fbpx

„იანვარი, თებერვალი, მარტი“ – საქართველოს პავილიონი ვენეციის არქიტექტურულ ბიენალეზე


გააზიარე სტატია

ავტორი: ონისე ოქრიაშვილი

ფოტოები: ანა გაბაშვილი

 

20 მაისიდან ვენეცია მე-18 საერთაშორისო არქიტექტურულ ბიენალეს უმასპინძლებს. ფესტივალის ტერიტორიაზე პავილიონს 80-ზე მეტი ქვეყნიდან ჩასული გუნდი წარადგენს, მთავარი თემა კი “მომავლის ლაბორატორია იქნება. როგორც კურატორი ლესლი ლოკო ამბობს, წელს ვენეციის ბიენალე აფრიკასა და მის დიასპორაზე ფოკუსირდება, რადგან მსოფლიო ეკოლოგიურ პერსპექტივებზე საუბრისას წინა ხაზზე სწორედ ეს კონტინენტი იწევს, როგორც დედამიწის ყველაზე დინამიკურად მზარდი რეგიონი.

მთავარ გამოფენასთან ერთად ვენეციის არქიტექტურული ბიენალე სტუმრებს “კარნავალის” სახელის ქვეშ გაერთიანებული ღონისძიებებითაც გაუმასპინძლდება. აქ იქნება ფილმების ჩვენება, მოეწყობა პერფორმანსები, ლექციები და დისკუსიები, რაც საბოლოოდ მიზნად ისახავს კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს არქიტექტურასა და გარევ სამყაროს შორის უწყვეტ კავშირზე. 

თბილისის არქიტექტურის ბიენალე საქართველოს პავილიონს ლოკალური ყოველდღიურობისთვის გამორჩეულად აქტუალური თემატიკით წარადგენს: წყალი და მისი ენერგიის გადინება, როგორც პირდაპირი, ასევე მეტაფორული მნიშვნელობით.

გამოფენის ავტორები გიგი შუკაკიძე, თინათინ გურგენიძე და ოთარ ნემსაძე არიან, პავილიონის მთავარ ინსპირაციად კი ჟინვალის წყალსაცავი აირჩიეს, როგორც ქვეყნის დედაქალაქის ელექტროენერგიის მთავარი მაგენერირებელი სუბიექტი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეკოსისტემა საქართველოში.

“იანვარი, თებერვალი, მარტი” – ასე დაერქვა გამოფენას, რომელიც ბიენალეზე ქართული კულტურული ნარატივის ფესტივალის დამთვალიერებელთან ახლოს მიტანას შეეცდება. პავილიონის შინაარსობრივი პირველწყარო ეკოლოგიური და ისტორიული ფენომენიდან იღებს სათავეს: წელიწადის სამი თვის განმავლობაში ჟინვალჰესის წყლის დონე დაბლა იწევს და შესაძლებელი ხდება ნაწილობრივ დავინახოთ მე-12 საუკუნით დათარიღებული, ჯვარიპატიოსანის სახელობის ტაძრის დეტალი. ეს ნანგრევებად ქცეული არტეფაქტი ერთ დროს სოფელ ჟინვალის არქიტექტურული ერთიანობის ნაწილი იყო, რომელიც კაშხლის აშენებისას, 1985 წელს, წყლის ფსკერზე აღმოჩნდა და მთლიანად დაიფარა.

75 მეტრზე ჩაძირული დასახლების ამბავი გვაფიქრებს ბუნებისა და ადამიანის თანაარსებობაზე, რომელიც ხან სინერგიული ჰარმონიის, ხანაც კი უკონტროლო რღვევისა და მოშლის ფორმას იღებს. აქ ამოტივტივდება გამოფენის მთავარი კითხვებიც: რამდენად პერმანენტულ კვალს ვტოვებთ ბუნებაზე? რა სიმბოლური დატვირთვა აქვს პრაგმატულ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს ქვეყნის კულტურულ დინებაში? და როგორ უნდა ავითვისოთ არსებული ენერგორესურსები ეკოლოგიური რეალობის გათვალისწინებით?



პავილიონში ეკლესიის შიგთავსის ფორმები განმეორდება, რომელიც ჯვარიპატიოსანის კედლებში დალექილი შლამისგან წარმოებული ბეტონის ბლოკებით აშენდა. მკვდარი ლანდშაფტის წამყვან მასალად გამოყენება სიმბოლურ დატვირთვას იძენს და გვთავაზობს ატროფიული ორგანიზმის თანაარსებობის შესაძლებლობას ცოცხალ გარემოში. გამოფენის დამატებით მედიუმებში გასაშლელად სხვადასხვა დარგის ხელოვანებმა ამ თემატიკაზე ინსტალაცია, წიგნი და 3 ფილმი შექმნეს. 

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მხარდამჭერი აჭარა ჯგუფია და ფესტივალს ვენეციაში ყოველდღიურ რეჟიმში გააშუქებს. კომპანიისთვის არსებითია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც მდგრადი განვითარების მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ემსახურება და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული არქიტექტურული ტრადიციის თანამედროვედ წარმოჩენას უწყობს ხელს. დაელოდე ინსპირაციასა და ყოველდღიურ ისტორიებს ვენეციიდან აქ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.