fbpx

„მემკვიდრეობა“ – თანამედროვე „მეფე ლირი“


გააზიარე სტატია

ავტორი:  ნინკა მამულაშვილი

 

HBO-ს ჰიტის, „მემკვიდრეობის“ (Succession) მეოთხე და უკანასკნელი სეზონის პრემიერა 26 მარტს შედგა. მილიარდერი ოჯახის დრამა და პოლიტიკა სტრიმინგ სერვისის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სატელევიზიო შოუა. სერიალის სულ რაღაც სამი სეზონი  ემის 48 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და 13-ში გაიმარჯვა. მეტიც, „მემკვიდრეობას“ 2023 წლის ემის ტრიუმფსაც უწინასწარმეტყველებენ. სერიალი გარდა უამრავი ასპექტისა, ყველაზე მეტად მისი რეალისტური სცენარისა და პორტრეტების შექმნით გამოირჩევა, რომელიც  უილიამ შექსპირის მარადიულ არქეტიპულ მოდელს მიჰყვება. 

შექსპირი თანამედროვე მწერლების უმეტესობის გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი შთაგონების წყაროა, რადგან მისი პიესების თითქმის ყველა ნარატივი ფუნდამენტურ და მარადიულ ელემენტებს ეხმაურება: ძალაუფლების წყურვილი, ღალატი, სიყვარული და ა.შ. ჯესი არმსტრონგის მიერ შექმნილი სატელევიზიო შოუს გენიალობა აღნიშნული ნარატივების ერთ ატმოსფეროში მოქცევაა, რომელსაც მედია ლანდშაფტში მილიარდერი როის ოჯახის სახით წარმოადგენს. როის ოჯახის ინსპირაცია რეალურია – მერდოკების ოჯახი და მათი კუთვნილი მედია იმპერია. 

როის დინასტია გლობალურ მედია და გასართობ კონგლომერატს –  Waystar RoyCo-ს ფლობს, რომლის ღირებულებაც მილიარდობით დოლარს შეადგენს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ამორალური გამოგონილი კორპორაციაა, რაც კი ოდესმე გვინახავს ტელევიზიაში. ლოგან როი (ბრაიან კოქსი) – ოჯახის პატრიარქი –  Waystar RoyCo-ს დამფუძნებელი და მფლობელია. მას ოთხი შვილი ჰყავს, რომელთა კარიერული წარმატება უმეტესწილად მათი გვარიდან გამომდინარეობს. ლოგან როი ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ, უდიდესი დილემის წინაშე დადგება: რომელი შვილი გაუძღვება მის იმპერიას? 

ბრაიან კოქსის პერსონაჟი შეგვიძლია დონალდ ტრამპისა და რუპერტ მერდოკის ერთგვარ ინტერპრეტაციად განვიხილოთ, რომელიც ახალი ამბებიდან დაწყებული სტრიმინგ პლატფორმების ჩათვლით ყველაფერს აკონტროლებს. რაც შეეხება თავად Waystar RoyCo-ს, ის მეტ-ნაკლებად Disney-ს ანალოგია. Royco-ს აღმასრულებლების მეთოდებიც კი, მაგალითად, კომპანიის გემზე სექსუალური ძალადობის მიჩქმალვა, ისეთი გავლენიანი პირების საზარელ რეალობას ასახავს, როგორიც ჯეფრი ეფშტეინი იყო.

„მემკვიდრეობა“ ოჯახში და მის ფარგლებს გარეთ პოლიტიკური თამაშია, რომელიც ძალაუფლებისა და მემკვიდრეობის ფორმირების იდეას აბალანსებს. როიების სისხლით ნათესაობა იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უხეშად არ თამაშობენ, პირიქით, მორალური ზღვარი იმდენად ბუნდოვანია, მისი არსებობაც კი საკამათო ხდება. 

სერიალის პირველი სეზონიდან მოყოლებული მასზე კლასიკური ლიტერატურის, კერძოდ, „მეფე ლირის“ ტრაგედიის გავლენა აშკარად იგრძნობა. პიესა ტიტულიანი ხანდაზმული მონარქის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ძალაუფლებასა და ქონებას მის ორ ქალიშვილს – გონერილსა და რეგანს შორის ანაწილებს. მესამე ქალიშვილს – კორდელიას (ლირის ფავორიტი) მამის მიმართ კომპლიმენტების ნაკლებობის გამო, ლირი მემკვიდრეობას წაართმევს. დროთა განმავლობაში მოხუცებული მეფე გონერილისა და რეგანის ეგოისტობის მსხვერპლი ხდება. მემკვიდრეობის გარეშე დარჩენილი კორდელია ერთადერთია, რომელიც მამას დახმარების ხელს გაუწვდის.

„მემკვიდრეობის“ შექსპირთან პარალელების ფესვები ლოგან როის ტირანიაშია. თითქოს მან სიბერის მოახლოებისას პიესა ისე წაიკითხა, როგორც გაფრთხილება.  როდესაც მეორე სეზონის შოკისმომგვრელ ფინალში მისი ერთ-ერთი ვაჟიშვილი – კენდალი მამის იმპერიას კონგრესზე ღიად გააკრიტიკებს, ლოგანს სახეზე ეშმაკური ღიმილი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ შვილის ღალატი არისხებს, გულის სიღრმეში კენდალის სისასტიკეში საკუთარ თავს ხედავს და ამაყობს. 

კენდალის, შივის და რომანის ტრიო აშკარად ატარებს კლასიკურ გონერილ-რეგანის დინამიკურ ხასიათს, როგორიცაა ეგოიზმი და ძალაუფლებისკენ ლტოლვა. განსხვავებით ლირისგან, შვილების ბუნება უმეტესწილად ლოგანმა განსაზღვრა, რომელიც ბავშვობიდან ემოციურად დისტანციური და მკაცრი იყო. ქვის გულის მიუხედავად, ლოგანის ყველაზე დიდი შიში შვილების მხრიდან ღალატია. მის ოჯახში კორდელიას ეკვივალენტის გარეშე, თანამედროვე მეფე ლირმა საკუთარ თავზე უნდა იზრუნოს და პიესის ყველა დაუნდობელი ტაქტიკა გამოიყენოს. მესამე სეზონის ფინალში ის კენდალს, რომანს და შივს თითქმის იმპერიის გარეშე ტოვებს იმ იმედით, რომ ისინი კორდელიებად იქცევიან, თუმცა ამით მათში მხოლოდ შურისძიების სურვილს აღვიძებს. მოგვიანებით პატრიარქის სიკვდილი შვილებს ძალაუფლებაზე კიდევ უფრო დამშეულს ხდის. 

სერიალის შემქმნელებმა გარდა „მეფე ლირისა“, არაერთი ნაწარმოებიდან აიღეს ინსპირაცია (როგორც შექსპირის, ასევე სხვა მხატვრული ლიტერატურიდან). მაგალითად, კენდალ როის შინაგან ქაოსში ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელის“ ელემენტები შეგვიძლია დავინახოთ. რაც შეეხება ლოგანს, ის არა მხოლოდ თანამედროვე ლირი, არამედ იულიუს კეისარია, ხოლო ტომისა და გრეგის ტოქსიკური „ბრომანსი“, ტირანულ რომის იმპერატორ ნერონს და მის გათავისუფლებულ მონას, სპორუსს მოგვაგონებს. მმართველმა მონის კასტრაცია მოახდინა, შემდეგ კი მასზე დაქორწინდა. სწორედ ასე აღმოჩნდა გრეგი როის ოჯახში ტომის მეურვეობის ქვეშ. 

დაჯილდოებებმა და კრიტიკოსებმა „მემკვიდრეობა“ დრამატულ სერიალად შერაცხეს, თუმცა ამასთან ერთად შოუ სატირაა მსხვილი ბიზნესის, დისფუნქციური ოჯახის და ამერიკული ოცნების შესახებ.  თითოეული ეპიზოდი მახვილგონივრული დიალოგით და კრეატიული რეპლიკებით არის გაჟღენთილი. საუკეთესო კომედიების მსგავსად, შოუს იუმორი პერსონაჟებიდან და მათ შორის ქიმიიდან გამომდინარეობს. როის ოჯახის წევრები ხშირად ისე საუბრობენ ერთმანეთში, თითქოს Comedy Central Roast-ზე იყვნენ. თითოეულ მათგანს ის კომპლექსურობა ახასიათებს, რომელსაც სწორედ შექსპირის ბოროტმოქმედებში ვხვდებით. 

Sopranos-იდან (“სოპრანოს კლანი”) დაწყებული Breaking Bad-ით (“მძიმე დანაშაული”) და Game of Thrones-ით (“სამეფო კარის თამაშები”) მოყოლებული ხშირად სატელევიზიო შოუებში ყველაზე ამაზრზენი პერსონაჟების მიმართ ემპათია გვიჩნდება. ერთი შეხედვით, როის და-ძმები ეგოისტ და პრივილეგირებულ ადამიანებად გვევლინებიან და არიან კიდეც, თუმცა როგორი ადვილიც  უნდა იყოს როის მსგავსი ოჯახების  ზიზღი, სინამდვილეში თითოეული მათგანი დაუცველია და საკუთარ პრობლემებს ებრძვის. ამასთან ერთად, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ისინი ისეთმა მკაცრმა და ავტორიტარულმა ფიგურამ გაზარდა, როგორიც ლოგან როია, გასაკვირი არ არის, რომ სრულყოფილ პიროვნებებად ვერ შედგნენ. მაშინაც კი, როდესაც როის ოჯახი გვძულს, მათ ყურებას ვერ ვწყვეტთ, რაც დიდწილად სამსახიობო შესრულებაზეა დამოკიდებული. შოტლანდიელი კინოსა და თეატრის ვეტერანი ბრაიან კოქსი, ასევე ჯერემი სტრონგი, კიერან კალკინი და სარა სნუკი იმდენად დამაჯერებლები არიან მერდოკების სატელევიზიო ინკარნაციაში, რომ ხშირად მათი პერსონაჟებისგან განცალკევება გვიჭირს კიდეც. 

ჯესი არმსტრონგმა, რომელსაც შოუს პირველი სეზონის ფინალის სცენარისთვის ემი გადაეცა, იცის, როგორ დაამყაროს შავ კომედიასა და ტრაგედიას შორის ბალანსი. სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერის და პილოტის რეჟისორის, ადამ მაკკეის ფილმოგრაფია ისეთ ტიტულებს მოიცავს, როგორიცაა The Big Short (“დიდი შემცირება”) და Vice (“ვიცე-პრეზიდენტი”). მაკკეის ვიზუალური თვალითა და არმსტრონგის დიალოგით, „მემკვიდრეობამ“  ცბიერი და არაკომპეტენტური ადამიანების ძალაუფლების პიკში ყოფნის რეალობა ზუსტად ასახა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.