fbpx

არ დაიბნAT თბილისის წიგნის ფესტივალზე!..


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მათე წიკლაური 

 

სულ მალე წიგნის მოყვარულებისთვის დიდი ზეიმი იწყება. ტრადიციულად ექსპო ჯორჯია 2023 წლის 25, 26, 27 და 28 მაისს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი მკითხველს არაერთ საინტერესო ღონისძიებასა და სიახლეს შესთავაზებს. წიგნის ფესტივალზე მისულ სტუმარს ძალიან ბევრი გამომცემლობა უმასპინძლებს, რაც უამრავ ახალ და შესანიშნავ წიგნთან შეხვედრას ნიშნავს. 

ცხადია, ბევრს უკვე არჩეული აქვს ის წიგნები, რომელთა შეძენაც სურს, მაგრამ, ვფიქრობ, ეს  სტატია უკეთ დაეხმარება მკითხველს, გაიკვლიოს გზა წიგნის ფესტივალის ძალიან საინტერესო და ჯადოსნურ ლაბირინთებში.

სულაკაურის გამომცემლობამ“ ქართველ მკითხველს შესანიშნავი საჩუქარი მოუმზადა  და ნახევრად ფრანგი, ნახევრად კი სენეგალელი მწერლის რომანის პაატა ჯავახიშვილისეული თარგმანი გამოსცა. დავიდ დიოპი თანამედროვე ფრანგულენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი რომანი ორი სენეგალელი მეგობრის, მადემბა დიოპისა და ალფა ნდიაისას თავგადასავალზე მოგვითხრობს. პირველ მსოფლიო ომში საფრანგეთის დროშის ქვეშ გაერთიანებული მეგობრების ისტორიის მიღმა ცოცხლდება ავტორის თვალით დანახული ომის სისასტიკე და მთელი ის ისტორიული ქრონიკა, რომელიც პირველ მსოფლიო ომს ახლავს თან. რომანი 2018 წელს გამოქვეყნდა, 2021 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა და მწერალს დიდი აღიარება მოუტანა. 

 

მთარგმნელებზე საუბარი დავით წერედიანის გარეშე წარმოუდგენელია. ქართველი მკითხველი უკვე შესანიშნავად იცნობს ლორკას, ვიიონის და სხვა კლასიკოსების დავით წერედიანისეულ თარგმანებს. გამომცემლობა „ინტელექტმა“ ერთ კრებულში მოუყარა თავი გოეთეს, არტურ რემბოსა და ფედერიკო გარსია ლორკას ნაწარმოებებს და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რა საოცარ რამეს ვიღებთ, როცა დიდოსტატი  დიდოსტატ ავტორებს თარგმნის. დავით წერედიანის თარგმანები არის ნიმუში იმისა, რომ პოეზიამ თარგმანშიც კი შეიძლება არ დაკარგოს თავისი მთავარი მახასიათებელი და, მეტიც, დარჩეს ის ისეთივე დიადად, როგორიც ეს ორიგინალშია. 

 

გერმანელი კლასიკოსი, XX საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი ჰაინრიხ ბიოლი კვლავ ჩვენ წინაშეა. ქართველი მკითხველი მას ისეთი რომანებით იცნობს, როგორებიცაა „უკაცო სახლი“ და „კლუნის თვალთახედვა”. გამომცემლობა „სიესტამ“ ბიოლის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები „ბილიარდი ათის ნახევარზე“ გამოსცა. რომანი ფემელების ოჯახის სამი თაობის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ეს მრავლისმთქმელი ნაწარმოები თქვენში უკვე არაერთხელ გაჩენილ, მაგრამ, შეიძლება, მივიწყებულ ემოციებს გააღვივებს. ბიოლის შედევრი გერმანულიდან შესანიშნავად თარგმნა დავით კაკაბაძემ. 

 

გამომცემლობა „პეგასი“ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ კრიტიკას გვთავაზობს. ცნობილი მწერლის, ვლადიმირ ნაბოკოვის ლექციების კრებული ლიტერატურაზე თქვენთვის საყვარელ ავტორებთან მიგაბრუნებთ და მათ ყველასაგან განსხვავებულ სამყაროს უფრო თვალნათელს გახდის. ჯოისის, კაფკას, პრუსტის, დიკენსისა და სხვა კლასიკოსების შესახებ არსებულ ლექციათა კრებულს ჯონ აპდაიკის წინასიტყვაობა ახლავს თან. ლექციები ქართულად ქეთევან გრძელიძემ თარგმნა და, ვფიქრობ, ეს შესანიშნავი კრებული შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს. 

 

გამომცემლობა „დიოგენე“ ებრაული წარმოშობის გერმანელ-ამერიკელი ფილოსოფოსის, ჰანა არენდტის წიგნს გვთავაზობს. „აიხმანი იერუსალიმში“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიტერატურული სიახლეა ქართველი მკითხველისთვის. ეს გახლავთ ძალიან სკანდალური ტექსტი, რომელიც პირველად 1963 წელს გამოქვეყნდა, –  არენდტის თვალით დანახული აიხმანის სასამართლო პროცესი  დღემდე არ კარგავს აქტუალობას. არენდტი აიხმანის შემთხვევიდან გამომდინარე იკვლევს მთელი ტოტალიტარული სისტემის არსს და მომხდარს ძალიან ორიგინალურად გადმოგვცემს. ტექსტი ინგლისურიდან თამარ ლომიძემ თარგმნა.  ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, გავიგოთ, ვინ არის და რას ფიქრობს ქალი, რომელსაც ქართველი მაყურებელი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ ნორა გაბისკირიად იცნობს. 

 

ფრანგული ლიტერატურისა და ფილოსოფიის უდავოდ გამორჩეული ავტორია ჟან-პოლ სარტრი. სწორედ ლიტერატურულ და ფილოსოფიურ პათოსს აერთიანებს სარტრის რომანთა ციკლი „თავისუფლების გზები“. ტექსტი სარტრის ფილოსოფიის ერთ-ერთ მთავარ პუნქტს – თავისუფლებას – ეხება. რომანში მოქმედება 1930-იან წლებში ხდება და აღწერს პროფესორ მატიეს ცხოვრების სამ დღეს. ეს არის წიგნი იმაზე, რომ რამდენადაც  უნდა ერიდებოდეს ადამიანი მას, თავისუფლება თითოეული ჩვენგანისთვის დაბადებიდანვე დამახასიათებელი რამაა. წიგნი გამომცემლობა „ალეფმა“ გამოსცა, ფრანგულიდან კი თინათინ ღარიბაშვილმა თარგმნა და ქართველ მკითხველს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა

 

არ გამოტოვოთ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 25-28 მაისს და მოიწყვეთ საუკეთესო ლიტერატურული დღეები ზაფხულამდე სულ ცოტა ხნით ადრე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.