fbpx

კვლავ რეკორდმაისტერი…


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

მას შემდეგ, რაც გერმანიის ბუნდესლიგის წლევანდელი გათამაშების ბოლოსწინა ტურში „ლაიფციგმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ გასვლაზე ანგარიშით 3:1 დაამარცხა და მეორეადგილოსანი „დორტმუნდი“ სატურნირო ცხრილის სათავეს დაუბრუნდა, ვინ იფიქრებდა, რომ ეს უკანასკნელი ბოლო ტურის მერე ლიდერობას კიდევ ერთხელ დათმობდა და გერმანიის ჩემპიონი კვლავ მიუნხენის „ბაიერნი“ გახდებოდა.

გერმანიის ბუნდესლიგის წლევანდელი სეზონის ბოლო ტურში დატრიალებული ამბავი აუცილებლად მოგვაგონებს ინგლისის პრემიერლიგის 2011-2012 წლების სეზონის ბოლო ტურის მატჩს „მანჩესტერ სიტისა“ და „ქუინს პარკ რეინჯერსს“ შორის და ამ პარალელს დატვირთვას ის ფაქტიც მატებს, რომ „დორტმუნდმა“ სწორედ იმ სეზონში მოიგო უკანასკნელად ბუნდესლიგა.

განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამჯერად „ჰეპი ენდი“ ვერ შედგა.

„მანჩესტერ სიტი“ იმ მატჩის 70-ე წუთისთვის ანგარიშით 1:2 მარცხდებოდა შინ, მეტოქესთან, რომელიც პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა, მაგრამ შეხვედრის დამატებით მე-2 და მე-4 წუთებზე ჯეკოს და სერხიო აგუეროს გოლების მეშვეობით დაწინაურდა და1968 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული.

„მანჩესტერ სიტიმ“, რომელსაც მაშინ რობერტო მანჩინი წვრთნიდა, სერ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერ იუნაიტედს“ სეზონი ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით მოუგო, ხოლო „ქუინს პარკ რეინჯერსი“, მარცხის მიუხედავად, მაშინ გავარდნას მაინც გადაურჩა.

სატურნირო ცხრილის შუაგულში განლაგებულ „მაინცს“ კი არამცთუ გავარდნის საშიშროება, არამედ გამარჯვების შემთხვევაში უეფას კონფერენს ლიგის საგზურის მოპოვების შანსიც არ ჰქონია.

ასე რომ, „დორტმუნდს“ ისღა დარჩენოდა, რომ გულშემატკივრებით სავსე  სტადიონზე როგორმე დაემარცხებინა მიმდინარე სეზონში გერმანიის ბუნდესლიგის ყველაზე საშუალო გუნდი…

 

მაგრამ „უმოტივაციო“ „მაინცი“ თურმე სხვაგვარად ფიქრობდა და გერმანული ფეხბურთის ისტორიაში შესვლას მეტად გამბედავი ნაბიჯით აპირებდა.

მართლაც, თუკი საკუთარი რესურსით შეუძლებელია ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, ხომ შეიძლება ქვეყნის უძლიერესი კლუბის ვინაობის გამოვლენაში მთავარი როლის შესრულება?

„მაინცმა“, რა თქმა უნდა, დორტმუნდელთა შინაგან დაძაბულობაზე ააწყო საკუთარი თამაში და იცოდა რა მეტოქის მებრძოლი ხასიათის ნაკლოვანებების შესახებ, იოლად გაუსწორდა მას ფსიქოლოგიურ ჭიდილში, რაც პირველი ტაიმის ორბურთიანი სხვაობით მოგებაში გარდასახა. 

როგორ დასრულდებოდა შეხვედრა, თუკი მასპინძლები შესვენებამდე პენალტს არ გაანიავებდნენ? ნამდვილად არ ვიცით; თუმცა, ესეც ალბათ ლოგიკური იყო მათგან.

მაგრამ როგორ გამოიყურებოდა „ბაიერნი“ „კიოლნთან“ პარალელურ დაპირისპირებაში? 

არ შევცდებით, თუკი ვიტყვით, რომ ისევე უღიმღამოდ, როგორც მთავარ მწვრთნელად თომას ტუხელის მისვლის შემდეგ ნებისმიერ შეხვედრაში.

უბრალოდ „კიოლნს“ „მაინცის“ თავგამოდებამდე ცოტაოდენი დააკლდა და გადამწყვეტი გოლი მან მუსიალასგან მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გაუშვა.

იქამდე ცოტა ხნით ადრე მასპინძლებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით წონასწორობა აღადგინეს და დროებით, სულ რაღაც ათი წუთის განმავლობაში გერმანიის ბუნდესლიგის ლიდერად კვლავ „დორტმუნდი“ დააბრუნეს.

ამ უკანასკნელთ კი 2012 წელს „მანჩესტერ სიტისგან“ განსხვავებით, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მხოლოდ ერთი ბურთის გატანა შეძლეს და ჩემპიონობა კიდევ ვინ იცის, რამდენი წლით დაკარგეს…

ბუნებრივია, რომ „დორტმუნდი“ საკუთარი ხვედრის ღირსია, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ჩემპიონის რანგში ასეთი სუსტი „ბაიერნი“ ნამდვილად არ გვახსოვს.

„რეკორდმაისტერის“ მორიგ ჩემპიონობაში ერთი შეხედვით დიდი დამსახურება ამჟამინდელ მწვრთნელ თომას ტუხელს მიუძღვის, რომელმაც გუნდი მაშინ ჩაიბარა, როდესაც მეორე ადგილზე იმყოფებოდა და მიუხედავად ამისა, მისი გაჩემპიონება შეძლო, დაამარცხა რა იქ მისვლისთანავე უმთავრესი მდევარი „დორტმუნდი“.

თუმცა ისიც ხომ ფაქტია, რომ თომას ტუხელის მიერ კლუბში ნაგელსმანის ჩანაცვლებისთანავე „ბაიერნი“ ჯერ გერმანიის თასის ასპარეზობიდან, ხოლო შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ტურნირიდან „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრაში გამოვარდა.

„ბაიერნი“ „მანჩესტერ სიტისთან“ ნაგელსმანის მწვრთნელობის შემთხვევაშიც შეიძლებოდა გამოვარდნილიყო, მაგრამ მოდით, იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ მისი თაოსნობით „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგაზე რვიდან რვავე შეხვედრა მოგებული ჰქონდა და თანაც ისე, რომ გათამაშების ფინალისტ „ინტერთან“, „ბარსელონასთან“ და „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩატარებულ ექვს შეხვედრაში ერთი ბურთიც არ გაუშვია.

ალბათ ამიტომაც იყო, რომ „ბაიერნის“ ამჟამინდელმა მწვრთნელმა ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მაინცდამაინც დიდი სიხარულით ვერ გამოხატა, რაც შეუმჩნეველი მის ფეხბურთელებსაც არ დარჩენიათ.

სამაგიეროდ გასულ კვირას რომის ოლიმპიურ სტადიონზე იტალიის თასის ზედიზედ მეორედ მოპოვებას ერთიანი სიხარულით აღნიშნავდა მილანის „ინტერის“ საფეხბურთო კლუბი, რომელიც წინა ტურში ჩემპიონ „ნაპოლისთან“ მარცხის მიუხედავად, სეზონს შესანიშნავად ასრულებს.

მაგრამ როგორი იქნება მის მიერ ფინალში დამარცხებული „ფიორენტინას“ სამომავლო ხვედრი? მას ხომ ცოტა ხანში უეფას კონფერენს ლიგის ფინალიც ექნება ჩასატარებელი ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენელ „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ?

ორი კვირის მანძილზე ორივე ფინალის წაგების საშიშროების შეგრძნებამ კი შეიძლება ფსიქოლოგიური უპირატესობა მეტოქეს მიანიჭოს, რადგან შიშის ფაქტორს „ფიორენტინაზე“ ძლიერ და გამოცდილ გუნდებზე, მაგალითად, მადრიდის „ატლეტიკოზეც“ მოუხდენია უარყოფითი გავლენა ფინალურ შეხვედრაში. 

„ფიორენტინამ“ განწყობა „რომასთან“ მატჩის ბოლო წუთებზე მოპოვებული სამი ქულით გაიუმჯობესა. ამ მარცხის შემდეგ „რომა“ ჩემპიონთა ლიგის მომავალ გათამაშებაში მონაწილეობას კარსმომდგარი ევროპის ლიგის ფინალის მოგების შემთხვევაში თუ მიიღებს.

ანალოგიურ სიტუაციაშია მისი მეტოქე „სევილიაც“, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში მადრიდის „რეალთან“ შეხვედრაში დამარცხდა.

ჩვენ კი ლა ლიგის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილი გვაინტერესებს, სადაც გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშის წყალობით „რეალის“ დამარცხების შემდეგ, „ვალენსიამ“ ჯერ „მალიორკასთან“ წააგო, შემდეგ კი „ესპანიოლთან“ მატჩის დამატებულ მესამე წუთზე მოახერხა წონასწორობის აღდგენა.

ამ გოლმა „ესპანიოლი“ „ელჩესთან“ ერთად მეორე დივიზიონში გააწესა, „ვალენსია“კი სატურნირო ცხრილში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „ბეტისთან“ წაგების შემთხვევაშიც საკმაო ალბათობით შეინარჩუნებს ადგილს უძლიერესთა შორის.

მაგრამ მთავარი ამბები „კამპ ნოუზე“ დატრიალდა, რომლის მწვანე მინდორზეც ორმა დიდმა ბარსელონელმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 

სერხიო ბუსკეტსი და ხორდი ალბა ხომ უკანასკნელი ორი მოჰიკანია, ვისაც დღევანდელი „ბარსელონადან“ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი აქვთ მოგებული. 

ბუსკეტსი დამატებით 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონიცაა, რომ აღარაფერი ვთქვათ „ბარსელონას“ შემადგენლობაში სამჯერ ჩემპიონთა ლიგის, ცხრაჯერ ლა ლიგის და შვიდჯერ ესპანეთის თასის მოგების შესახებ.

„მალიორკასთან“ ანგარიშით 3:0 მოგებული მატჩის 85-ე წუთზე ბუსკეტსმა კაპიტნის სამკლავური სერხი რობერტოს გადასცა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მომავალ სეზონში სწორედ მისი კაპიტნობით შეუდგება „ბარსელონა“ მაღალი ტიტულებისკენ მიმავალ ეკლიან გზას… 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.