SKAZZ: ჯიუტი ბავშვების ქიმია (სრული ვერსია)
ავტორი: მიხეილ ციხელაშვილი
ფოტოგრაფი: გიორგი ყოლბაია
„როცა საუბრობ, ისაუბრე გულწრფელად და დამიჯერე, მეგობარო, ყველა გაგიგებს.“ – მღერის თანამედროვე პანკ-სცენის ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა, ირლანდიელი პოეტი გრიან ჩეტენი, დღევანდელი როკ-მუსიკის უკვე ემბლემურ ჩანაწერში – A Hero’s Death.
2021 წლის მიწურულს, ქუთაისში, ჯგუფ STRESS-ის წევრებმა – საბა ვაშაყმაძემ და ნოდო კუპრავამ საკუთარი მუსიკალური ქიმია ცალკე გამოააშკარავეს, დუეტი SKAZZ შექმნეს და ბავშვური – ჯიუტი და რომანტიკული – რაც მთავარია გულწრფელი მუსიკის კეთება დაიწყეს. ქუთაისის მიწისქვეშეთში დარჩენის პარალელურად SKAZZ მაინც სწრაფად აფეთქდა, შეიძინა ათასობით ლოიალური მსმენელი, „გაჰაიპდა“ Tik-Tok-სა თუ Instagram-ზე. და მაინც, საბაც და ნოდოც, მზარდი პოპულარობის მიუხედავად, მკაცრად რჩებიან არაპრივილეგირებულ პოზიციებზე.
მათი ხმის გულახდილობა უცხოეთშიც იცნეს, ამიტომაც მიიწვია ბერლინურმა No Rules Concerts-მა და ჯერ სამი შოუ დააკვრევინა, გაზაფხულისთვის კი კიდევ ხუთი დაიგეგმა – ყველა გერმანიის სხვადასხვა ქალაქში.
თუ დავუკვირდებით, SKAZZ-ს, პირველ რიგში, ენთუზიასტებისგან აქვს მხარდაჭერა. ქართულ ცენტრალიზებულ მუსიკალურ ინდუსტრიაში ეს ფაქტორი ამ დუეტს უნიკალურ წარმონაქმნად აფიქსირებს. „არ ეშლებათ“, – იძახიან მათზე და მართალია ბევრი „ჯერ-საც“ ამატებს, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ახლა, ამ დროით და სივრცით მედიუმში, დუეტი სწორედ ვითარდება. ნოდოც და საბაც, ერთად და ცალ-ცალკეც, მუდმივ დიალოგში არიან საკუთარ აუდიტორიასთან, ამხანაგების წრესთან, იდეოლოგებთან. მათი სათქმელის ფორმასაც დიალოგის რეჟიმი განსაზღვრავს.
ნოდო კუპრავამ ერთხელ ასეთი ისტორია მომიყვა: კონცერტის დაკვრის მერე, თავადაც მთვრალმა, ახალციხეში ქუჩაში მცხოვრებ ლოთს Marshall-ის ყურსასმენები აჩუქა. სისულელე მომივიდა, უაზრო არტისტული ხოდი იყოო; როგორც კი ხელი მოჰკიდა, მაშინვე მივხვდი, ლომკა როგორ მოეხსნა, სრაზუ პოლლიტრაში გაცვლიდაო. გულუბრყვილობაა გჯეროდეს, რომ ასე გააუმჯობესებ გარემოს იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გინდა მისი გაუმჯობესება, მაგრამ სწორედ ბავშვური გულუბრყვილობები და სიჯიუტეები რჩება პანკ-მუსიკის ისტორიაში ყველაზე ქმედით ნაბიჯად. SKAZZ ჯერ თავადაც ბავშვია, რომელსაც ქართული მუსიკალური სცენა დიდხანს ელოდა. ამიტომაც არის საინტერესო, თუ როგორ გაიზრდება ეს ჯიუტი ბავშვი და როგორ გაზრდის საკუთარ აუდიტორიას.
სასტიკ ნაბახუსევზე მყოფი, მე და ფოტოგრაფი გიორგი ყოლბაია SKAZZ-ს ჯენტრიფიცირებულ დიდი დიღმის ჯუნგლებში, მათსავე თბილისურ აპარტამენტებში, ვეწვიეთ. ინტერვიუსთვის მხოლოდ ამ დღეს გვცალია, მერე ბიჭები ქუთაისში მიდიან და მეც კარგა ხანს ვეღარ შვხვდები. თავადაც ნაბახუსევზე მყოფებთან ბენდის ამხანაგი ანანო აგვიძღვა. მისაღებ ოთახში ვსაუბრობთ, ვსვამთ ცხელ ჩაის და საუბარს ფონად გასდევს Aphex Twin-ის მუსიკა.
დიდი ხანი არაა, როგორც SKAZZ არსებობთ, მაგრამ ერთად დაკვრის გამოცდილება მანამდეც გქონდათ და საქართველოს მასშტაბით მრავალნაირი სივრცე და აუდიტორია გამოსცადეთ. როცა ამ გავლილ გზაზე ფიქრობთ – ქუთაისის ანდერგრაუნდ მოშ-პიტებიდან ბერლინის კლუბებამდე, როგორ გგონია, რა არის ის მთავარი რამ, რაზეც იმუნიტეტი გამოიმუშავეთ?
საბა: ალბათ აუდიტორია. იმას ვგულისხმობ, რომ დასაწყისში, განსაკუთრებით SKAZZ-მდელ და SKAZZ-ის საწყის პერიოდში, არ გვისწორდებოდა ის აუდიტორია, რომელიც ჩვენს კონცერტზე მოდიოდა. იმიტომ, რომ მსმენელი რომელიც ესწრებოდა ლაივებს, ჩვენგან სხვა რამეს ელოდა და ჩვენ სხვა რამეს ვახვედრებდით. სხვა ხალხს და სხვა მუხტს ველოდით ჩვენც – შესაბამისად, ისინიც უკმაყოფილოები რჩებოდნენ და ჩვენც. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, განა შევეგუეთ ამ რეალობას, არამედ მიდგომა იქით შევატრიალეთ, რომ კი, რატომაც არა, მოვიდეს ყველა, ვისაც უნდა, ვაბშე ყველასთან შეგვიძლია სიმღერა. „ანარეკლში“ განსაკუთრებით იყო ეს მომენტი, მაშინ ჩვენც ბოლომდე ვერ ვხვდებოდით, რა ნიადაგზე ვიდექით – ყლეზე, მუტელზე, შედებაზე და ორგაზმზე ვმღეროდით სულ და ეგ გვეგონა პანკი. დატვირთვა არ ჰქონდა ჩვენს მუსიკას. გარკვეული დროის მერე მიხვდით, რომ მეტი წონა შეიძინა ჩვენმა მუსიკამ, რაღაცები ცხოვრებაშიც უფრო მნიშვნელოვანი გახდა, უფრო პოლიტიკური გავხდით როგორც მუსიკოსები და შესაბამისად, იმათაც გავიზარდეთ, რომ ლაივზე მოსულ ყველა მსმენელთან გამოგვენახა საერთო ენა და გასაგებად გვეთქვა ჩვენი სათქმელი.
აუდიტორია თუ გაიზარდა თქვენთან ერთად?
ნოდო: კი, როგორ არა! ბევრი ადამიანი შემოგვრჩა დღეს იმ პირველი აუდიტორიიდან, იმ სასტავიდან, ვინც შემთხვევით მოვიდა ჩვენს კონცერტზე და იმის მერე, დიდი დრო რომ გავიდა, ნელ-ნელა სხვა ადამიანად იქცა. ქუთაისში ლაივებზე, გინდა-არგინდა, მაინც ერთი წრე დადის და შესაბამისად, სხვაგან რომ ვერ მიდიხარ, იძულებულიც კი ხდები საერთო ენის გამონახვა ისწავლო. ასე იზრდებით ერთად მსმენელი და მუსიკოსი. ვიღაცები თბილისში იმიტომ წამოვიდნენ, რომ აქ ხდება ყველაფერი, ქუთაისში ივენთების და სივრცეების მხრივ არაფერი ხდება და ვინც დავრჩით, კომუნასავით შევიკარით.
გარეთ წვიმს, თუმცა ოთახში სიმშვიდეა.
ამ საიდუმლო ლექსების ოდისეა
არ მინდა რომ დაივიწყო, ლოცვის დღეა.
რასაც ჩუმად ვეტრფი, ჩემი ნაპოვნი მზეა
და მე არ გთმობ, და მე არ გთმობ, და მე არ გთმობ და მე არ გთმობ.
ბიოგრაფიული ნაწილი გააგრძელეთ. SKAZZ ხომ პანდემიის ნაყოფია? მეტი გაგვიზიარეთ, რა ხდებოდა პანდემიამდე და პანდემიისას?
საბა: ვუკრავდით ბარებში, ცხოვრების ტემპი ძალიან ჩქარი იყო, ვერც ვერაფრის დამახსოვრებას ვახერხებდით – ალბათ არც ვცდილობდით – წლები გაგრძელდა ეგრე. მერე უცებ ყველაფერი ჩაქრა და ჩაკვდა, ვაბშე არაფერი ხდებოდა და ამ პერიოდში დამშვიდდა ჩვენი ცხოვრებაც. ისე მოხდა, რომ უთქმელად დავიწყეთ SKAZZ-ის კეთება. იმ წლების გამოცდილებამ SKAZZ-ს ასწავლა, რომ მხოლოდ ქაოსური მიდგომით ვეღარ გავაგრძელებდით მუსიკის შექმნას.
ნოდო: მე და საბას „ანარეკლამდეც“ გვქონდა ერთად დაკვრის გამოცდილება. ყოველთვის კარგი მუსიკალური კომუნიკაცია გამოვდიოდა და როცა გადაწყდასავით, რომ SKAZZ-ზე უნდა გვემუშავა, ორი სიმღერა უკვე იყო – Kurota და Pleasure. ამ ორმა სიმღერამ დაგვიდასტურა ის, რომ ჩვენ ორნი ცალკე გაცილებით კომფორტულად ვმუშაობდით.
საბა: სადაც დაგვიკრავს სულ კარგი ურთიერთობა გვქონდა ყველასთან, მაგრამ ჩვენ ორს მაინც მგონია, რომ საუკეთესო მუსიკალური ბმა გამოგვდიოდა და ამან შეგვიწყო ხელი, მივხვდით, რომ შეიძლება ბენდში ყველანი კარგები არიან და გვიყვარს ყველას ერთმანეთი, მაგრამ მუსიკალური გაგება სულ სხვა თემაა. შეიძლება ვარსკვლავებს არ ვწყვეტთ განსაკუთრებული კომუნიკაციით, მაგრამ ერთმანეთის კარგად გვესმის და ძაან კომფორტულია დუეტად ყოფნა. დავამუღამეთ ერთმანეთი.
ჟანრები, რაც თქვენს მუსიკასთან თანკვეთაშია – დარქვეივი, პოსტ-პანკი, ელექტრო-პანკი და ა.შ. – ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური აკუსტიკური ფორმაა იმ მხრივ, რომ თითქმის ყველა ენას ერგება. აგერ გუშინ თურქულ ბენდთან ერთად უკრავდით, რამდენიმე თვის წინ ბელორუსული Молчат Дома იყო ჩამოსული. მე მაინტერესებს იმ აკუსტიკურ ნაკადში, რომელშიც ტრიალებთ, სად არის და რა არის SKAZZ-ის იდენტობა?
ნოდო: SKAZZ-ის იდენტობას, პირველ რიგში, ალბათ ქუთაისი განაპირობებს და ჩვენი მუშაობის ფორმატი. ბაზარი არაა, დარქვეივს და პოსტ-პანკს ვუსმენთ წლებია და გავლენებიც ამ ჟანრების ბენდებისგან გვაქვს, მაგრამ საბოლოოდ ჩანაწერს რომ ვუსმენთ ხოლმე, ვამუღამებ, რომ სულ სხვა ჟღერადობა გამოგვდის. რომ გვგონია შთაგონება ვისგანაც მივიღეთ, იმას დავემსგავსებით, თან ზოგჯერ იმინა გვინდა ხოლმე იმისნაირად გავაკეთოთ, მაინც სხვანაირად გამოგვდის. რაღაცნაირად ჩვენი პოსტ-პანკი გამოდის.
საბა: ენასთან მიქსში რომ იქმნება ჟღერადობა – ქართული ენაც რომ მუსიკის ნაწილია – ეგ დიდ როლს თამაშობს. ხშირადაა ხოლმე, რომ უკვე დაწერილ მუსიკას ვარგებთ ტექსტს; არ ხდება მხოლოდ ისე მუშაობა, რომ ჯერ ტექსტი იწერება და მერე ვწერთ მუსიკას. თან ინგლისურადაც ხომ გვიცდია წერა! მაგრამ ქართულია მაინც ის, რაც ჩვენს იდენტობას გვანიჭებს.
ნოდო: ქუთაისი იმ მხრივაც განსაზღვრავს, რომ ცუდი ხარისხის ჩანაწერები გვაქვს. საშინელი აპარატურით ვწერთ, ქუთაისში არაა მეტის საშუალება. დავუმატოთ ამას ისიც, რომ მეტწილად ქუთაისურ პრობლემებზე და ქუთაისიდან გამომდინარე ვმღერით, რასაც ხალხიც ხვდება. ყოველთვის აღნიშნავენ ხოლმე, ჩვენს კონცერტებსაც ქუთაისური დრაივი აქვს. ძველებს უთქვამთ 90-იანების ქუთაისის დუხი გაქვთო.
საბა: და კიდევ სულ აღნიშნავენ ხოლმე იმას, რომ თბილისში ჩამოვიდნენ ქუთაისელი ბიჭები და ა.შ. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, რომ თბილისელები არ ვართ.
მაგაზე საუბარი ცალკე მინდა გავაგრძელოთ, მაგრამ მოდი, ჯერ ქუთაისში დავრჩეთ. Memorial როცა გამოვიდა, რაღაცნაირად ძალიან ორგანულად მოირგეთ მთელი ისტორია – სწორად შეეხეთ, სწორად მოჰყევით, ბოლომდე ჩაჰყევით და თქვენი გახდა. მითუმეტეს, რომ ამაზე არ ულაპარაკია არავის. რატომაა SKAZZ-ისთვის ისტორია მნიშვნელოვანი?
ნოდო: ჩვენთან ისტორიას ხელოვნურად ცვლიან, პროექტია ხოლმე თითქოს, როგორც ამ მემორიალის ისტორია იყო. მე იქ დიდი დრო მაქვს გატარებული, მახსოვს, თუ როგორ განსაზღვრავდა მთელ გარემოს ის მონუმენტი – ვიზუალურადაც და იდეურადაც – ბევრი გვილაპარაკია, თუ რას ნიშნავდა, რას გვახსენებდა ეგ მემორიალი, ტრაგედიის დღეც მახსოვს. მაგრამ ახლა რომ გავდივარ იქ და აღარაა, აღარ გვახსენებს ჩვენს ისტორიას, მიტყდება. მე კიდევ მინდა, რომ ისეთი რამეები შევახსენოთ ხალხს, რაც მართლა არ უნდა იყოს დასავიწყებლად მიგდებული.
საბა: და ისტორიაში მარტო წარსულს არ ვგულისხმობთ ჩვენ. სრული სურათი, თავისი აწმყოთი ისეთ დეტალებს გამოკვეთს, ისეთ ხაზებს ავლებს სხვადასხვა დროს შორის, რომ ეს ხაზები და მისი დანახვა მეც მაყალიბებს მერე ადამიანად. თორემ წარსულს კი არ მივტირით?!
ანანო: ეგ სიმღერა რომ გამოვიდა, ლიბერალები აყვირდნენ, საბჭოთა კავშირის ფეტიშიაო, სოციალისტებმა SKAZZ თავის ბენდად მონათლეს, იარლიყებს ვერ ასცდნენ.
საბა: არადა, ჩვენ უბრალოდ დაარქივება გვინდა იმის, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და დასავიწყებლად განწირული ეპიზოდია ისტორიაში. ამავდროულად, მშვენიერი საგანიცაა, რომელიც თავის მხრივ განახებს ბევრ რამეს – ისტორიულ გარდაქმნებს, რომანტიკას, სოციალურ ყოფას…
თბილისს მივადგეთ. ყველაფერი თბილისში ხდებაო, ამბობთ. არადა, თითქოს ისე ჩანს, რომ ქართულ ენაზე ამღერებამ სხვადასხვა ჟანრში, ისიც გამოიწვია, რომ ტერიტორიულადაც გაფართოვდა მუსიკალური სივრცე. თქვენ ცენტრს არ წარმოადგენთ. პერიფერიის ხმა ხართ, თუმცა სიდიდით მეორე ქალაქიდან. როგორ ფიქრობთ, რა ფაზაშია დეცენტრალიზაციის პროცესი დღეს და რა ლოგიკურ შედეგამდე უნდა მივიდეს?
საბა: იცი, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქალაქებშიც თითქოს იხოდება სიტუაცია, მაინც ეგზოტიზაციის ფილტრი ადევს ამ ყველაფერს, რაც ძაან დიდ უხერხულობას ქმნის – ჩვენ გვიქმნის, ყოველ შემთხვევაში. თბილისში რომ დავუკრავთ ხოლმე და „ვააუუუ, ბიჭები ქუთაისიდან ჩამოვიდნენ, გაჭირვებიდან ჩამოვიდნენ და ახლა ჩვენთვის უკრავენ.“ – ეს რიტორიკა გვესმის, არაა მთლად იმედის მომცემი. ეს დამოკიდებულება მსმენელშიცაა და მუსიკალურ ინდუსტრიაშიც. მაგრამ მაინც გვგონია, რომ რადგანაც მუსიკოსებში არის ეგზოტიზაციის პრობლემა, აქედან გადაედება ხოლმე მსმენელსაც. მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ქუთაისში ვისაც მუსიკის კეთება უნდოდა, ყველა მაინც თბილისში ჩამოვიდა; საბოლოოდ, მუსიკა კი არა, ყნოსვის მეტი არაფერი უკეთებიათ, მაგრამ რას ვიზამთ?! მუსიკოსსაც უნდა ჰქონდეს იმის სურვილი, რომ ცენტრს გაშორდეს თავისივე ინიციატივითაც. მესმის, თანხების ამბავიცაა, მაგრამ ბოლნისიდან თბილისში და ქუთაისში ვერავინ ჩამოვა SKAZZ-ის მოსასმენად. SKAZZ უნდა ჩავიდეს იქ. პერიფერიაში ცხოვრებისას საღამოს გასართობად წასვლაზე ფიქრიც კი ფუფუნებაა.
ანანო: ჩემთვის ის ხალხი, ვინც თბილისს და ქუთაისს გარეთ SKAZZ-ის ლაივებზე მიდის ხოლმე – იმის მიუხედავად ესმით თუ არა მათი ტექსტები ან შეუძლიათ ახსნან, რა მიზნით უსმენენ SKAZZ-ს – არის იმის ნიშანი, რომ მათ გათავისებული აქვთ საკუთარი წინააღმდეგობა, აჩვენებენ იმას, რომ ცოცხლები არიან, მოძრავები არიან და ეს ხალხი SKAZZ-ისთვისაც მამოტივირებელი უნდა იყოს. ამ ხალხიდან გამომდინარე იძვრის საკითხები წინ, თორემ თბილისში ყველაფერი მაინც გართობის ინდუსტრიას ემსახურება.
ნოდო: ქუთაისში 10-15 წლის წინ უკრავდა ასე 15 ბენდი, სარეპეტიციო სივრცეც იყო და საკონცერტოც. ინტერესიც ჩანდა ასე თუ ისე. კამანდა ყოველ შაბათ-კვირას ატარებდა ფართებს, თბილისიდანაც ჩამოდიოდნენ ბენდები, ახლა კიდევ არანაირი ინდუსტრია არაა. სარეპეტიციო სივრცეც კი არაა ბენდებისთვის.
საბა: ეგ თბილისური ბენდები რომ ჩამოდიოდნენ და დიდი სცენის სუნი სცემდათ ქუთაისელ მუსიკოსებს, რაღაც მხრივ მაგანაც გამოიწვია, რომ მოიხიბლნენ და წავიდნენ. არადა, ეს არომატიც ილუზორული იყო. იმ მუსიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა მუსიკას აღარ ქმნის დღეს. ისე არ იფიქრო, რომ მათ ვადანაშაულებ ერთმნიშვნელოვნად. უბრალოდ, სანამ ერთი ცენტრის გარშემო ვიწრიალებთ, დავკარგავთ ბევრ ბენდს და ბევრ ხმას. დეცენტრალიზაცია ჩემთვის მარტო თბილისშია დაწყებული, იმ პონტში, რომ დიდუბეში და ვარკეთილში დაიწყო იმ მუსიკის კეთება, რომელსაც ამჩნევენ. მაგრამ სრულ სურათში ეგ თითქმის არანაირ როლს არ თამაშობს.
ნოდო: თბილისის მუსიკალური ინდუსტრია ისეთია, რაღაც რისკებზე წასვლა შეიძლება. აი, მაგალითად, „თბილ ორგიაში“ აკვრევინებდნენ ყველა ახალგაზრდა დიჯეის თუ რეპერს, შანსს აძლევდნენ ყველას; ღადაობა ისაა, რომ ამ პრაქტიკამ „თბილი ორგიის“ მუშაობა უკან დახია, იმიტომ რომ, ხალხისთვის ვიღაც სახელიანი ტიპი აღარ უკრავდა. ქუთაისში კიდევ რეალურად სივრცეც არაა დასაკრავი და თუ არის, იმ სივრცეში არტისტიც და მსმენელიც ცოტაა. შესაბამისად, ვინც მოვა, ყველას ასე თუ ისე ეძლევა დასაკრავი დრო. ყოველდღე SKAZZ ხომ არ ჩაატარებს კონცერტს?! რომ ვამბობ, სარეპეტიციო სივრცეები არაა მეთქი, განა ვაჭარბებ რამეს?! არაა ისეთი ადგილი, სადაც ინსტრუმენტებია ხელმისაწვდომი, სადაც თინეიჯერი მივა თავის ჭკუის სასტავთან ერთად და დაუკრავს. თბილისში სარეპეტიციოებიცაა და ჩანაწერების გაკეთებაც შესაძლებელი ხდება უკვე. მაგალითად, გავიცანით ერთი უკრაინელი ტიპი, რომელიც სარეპეტიციო სივრცეს უსასყიდლოდ უთმობს მუსიკოსებს, იქვე კამერებიც უყენია, რექორდერს რთავს რეპეტიციისას. მზა ჩანაწერია ფაქტობრივად.
(ავტორის შენიშვნა: ამ ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე კვირაში, ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩა #17-ში, SKAZZ-ის და მეგობრების შრომით შეიქმნა მულტიკულტურული ექსპერიმენტული სივრცე რადიო 2702, რომელიც ყველასთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი როგორც სარეპეტიციო და ხმის ჩამწერი სივრცე.)
ანანო: თბილისში ამ შესაძლებლობების პარალელურად პრობლემა არტისტიც არის ხოლმე, იმიტომ, რომ კონკრეტული, გაქაჩული ლეიბლების იმედადაა ხოლმე. ეგრე არაფერი გამოვა. ბევრი დამწყები თბილისელი მუსიკოსიც კი მაგ ლეიბლებს აღიქვამს, როგორც ავტორიტეტებს და ჰგონია, რომ უმაგისოდ გაქაჩვა არ გამოვა. სამწუხაროა, რომ ურთიერთდახმარების პრინციპი ძაან დაბალ საფეხურზეა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ცენტრალიზებული მეინსტრიმის გარეთ იარსებო სრულფასოვნად. თუ იმ ფიქრს მოიშორებ არტისტი, რომ Tbilisi Open Air-ზე დაკვრის გარეშე ვერავინ დამინახავს, ამ ლეიბლის გარეშე არავინ დამინახავს, ადგები, აიღებ გიტარას და წახვალ ბაღდათში, ბათუმში თუ ბოლნისში, მაშინ დაიწყება დეცენტრალიზაციაც.
ეგზოტიზაცია ახსენეთ; ქუთაისიდან თბილისში თუ იგრძნობა, რამდენად საგრძნობია ეს პრობლემა საქართველოდან გერმანიაში? ახლახან მორჩით პირველ გერმანულ ტურს და ამ გამოცდილებაზე რომ მოგვიყვეთ.
საბა: ეგზოტიზაცია იქაც გამოვცადეთ. იყვნენ ტიპები, რომლებიც კონცერტის მერე მოვიდნენ და გვითხრეს, როცა გავიგეთ ქართული ჯგუფი მოდის, მხარდაჭერის განცდამ მოგვიყვანაო, იმიტომ, რომ ფაქტობრივად ბრძოლის ველიდან მოდიხართო. კი ვიფიქრე, ამათ შიგ ხომ არ აქვთ-მეთქი, მაგრამ ვუქნევდით თავს. ქართველებიც გაგვეჩითნენ, რომელთაც ასევე ჰქონდათ ის დამოკიდებულება, რომ „ვაუ, საქართველოდან გამოღწევა მოახერხეთ ბიჭებო!“ , თუმცა მეტწილად მაინც სასიამოვნო აუდიტორია დაგვხვდა. ჩვენამდე და ჩვენს მერე ვინც უკრავდნენ, ის გერმანული ბენდები, ძირითადად ერთნაირად ჟღერდნენ და უმეტესი მსმენელიც მათზე იყო მორგებული; არავინ ცეკვავდა, არავინ ირხეოდა, გამეხებული სახეებით გისმენდნენ და თითქოს გასკანერებდნენ. როგორც ჩანს, სახასიათოა ეგ ჩასაფრება და ყურადღებიანობა გერმანელი მსმენელისთვის. მერე მოდიან და გარდა იმისა, რომ გეკითხებიან, მერჩენდაიზინგი სად და როგორ შეიძლება იყიდონ, ასევე გიზიარებენ იმას, თუ რა მოისმინეს და რა განიცადეს, როგორ გაიგეს, რაღაცნაირად მათემატიკურად გილაგებენ ფიდბექს.
ნოდო: საუნდის გამართვაზეც ვთქვათ. აქ არასოდეს დაუყენებიათ ჩვენთვის საუნდი ისე, როგორც იქ. და მარტო გამართვაც არაა; როგორ გეპყრობიან ტიპები! გაცნობიერებულები არიან ჟანრში და იციან, რომელ არტისტზე როგორი ხმა უნდა დააყენონ. ხმის ინჟინერი ვინც იყო, გვითხრა, რომ რაც კი მონახა სტრიმინგებზე, ჩვენი ყველაფერი მოისმინა და იმის მიხედვით დაგვიყენა ხმა. მერეც, პროცესში სულ გვეკითხებოდა, რა და როგორ გვერჩივნა ყოფილიყო. ჰოდა, რომ შეადარო გუშინდელი კონცერტის საუნდს – მე არ ვიცი აუდიტორიაში რა როგორ ისმოდა – მაგრამ სცენაზე გავიტანჯეთ. არ ასწორებს, როცა კონცერტისას ენერგია გეხარჯება იმაში, რომ ხმა არ გესმის და დაკვრისას სულ მეტრონომად ხარ გადაქცეული, ზოგჯერ ვარაუდზე უკრავ.
საქართველოში საუნდის დაყენებისას სწორი მიდგომა ჩვენ მარტო როკვაზე გამოვცადეთ, ეგეც მეგობრულ ამბავში, იმიტომ, რომ საუნდ ინჟინერს Vinda Folio ედგა პულტთან და მთელი ლაივის განმავლობაში უკარნახებდა, რა როგორ დაებალანსებინა. მან იცის, ჩვენი მუსიკა როგორ უნდა ისმოდეს, ჟანრის სპეციფიკა ესმის და ამით გვიშველა, თორემ რასაც ჯაზ და საორკესტრო კონცერტებზე აყენებენ, იმას დაგიყენებენ ხოლმე შენც.
თუმცა, გერმანიაში კაი საუნდი კი არის, მაგრამ ქუთაისური მუხტი გაკლია – ის ენერგია, რასაც საქართველოში მივეჩვიეთ მსმენელისგან; ჩახლეწამდე რომაა ხოლმე ერთი კამანდა სცენის წინაც და მერე გარეთაც – ერთიანი დუხია.
საბა: კი ხშირად ვწუწუნებთ ხოლმე საუნდის პრობლემაზე, მაგრამ ზედაპირულად არ ვუყურებთ ამ საკითხს. ჩვენში პრობლემა ისიცაა, რომ შესაბამისი სკოლები არ არსებობს, სპეციალიზება არ ხდება, და წესიერი და თან ხელმისაწვდომი განათლება არ არის ამ მიმართულებით. რა კურსებიც არის, ის კურსები გარანტიას არ გაძლევს, რომ ამ საქმით იშოვი შემოსავალს, სტაბილურ სამსახურს, არც იმაში ხარ დარწმუნებული, რომ ჟანრობრივ განსხვავებებს გასწავლიან და აითვისებ როგორც ინჟინერი. ბევრშრიანი პრობლემაა ეს და მარტო ხმის ინჟინრებს ვერ შეაწმენდ ხელებს ამაზე.
სოციალურ ფაქტორებსაც მივადექით. ისტორიის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ და ჩანს, თუ რამდენად ირეკლება სოციალური გარემო SKAZZ-ის მუსიკაში, მაგრამ თავად SKAZZ რამდენადაა სოციალური ელემენტი?
ნოდო: იმ მუსიკას, რასაც ჩვენ ვუკრავთ, ჟანრობრივად ხშირად არ ახასიათებს ხოლმე სოციალური თემები, მთავარი აქცენტი მაინც უფრო რომანტიკაზე, პირქუშ სევდაზე, შინაგან ტკივილებზეა და ა.შ. აკუსტიკური ნაკადიც რაღაც ისეთია, რომ თავის დროზე გაგვიჭირდა მოგვერგო ჩვენი სათქმელი, ჩვენი სოციალური მესიჯები ამ ჟანრისთვის. ხშირ შემთხვევაში ვიღაცისთვის გაურკვეველია ხოლმე ჩვენი ტექსტები და კითხვები ჩნდება, თუ რას ვგულისხმობთ, მაგრამ გვგონია, რომ SKAZZ თავისი პოზიციით მაინც ნათლად ჩანს, როგორც სოციალური ელემენტი – იცის ჩვენმა მსმენელმა, სად ვდგავართ, სად ვუკრავთ თუ არ ვუკრავთ და ეგეთები.
საბა: STRESS-ში უფრო მარტივად გამოდის ეგ საქმე, სიმართლე რომ ითქვას. იქ უფრო გვაძლევს ჟღერადობა იმის საშუალებას, რომ სათქმელი ისე ვთქვათ, როგორც ამოდის ჩვენგან. მაგრამ პრობლემა არც ის მგონია, რომ ძირითადად სიყვარული და მელანქოლიაა პოსტ-პანკი. სიყვარულიც ხომ პოლიტიკური და სოციალური რამაა?! ჩვენც ვცდილობთ რამენაირად გასაგებად ავხსნათ ის გარემო, რომელზეც პირდაპირ ვართ მიბმულები – ქუთაისი, ჩემი ოჯახის მდგომარეობა, ჩემი მეგობრების მდგომარეობა, ის ადამიანები, რომლებიც ირგვლივ არიან და გვიბიძგებენ ვწეროთ, ადამიანები, რომელთან ურთიერთობაც გვზრდის…
„დაინახავ ხალხს დროშით დაღლილს…“
SKAZZ-ის ზღაპრის უხილავი გმირები
საბა: კი, შეიძლება ეგრეც ითქვას. კონკრეტულად ერთს და ორს ვერ დავასახელებთ, მაგრამ ზოგადად ის ამხანაგები, ვინც გარშემო გვყავს, ვინც ტვინი მოიტყნა იმაზე ფიქრით და ყვირილით, რა როგორ შეიძლება გამოსწორდეს ქვეყანაში, ქუჩაში დროშით დგანან და ჯერაც სჯერათ, რომ რაღაცას შეცვლიან. მთავარ ბიძგს სწორედ ეს ამხანაგები გვაძლევენ.
ნოდო: ის მომენტიცაა, ქუჩაში ვიღაცას დავინახავთ და ეს განაპირობებს ხოლმე ჩვენს სიმღერას მერე. იმდენ რამეს უყურებ ქუთაისში, და ისეთ რამეს, რომ სახლში მიდიხარ თუ არა, სრაზუ წერას იწყებ; ეგ კი არა, იქვე იწყებ წერას და გონებაში ატრიალებ სახლში მისვლამდე, რომ არ დაგავიწყდეს. ქუთაისის ბაზარში ერთი გავლა გინდა და ნახავ, რა ჰარდქორში ვცხოვრობთ; და ეს ადამიანები, ამხელა ტკივილით რომ არიან წარმოჩენილები და მაინც შენთან ურთიერთობაში იმაზე არიან კონცენტრირებულები, რომ გაგიღიმონ და ის გაგრძნობინონ, რომ ჩვენ შეიძლება ვერაფერი მოვასწარით, მაგრამ შენ გვინდა, რომ მოასწროო, ეგ ხალხი მუხტს გმატებს; ამბებს გაძლევენ, რომლებიც უნდა მოჰყვე მერე. შეიძლება პირდაპირ ტექსტიც კი გითხრან სიმღერის. გამზადებული მასალაა იმ ხალხის ცხოვრება, რომლებიც დღევანდელმა სოციალურმა და პოლიტიკურმა ცხოვრებამ ჩაითრია. ბევრი გამოგონება არ გჭირდება. მითუმეტეს, რომ ლამის ასი პროცენტია ჩათრეული ამ დინებაში.
ერთმანეთის დაუხმარებლად არაფერი გამოვა. მე და საბა პატარები რომ ვიყავით და ქუთაისში რაღაცის კეთება გვინდოდა, მაშინდელი 90-იანების მუსიკოსები – არა-მუსიკოსებიც – სულ გვებაზრებოდნენ და რჩევებს გვაძლევდნენ, გვასმენინებდნენ რაღაცებს, გვანათლებდნენ ფაქტობრივად. სულ გვყავდა გარშემო ხალხი, ვისაც უნდოდა რომ ახალი გვენახა, გამომდინარე იქიდან, რომ ვაჩენდით ჩვენ რა გვევასებოდა. ახლა რომ ვუფიქრდები, ჩვენზე 20-30 წლით უფროს ხალხთან კომუნიკაცია რომ გავჭერით, იმ კამანდამ რომ თავიანთი მუსიკალური გემოვნება და განათლება გაგვიზიარა, ეს დაგვეხმარა იმაში, რომ ერთიანობის განცდა გაჩნდა მთელ კომუნაში. ჩვენი ამხანაგები ძაან განსაზღვრავენ ჩვენს ყოველდღიურობას და მერე ჩვენზე მოქმედებს ეს, თუ როგორი ფორმა უნდა მივცეთ სათქმელს.
ანალოგიურად გვინდა ჩვენც ვიყოთ მერე. ვხვდებით, რომ პატარებზე რაღაც გავლენა გვაქვს უკვე. მეზობლის ერთი-ორმა ბავშვმა რომ დაინახა, მე და საბა ამას ვაკეთებთ, იმათაც მოუნდათ. ამოვიდნენ სახლში ჩემთან და ჩავაწერინეთ ორი სიმღერა. მსგავსი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საშუალება ასეთი გამოცდილებები მიიღონ.
ერთი-ორი დღის წინ ნიკ ქეივის წიგნს ვკითხულობდი და ეწერა, რომ პანკი ჩაგრული და ვერგამარჯვებული, ფსკერზე დაყვინთული ხალხის ხმააო. მაგრამ ეს ხმა რას ცვლის? არის ეს ხმა უფრო მეტი, ვიდრე გაღიზიანების ძალაუფლება?
საბა: თავებს არ ვიტყუებთ, რომ რაღაც ძირეულის შეცვლა შეიძლება, მაგრამ პანკი მაინც საუკეთესო იარაღია რაღაცების შესახსენებლად. ის, რომ ძალაუფლების სადავეები ვისაც აქვს, მათთვის სახეში გალაწუნება შეგიძლია, ეს ხალხსაც უნდა დაანახო. პრობლემა ისაა, რომ ხალხი არ გიყურებს ყოველთვის – მითუმეტეს, რომ მათთვის მიუღებელი ზმანით მიდიხარ და ისე ამბობ სათქმელს. სერიოზულად არ გიღებენ, თუკი არ ჯდები მათ სტილში. ამის გამოა, რომ პანკი, პანკებსაც კი, მარტო დალევა და შარვალში ჩაჯმა ჰგონიათ. ეს იმდენად გამჯდარი პრაქტიკაა, რომ არ მჯერა, პანკმა ოდესმე მოახერხოს ამის მოშორება. მაგრამ ის, რომ ტექსტობრივად და ჟღერადობითაც უხეშია და ქმედებითაც უხეში შეიძლება იყოს, ეგ უხეშობა მე მისი ძალა მგონია; ეგ უხეშობა განახებს მეორე მხარეს მდგარ პერსონებსაც და ფაქტებსაც.
ანანო: ბოლომდე ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ არ მოგისმენს ხალხი, როცა მიუღებელი ტანსაცმლით ელაპარაკები. პირიქით, სათქმელი თუ უხეშია, მიწოდების ფორმაც უხეში უნდა იყოს. სხვანაირად უფრო არ მოგისმენენ. შენი აუდიტორია ვინაა, ეგ უნდა განსაზღვრო. აი, თქვენივე მაგალითზე რომ ავიღოთ, ბაღდათში STRESS-ით რომ დაუკარით კონცერტი ბაზარში და ბაზრის ქალებმა სამუშაო დღის მერე აალაგეს დახლები, გამოიპრანჭნენ და პადრუჩკაგაყრილები მოვიდნენ მეტალ-კონცერტზე და გისმენდნენ, თქვენც რომ ხედავდით, როგორ უსწორდებოდათ მოსმენა, ხომ იყავით ბედნიერები?! მივიდა სათქმელი მაგ ხალხამდე. ბოლომდე დარჩნენ კონცერტზე. პრობლემა ისაა, რომ მსგავსი ინკლუზიური სივრცეები არაა ბევრი – სადაც არის, ლაგდება ყველაფერი მშვიდად. რაღაც სივრცეები კიდევ ელიტური ხდება და მხოლოდ კონკრეტული ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი.
საბა: სწორი ჩამოყალიბებაა. სივრცის ინკლუზიურობა ბევრს განაპირობებს. თბილისური დიდი საკონცერტო სივრცეების შემთხვევაში არ გამოდის სათქმელის მიწოდება აყროლებული ტანსაცმლით, იმიტომ, რომ ისტებლიშმენტია იქ გამაგრებული და ბექსთეიჯშიც კი, ხშირად მარტო ქუთაისელებისგან, ჩვენი ამხანაგებისგან თუ ვგრძნობთ ხოლმე გაგებას და გამხნევებას. ელიტას მიკედლებული მუსიკოსები ხშირად ისე გვიყურებენ, რომ ჩვენ ვიღაც შემოთრეული ბავშვები ვართ, რომლებიც სცენას გავახურებთ და გავაჯვამთ მერე. ეგ ტიპები უფრო გვძაბავენ, ეგ ტიპები არიან, ვინც, ერთი მხრივ, იმის წამიერ ეჭვს გვიჩენენ, რომ სათქმელი შეიძლება ვერ მიდიოდეს აუდიტორიამდე – იმიტომ, რომ აუდიტორიაა მათზე მორგებული იმ კონკრეტულ სივრცეში – მაგრამ ეგ ტიპები არიან, ვინც სათქმელის წერასაც კი განაპირობებენ ზოგჯერ. გყავს წარმოდგენილი სახეები, რომელთაც გინდა შეაფურთხო თვალებში, გამოიყვანო თავისი კომფორტული ნაჭუჭიდან და მოუჯვა ბექსთეიჯში და დაე, იყო მათთვის პანკის სწორედ ის შარვალში ჩაჯმული ნაწილი.
ნოდო: შენი არსებობით რომ ახერხებ გაღიზიანებას ვიღაცის, და თან იცი, რომ შენი არსებობა რეალურად დანაშაული და სახიფათო არ არის, ეგეც პანკია – როცა წინააღმდეგობა ხარ შენი არსებობით უკვე. აი, დიდ სივრცეებთან ურთიერთსაჭიროების განცდა გვაქვს ხოლმე ზოგჯერ – ჩვენც გვჭირდება და იმათაც ვჭირდებით, ჩვენ ნორმალური აპარატურა გვინდა და იმათ კიდევ… რა ვიცი აბა… სცენა თუ გაქვს და კულტურის წარმოებაზე გაქვს პრეტენზია, SKAZZ კარგი ხმაა და უნდა დააყენო შენს სცენაზე. მაგდენს ნამდვილად ხვდებიან. მაგრამ ბექსთეიჯში ღრენა და სახეების კერვა სადაა. ამხელა გზაზე ჩამოვსულვარ და უნდა მიღრინონ და ზემოდან მიყურონ მაგის დედა ვატირე?! რიკოთი მაგის გამო გამოვიარე? რას მიღრენ?! მოდი და ჩამეხუტე.
SKAZZ ვის აღიზიანებს ახლა? რამხელა ძალაუფლება აქვს?
საბა: რთულია თქვა, ვის ვულაწუნებთ ახლა სახეში. ჯერ პატარები ვართ და დიდ მასშტაბებს ვერ ვწვდებით. ვიცით, რომ ქართულ პრივილეგირებულ მუსიკალურ ელიტას ვაღიზიანებთ, როცა „რას ჰქვია, შე ღლაპო ბავშვო, დედაენის ბარში დაკვრაზე პროტესტს აცხადებ“. იმედია უფრო მეტს გავაღიზიანებთ.