fbpx

The party is not over – ქეთი შავგულიძის დღიური ვენეციის არქიტექტურის ბიენალედან -ნაწილი II


გააზიარე სტატია

ავტორი: ქეთი შავგულიძე

 საფრანგეთის პავლიონში უამრავი ხალხია, ყიჟინა და ტაში გარეთაც ისმის, გასაკვირიც არ არის – Ball Theater – ასეთია სახელწოდება  პავილიონში კი დამატებითი კონსტრუქციაა ჩადგმული, ვერცხლისფერი ალუმინის ფენით დაფარული, ბრჭყვიალა, გლამურული ნახევარსფერული თეატრი და სცენაზე საცეკვაო წარმოდგენა. მომიჯნავე სივრცეებში, რკინის შიშველ საყრდენ კონსტრუქციებზე სამოსი, პარიკები –  გაშიშვლებული საგრიმიოროა თითქოს, მაგრამ ხალხი ამფითეატრს არ სცილდება. ჟარდინიში წვეულების დროა! 

 ფრანგულ „ვიზუალურ თავშესაფარზე“, ესკაპიზმზე ჯერ კიდევ პავილიონის გახსნამდე ალაპარაკდნენ.  

საფრანგეთის პავილიონი კოლექტიური სცენოგრაფიული ნამუშევარია (არქიტექტურული ფირმა Muoto-ს თანამშრომლობის შედეგი სცენოგრაფებთან – Georgi Stanishev and Clémence La Sagna), რომელიც პერფორმაციულ სივრცეს წარმოადგენს და ამავე დროს მასპინძლობს მკვლევრებს, არქიტექტორებს, მხატვრებს, სტუდენტებს და წარმოდგენებისა და დისკუსიის ადგილად იქცევა ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა – კოლონიალიზმი და იდენტობა, ნორმები და სქესი. ინსტალაცია ავანგარდისტების არქიტექტურულ ექსპერიმენტებსაც მოგაგონებთ და წვეულებების ცნობილ დისკო ბურთსაც. ეკოკონსტრუქცია მრავალჯერად გამოყენებაზე გათვლილი, ადვილად დაშლადი და ტრანსპორტირებადია. აწყობილია ადგილობრივი მასალებით და თან, ვენეციის რეგიონის ხელოსნების მიერ.  

ვერ მოვითმინე და მეორედ დავბრუნდი. დრეგები ემზადებოდნენ. The party is not over… 

„მეზობლები“ ჰქვია პროექტს, რომელიც ფოკუსირებულია შვეიცარიის პავილიონსა და მის ვენესუელელ მეზობელ პავილიონს შორის სივრცით და სტრუქტურულ სიახლოვეზე. იდეა თავად არქიტექტურის ექსპონატად გადაქცევას ისახავს მიზნად და ასევე ორი სტრუქტურის არქიტექტორებს – შვეიცარიელ ბრუნო ჯაკომეტისა (1907 – 2012) და იტალიელი კარლო სკარპას (1906 – 1978) შორის კავშირის ხაზგასმას. 

ბრუნო ჯაკომეტის მიერ შექმნილი შვეიცარიის პავილიონი 1952 წელს გაიხსნა, ოთხი წლის შემდეგ კი კარლო სკარპას მიერ შექმნილი ვენესუელის პავილიონი აშენდა მის მახლობლად. ორივე არქიტექტორი იძულებული გახდა შენობები ხეების გათვალისწინებით დაეპროექტებინათ, რაც ამ ორი ნაგებობის ერთმანეთთან ახლო მანძილზე განთავსების მიზეზი გახდა.  

       კურატორების განაცხადის თანახმად, მიზანი ამ ხანგრძლივი, მაგრამ შეუმჩნეველი ურთიერთობის კვლევაა. ვიზუალური ინტერვენციების მეშვეობით საზღვრების აღრევა, ეროვნული წარმომადგენლობის კულტურული და პოლიტიკური დემარკაციებისა და კონვენციების აღრევის მეტაფორად იკითხება, რომელსაც თავადაც კი ავტორები „უტოპიურ ჟესტს“ უწოდებენ.  

    ლესლი ლოკოს განაცხადს ვცდილობ მოვეჭიდო: „ჩვენ განვიხილავთ ჩვენს გამოფენას როგორც გარკვეული ტიპის სახელოსნოს, ლაბორატორიას, სადაც არქიტექტორებს და პრაქტიკოსებს, რომლებიც შემოქმედებითი დარგების ფართო სპექტრს წარმოადგენენ, თავიანთი პრაქტიკიდან აღებული მაგალითების მეშვეობით გაჰყავთ ის გზა, რომელიც დაინტერესებულმა საზოგადოებამ – როგორც მონაწილეებმა, ისე ვიზიტორებმა – უნდა გაიარონ და თან წარმოიდგინონ ის, თუ როგორი იქნება მომავალი.“

მეზობლები ვახსენეთ და აი, ჩვენი მტერი „მეზობლის“ პავილიონი წელსაც უკაცრიელია. ერთი დარაჯი იცავს რუსეთის პავილიონის შესასვლელს, ისიც ფორმალურად, რადგან არავინ არის იქ და არაფერი! იმ თავზარდამცემ ვითარებაში, როდესაც ჩვენი ცა ღიაა ფრენებისთვის, მათი სივრცე რომ ექვსი თვე დაკეტილი იქნება შეიძლება დიდი ვერაფერი ნუგეშია, მაგრამ მაინც გიპყრობს პატარა სიამოვნების განცდა და იყოს აქ ეს ფოტო…  

საამების რა საოცარი პავილიონია! ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ევროპაში – ჩრდილოეთ ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთსა და კარელიაში ცხოვრობენ. მეზობელი ერები მათ ლოპარებსაც უწოდებენ („ნაპირა მიწის მცხოვრებნი“), ასევე ლაპლანდიელებს. ისინი იმ მომთაბარე ხალხების შთამომავლები არიან, ჩრდილოეთ სკანდინავიაში ათასობით წლის განმავლობაში რომ ბინადრობდნენ. ძირითადად ირმების მოშენებით არიან დაკავებული. მათ შორის ბევრია მეთევზე, მონადირე და კენკრის შემგროვებელი. საამები ტრადიციული ცხოვრების წესის თანამედროვე სამყაროსთან ჰარმონიაში მოყვანას ცდილობენ.  

  სკანდინავიური ქვეყნების მინისა და ბეტონის პავილიონს ჟარდინიში 1962 წლიდან ტრადიციულად სამი ქვეყანა ინაწილებს – ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი.   

   წელს აქ არქიტექტურული ბიბლიოთეკაა, რომლის სახელწოდება – Girjegumpi (აერთიანებს სიტყვებს წიგნი + ციგაზე დამონტაჟებული კონსტრუქცია ირმებისთვის) საამების ცხოვრების ნომადურ წესს ეხმიანება და ერთგვარ მომთაბარე ბიბლიოთეკის პროექტს წარმოადგენს, არქიტექტორი და მხატვარი ჯოარ ნანგოს თხუთმეტ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აგროვებდა წიგნებსა და მასალებს მკვიდრი საამების არქიტექტურასა და დიზაინზე, ტრადიციულ სამშენებლო პრაქტიკაზე, აქტივიზმსა და დეკოლონიალიზმის ისტორიაზე.  500-ზე მეტი წიგნი (მათ შორის  ძალიან უცნაური სათაურებით) სხვადასხვა სტრუქტურებზეა განაწილებული. პავილიონის კონცეფცია, რომელიც სოციალურ სივრცედ არის ტრანსფორმირებული, თანამედროვე არქიტექტურისთვის საამების კულტურის, სამშენებლო ტექნიკის და რესურსების რელევანტურობის საკითხს იკვლევს და ორიენტირებულია თანამშრომლობასა და ლანდშაფტისა და ბუნებისადმი მგრძნობიარე მიდგომაზე. 

 

 

საამები უმეტესწილად ლუთერანები არიან, მაგრამ ანიმიზმის და შამანიზმის ტრადიციები ჯერ კიდევ ცოცხალია მათში, ასევე კლდოვანი ქვების – სეიდების თაყვანისცემა. თითქოს ლაპლანდიიდან ზღაპრებიდან მოვიდნენ. ცოტა ხნით მათ სამყაროში ხვდები და გრძნობ, რა შორს ხარ, რა განსხვავებული და მიმზიდველია მათი სამყარო.  

წამოსვლის წინ ვკითხულობდი, ნორვეგიის პრინცესას სამეფო მოვალეობებზე უარი უთქვამს, შამან ქმართან ერთად ალტერნატიული მედიცინით რომ დაკავდეს. საამი არ არის მისი ქმარი, აფროამერიკელია, მაგრამ სკანდინავიის პავილიონზე გამახსენდა ეს ამბავი…  

      გერმანიის პავილიონის – Open for Maintenance – იდეა პირველ რიგში უკვე არსებული ნამუშევრის ხელახალ გამოყენებას ეფუძნება და 2022 წელს წარმოდგენილი მარია ეიხჰორნის ნამუშევრის “სტრუქტურის გადანაცვლების” დემონტაჟის ნაცვლად, პავილიონის ახალ დიზაინში მის ჩართვას გულისხმობს.  „ნაპოვნი ობიექტის“ სტატუსი მდგრადობის მატერიალურ და ეკონომიკურ ასპექტებს ეხმიანება. აღსანიშნავია, რომ Biennale Arte და Biennale Architettura ერთმანეთთან პირველად არის ასეთ უშუალო კავშირში.  

     პავილიონში გამოფენა მთლიანად შარშანდელი ბიენალეს ნარჩენი მასალებით არის აწყობილი. რა საინტერესო მიდგომაა რესურსების პრობლემისადმი – ბიენალეების შემდეგ, ყოველწლიურად ხომ ასობით ტონა ნაგავი რჩება.  

     გერმანიის პავილიონი თითქოს სარემონტოდ გაამზადეს. წელსაც იგივე ისტორია მეორდება, არქიტექტურული ფორმა გახსნილია, ტრანსფორმირებული. ეს სივრცე, რომელიც ნაცისტური არქიტექტურის და ისტორიის კვალს ატარებს,  გერმანელების მუდმივი კვლევის საგანია. 

 

1938 წელს გერმანიის პავილიონი ნაცისტური ესთეტიკის პრინციპების თანახმად აღადგინეს. დღესაც  აწერია დიდად GERMANIA, რომელიც წაშალეს, მაგრამ მაინც იკითხება. 1938 წელს არქიტექტურულ დაიჯესტში გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად – “ახალი გერმანული საგამოფენო დარბაზი ვენეციაში მესამე რაიხის შთამბეჭდავი, ღირსეული რეპრეზენტაცია“ უნდა ყოფილიყო, რომელიც „ამაღლებულობის ეფექტს შესძენდა იქ გამოფენილ ნამუშევრებს. დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად შერაცხული შენობის, როგორც სიმბოლოს მუდმივ „განეიტრალებას“ ცდილობენ მხატვრები და არქიტექტორები. 

მაგ., ჰანს ჰააკეს მიერ 1993 წელს დამსხვრეული იატაკი. ენ იმჰოფის „ფაუსტის“ დროს დამონტაჟებული დამატებითი მინის დონე, 2022 წლის „გათხრები“ პავილიონში და 2023 წლის „შეკეთება.“ 

FOODSCAPES, “By eating, we digest territories“ – ესპანეთის პავილიონი.  

„მაშინ როდესაც ენერგიის შესახებ დებატები უფრო და უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე, საკვები უკანა პლანზე რჩება, არადა მისი წარმოების, დისტრიბუციისა და მოხმარების გზა აყალიბებს და გარდაქმნის ჩვენს საზოგადოებებს, ჩვენს მეტროპოლისებს და ჩვენს გეოგრაფიებს უფრო რადიკალურად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ენერგიის წყარო. ჩვენი კვების სისტემებისა და მათ აგებაზე პასუხისმგებელი არქიტექტურის გაანალიზებასთან ერთად, FOODSCAPES მომავალში იმ შესაძლო მოდელებს იკვლევს, რომელნიც სამყაროს გამოკვებას, პლანეტის შთანთქმის გარეშე შესძლებენ“. – წერს FOODSCAPES-ისკურატორი ედუარდო კასტილო-ვინუესა. მასშტაბური, დამზაფვრელი და დამატყვევებელი გამოფენა აუდიო-ვიზუალურ ნამუშევრებს, საარქივო მასალებს, კვლევასა და საჯარო პროგრამას აერთიანებს. საკვების გადამუშავება, ნარჩენები, საკვებთან დაკავშირებული კოლონიალიზმი და იდენტობის პოლიტიკა – ესპანური აგროარქიტექტურის, როგორც ევროპის საკვების მამოძრავებელი სისტემის კონტექსტები.

ნანახის შემდეგ რთულია საჭმელზე ფიქრი, არადა… 

რა თქმა უნდა, ბიენალეზე ადგილს ვერ ნახავ, კაფეში იმდენი ხალხია. მაისში, ცხადია, ღია სივცეს უფრო ეტანება ყველა, მაგრამ ჟარდინიში ერთ-ერთი კაფე ოქროს ლომის „მფლობელია“, უფრო სწორად, მისი ავტორი  – ტობიას რებერგერი. კაფე, როგორც ნამუშევარი მან 2009 წელს წარმოადგინა დანიელ ბირნბაუმის კურატორობით გამართული გამოფენის –  „Making Worlds”-ის ფარგლებში. მართლაც რებერგერმა ისეთი სამყარო შექმნა, რომელიც დაუვიწყარი ადგილია ჟარდინიში. რებერგერის ნამუშევარი Dazzleკამუფლიაჟს მოგვაგონებს, razzle dazzle ან dazzle painting – დეკორატიულ სტილს, რომელიც გემების დიზაინში გამოიყენებოდა პირველი მსოფლიო ომის დროს. რა თქმა უნდა, ასეთი დიზაინი სამიზნეს არ ხდიდა შეუმჩნეველს, მაგრამ მისი მიმართულებისა და სიჩქარის განსაზღვრას სერიოზულად ართულებდა და მოწინააღმდეგის დეზორიენტაციას იწვევდა.  

კაფეშიც კონტრასტული ფერის გეომეტრიული ფორმების რთული სქემა ირეგულარული ფორმის სარკეების ჩანართებით ერთგვარ დეზორიენტაციას იწვევს, მაგრამ შიგ შესული თითქოს ნამუშევარში იწყებ არსებობას და ამ ფსიქოდელიურ გარემოსთან ზავდები. 

თან რა გემრიელი ყავა აქვთ, განსაკუთრებული.

ყველაზე ძველი ყავახანა იტალიაში – Caffè Florian სან მარკოს მოედანზე 1720 წლიდან დგას.  „ტრიუმფალური ვენეცია” – ასეთი იყო თავდაპირველი სახელწოდება, მაგრამ ვენეციელებმა კაფეს დამფუძნებლის, ფლორიანო ფრანჩესკონის სახელის მიხედვით, „ფლორიანი“ დაარქვეს. 
  გახსნის დღიდან კაფე “ფლორიანში” იკრიბებოდნენ ელჩები და ვაჭრები, მწერლები და მოგზაურები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია  – კაფე, როგორც გამონაკლისი, ქალებისთვისაც ღია იყო. აქ განიხილებოდა როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეები, ასევე ვენეციური მოდის  სიახლეები, იყიდებოდა ერთ-ერთი პირველი იტალიური გაზეთი, იგეგმებოდა რევოლუციები, იწერებოდა პიესები… ჟან ჟაკ რუსო, გოეთე, ლორდი ბაირონი, შატობრიანი, ჩარლზ დიკენსი, ნიცშე, მარსელ პრუსტი, გაბრიელ დ’ანუნციო, ელეონორა დუზე, იდა რუბინშტეინი, იგორ სტრავინსკი, ამადეო მოდილიანი, უორჰოლი… დღესაც მეფეები და დედოფლები, ცნობილი მსახიობები და მუსიკოსები “ფლორიანში” სვამენ ყავას.  

     ყავა მართლაც საუცხოოა, თუმცა ძალიან ძვირი 🙂 მაგრამ ეს ხომ არ არის მხოლოდ ყავა, არამედ ძველი ვენეციის ნაწილია. დარბაზები ძალიან ლამაზია, მოედანზე ჯდომასაც აბა რა ჯობია, მაგრამ ქვის სვეტებს შორის ჩადგმული მაგიდები, ვფიქრობ, ყველაზე გამორჩეულია… 

 

P.S. დამავიწყდა მეთქვა – რებერგერის ფსიქოდელიურ კაფე- ნამუშევარს  ძალიან სიმბოლური სახელი აქვს: 

Everything you love makes you cry  

სულ ასე არაა ცხოვრებაში?! 🙂 

და ბოლოს, საქართველოს პავილიონი, ერთდროულად ასეთი საკრალური და ბრუტალური. არაჩვეულებრივი გუნდის მიერ წყლით ნაკადებით და მათი ცვლილებებით მოყოლილი არქიტეტურული, პოლიტიკური, ეკოლოგიური და დემოგრაფიული ამბავი, რომლებიც ჩვენი წარსულიდან აწმყოს გავლით მომავალში მიედინება. 

“იანვარი, თებერვალი, მარტი” ‘ – ვენეციის არქიტექტურის მეთვრამეტე ბიენალეზე:

გაგრძელება იქნება… 





მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.