fbpx

როლისთვის გაღებული მსხვერპლი – ყველაზე დრამატული ტრანსფორმაციები


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

ზოგჯერ როლის სწორად შესრულება არა მხოლოდ საჭირო გონებრივ უნარს,  არამედ ფიზიკურ  შესაძლებლობებსაც  გულისხმობს. გრიმი და ფიზიკური ტრანსფორმაცია, რომელიც ხშირად წონაში დაკლებას ან მომატებას გულისხმობს, მსახიობებს ამოუცნობს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დრამატული გარდასახვა ხანდახან მათ ჯანმრთელობას აზიანებს, ასეთ მსხვერპლს ხშირ შემთხვევაში ოსკარი ანაზღაურებს. 

როდესაც სტანისლავსკის მეთოდზე ვსაუბრობთ, პირველი ბრიტანელი მსახიობი კრისტიან ბეილი გვახსენდება, რომელიც გარდასახვის ნამდვილი ოსტატია. მისი ამერიკული აქცენტი კრისტოფერ ნოლანის „ბეტმენის“ ტრილოგიაში იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ ის მის მსახიობ კოლეგებსაც კი ამერიკელი ეგონათ, რადგან ბეილი პრესტურის დროსაც ამერიკული აქცენტით განაგრძობდა საუბარს. თუმცა, მსახიობის ხელწერა ფიზიკური ტრანსფორმაციაა, რომელმაც კულმინაციას „მემანქანეში“  (The Machinist) მიაღწია. იმისთვის, რომ ინსომნიის ციკლი განესახიერებინა, მან მოწევა დაიწყო და ყოველდღიურად მხოლოდ ერთ ქილა თინუსსა  და ვაშლს ჭამდა, რის შედეგადაც 29 კილო დაიკლო, შემდეგ კი ზუსტად ექვს თვეში ბრიუს ვეინის როლისთვის 45 კილო მოიმატა. თუმცა, ამით ბეილის გარდასახვების სერია არ დასრულებულა, მან ფილმებისთვის –  „ამერიკული აფერა“ (American Hustle) და „ვიცე-პრეზიდენტი“ (Vice), რომელშიც  ჯორჯ ბუშის დროინდელი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის როლი შეასრულა, კვლავ განაგრძო წონაში მომატებისა და კლების ტენდენცია. უკანასკნელმა, პერსონაჟის მსგავსად, მსახიობს გულზე პრობლემებიც კი შეუქმნა. 

მარგო რობი ცნობილი და სკანდალური მოციგურავის, ტონია ჰარდინგის როლში თითქმის ამოუცნობი იყო, რაც დიდწილად ვიზაჟისტების გუნდმა და 80-იანი წლების პარიკმა განსაზღვრა, თუმცა იმისთვის, რომ პროფესიონალი მოციგურავის როლში მაქსიმალურად დამაჯერებელი ყოფილიყო, რობი ხუთი თვის განმავლობაში, კვირაში რამდენიმე დღე საათობით ვარჯიშობდა, რის შედეგადაც მას კისრის თიაქარი გაუჩნდა. „მე, ტონიაში“  (I, Tonya) პერფორმანსმა მსახიობს 2018 წელს პირველი ოსკარის ნომინაცია მოუტანა. 

„რევენანტმა“  (The Revenant) ლეონარდო დიკაპრიო, როგორც იქნა, ოსკაროსან მსახიობად აქცია, თუმცა ამერიკული აკადემიის ჯილდოსკენ მიმავალი გზა ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. დიკაპრიომ აღნიშნა, რომ ფილმის გადაღებები მის ხანგრძლივ კარიერაში „ყველაზე დიდი გამოწვევა“ იყო. გაყინულ მდინარეებში შესვლა, ცხოველთა ცხედრებში ძილი და შესაძლო ჰიპოთერმია იმ სირთულეების მცირე სიას წარმოადგენს, რომლის გადალახვაც მსახიობს გადასაღებ მოედანზე მოუწია. თუმცა გაღებული მსხვერპლი საბოლოო ჯამში დაუფასდა და დიდი ხნის დამსახურებული და ნანატრი ჯილდო მიიღო.

დენიელ-დეი-ლუისს ხშირად ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად მოიხსენიებენ. სამგზის ოსკაროსანი მეთოდური შესრულების სამსახიობო ტექნიკით არის ცნობილი. ფილმისთვის „უკანასკნელი მოჰიკანი“ (The Last Of The Mohicans) მან კანოები ააგო, ხოლო „ყოფის აუტანელი სიმსუბუქისთვის“  (The Unbearable Lightness of Being), ჩეხური ისწავლა. თუმცა ყველაზე გამორჩეული მსახიობის 1989 წლის პერფორმანსია „ჩემი მარცხენა ფეხი“ (My Left Foot), რომელშიც ბრიტანელმა მსახიობმა ცერებრალული დამბლით დაავადებული ირლანდიელის როლი შეასრულა. მთელი გადაღებების განმავლობაში ლუისს პერსონაჟის ინვალიდის ეტლი არ დაუტოვებია, გადამღებ ჯგუფს კი მისი კოვზით კვება მოეთხოვებოდათ. ამასთან ერთად, მისმა მუდმივად მოხრილ პოზაში ყოფნამ ორი ნეკნის დაზიანება გამოიწვია.   

გარდა იმისა, რომ ჯეიმი ფოქსმა რეი ჩარლზის ბიოგრაფიულ ფილმში ტიტულოვანი როლისთვის 13 კილო დაიკლო, მსახიობმა და მომღერალმა პერსონაჟის სიბრმავე პროთეზის ქუთუთოების ტარებით განასახიერა. გადაღებების პირველი ორი კვირის განმავლობაში, ფოქსს პროთეზისგან პანიკური შეტევები ჰქონდა. „წარმოიდგინეთ, რომ დღეში 14 საათი თვალები სულ დახუჭული გაქვთ, – განაცხადა მსახიობმა. – ეს ნამდვილი ციხეა.“

რობერტ დე ნიროსა და მარტინ სკორსეზეს კოლაბორაცია ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და წარმატებულია ჰოლივუდის ისტორიაში. მათ შორის გამორჩეულია „ტაქსის მძღოლი“ (Taxi Driver), რომლისთვისაც ლეგენდარული მსახიობი 12-საათიან ცვლაში რეალურ ტაქსის მძღოლად მუშაობდა და გადაღებებზე შესვენების დროს ნიუ-იორკის ქუჩებში  მგზავრებს ემსახურებოდა. 

როდესაც კრისტოფერ ნოლანმა „ბეტმენის“ ტრილოგიაში საკულტო ბოროტმოქმედის, ჯოკერის როლში ავსტრალიელი მსახიობი ჰით ლეჯერი დაამტკიცა, საზოგადოებაში, განსაკუთრებით ფრენჩაიზის ფანებში, პროტესტი გამოიწვია, თუმცა ლეჯერის ეკრანზე გამოჩენისთანავე მისმა კრიტიკოსებმა აზრი შეიცვალეს. პერფორმანსმა მსახიობს გარდაცვალების შემდეგ ოსკარი და საყოველთაო აღიარება მოუტანა. ლეჯერის მიერ განსახიერებული კრიმინალი კლოუნი პრინცი  დღემდე საუკეთესო სამსახიობო შესრულებად მიიჩნევა. როლისთვის მოსამზადებლად მსახიობი ერთი თვის განმავლობაში ლონდონის სასტუმროს ნომერში გამოკეტილი, პერსონაჟის საკულტო სიცილზე მუშაობდა. ლეჯერი შემზარავი და ამავდროულად, მაგნიტური იყო ჯოკერის როლში. რაც შეეხება გრიმს, მოუხერხებლად წასმული საღებავი და ღიმილის იარები თავად მსახიობის იდეას წარმოადგენდა, რითაც პერსონაჟს საშინელი რეალიზმი შემატა. როგორც ცნობილია, როლისთვის მზადებამ და სრულმა იზოლაციამ მსახიობის დეპრესიაზე და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა იქონია და მისი ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია. 

ოსკაროსან როლში, ფილმში „პიანისტი“ (The Pianist), ედრიენ ბროუდი ჰოლოკოსტს გადარჩენილ პიანისტს, ვლადისლავ შპილმანს განასახიერებს. როგორც თავად მსახიობმა განაცხადა, სამუშაო პროცესისთვის მან საკუთარი ბინა დათმო, მანქანა გაყიდა, ყველანაირი კომუნიკაციის წყარო შეიზღუდა და ორი ჩანთითა და კლავიატურით დროებით ევროპაში გადავიდა საცხოვრებლად. 

ნატალი პორტმანმა დარენ არნოფსკის „შავ გედისთვის“ (Black Swan), რომელშიც პერფექციონისტი ბალერინას როლს ასრულებს, 10 კილო მოიმატა და რეპეტიციებზე დღეში 8 საათს ატარებდა. დამღლელმა გრაფიკმა და მომთხოვნმა დიეტამ იმდენად დიდი გავლენა იქონია მსახიობზე, რომ მან ვარჯიშის დროს ნეკნი დაიზიანა. „იყო დღეები, როდესაც მეგონა, მოვკვდებოდი“, – განაცხადა პორტმანმა. მსახიობმა 2011 წელს „შავ გედში“ გაწეული მძიმე შრომისა და თავდადებისთვის ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა. 

შარლიზ ტერონმა „მონსტრში“ (Monster) სერიულ მკვლელად, ეილინ ვურონსონად ტრანსფორმაციით დაამტკიცა, რომ უბრალოდ ლამაზი სახე არ არის. მსახიობმა როლისთვის 13 კილო მოიმატა,  წარბები გაიპარსა და თმა დაითხელა და დაიწვა. მან სწრაფადვე დაიკლო წონაში შემდეგი ფილმისთვის, თუმცა ამ როლისთვის ტერონმა ოსკარი მიიღო და ჰოლივუდში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი. 

ნიუ-იორკის ქუჩებში ცხოვრებამ, შაქრისა და სექსისგან თავის შეკავებამ და 12 კილოს დაკლებამ ლეტო ჰეროინდამოკიდებულ პერსონაჟად აქცია ფილმისთვის „ოცნების რეკვიემი“ (Requiem for a Dream). თუმცა, კიდევ უფრო შთამბეჭდავი 30 კილოს მომატება იყო „27-ე თავისთვის“ (Chapter 27). ამ ტრანსფორმაციამ მსახიობს ჩიყვი გაუჩინა, თუმცა 2012 წელს ფილმისთვის  „დალასის შემსყიდველთა კლუბი“ (Dallas Buyers Club), რომელშიც ლეტო შიდსით დაავადებული ტრანსგენდერის როლს ასრულებს, კვლავ საგრძნობლად დაიკლო წონაში, რასაც შემდეგ ოსკარის ჯილდო მოჰყვა  მსახიობი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.