fbpx

31 აგვისტო და „Imagine Dragons“ – თარიღი, რომელსაც ყველა ელოდება!


გააზიარე სტატია

„Starring Georgia“ წელს საქართველოში არაერთ ვარსკვლავს მასპინძლობს, თუმცა მელომანების უმეტესობა ერთ თარიღს ელოდება – 31 აგვისტო, „მიხეილ მესხის სტადიონი“, „Imagine Dragons“.

ამ ბიჭებმა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ბენდი შექმნეს. მათ ალტერნატიული როკის, ინდი-როკის, პოპ-როკის, ინდი-პოპისა თუ ელექტროპოპის ირგვლივ ასობით მილიონი ადამიანი გააერთიანეს. „Imagine Dragons“ თანამედროვე მუსიკის ის უიშვიათესი შემთხვევაა, რომლის მსმენელიც ყველა ასაკობრივ კატეგორიაში და ყველა კულტურაში შეგიძლიათ მოძებნოთ. წარმოუდგენელია, ისე „ჩამოსქროლოთ“ რომელიმე სოციალური ქსელი, რომ მათი ვიდეო არ შეგხვდეთ. ეს ერთი დიდი კულტურა, უფრო სწორად, საზოგადოებაა და მისი წევრობა ყველასთვის პრესტიჟულია, განსაკუთრებით – ახალგაზრდებისთვის. „Imagine Dragons-ის“ მუსიკას თან უდიდესი დადებითი მუხტი ახლავს, რომელიც 31 აგვისტოს მესხის სტადიონს ტალღასავით გადაუვლის.

ბენდი 2008 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში, „Imagine Dragons-ის“ შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა. ჯგუფის ერთადერთი უცვლელი წევრი ვოკალისტი დენ რეინოლდსია. „Imagine Dragons-ის“ მუსიკალური კარიერა იუტას ერთ-ერთ უნივერსიტეტში გამართულ „Battle of the Bands“-ში და რამდენიმე სხვა კონკურსში გამარჯვებით დაიწყო. ჯგუფმა თავისი პირველი კომპოზიცია – „Speak to Me“ – 2008 წელს ჩაწერა. პირველი წარმატება ბენდს „Bite of Las Vegas-ისა“ და „Vegas Music Summit-ის“ მუსიკალურ ფესტივალებში მონაწილეობამ მოუტანა. აქ ისინი ჰედლაინერები იყვნენ და 26 000-კაციანი აუდიტორიის წინაშე წარდგნენ. ახალგაზრდა გუნდი მიიწვიეს რადიო მაუწყებლებზეც, ცნობილმა მუსიკალურმა გამოცემებმა მათ „საუკეთესო ჩანაწერისა“ და „საუკეთესო ინდი-ჯგუფის” წოდებები მიანიჭეს. შემდეგ ლეიბლებმაც შესთავაზეს კონტრაქტები და ჯგუფის საოცარი წარმატების ისტორიაც დაიწყო.

სანამ ბენდის წევრები სადებიუტო სტუდიურ ალბომს გამოსცემდნენ, მსმენელს რამდენიმე კომპოზიცია და კრებული გაუზიარეს. ერთ-ერთი ასეთი კრებული იყო 2012 წელს გამოცემული „Continued Silence“, სადაც ისეთი კომპოზიციები გაჟღერდა, როგორებიცაა: „Radioactive“, „Demons“, „It’s Time„ და „On Top of the World“. ალტერნატიული როკისა და ელექტრონული მუსიკის ჰარმონიული შეზავებით, „Continued Silence“ მსმენელის საყვარელ ჩანაწერად იქცა, ხოლო „Radioactive“ ბენდის პირველი მასობრივი ჰიტი გახდა. ზუსტად ამ ეტაპზე „Imagine Dragons-მა“ გადაწყვიტა, პირველი სტუდიური ალბომი გამოეცა. „Night Visions-მა“ დღის სინათლე 2012 წელს იხილა. ამით, ბენდის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. გარდა იმისა, რომ მათი ჩანაწერი პირველად მოხვდა ბილბორდის ჩარტის ათეულში, „Night Visions-ს“ მოჰყვა 40 კონცერტისგან შემდგარი ტურნე და გრემის ჯილდო საუკეთესო როკ-შესრულებისთვის („Radioactive“). შემდეგ იყო „Smoke + Mirrors“, „Evolve“ და „Origins“, რომლებშიც შევიდა ჰიტები: „Believer“, „Thunder“, „Whatever It Takes“,   „Natural“, „Bad Liar“ და სხვები. „Imagine Dragons-მა“ მთელი სამყარო მოიცვა და თითოეული მელომანის ყურამდე მიაღწია. მაგალითად, „Believer-ს“ Youtube-ზე 2 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.

2021 წლიდან „Imagine Dragons-ის“ ისტორიაში კიდევ ერთი ეტაპი – „Mercury“ – დაიწყო. ის 2-აქტიანი ალბომის სახით, 2021-22 წლებში გამოიცა. შეიძლება ითქვას, რომ „Mercury“ შედარებით უფრო ლირიკული და ბალადური ნამუშევარია, ვიდრე ის ალბომები, სადაც ძირითადი აქცენტები არენების და სტადიონის ხმაურზე კეთდებოდა. თუმცა, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით მათ კონცერტებზე. „Mercury-ის“ ტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოს ეწვევა, ნამდვილი ვარსკვლავთცვენა გახლავთ. ტურნე მოიცავს ყველა იმ ჰიტს, რომელიც მსმენელს განსაკუთრებით უყვარს.

არტისტებმა არაერთხელ თქვეს, რომ ისინი მთავარ ჰიტებს სწორედ მოგზაურობისას ქმნიან. გზა შთააგონებს მათ და აძლევს შემოქმედებით საზრდოს. ხალხის წინაშე გამოსვლა კი ენერგიის მიმოცვლის პროცესია. ის მსმენელსაც მუხტავს და მუსიკოსებსაც. ვიცით, რომ ჩვენთან ეს მუხტი არ განელდება. ჰოდა, როგორც უკვე ვთქვით: 31 აგვისტო და „Imagine Dragons“ – თარიღი, რომელსაც ყველა ელოდება!

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.