fbpx

Before the Future – ქეთი შავგულიძე ვენეციის არქიტექტურის ბიენალედან – ნაწილი III


გააზიარე სტატია

ავტორი: ქეთი შავგულიძე

 

„არქიტექტურის ყველაზე ძვირფას და მნიშვნელოვან სიმდიდრეს არა იმდენად შენობები, ფორმები, მასალები ან სტრუქტურები წარმოადგენს, რამდენადაც მისი უნარი შეცვალოს სამყაროს ჩვენეული აღქმა“ – წერს ვენეციის ბიენალეს კურატორი ლესლი ლოკო.  

Before the Futureასეთია უკრაინის პავილიონის სახელწოდება, რომელიც 10-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ არქიტექტურის ბიენალეზეა. „ჩვენ იმ პარადოქსული სიტუაციიდან ამოვდივართ, რომელშიც უკრაინელი არქიტექტორები აღმოვჩნდით. მომავალზე ფიქრი ჩვენთვის წარსულისა და აწმყოს, სივრცეების და კავშირების მუდმივ განადგურებასთან ერთად არსებობს“. 

გახლეჩილი, ორ სივრცეში – არსენალეზე და ჟარდინიში – განაწილებული, ის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს არა მხოლოდ პროექტის წარსადგენად, არამედ  ომზე და მომავალზე სალაპარაკოდ, მანამდე, სანამ ეს მომავალი იქნება. წელს უკრაინის პავილიონი თავდაცვითი ფუნქციის სტრუქტურაა – არსენალეზე თითქოს თავშესაფარი, ჩაბნელებული, რბილი ქსოვილებით დაფარული, დაბალი ჭერით, როგორც კურატორები ამბობენ, შეხვედრების და საუბრების ადგილი, ჟარდინიში კი, ღია სივრცეში მიწაყრილები, რომელთა მეშვეობით მიწასთან კავშირია აქცენტირებული. კურატორების განაცხადის თანახმად: „ომმა მიწასთან დაგვაბრუნა, ის გვიცავს, გვკვებავს და გვაერთიანებს“ 

სანგრებს მაგონებს ეს მიწაყრილები. მე ვერ წამოვწექი, მაგრამ მათთვის, ვინც ჩვენსავით ომში არ არის, ერთ-ერთი სასიამოვნო ადგილია ბიენალეზე. გაზონებზე სულ ხალხია – ზოგი ბავშვებით, ზოგი ძაღლებით… ისვენებენ, ლაპარაკობენ, მიწასთან ურთიერთობენ. საკვებიც აქ მოაქვთ და, როგორც პარკში, პატარა პიკნიკს აწყობენ. ბაღია ბაღში. თავად ჟარდინიც ხომ ბაღებს ნიშნავს. ბონაპარტმა გააშენა კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მე-19 საუკუნეში. 1895 წლიდან კი ბიენალეს ჩატარების ტრადიციულ ადგილად იქცა. რამდენიმე დაგეგმილი პროექტიდან ერთ-ერთი სწორედ ბუნებაზე იქნება, სახელწოდებით 30% – რუსეთის შეჭრის შედეგად განადგურებულ ადგილებზე, რომელიც ქვეყნის მესამედს შეადგენს! 

რა დაემართება ჩვენს მიწას ომის შემდეგ, აფეთქებებისგან მოწამლულს და  დაბინძურებულს?  

რა დაემართება ტყეებს, რომლებიც გადაწვეს ან დანაღმულია?  

როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის 30%?  

უკრაინის პავილიონის პროგრამაზე 30 არქიტექტორი და სხვა დისციპლინის წარმომადგენლები ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებენ და ეცდებიან „ააშენონ მომავალი აწმყოდან, რომელიც ყოველდღიურად ინგრევა“.  

„თითოეული გამოფენა ცდილობს მოგვითხროს რაიმე ამბავი, აქცევს რა იდეებს ისტორიებად, რომელნიც ერთდროულად რთული და ცხადია. ჩვენ კ, ნამდვილად ვცხოვრობთ რთულ დროში. „მომავლის ლაბორატორიის ისტორია იწყება აქ და დღეს“. – წერს 

ლესლი ლოკო და მასშტაბურ გამოფენას წარმოადგენს, სადაც მონაწილეთა ნახევარზე მეტი აფრიკიდან ან აფრიკული დიასპორიდან არის. კონცეფციების გვერდით ფოტოპორტრეტები გაჩნდა, როგორც ჩანს, ეს მისი საკურატორი გადაწყვეტის ნაწილია – ვიცოდეთ არა მარტო საიდან არიან ხელოვანები, არამედ ვნახოთ როგორები არიან ისინი.   

უზარმაზარი გამოფენა –  მაკეტები, პროექტები, ნახაზები, ინსტალაციები, ფოტოები, მაგრამ ყველაზე მრავლად პროექცია და ვიდეოგამოსახულება, განსაკუთრებით არსენალეზე, სადაც აგურის უზარმაზარ დარბაზებში, სიბნელის შენარჩუნების მიზნით, დაბინდული მასალით გადატიხრული გასასვლელებია.  

რას ნიშნავს იყო „ცვლილებების აგენტი?“ – ბიენალეს გახსნამდე დაისვა ეს კითხვა და ბიენალეს ჟიურის გადაწყვეტილება ერთგვარ პასუხად იქცა ამ კითხვაზე. 

ოქროს ლომი საუკეთესო ნაციონალური პავილიონისთვის: ბრაზილია (Terra [Earth]) – „კვლევითი გამოფენისა და არქიტექტურული ინტერვენციისთვის, სადაც ადგილობრივი და შავკანიანი მოსახლეობის ფილოსოფია და წარმოსახვა რეპარაციის საშუალებებზეა კონცენტრირებული“; 

განსაკუთრებული აღნიშვნა – დიდი ბრიტანეთი (Dancing Before the Moon) – „საკურატორო სტრატეგიისა და დიზაინერული განაცხადისთვის, რომელიც განადიდებს ყოველდღიური რიტუალების ძალას, როგორც წინააღმდეგობისა და სივრცითი პრაქტიკის ფორმებს დიასპორულ თემებში“. 

 ოქროს ლომი გამოფენის საუკეთესო მონაწილეს: DAAR – Alessandro Petti and Sandi Hilal (Stockholm; Bethlehem) – „პალესტინასა და ევროპაში დეკოლონიზაციის არქიტექტურულ და სასწავლო პრაქტიკაში ხანგრძლივი და ღრმა პოლიტიკური ჩართულობისთვის“. 

ვერცხლის ლომი პერსპექტიულ ახალგაზრდა მონაწილეს: Olalekan Jeyifous (n. Ibadan, Nigeria, 1977)- „მულტიმედიური ინსტალაციისთვის, რომელიც მსოფლიო მშენებლობის პრაქტიკას იკვლევს, რომელიც აფართოებს საზოგადოების პერსპექტივებსა და წარმოსახვას, სთავაზობს რა ხედვებს დეკოლონიზებული და დეკარბონიზებული მომავლის შესახებ“.  

სამი სპეციალური ჯილდო შემდეგ მონაწილეებს: 

Twenty Nine Studio / Sammy Baloji (Aequare: the Future that Never Was) – „სამნაწილიანი ინსტალაციისთვის, რომელიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარსულს, აწმყოსა და მომავალს კოლონიური არქიტექტურული არქივების მეშვეობით იკვლევს“;  

Wolff Architects (Tectonic Shifts) – „ინსტალაციისთვის, რომელიც ასახავს კოლაბორაციული და მულტიმოდალური დიზაინის პრაქტიკას, ასევე ნიუანსირებულ და წარმოსახვით მიდგომას რესურსების კვლევისა და რეპრეზენტაციისადმი“; 

Thandi Loewenson  (The Uhuru Catalogues) – „საბრძოლო კვლევითი პრაქტიკისთვის, რომელიც მიწისთვის ბრძოლების, მოპოვებისა და გათავისუფლების სივრცობრივი ისტორიების მატერიალიზებას ახდენს ისეთი ინსტრუმენტების საშუალებით, როგორიცაა გრაფიტი და სხვ“. 

მე-18 საერთაშორისო არქიტექტურული გამოფენის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 20 მაისს, Ca’ Giustinian-ში,1471 წელს აშენებულ პალაცოში. მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ამ შენობაში იყო ცნობილი სასტუმრო „ევროპა“, რომელსაც სტუმრობდნენ შატობრიანი, თეოფილ გოტიე, ჯორჯ ელიოტი, რიჩარდ ვაგნერი. Ca’ Giustinian დღეს ვენეციის ბიენალეს სათავო ოფისია. 

ამ გამოფენის ნახვას მოუთმენლად ველოდი, იტალიელი ფოტოგრაფის, უგო მულასის (1928 –1973) L’operazione fotografica, თან ჩემს საყვარელ სან ჯორჯო მაჯორეს კუნძულზე და სიხარულით გადავცურე ვაპორეტოთი დიდი არხი. სამასამდე ფოტო (მათ შორის – 50 პირველად არის გამოფენილი), დოკუმენტები, წიგნები, ფილმები…  

მისი პირველი პროფესიული დავალება სწორედ ვენეციის ბიენალე იყო – 1954 წელს მას გადაღება შესთავაზეს და აქედან იწყება საოცარი ამბავი –  ბიენალესთან ურთიერთობის მრავალწლიანი ისტორია (თითქმის 20 წელი ის ვენეციის ყველა ბიენალეს აშუქებდა), პარალელურად კი მხატვრების პორტრეტები, მათი სტუდიოები, იტალიის ქალაქები, შემდეგ კი ნიუ-იორკი და პოპ არტის სცენა. 1964 წელს, სწორედ ვენეციის ბიენალეზე გაიცნო მულასმა ცნობილი გალერისტი ლეო კასტელი და ამ შეხვედრამ მისი ნიუ-იორკში გამგზავრება განაპირობა.  

მარსელ დიუშანი და მისი ცნობილი „შიშველი“ ჭადრაკი, ლუჩიო ფონტანას ცნობილი ჭრები, რობერტ რაუშენბერგის ბიენალეზე წარმოდგენილი ნამუშევრები, კალდერის მობილები, ერნსტი, ჯაკომეტი, უორჰოლი, ჯონ ქეიჯი, ტრიშა ბრაუნი, ჯასპერ ჯონსი, ლიხტენშტაინი, ოლდენბურგი, ქრისტო, პისტოლეტო… საოცარი ფოტოები თანამედროვე ხელოვნების ისტორიის საოცარ ავტორებს აერთიანებს.   

 უგო მულასი წერდა: „თვალები – ეს ჯადოსნური შეხვედრის წერტილია ჩვენსა და სამყაროს შორის. <…> სულ უფრო მეტს ვხედავთ სხვების თვალებით…  ამ ათასობით თვალიდან ცოტა, ძალიან ცოტა თუ მიჰყვება ავტონომიურ ფსიქიკურ ოპერაციას, საკუთარ კვლევას, საკუთარ ხედვას“. იმდენად განუმეორებელია უგო მულასის ხედვა, რომ მას ვერასოდეს დაივიწყებ. 

სან ჯორჯო მაჯორეს ბაზილიკაში კი ბენედიქტელი ბერებისა და  ჩინელი დისიდენტი მხატვრის, აი ვეივეისთან თანამშრომლობის შედეგია გამოფენილი – მე-16 საუკუნის შედევრის, ვიტორე კარპაჩოს ცნობილი ნამუშევრის თანამედროვე ინტერპრეტაცია –  ლეგოს აგურებისგან აწყობილი Untitled (წმინდა გიორგი კლავს დრაკონს).  

სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვეი ვეის პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმის გამოხატულებად მოიაზრება.  

კარპაჩოს ორიგინალი გამოფენებზე მოგზაურობს, ლეგო-დრაკონი სანახავად კი არ დაგავიწყდეთ, რომ წინასწარ ჩაეწეროთ, კონკლავის კაპელა ხომ მიუწვდომელია ვიზიტორებისთვის. 

აჰჰ, კვირას Festa della sensa იქნება და რეგატების და ნავების დიდი აღლუმი მოეწყობა. ამ დღეს ვენეციელები ამაღლებას აღნიშნავენ, მაგრამ ამ რელიგიური დღესასწაულის მიღმა სხვა, უფრო ღრმა წარმართული შრე იმალება – ზღვის ქორწინების რიტუალი. ის ქალაქისა და ზღვის ათასწლოვან განსაკუთრებულ ურთიერთობას უკავშირდება. ამ დღეს ვენეციისა და ზღვის ქორწინება უნდა შედგეს და ბუნებრივია, ეს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია.  

დოჟი, ბეჭედს ჩაუშვებდა ადრიატიკის ზღვაში შემდეგი სიტყვებით: “ჩვენ ცოლად გირთავთ შენ…“ დღეს დოჟის ნაცვლად ქალაქის მერი ასრულებს ამ მოვალეობას. გონდოლების პროცესიის თანხლებით  მისი ცერემონიალური ბარჟა ლაგუნაში შეცურავს და სიმბოლურად ვენეცია ისევ ზღვაზე იქორწინებს.  

ცნობილი მკვლევარი სერჯიო ბეტინი წერდა, რომ ეს “ვენეციის მითის პერიოდული რეპრეზენტაცია და ინკარნაციაა რეალურ ცხოვრებაში“. 

შეხვედრამდე…  

 

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.