fbpx

სპორტფესტი – პირველი ქართული სპორტული ფესტივალი საქართველოში


გააზიარე სტატია

2023 წლის 20-21 მაისს (12:00 საათიდან 21:00 საათამდე) ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში პირველი ქართული სპორტული ფესტივალი – სპორტფესტი ჩატარდება.

სპორტის სხვადასხვა  სახეობის ზონები, სპორტ-არენა, სპიკერები, საბავშვო და კვების ზონები, სპორტული ფედერაციები, სკოლები, კლუბები, სავარჯიშო დარბაზები, მაღაზიები, უამრავი გასართობი აქტივობა და სიურპრიზები – ეს ყველაფერი არ არის, რაც ფესტივალზე მისულ სტუმრებს  ელოდებათ. 

სპორტფესტზე წარმოდგენილი იქნება სპორტის არაერთი სახეობა – ფეხბურთი, ბეისბოლი, გოჯუ რიუ, ჯიუჯიცუ, რაგბი, ტექბოლი, ავტო-სპორტი, მთის სპორტი, ველო-სპორტი და სხვა.

„ფესტივალის მიზანია ადამიანები დაახლოოს სპორტის სხვადასხვა დისციპლინებთან და თავად სპორტსმენებთანაც, რომლებისთვისაც სპორტი ყოველდღიურობის ნაწილია. ეს მათთვის იქნება კარგი ბიძგი ჩაერთონ ჯანსაღი  ცხოვრების წესის დამკვიდრებაში  – ბავშვებისთვის, მოზარდებისა  თუ უფროსი ადამიანებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ამ კუთხით მეტი ინფორმაციის მიღება. თანაც, სპორტსმენების უპირატესობაა ის, რომ უკეთ გვიჩვენებენ სპორტის კარგ მხარეებს. კარგია ისიც, რომ მხოლოდ პროფესიულ სპორტზე არ ვსაუბრობთ – სტუმრებს ელოდებათ დასვენება, გართობა, რეკრეაცია… მოკლედ, აქ მრავალფეროვან და ჯანსაღ  უქმეებს გაატარებენ“, – ამბობს AT.ge-სთან სპორტფესტის ორგანიზატორი რეზი პეტრიაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ ფესტივალს სხვადასხვა ცნობილი სპორტსმენიც დაესწრება და ისინი მონაწილეებს უგულშემატკივრებენ.  სპორტფესტის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს სპორტითა და ცხოვრების ჯანსაღი წესით. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.