fbpx

და რა ვქენით აპრილში, მაისში ან ივნისში? — საქართველო ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნიკოლოზ ნადირაშვილი

 

2010 წლის 20 ივნისს ჟინვალის წყალსაცავთან რომ ყოფილიყავით, შეკრებილ ხალხს დაინახავდით, მათ შორის, მღვდელს, ეკლესიის მსახურებს, „ჯორიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელ პირებს და, ალბათ, სოფლის მოსახლეობას. ამ დღეს საქართველოს საპატრიარქოს კურთხევით, ჯვართამაღლების ეკლესიის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ჟინვალის კაშხლის მშენებლობის შედეგად ჩაძირული „ჯვარიპატიოსნის“ ეკლესიის ზუსტი ანალოგი უნდა ყოფილიყო. 

რამდენიმე თვეში ეკლესია აშენდა. მშენებლობის ხარჯები სრულად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გაიღო. კომპანიისავე ვებგვერდზე ვკითხულობთ: “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ახლად აშენებულ ეკლესიას ჯვართამაღლების ხატი, სხვადასხვა წმინდანისა და კანკელის ხატები, შანდლები და ღვთისმსახურების ჩასატარებლად აუცილებელი ყველა ატრიბუტიკა თუ ინვენტარი შესწირა. ჯვარიპატიოსნის ეკლესიის კეთილმოწყობასა და აღჭურვაში თავისი წვლილი კომპანიის გაერთიანებულმა პროფკავშირმაც შეიტანა და მას 1000 ლარი შესწირა. ამას გარდა, ახლად აგებული სიწმინდისთვის 3000-მდე ლარს საკუთარი ინიციატივით “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” თანამშრომლებიც გაიღებენ.

ეს ეკლესია, ალბათ, სულაც არ ჰგავს პოსტსაბჭოთა დისტოპიურ არქიტექტურაში გაბნეულ ეკლესიებს, რომლებსაც უკვე თბილისის ყველა უბანში შევხვდებით. ის პატარაა და იმავე ქვებითა და დიზაინითაა აშენებული, როგორითაც XII საუკუნის „ჯვარი პატიოსანი.“ ეს უკანასკნელი კი ჟინვალის რეზერვუარში განაგრძობს არსებობას და მისი მოლოცვა თუ, უბრალოდ, დანახვა მხოლოდ ზამთარშია შესაძლებელი, როდესაც თბილისის მოსახლეობა შედარებით მეტ წყალს მოიხმარს. ამ დროს წყლის დონე დაბლდება. ეს ხდება იანვარში, თებერვალსა და მარტში.

სწორედ „იანვარი თებერვალი მარტი“ ერქვა თბილისის არქიტექტურის ბიენალეს (TAB) პროექტს, რომელიც წელს საქართველომ არქიტექტურის საერთაშორისო გამოფენის მე-18 გამოშვებაზე წარადგინა. საქართველო არ გამოირჩევა ვენეციის ბიენალეზე ძლიერი პროექტებით. არქიტექტურის ბიენალეს შემთხვევაში კიდევ უფრო გამოუცდელები ვართ, თუმცა, ვფიქრობ, ოთო ნემსაძის, გიგი შუკაკიძის და თინათინ გურგენიძის კურატორული განაცხადი ამ მხრივ გამონაკლისია. და გამონაკლისია პირველ რიგში არა იმიტომ, თუ რა აღიარება მოიპოვა მან საერთაშორისო დონეზე, არამედ  რა მნიშვნელობა აქვს მას ეროვნულ დონეზე – საქართველოში. პროექტის შესახებ მიმოხილვათა უმეტესობა, მათ შორის ავტორებისავე ინტერპრეტაცია, მეტწილად გარემოსა და ადამიანის, ბუნებრივი რესურსების სამომხმარებლო კულტურის საკითხების ირგვლივ ვითარდება. მე შევეცადე სხვა აქცენტები მეპოვა.

მას შემდეგ რაც პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს შემოეკურთხა, ვენეციაში, Il Giardino Bianco-ს სახელოვნებო სივრცეში, ჟინვალის წყლის ეკლესიის კიდევ ერთ რეპლიკას ჩაეყარა საფუძველი. მოსამზადებელი სამუშაოები აქაც რამდენიმე თვე გაგრძელდა და მაისის ბოლოს აქაც ნახავდით შეკრებილ ხალხს, მათ შორის: პროექტის ავტორებს, სახელმწიფო სტრუქტურების იერარქებს, მედიისა და სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებს და, უბრალოდ, დამთვალიერებლებს. 

არც მეტი, არც ნაკლები TAB-მა ვენეციაში ეკლესია ააშენა. ოღონდ ამ შემთხვევაში ეკლესია, ნაცვლად ანანურში მოპოვებული ქვებისა, დამშრალი მდინარის პირას მოპოვებული შლამის შეზავებით დამზადებული ბლოკებით აიგო. კიდევ ერთი უცნაურობა ჰქონდა ამ ეკლესიას: მასში ვერ შეხვიდოდი. მნახველი ბაზილიკის შიგთავსის -სიცარიელის, როგორც მასის -პირისპირ რჩებოდა. 

ამ გადაწყვეტით TAB-მა, ნაცვლად წარსულის თუნდაც ზედმიწევნით ავთენტურად კოპირებისა (როგორც ეს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პროექტის შემთხვევაში მოხდა), შიგთავს-საზრისის მონუმენტი შემოგვთავაზა. ბაზილიკის ცარიელ მასას დღევანდელ საქართველოში კულტურის და, ზოგადად, ეროვნულ პოლიტიკაზე ცინიკურ კრიტიკად ვხედავ, როდესაც წარსულის კოპირებები მხოლოდ ფორმისმიერია და თანამედროვეობას ადეკვატურ შიგთავს-საზრისს ვეღარ სთავაზობს. 

ამ კრიზისის სევდიანი მაგალითები ისევ თანამედროვეობის ეკლესიებია… უბან-უბან გაბნეული, საეჭვო ფულითა თუ პოლიტიკურ-სულიერი დივიდენდების მომლოდინე მეცენატების მიერ ნაშენი ტაძრები, რომლებიც, პროპაგანდის მანქანებად ქცეულნი, მხოლოდ წარსულის ფორმათა (ისიც წარუმატებელი) იმიტირებით, ვეღარ ფლობენ და სთავაზობენ საზოგადოებას ავთენტურ შიგთავს-საზრისს. 

საეკლესიო პოლიტიკის მიღმა იგივე ტენდენცია გვაქვს კულტურის სახელმწიფო პოლიტიკაშიც: როდესაც „ნაშთი ძველი დიდებისა“ ინერტულად, არასათანადო გადააზრება-ინტერპრეტაციით და საბჭოთა „მოთხოვნა-მიწოდების“ სტილში ურთიერთობს საზოგადოებასთან და საბოლოოდ კიტჩდება.

და, რა საკვირველია, იგივე ტენდენციაა ზოგად პოლიტიკურ დისკურსში: როდესაც მმართველი გუნდი საკუთარ თავს ცენტრისტ-მემარცხენე ძალად აცხადებს და, პარალელურად, პრემიერ მინისტრი, მემარჯვენე ალიანსებში მონაწილეობით, უკანმოუხედავად ეწინააღმდეგება თანასწორობის იდეას.

შესაბამისად, „იანვარი თებერვალი მარტი,“ ეკოლოგიურ ასპექტებთან ერთად, ვფიქრობ, სწორედ ამ ფორმა-საზრისის დეფიციტის მხატვრული კრიტიკაა; კრიტიკა კი თავისი არსით ფუნქციურია (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა). კრიტიკის შემდეგ, წესით, თეზისი წარმოიშობა, მას პრაგმატული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს… ნაბიჯები, რომლებიც წარსულის პროპაგანდისტული კოპირებით შექმნილ ფორმების უწინარესობას შიგთავს-საზრისის მონუმენტალიზმით ჩაანაცვლებს. 

ამ გამარჯვებაზე მიმართული აქტის ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრულ მეტაფორად ლია ბაგრატიონის პერფორმანსი – „ეს არის ქოთანი“ მახსენდება, რომელიც ნესტან აბდუშელიშვილის კურატორობით განხორციელდა არტარეას საგამოფენო სივრცეში 2015 წელს. 

ინსტალაცია-პერფორმანსი ლაო-ძის გამონათქვამის განსხეულება იყო: “ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ. მაგრამ ჭურჭლის არსს მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის”. ბაგრატიონმა ქოთნის კარკას-ფორმის მსხვრევით, შიგთავსის მატერიალური ფორმა შექმნა ბრინჯისაგან და, კონცეპტუალურად, საზრისის აღქმის უწინარესობაზე მიგვანიშნა.

ვენეციის ბიენალეზე წასვლა ვერ მოვახერხე, თუმცა, ის „პრობლემა,“ რაც TAB-მა საერთაშორისო აუდიტორიას შესთავაზა, ჩვენს ყოველდღიურობაშია – საქართველოში… როდესაც, სალომე ჯაშის ფილმის – „მოთვინიერების“  – სოფლად მცხოვრებთა მსგავსად, სევდიანად გავყურებთ „შიგთავს-საზრისის“ ნიველირების პროცესს… რასაც ფორმად ქმნილი არათუ ვერ ანაცვლებს ან აძლიერებს, არამედ, როგორც წესი, უპირისპირდება კიდეც. 

ალბათ, მოვა დრო და ლია ბაგრატიონის მსგავსად დავამსხვრევთ ფორმას და ეს, წესით, მაშინ მოხდება, როდესაც მდინარე არა მხოლოდ ქვეყნის გულიდან, არამედ გონებიდანაც იდენს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.