fbpx

Kiosk RuLeTa – ექსპერიმენტული მუსიკა „ჰარაკის“ სივრცეში


გააზიარე სტატია

ავტორი: თეონა ჯაფარიძე

მუსიკა პირდაპირ ევროპის გულიდან – ციურიხიდან უკვე თბილისშია და 9 და 10 ივნისს თქვენ მას მოუსმენთ, ნახავთ და შეიგრძნობთ  თეატრ „ჰარაკის“ სივრცეში. (ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, მელიქიშვილზე).

 Kiosk RuLeTa ექსპერიმენტულ, ნეო-კლასიკურ მუსიკაზე ორიენტირებული პროექტია, რომელსაც პიანისტი თამრიკო კორძაია, მომღერალი ლენა ქიფენჰოიერი, კომპოზიტორი და მომღერალი რუსუდან მეიფარიანი და სცენოგრაფი სოფი კრაიერი წარმოადგენენ. ევროპაში სეზონის ბოლო შოუ  მათ 3 ივნისს გერმანია-შვეიცარიის საზღვართან – ვინტერტურში გამართეს და იქვე დააანონსეს, რომ შემდეგი გაჩერება თბილისია და აი, ისინი დღეს უკვე აქ არიან. 

თბილისურ სცენაზე მათ შეუერთდებიან ახალი თაობის ქართველი კომპოზიტორები და ელექტრონული მუსიკის  არტისტები –  Halfie (ანუშკა ჩხეიძე, საქართველო)  და  Kordz (ალექსანდრე კორძაია, საქართველო/შვეიცარია). ისინი წარმოადგენენ ახალ კომპოზიციებს სპეციალურად Kiosk RuLeTa-სთვის. 

კონცერტზე წარმოდგენილი იქნება რუსუდან მეიფარიანის 4 კომპოზიცია, რომლებიც მან შექმნა და გადააკეთა სპეციალურად Kiosk RuLeTa -სთვის.  ასევე შესრულდება მაურიციო კაგელის, ჩარლზ აივისის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებები და არამხოლოდ…

სოფი კრეიერი კი თავისი სცენოგრაფიული ინტერვენციებით ამ მუსიკას  განსაკუთრებულ ატმოსფეროს შეუქმნის. 

ასე რომ, ექსპერიმენტული ნეო-კლასიკის მოყვარულებს ნამდვილი დღესასწაული გელით. 

Kiosk RuLeTa-ს კონცეფცია და ფილოსოფია  დაფუძნებულია პოსტსაბჭოთა მუსიკალური კიოსკის  (“ბუტკის”) ფენომენზე, სადაც შეგეძლოთ გეპოვათ ყველაფერი: – დაწყებული საკვებიდან, ხილიდან და ბოსტნეულიდან, დამთავრებული – ჩინურ ფეიკ “ფუფუნების ნივთებამდე“ თუ იშვიათ ანტიკვარამდე.  Kiosk RuLeTa-ს მუსიკაც ზუსტად ასეთია და ის იქმნება ინტერფეისში   კლასიკური, ექსპერიმენტული, პოპ-მუსიკის იმპროვიზაციით,  პიანინოს, ჰარმონიუმის, სათამაშო პიანინოს, სინთეზატორებისა და ხმების გამოყენებით. მათ რეპერტუარში შედის მუსიკა  მონტევერდიდან, პერსელიდან, ტერი რაილიდან  და იანაჩეკიდან დაწყებული –  თანამედროვეობამდე – ალექსანდრე კორძაიასა და რუსუდან მეიფარიანის ორიგინალური კომპოზიციებით დასრულებული.

– „მუსიკის ასეთი არჩევანი ველურ პოპურის წააგავს. ეს ნაჭრებია, რომელსაც კიოსკში ვირჩევთ – მაცთუნებელს, ბავშვურს, მხიარულსა და უცნაურს. ეს მობილური კიოსკია, რომელიც განასახიერებს ლტოლვას პირდაპირობისთვის, სიმარტივისთვის, მხიარულებისთვის.“ – აღნიშნავენ პროექტის კონცეფციაში. 

 Kiosk RuLeTa-ს მოხეტიალე თეატრივით შეუძლია მოულოდნელად, ყველგან და ნებისმიერ დროს  ჯადოსნური ატმოსფერო შექმნას  ერთდროულად მუსიკითა და ვიზუალურად მარტივი საშუალებებით. ამიტომ, აუცილებლად  უნდა მოვუსმინოთ /ვნახოთ,  რა მოხდება „ჰარაკის“  სცენაზე 9 და 10 ივნისს. 

AT.ge მოუთმენლად ელის მათთან შეხვედრას…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.