fbpx

ქალაქის ანგელოზი – ქეთი შავგულიძე ვენეციის არქიტექტურის ბიენალედან


გააზიარე სტატია

ავტორი: ქეთი შავგულიძე

არქიტექტურის ჯერია.

დღეს ვენეციის ბიენალეს წინასწარი დათვალიერება დაიწყება და ორი დღე გაგრძელდება. საჯარო გახსნა 20 მაისს არის დაგეგმილი და ამავე დღეს საუკეთესო არქიტექტორებსა და პავილიონებს დააჯილდოებენ. 

არქიტექტურის მე-18 საერთაშორისო გამოფენის სახელწოდებაა „მომავლის ლაბორატორია“ და მისი კურატორია აფრიკის მომავლის ინსტიტუტის დამფუძნებელი ქალი, განელ-შოტლანდიელი არქიტექტორი, პედაგოგი, თეორეტიკოსი და ნოველისტი  ლესლი ლოკო.  

წინა არქიტექტურის ბიენალე პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო და იტალიელები ძალიან წუხდნენ, რომ ბიენალეების ორწლიანი ციკლი დაირღვა. აბა, რაღა ბიენალეაო?! საერთოდ, ბიენალეზე დაწერილ ტექსტებში ძალიან უყვართ ციფრების მოყვანა და თქვენც გაგიზიარებთ: ლესლი ლოკოს განაცხადის თანახმად, კურატორის ექვსნაწილიანი, გენდერულად დაბალანსებული (50/50 -ზე) გამოფენა 89 მონაწილეს აერთიანებს, მათ შორის – ნახევარს აფრიკიდან ან აფრიკული დიასპორიდან. წერს კიდეც კონცეფციაში ლესლი ლოკო: „აფრიკა მომავლის ლაბორატორიააო“.  

ჟარდინისა და არსენალეზე, ასევე ქალაქის სხვადასხვა კუთხეში 64 ქვეყნის ნაციონალური პავილიონი გაიხსნება, ასევე 9 ოფიციალური პარალელური ღონისძიება გაიმართება. წელს მომავლის ლაბორატორიის მნიშვნელოვანი ნაწილია „კარნავალი“ – ღონისძიებების, ლექციების, დისკუსიების, ფილმებისა და სპექტაკლების ექვსთვიანი პროგრამა, რომელიც მოიაზრება, როგორც სივრცე კომუნიკაციისთვის. ისევე როგორც ვენეციური „კარნავალი“, ის უამრავ სხვადასხვა პროფესიის ადამიანს გააერთიანებს – არქიტექტორებთან, თეორეტიკოსებთან და სტუდენტებთან ერთად,  პოლიტიკოსებს, პოეტებს, რეჟისორებს, მწერლებს, აქტივისტებს… როგორც კურატორი წერს, კარნავალი შეეცდება „გადალახოს უფსკრული არქიტექტორებსა და საზოგადოებას შორის.“ 

 

არქიტექტურა 1960-იანი წლების ბოლოდან გახდა ვენეციის ბიენალეს ნაწილი, მაგრამ დამოუკიდებელი გამოფენა მხოლოდ 1975 წელს გაიმართა, 1980 წლიდან კი არქიტექტურული განყოფილება დაარსდა. წლების განმავლობაში საერთაშორისო გამოფენას კურირებდნენ ცნობილი არქიტექტორები და არქიტექტურის თეორეტიკოსები – დევიდ ჩიპერფილდი, რემ კულჰასი, ალეხანდრო არავენა და სხვები. 

წლევანდელი ბიენალეს ძირითადი თემებია დეკოლონიზაცია (იქნება ეს ინსტიტუციები თუ სივრცეები), დიასპორები, იდენტობის საკითხები, კლიმატის ცვლილებები, ურბანიზაცია, მიგრაცია…  

„გამოვედით რა მზის შუქზე ლოქდაუნის შემდეგ, ახლა შევცქერით ეკრანებს და ერთმანეთს, ალბათ, ცოტა დაურწმუნებლები საკუთარ თავში, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმედითა და სურვილით.“ – წერს ლესლი ლოკო. მას სჯერა არქიტექტორების შესაძლებლობისა და მათი „ამბიციური და კრეატიული იდეების, რაც  დაგვეხმარება წარმოვიდგინოთ უფრო თანასწორი და ოპტიმისტური მომავალი“. ლესლი ლოკო საუბრობს არქიტექტურის ტრანსდისციპლინურ ბუნებაზე და მის უნარზე დასძლიოს საზღვრები, მიუხედავად იმისა, რომ „ჩვენს ფეხქვეშ მიწა იძვრის“ და რამის პროგნოზირება შეუძლებელია. თანამედროვე, მრავალფეროვანი და ინკლუზიური საზოგადოების მაცდური ხატი არსებობს, მაგრამ, სანამ მხოლოდ ხატის დონეზე – ის მირაჟია. „საჭიროა რაღაც უფრო მეტი, ვიდრე რეპრეზენტაცია, და ისტორიულად სწორედ არქიტექტორები წარმოადგენენ მთავარ მოთამაშეებს სურათ-ხატების რეალობად ქცევის თვალსაზრისით“.  

რა საინტერესოა… ბოლო პერიოდში თანამედროვე ხელოვნებაში სულ უფრო მეტად ჩნდება ისეთი სიტყვები, როგორიცაა ოპტიმიზმი, იმედი… ხელოვანისა და ხელოვნების…  მგონი, მართლაც სულ ღაფავს პოსტმოდერნიზმი. მაგრამ ამაზე ფიქრის დრო ახლა არ არის, გზა უნდა გავაგრძელოთ.

თუ სხვა გამარჯვებულების ვინაობას 20-ში გავიგებთ, როგორც წესი, წინასწარ არის ხოლმე ცნობილი, ვინ იქნება ოქროს ლომის მფლობელი არქიტექტურაში შეტანილი წვლილისთვის. „ნიგერიული დიზაინის დეკოლონიზაციის არქიტექტორი“, – Demas Nwoko.  ბაბა (ნიგერიის საპატიო წოდება) დემას ნვოკო არის არქიტექტორი, მოქანდაკე, დიზაინერი, მწერალი, დეკორატორი, კრიტიკოსი და ისტორიკოსი. ის თავს „მხატვარ-დიზაინერს“ უწოდებს.  

არქიტექტურის მე-18 საერთაშორისო გამოფენა არქიტექტურას განიხილავს როგორც მცდელობების „გაფართოებულ“ სფეროს, „სადაც იდეები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც არტეფაქტები.“ მომავალზე ორიენტირებულ გამოფენაში „სრულიად მართებულია, რომ ოქროს ლომი მიღწევებისთვის მიენიჭოს ადამიანს, ვისი ნამუშევრებიც  70 წელს მოიცავს, მაგრამ რომლის არამატერიალური მემკვიდრეობა – მიდგომა, იდეები, ეთოსი – ჯერ კიდევ შეფასების, გაგების და აღნიშვნის პროცესშია.“ (ლესლი ლოკო) 

სანამ მომავლის ლაბორატორიაში შევცურავთ, ქალაქთან ვიურთიერთოთ. ვენეციის ბიენალეს ხიბლი ხომ, იმ მნიშვნელოვანი ხელოვანების ნამუშევრების პარალელურად, სწორედ ეს კონტექსტია, ეს განუმეორებელი, ჯადოსნური ქალაქი…  

 „ქალაქის ანგელოზი“ – ასე ჰქვია მარინო მარინის ბრინჯაოს ქანდაკებას (1948), რომელიც პეგი გუგენჰაიმის მუზეუმის ტერასაზე დგას, სახით არხისკენ და თითქოს გვესალმება. ამ ქალაქში იმდენი ანგელოზია, ვერ დათვლი, მაგრამ ეს ერეგირებული ბრინჯაოს ფორმები შეუძლებელია ვერ შენიშნო. როდესაც ამერიკელი კოლექციონერი Palazzo Venier dei Leoni-ში გადავიდა, მან ნამუშევარი წყლის პირას, სასახლის შესასვლელთან დადგა. მემუარებში ის წერს, რომ ის დიდ უხერხულობას უქმნიდა მონაზვნებსა და გამვლელებს და ხანდახან მისი მოხსნა უწევდა. გუგენჰაიმის მრჩეველი, ცნობილი ბრიტანელი ხელოვნებათმცოდნე ჰერბერტ რიდი წერდა, რომ ქანდაკება მოპირდაპირე სანაპიროზე მდებარე ვენეციის პრეფექტურისთვის დიდი გამოწვევა იყოო. ყოველ ჯერზე თავიდან იხიბლები „ქალაქის ანგელოზით.“ 

ეს პალაცო ცნობილ დინასტიას – ვენიერებს ეკუთვნოდათ. ის დიდ არხზე ყველაზე დიდი სასახლე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვენეციელებს შორის „დაუსრულებელი სასახლის“  სახელითა ცნობილი. ახლა იქ პეგი გუგენჰაიმის საოცარი კოლექციაა განთავსებული.  

პალაცოები ვახსენეთ და რომის მოედნიდან თუ ვაპორეტოთი წამოხვალთ (1 ნომერი, ყველაზე ხალხმრავალი და ყველაზე ნელი, მაგრამ შეუცვლელი), და ასეც უნდა მოიქცეთ, ამ რაკურსიდან საოცარ ფასადებს ნახავთ.  

Palazzo Dario – მე-15 საუკუნის ბოლოს აშენებული, ფერადი ქვის მედალიონებით მორთული მშვენიერი სასახლე, რომლის ისტორია იდუმალებით არის მოცული. ვენეციელები ჰყვებიან, რომ პალაცოს მცხოვრებლები საუკუნეების განმავლობაში უცნაურ გარემოებებში იღუპებიან… პალაცო დარიოს სხვადასხვა მხატვარი ხატავდა. ალბათ მონეს საოცარი ნამუშევარი გაგახსენდათ…  

Ca’ d’Oro (ca შემოკლებული casa-დან – სახლი) მე-15 საუკუნის შესანიშნავი სასახლე, ვენეციური გოტიკის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში. ფასადი ფურცლოვანი ოქროთი იყო მოპირკეთებული და ვერმილიონითა და ულტრამარინით იყო მოხატული. „ოქროს სახლი“ (როგორც მას ეძახდნენ) – ალისფერი და ხასხასა ლურჯი ჩანართებით. ვენეციური ფერთამეტყველება ხომ ცალკე საკითხია, მაგრამ სასახლე დღესაც საოცარია…  

არაჩვეულებრივი Ca ‘Foscari მე-15 საუკუნის შუა ხანებში ყველაზე დიდი კერძო სახლი იყო ვენეციაში. სასახლე, როგორც დოჟის –  ფრანჩესკო ფოსკარის სიმდიდრისა და ძალაუფლების განსახიერება, ვენეციური სამსართულიანი სასახლეებისგან განსხვავებით, 4-სართულიანი იყო. XIX საუკუნეში, ავსტრიული ოკუპაციის პერიოდში, შენობას ყაზარმად იყენებდნენ, სასახლის მორთულობა დაზიანდა და განადგურდა. დღეს ამ შენობაში ვენეციის უნივერსიტეტის ნაწილია, რომელიც 150 წელზე მეტი ხნისაა.

და, რა თქმა უნდა, დოჟების სასახლე – Palazzo Ducale, ვენეციური გოტიკის მომაჯადოებელი ნიმუში (1577 წელს ხანძრისგან მნიშვნელოვნად დაზიანდა, მაგრამ ძველი ვერსია აღადგინეს). ის ვენეციის უნიკალური კულტურისა და გეოგრაფიული მდებარეობის მატერიალური განსახიერებაა  თითქოს – ბიზანტიური, ისლამური და გოტიკური კულტურების უცნაური და მშვენიერი ჰიბრიდი, თეთრი ისტრიული ქვისა (pietra d’Istria) და ვარდისფერი მარმარილოს დახვეწილი ნაზავი, რომელიც თითქოს წყალსა და ცას შორის არის გამოკიდებული.  ვერასდროს ჩაუვლი გულგრილად… ერთნაირად თვალისმომჭრელია, დღისითაც და ღამითაც, წვიმაშიც და მზეშიც, წყლიდანაც და ხმელეთიდანაც…  

უცნაურია, რომ ვენეციაში ცნობილი ტურისტული ადგილები არასდროს არის „გაცვეთილი“. ეს ამ ქალაქის უნიკალური თავისებურებაა. ამდენი ტურისტის მიუხედავად ის მაინც ინარჩუნებს თვითმყოფადობას, თვითკმარობას, მიზიდულობას და საოცარ იდუმალებას. ცნობილ ოხვრის ხიდს (Ponte dei Sospiri) ვერასდროს ჩაუვლი სევდის გარეშე. ეს მე-17 საუკუნეში აშენებული ხიდი დოჟების სასახლეს (სადაც დაკითხვის ოთახები და სასამართლო იყო განთავსებული) არხის მეორე მხარეს განთავსებულ სატუსაღოსთან აკავშირებს. სევდიანი სახელწოდება მსჯავრდადებულთა მწუხარე ოხვრას უკავშირდება – ისინი ამ დახურული ხიდის გავლისას სარკმლიდან ბოლოჯერ მოჰკრავდნენ თვალს ვენეციის მშვენიერ ლაგუნას. 

ტრაგეტოთი მინდა გადავიდე არხზე, რომ პინოს კოლექციის გამოფენა ვნახო –  traghetto, იტალიური „ბორანი“, გონდოლასგან განსხვავებით, ვენეციის დიდ არხზე გადასვლის იაფი და სწრაფი საშუალებაა დღესაც (მით უფრო მაშინ, როდესაც ვენეციაში მხოლოდ რიალტოს ხიდი არსებობდა). ეს სამგზავრო ნავები დიდ არხს შვიდ წერტილში კვეთენ და 10-მდე მგზავრი გადაჰყავთ. ამ საქმიანობაში ერთი და იგივე ოჯახები არიან ჩართული  ვენეციაში და ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემა. თითქოს მათი მუშაობის განრიგი გამოკრულია, მაგრამ ვენეციელებისას რას გაიგებ?! ჩათვალეთ, გაგიმართლათ, თუ ადგილზე დაგხვდებიან…   

კონცხის წვერზე, ყოფილი საბაჟოს შენობაში (Punta Della Dogana), რომელიც ფრანსუა პინოს ფონდს ეკუთვნის, iconic გამოფენაა, სახელწოდებით ICONS  – სხვადასხვა თაობის ხელოვანის 80-ზე მეტი ნამუშევარი ხატის/გამოსახულების თემაზე და გამოსახულების სტატუსზე თანამედროვე სამყაროში. ადგილი სპეციფიკური, ნამუშევრები, ნახატები, ვიდეოები, ხმები, ინსტალაციები, პერფორმანსები… ხატ-სურათები, როგორც სხვა სამყაროში და ცნობიერების სხვა მდგომარეობაში გადასვლის საშუალება, ზეწარმოებისა და ტრივიალიზაციის ეპოქაში, ფიგურაციასა და აბსტრაქციას შორის მოქცეული იმიჯები და არტეფაქტები ისეთი ხელოვანების, როგორებიც არიან:  Donald Judd, joseph Koshuth, Lucio Fontana, On Kawara, Maurizio Cattelan, Sergei Eisenstein, Danh Vo, Agnes Martin David Hammons და სხვ.

გამოფენა Lygia Pape-ს მომნუსხველი ინსტალაციით იწყება (‘ttéia I, C’). ამ ნამუშევრისთვის ბრაზილიელმა მულტიმედია ხელოვანმა 2009 წელს ვენეციის ბიენალეზე ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. დაჭიმული ოქროსფერი ლითონის ძაფები, როგორც სხივების კასკადი, ისე ეშვება ჭერიდან და შუქისა და ჩვენი მოძრაობის ცვლილების პარალელურად, ხან იკვეთება და სერავს უზარმაზარ სივრცეს, ხან კი თვალსა და ხელს შუა ქრება.  

 

სინგჰის (Dayanita Singh) ნამუშევარი Time Measures (2016) არქივების, დროის მსვლელობის და ქსოვილთან პერსონალური დამოკიდებულების თემას აერთიანებს. ინდოეთის არქივში მან დოკუმენტების შეკვრა აღმოაჩინა, რომელიც ქსოვილში იყო გახვეული. იდუმალი, ჩვენთვის უცნობი შინაარსის დოკუმენტები, თითქოს ცალკეული დრამატული ისტორიები, საიდუმლოებები, უნიკალური წითელი ქსოვილის კვანძებითაა შეკრული. ისინი უამრავია, მაგრამ ყველა განსხვავებული, დამზაფვრელი და დამატყვევებელი.   

Maurizio Cattelan, La Nona Ora, 1999  
Polyester resin, natural hairs, accessories, stone, carpet 

ვიცი რომ, გახსოვთ ეს ნამუშევარი. თითქოს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმში ვართ – რომის პაპს, იოანე პავლე II-ს მეტეორი დაეცა. ნაწარმოების ათასგვარი ინტერპრეტაცია არსებობს: თითქოს ეს ალუზიაა ქრისტეს სიტყვებზე –  „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე?“, ან კომენტარი კათოლიკური ეკლესიის რეპუტაციაზე, ან რელიგიური ავტორიტეტის ადამიანურ სისუსტეზე, მაგრამ შესაძლოა შოკში მყოფ ინსტიტუციაზე, რომელიც სეკულარიზებულ სამყაროში გადარჩენას ლამობს. 

ცნობილ კურატორს – მასიმილიანო ჯიონის, რომელიც კატელანის ნაცვლად უპასუხებს ხოლმე ჟურნალისტების კითხვებს, ამ ნამუშევართან მიმართებაში ლუიჯი პირანდელოს სიტყვები მოჰყავს: „გმობა ააქტიურებს საკრალურსო“ და აღნიშნავს, რომ ქრისტიანობაში არაფერია უფრო წმინდა, ვიდრე ტანჯვა. 

New York Times-ის ცნობით, თურმე ვარშავაში, ეროვნულ გალერეაში მაურიციო კატელანის ამ  „მკრეხელური“ ნამუშევრის „გამოსწორება“ გადაწყვიტეს. მეტეორი აიღეს და პაპის ფიგურის ფეხზე დაყენება სცადეს, რაც მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გაშვების მიზეზი გახდა.  

ინტერვიუებში კატელანი აღნიშნავს, რომ პროვოკაცია არ იყო მისი მიზანი. მით უფრო, რომ ეკლესიის გუნდში ვმღეროდი და წმინდანების გამოსახულებებსა და ღვთისმსახურებს  შორის გავიზარდეო. „ხელოვნების მოვალეობა კითხვების დასმაა“, – ამბობს კატელანი, და თუ უფრო მკაფიო პასუხი გსურთ მიიღოთ, მაშინ არასწორ ადგილას მოხვდით.” 

უჰ, ჩემი კატა უკვე მომენატრა, სწორედ მაურიციოს პატივსაცემად  დავარქვი კატელანი, ჯამბაზია კატელანიო – ხომ სულ ამბობენ და ასეთი იყო ჩემი კატეც, რომ მოვიყვანე. ბევრი სახელი გაიცხრილა, მათ შორის – ბერძენი ღმერთების თუ კლასიკოსი მხატვრების და ბოლოს, ზიგმუნდსა (ფროიდი) და კატელანს შორის ვარჩევდით და თანამედროვე ხელოვნებამ გაიმარჯვა! 🙂  

მაურიციო რამდენიმე წლის წინ ბიენალეზე შემხვდა, შვეიცარიის პავილიონის გრძელ რიგში ვიდექით, ვარდისფერი ბლანტი სითხით სავსე აუზის სანახავად და დასასუნად. ჰოდა მოვიწყინეთ რიგში და იქაც იმაიმუნა.

და ბოლოს, ისევ, რა თქმა უნდა, ვენეცია – Kimsooja-ს To Breathe-Venice, 2023

პავილიონები მოვინიშნე, იმედია, რიგები არა და გაგრძელება კი ნამდვილად იქნება… 






მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.