიც და კურატორიც, საქართველოს ინდუსტრია, ან მისი ეტაპობრივად წარმავალი ნარჩენები, უფროსთა მოგონებებთან, დიდ, გაჩერებულ, დაცარიელებულ შენობებსა და ტერიტორიებთან ასოცირდება. დრო გადის. გარემო თითქოს უფრო და უფრო სწრაფად იცვლება. ეტაპობრივად უფროსთა მოგონებებიც მივიწყებას მიეცემა. კოლექტიურ დონეზე ეს უახლესი პერიოდის ცვლილებებსა და გარდაქმნის გახანგრძლივებულ მდგომარეობაში გამორკვევას კიდევ უფრო ართულებს.

ნინო ქვრივიშვილის სახელოვნებო პრაქტიკაში ქსოვილის ინდუსტრიის თემის გაჩენას საინტერესო ისტორია აქვს. იყო დრო, როდესაც მას უნდოდა, ტექსტილის დიზაინერი ყოფილიყო და წარმოებაშიც ემუშავა. ამისთვის შესაბამისი განათლებაც მიიღო, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილების მიღება ვერ შეძლო, რადგან პარალელურად, ეს ინდუსტრია საქართველოში გაჩერდა. თუმცა ხელის ჩაქნევის ნაცვლად, ნინომ ეს მასშტაბური ცვლილება ხელოვნებაში ჩააქსოვა, თემატურადაც და ფორმალურადაც – ტექსტილის მრავალფეროვნებისა და ისტორიის გადააზრებას ხშირად ის ქსოვილის ნამუშევრებით გვთავაზობს.

ამის ერთ-ერთი მაგალითია გამოფენა „საბჭოთა ცისარტყელა – მაღაზიიდან მუზეუმამდე“ (კურატორი: ირინა პოპიაშვილი), რომელიც თბილისში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში 2016 წელს გაიმართა. მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენის პარალელურად, წარმოდგენილი იყო ნინო ქვრივიშვილის მიერ სხვადასხვა ინდუსტრიული ქსოვილისა და მასალის საშუალებით შექმნილი ობიექტები, რითაც გამოფენა ეხმიანებოდა თანამიმდევრობას – წარმოებიდან მაღაზიამდე, მაღაზიიდან ყოველდღიურ გამოყენებაში – რომელიც დაირღვა და საქართველოში ადრე წარმოებულმა ქსოვილმა დღეს ადგილი მეხსიერებასა და სამუზეუმო კონტექსტში უფრო ნახა. გარდა ამისა, პროექტი საქალაქო სივრცეშიც იყო განვრცობილი. გამოფენის პლაკატები თბილისის იმ ადგილებში განთავსდა, სადაც ადრე ქსოვილის მაღაზიები იყო და რაც სწრაფი ურბანული ცვლილებების შედეგად საკმაოდ შეიცვალა.

ქალაქის გარდაქმნის თემას უკავშირდება ნინო ქვრივიშვილის სახელოვნებო ტური Incidents (of Travel) [(მოგზაურობის) შემთხვევები], რომელიც მან კურატორ თარა მაქდაუელთან თანამშრომლობით 2020 წელს განახორციელა. ამ „მოგზაურობის“ ფარგლებში, ნინო თბილისში პირადი და კოლექტიური მეხსიერების ადგილებს გვაჩვენებს, რომლებიც ამავდროულად, ხელოვანის სამუშაოსა და ყოველდღიურობასაც უკავშირდება: ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკები, თუთის ხე, გამქრალი მაღაზიის ადგილი და ისტორიული ქსოვილების მაღაზია, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, ხელოვანის სახელოსნო. გარდა ამისა, აქ ვხედავთ მის ყოველდღიურობასთან დაკავშირებულ თონესაც და ე.წ. ელიავას ბაზრობასაც. ეს უკანასკნელი თანამედროვე ხელოვნების ინტერესის სფეროში არაერთხელ მოქცეულა. გარდა იმისა, რომ ეს შეიძლება ნინოსთვისაც სამუშაო მასალის შესაძენი ადგილი იყოს, ტურში ამ ადგილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – პოსტინდუსტრიულ გარემოში ეს დროებითი, გარდამავალი სივრცე უნდა ყოფილიყო, რომელიც მრავალი ადამიანის სამუშაო ადგილად იქცა, არსებობა საკუთარი შიდა და ერთი შეხედვით, სრულიად ქაოსური წესით გააგრძელა და ამ ფორმით, ის აღნიშნული გარდაქმნის პერიოდის სიმბოლოდაც კი შეიძლება დავინახოთ.

საქართველოს ქსოვილის ინდუსტრიის ამბავი, მისი მასშტაბიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ერთ ტურში ან გამოფენაში მოექცეს. გაჩერების შედეგად, ტექსტილის ყოფილი წარმოებისა და ვაჭრობის მრავალი ადგილი კერძო საკუთრებაში გადავიდა და მათმა დიდმა ნაწილმა სრულიად განსხვავებული ფუნქცია შეიძინა. შეიცვალა მათი ვიზუალური მხარეც და დღეს მათი ისტორიის კვალი აქა-იქ თუ შეიმჩნევა. ამის საპასუხოდ, აბრეშუმის მუზეუმის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, ნინო ქვრივიშვილმა 2021 წელს მოამზადა მოხსენება და სტატია – „რას გვიყვება თბილისის აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკა?“  – სადაც ყოფილი ფაბრიკის ისტორიას უფრო დეტალურად წარმოგვიდგენს და ამ კონტექსტში ზემოაღნიშნულ პროექტებსაც მიმოიხილავს.

ბევრი სხვა გაჩერებული დარგის მსგავსად, ტექსტილის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებიც იძულებულები გახდნენ, ახალი სამუშაო ადგილები თუ პროფესიები მოენახათ. ქსოვილის წარმოების დიდ ქსელში უამრავი ადამიანი იყო დასაქმებული, მათ შორის წარმატებული მხატვრები და კონსტრუქტორები, რომელთა საქმიანობისა და შემოქმედების შესახებაც ინფორმაციის მოძიება საკმაოდ რთულია.

დღეს იშვიათი აღარ არის, რომ ხელოვანის სამუშაო პროცესსა და ნამუშევარში ეთნოგრაფიული და ანთროპოლოგიური მიდგომები დავინახოთ. ნინო ქვრივიშვილის პრაქტიკაში ეს სხვადასხვაგვარად ვლინდება და შეიძლება აღმოვაჩინოთ მისი პროფესიული ძიების ამ ამბავში, ანდა იმ ნამუშევრებში, სადაც საკუთარი ოჯახის ისტორიაზე დაყრდნობით, ტექსტილის ინდუსტრიისა და ქვეყნის გარდაქმნის უფრო ვრცელ ამბებს წარმოგვიდგენს. ასევე, ამას უკავშირდება მისი კვლევითი პროექტი „ქართული აბრეშუმი 1950-90-იან წლებში“, რომელიც მან 2020 წელს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის მხარდაჭერილი  სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში განახორციელა. ამ პროექტით მან დაიწყო აბრეშუმის ინდუსტრიაში დასაქმებული მხატვრებისა და კონსტრუქტორების ბიოგრაფიების, პირადი არქივებისა და სამუშაო მასალების შეგროვება და დამუშავება. საინტერესოა, რომ ხელოვანის მიერ შესრულებული ეს საქმიანობა ქსოვილის ხელოვნების ისტორიის შემავსებელ ნაწილადაც გვევლინება. გარდა ამისა, ეს გვაჩვენებს ანთროპოლოგიურ ასპექტს მასობრივ  წარმოებაში, რომელშიც, ზოგადად, ადამიანი უხილავი რჩება და საბჭოთა ინდუსტრიის პირობებში პროპაგანდის ნაწილად უფრო იყო ხოლმე წარმოდგენილი.

ამ  თემების ხშირი განხილვისა და თანამშრომლობის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ დროებითი, ადგილის სპეციფიკური გამოფენა გაგვემართა თბილისში, თამარ მეფის გამზირზე არსებულ ქსოვილების მაღაზიაში, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია არსებობს. სხვა მაღაზიების მსგავსად, ის დიდი ინდუსტრიის ნაწილი იყო, შემდეგ კი გაუქმების ნაცვლად, კერძო საკუთრებაში გადავიდა. მისი მფლობელი, ბატონი ალექსანდრე უთმაზიანი ქსოვილის ინდუსტრიის კარგი მცოდნეა და მისივე დამსახურებით, ეს მაღაზია იმ ერთ-ერთ იშვიათ კერძო სივრცეს წარმოადგენს, სადაც ინტერიერი შენარჩუნებულია და აქ დღემდე იყიდება ის, რაც მაღაზიის ძველ აბრაზეა – ქსოვილები.

სწორედ ამ ადგილის ისტორიამ და მასში არსებულმა ატმოსფერომ განაპირობა პროექტის მაღაზიის სივრცეში განხორციელება. ის განსხვავდება ე.წ. არაადგილებისგან (non-places), რომლის განმარტებასაც ანთროპოლოგი მარკ ოჟე გვთავაზობს. ზოგადი გაგებით, აქ მოიაზრება ისეთი ადგილი, რომელსაც ადამიანებისთვის გამოკვეთილი სოციალური თუ კულტურული ღირებულება არ გააჩნია და შეიძლება ისე შეიცვალოს, რომ ეს ვერც კი შევამჩნიოთ. ამის საპირისპიროდ ის განიხილავს „ანთროპოლოგიურ ადგილებს“, რომელთაც გარკვეული იდენტობა გააჩნიათ და მათთან ადამიანებს მეტი საერთო აქვთ. თავისი ისტორიით, თბილისში ცნობადობით, მეპატრონის სახელით მაღაზიის მოხსენიებით, ინტერიერითა თუ აბრით, აღნიშნული ქსოვილების მაღაზია „ანთროპოლოგიური ადგილის“ მაგალითად შეიძლება განვიხილოთ. ამასთანავე, გამოფენა „პოპ-აპის” ფენომენს დავუკავშირეთ. XXI საუკუნის სწრაფი ტემპის „პოპ-აპები“ – დროებით გაჩენილი სივრცეები, თუ „ინსტაგრამისეული“ ეფემერულობა – „არაადგილებივით“ წარმავალია და კომერციასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. გამოფენისთვის „პოპ-აპ“ ფორმის მიცემით, ამ გაგების ერთგვარი კონცეპტუალური ჩაბრუნება გადავწყვიტეთ. მაღაზიის ხასიათზე ყურადღების გამახვილების გარდა, ამით გვსურდა, ხელოვნების საშუალებით გვესაუბრა ქსოვილის ინდუსტრიაზე, სწრაფი რიტმის ნაწილზე, რაც ალბათ, საქართველოში ოდესღაც მუდმივი ეგონათ, მაგრამ დროებითი აღმოჩნდა.

მაღაზიის სამუშაო საათებში, მისი საქმიანობის პარალელურად მიმდინარე გამოფენაზე ნინო ქვრივიშვილის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. 2021 წელს მან დაიწყო მუშაობა ფერწერულ სერიაზე, რომელიც ინდუსტრიულ ტექსტილს შეეხება. აქ ვხედავთ აბსტრაჰირებულ ფორმებს – ბობინები, ქსოვილის თოფები, დაზგების დეტალები და ა.შ. – რომლებიც დამოუკიდებლად ლივლივებენ. ეს ნამუშევრები  ხმაურიანი წარმოების პროცესის გაჩერებული კადრებივითაა და ინდუსტრიულ თემაზე ერთგვარ მედიტაციას წარმოგვიდგენს. ეს მოტივები გამოფენისთვის შერჩეულ ნამუშევრებშიც მეორდებოდა და დამატებით, აქ წარმოვადგინეთ ამ სერიის ახალი მიმართულებაც –  ინდუსტრიული ფორმების უკან ნაწილობრივ დაფარული სხეულებია, რომლებიც მოდის ჟურნალების გამოსახულებებსაც მოგვაგონებს და ამავდროულად, ინდუსტრიაში ქალების უხილავ როლზეც მიგვანიშნებს.

მაღაზიის სივრცესა და გამოფენას შორის ბალანსის დაჭერა ცალკე გამოწვევა იყო. ამის გამო ფერწერული ნამუშევრები თაბაშირის ჩანართებთან ერთად წარმოვადგინეთ, რასაც ორმაგი დატვირთვა ჰქონდა. თეთრი ზედაპირები მაღაზიის სივრცეში გამოფენით ჩარევას გამოკვეთდა. გარდა ამისა, ნინო ქვრივიშვილის წინა ინსტალაციების თაბაშირის სუფთად დამუშავებულ ფილებთან ერთად, ნამუშევრები აქ უხეშად შებათქაშებულ ზედაპირებზე იყო წარმოდგენილი. ეს ეხმიანებოდა სწრაფად, დაუგეგმავად და ზერელედ გადაკეთების ტენდენციებს, რისი შედეგიც დიდხანს რჩება ხოლმე და რაც საქართველოსთვის საკმაოდ დამახასიათებელიც გახდა.

ასევე, გამოფენაზე წარმოვადგინეთ ინსტალაცია, სახელწოდებით „ამ აბრეშუმში რას გადაიხდიდი?“. მაღაზიის ჭრელ ქსოვილებთან ერთად, თითქმის ჭერის სიმაღლეზე არსებულ ძველ საკიდზე XX საუკუნის გვიან პერიოდში საქართველოში წარმოებული აბრეშუმის თოფი იყო ჩამოკიდებული. სტუმრებს შეეძლოთ, რომ ამ ინდუსტრიული აბრეშუმის ნაჭერი სახსოვრად წაეღოთ და ამავდროულად, აქვე ვსაუბრობდით ტექსტილის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ შორის იმაზე, თუ პირადად მათთვის, რა ღირებულება და მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ასეთ ქსოვილს. სხვადასხვა თაობისა და პროფესიის წარმომადგენლებს ამ საკითხისადმი განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ – ზოგიერთი სტუმრისთვის ეს განსაკუთრებით ძვირფასი ქსოვილი იყო, ნაწილისთვის პრაქტიკული და დეკორატიული მნიშვნელობა ჰქონდა, ზოგისთვის კი სამახსოვრო სუვენირის ღირებულებაც კი არ გააჩნდა. გამოფენის მსვლელობისას კი ინსტალაცია ნელ-ნელა თხელდებოდა და უჩინარდებოდა. კოპლებიანი იასამნისფერი ნაჭრები ახალ მეპატრონეებთან ერთად სხვადასხვაგან განაწილდა და ახალ მნიშვნელობებს შეიძენენ, რაზეც გამოფენაზე მიღებულ ინფორმაციასაც თავისი გავლენა ექნება.

გამოფენის ფორმატი ყველა სტუმართან კომუნიკაციას გულისხმობდა და როგორც ამ თემაზე საუბრისას ხშირად ხდება ხოლმე, მოვისმინეთ პირადი მოგონებებიც, ინდუსტრიის გაქრობის შესახებ სინანულიც და მსგავსი ადგილების მნიშვნელობაც. თუმცა პროექტის მიზანი არა ნოსტალგიური გახსენება, არამედ [პოსტ]ინდუსტრიული ქსოვილების საშუალებით აღნიშნული საკითხების წარმოჩენა და მათზე დაფიქრება იყო. ამგვარად, თვითონ გამოფენაც ტრანსფორმაციის ნაწილს წარმოადგენდა და „პოპ-აპის“ იდეის გადათამაშებით, ჩვენი ცხოვრების სწრაფ ტემპში შესვენებას, გახსენებას და მსჯელობას გულისხმობდა, რასაც შეუძლია, ადგილებს იდენტობა შეუნარჩუნოს, გარდაქმნის პროცესი უფრო გასაგები გახადოს და მასში ანთროპოლოგიური ხედვა, ან თუ გნებავთ, ადამიანი დააბრუნოს.

 

პოპ-აპი: ქსოვილები

28-29.10.2022 / 10:00 – 18:00

ქსოვილების მაღაზია, თამარ მეფის გამზ. 17, თბილისი

ხელოვანი: ნინო ქვრივიშვილი 

კურატორი: დათა ჭიღოლაშვილი

პროექტის მხარდამჭერი: თიბისი

გამოფენის დოკუმენტაცია ვირტუალური რეალობის ფორმატში შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: datach.me

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.