fbpx

პაულას და თამუნას ქალური პროტესტი


გააზიარე სტატია

ავტორი: ნიკოლოზ ნადირაშვილი

 

როგორც წესი, ის, ვინც ლისაბონში მოგზაურობს, სინტრასთან ერთად, 30 კილომეტრში მდებარე ზღვისპირა ქალაქს, კაშკაიშსაც სტუმრობს. ამ დროს შეუძლებელია გამოგრჩეს არაკონვენციური არქიტექტურის, „პაულა რეგოს ისტორიების სახლი.“ იქ მისულს, პაულაზე ქართველმა მხატვარმა, თამუნა მელიქიშვილმა მომწერა: „ყველაზე უცნაური მხატვარია“. მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ რამდენიმე თვეში სწორედ თამუნასა და პაულას იმ მშვენიერ უცნაურობაზე მოგიყვებოდით, რაც მათ მხატვრობას აახლოებს.

არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ თანამედროვე ხელოვნების ისტორია პაულა რეგოს პორტუგალიის ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრად მიიჩნევს. რატომ? ვფიქრობ, იმის ხარჯზეც, თუ როგორ ჰარმონიულადაა მისი შემოქმედება ჯიუტიც და ცინიკურიც. უკომპრომისო სიჯიუტე პერსონაჟთა ხასიათში ჩანს; ცინიზმი – სიურრეალისტური და გროტესკული ნიუანსური მოტივებით გაჯერებულ ადამიანურ ამბებში.

მაგრამ, მხოლოდ სიჯიუტით და ცინიზმით, ალბათ, შორს ვერ წავალთ. არის პაულას შემოქმედებაში კეთილი ნების მანიფესტაციითა და დამთვალიერებლებში აღძრული ემპათიით განპირობებული ადამიანურობის განცდაც და, ყველაზე კარგად ეს რელიგიური თემის ნამუშევრებში ჩანს, რამაც, ვფიქრობ, დღევანდელობის ადამიანი უნდა დააფიქროს იმის შესახებ, თუ რა არის ამ ისტორიებიდან ღირებული… რა უნდა დავტოვოთ ხელუხლებლად და რას სჭირდება ხელის შევლება სასწრაფო წესით? 

2020 წელს, სხვათა შორის, გამოფენაც მოეწყო – Paula Rego e Josefa de Óbidos: Arte religiosa no feminino (კურატორი – კატარინა ალფარო),  რომელიც შთამაგონებელ ან სულისშემხუთავ ბიბლიურ ისტორიებს გვიყვებოდა… და ეს ისტორიები გადმოცემულია ისე, თითქოს დღეს, აგერ, სადმე ქუჩის ბოლოში ხდება ბიბლიური ამბები. ჯერ მარტო რად ღირს, „ეგვიპტეში გაქცევის“ სცენაში ტიპური პორტუგალიელი ქალის მსგავსად აივანზე გამომდგარი ღვთისმშობლის დედის, ანას პორტრეტი?! ან კიდევ, თითქოს აგვისტოს მზით გადაქანცული მარიამი ხარების სცენაში?! 

 დავიწყოთ ისტორიით ჩემს საყვარელ წმინდანზე, რომელიც III-IV საუკუნეების მიჯნაზე ქალაქ ალექსანდრიაში ცხოვრობდა, და, როგორც ამბობენ, უსაზღვროდ განათლებული იყო. ადრეულ ასაკში ეკატერინეს გათხოვებას კი აძალებდნენ, მაგრამ მისი პირობა დაუძლეველი აღმოჩნდა: „მე მინდა მყავდეს ისეთი ქმარი, რომელიც ჩემი თანასწორი იქნება განსწავლულობით.“(1) სწორედ ასე, ქრისტესმიერი სიყვარულით სავსე, მოგვიანებით დებატებში ამარცხებს ორმოცდაათ ფილოსოფოსს, რომლებიც იმპერატორ მაქსიმიანეს სპეციალურად შეეკრიბა, რომ ეკატერინეს ქრისტიანული კოსმოლოგია დაემსხვრია. ამ ამბავში აღმაფრთოვანებელია არა მხოლოდ ის, რომ ქალი იმარჯვებს ორმოცდაათ განსწავლულ კაცზე, არამედ ისიც, რომ ორმოცდაათივე, დისკუსიაში დამარცხებისთანავე, ეკატერინეს ფეხებში უვარდება და პატიებას ითხოვს უცოდინარობისთვის. ამის შემყურე, განრისხებული იმპერატორი ყველა ფილოსოფოსს კოცონზე წვავს… თავად ეკატერინეც, გარკვეული დროის შემდეგ, მოწამებრივად აღესრულება. 

შესატყვისად ემოციურია პაულა რეგოს გადაწყვეტა, როდესაც ის ბრიტანეთის ეროვნული გალერეისთვის წმინდანის პორტრეტს ქმნის. „კრიველის ბაღის“ პანელზე ეკატერინეს ფიგურა ერთ-ერთი მოტივია და პარადოქსულად ის არაა გამოსახული, როგორც წამებული, არამედ, ფეხებთან მოკვეთილი იმპერატორის თავით, გამარჯვების იდეის პერსონიფიკაციაა. პაულა რეგოს თანახმად, „ის არ კლავს ვინმეს, ეს მხოლოდ სულის ტრიუმფია“. (2)

რეგოს შემოქმედებით გავიგე პირველად ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებაც. თურმე XIII საუკუნეში 12 წლის ფრანგმა ბიჭმა – ეტიენმა განაცხადა, რომ ღმერთისაგან მიიღო ცნობა, რომლის თანახმადაც, მას წმინდა მიწაზე ქრისტეს საფლავი უნდა დაებრუნებინა. ეტიენი იმდენად კარგად საუბრობდა, რომ მას მიმდევრები გაუჩნდნენ და საბოლოოდ, მთელი ევროპის მასშტაბით ათი ათასობით ახალგაზრდა შემოიერთა. მიუხედავად ღმერთის, ფრანცისკანელთა ორდენის და რომის პაპის მხარდაჭერისა, ისტორიული ცნობების თანახმად, მარსელის პორტიდან დაძრული მოზარდები საბოლოოდ არა იერუსალიმში, არამედ ჩრდილოეთ აფრიკაში მოხვდნენ, სადაც მონებად გაიყიდნენ. ამ ამბავში, ერთი მხრივ, ნების სიძლიერე და, მეორე მხრივ, ტრაგიკული დასასრული აღმოჩნდა პაულა რეგოსთვის შთაგონების წყაროც, რომელიც ალეგორიულად ბავშვად ყოფნის -ერთდროულად უცოდველობისა და ექსტრემალური სისასტიკის – მდგომარეობასაც ირეკლავს.(3)

 

პაულა საკმაოდ ბევრს მუშაობს ღვთისმშობლის თემაზეც. მის პორტფოლიოში აღსანიშნია ბელემის ღვთისმშობლის სამლოცველოს პროექტი –  ღვთისმშობლის ცხოვრების ციკლი (2002) –  რომელიც ხელოვანს მისმა კარგა მეგობარმა და იმ დროის პორტუგალიის პრეზიდენტმა ჟორჟ სამპაიომ დაუკვეთა. პაულა ამ პროექტს ყველაზე მნიშვნელოვან და გამბედავ ნაბიჯად მიიჩნევს საკუთარ შემოქმედებაში.(4) როგორც სათაური მოწმობს, სერია მარიამზეა და, უპირველესად მარიამზე, როგორც ქალზე, როგორც დედაზე. პაულა ცდილობს დაგვანახოს ის გზა, რომელსაც 14 წლის გოგონა შეუდგა, როდესაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა „სასოწარმკვეთი, რთული და დიდად საპასუხისმგებლო“(5) ამბავი აუწყა. 

სწორედ ამ ეგზისტენციალურ გამოწვევასთან შეჭიდებული მოზარდის და შემდეგ ქალის-დედის ისტორია ვრცელდება სამლოცველოს ნიშურ ნამუშევრებში. მარიამზე აქცენტირება საუკეთესოდ „დატირების“ სცენაში ჩანს, სადაც ჯვარცმული ქრისტეს (ანუ, ქრისტიანობის პროექტის) მხოლოდ ფრაგმენტია წარმოდგენილი და წინა პლანზე ღვთისმშობელი და მარიამ მაგდალინელია. ღვთისმშობელი თითქოს ახალი აღთქმისეული ნარატივიდან გამდგარია და იმ უსაშველოდ სულის შემბოჭავ აპათიაშია, რომლიდან გამოსვლაც ქალისთვის, დედისთვის შეუძლებელია. 

და სად გინახავთ ასეთი მაგდალინელი აქამდე? პაოლასავე განმარტებით, მან ის ლარს ფონ ტრიერის „Breaking the Waves”-ის ბესის პერსონაჟს დააფუძნა.(6) ღვთისმშობელთან ერთად პაულა რეგოს პორტფოლიოში ხშირად ვხვდებით მარიამ მაგდალინელს. როგორც ისტორიკოსი მარინა უორნერი ამბობს, სწორედ ეს ორი პერსონაჟი -მარიამ მაგდალინელი და ღვთისმშობელი -ქმნის ქალის პატრიარქალური იდეის კათოლიკურ დიპტიქს უბიწოებასა და მრუშობაზე:(7) კათოლიკურ საზოგადოებაში არ არის ადგილი მარტოხელა ქალისთვის, თუკი ის არ არის ქალწული ან მეძავი.(8)  და საინტერესოა ნამუშევარიც, სადაც პაულა რეგო საკუთარ თავსავე წარმოადგენს მარია მაგდალინელით, რომელიც მენელსაცხებლობს ქრისტე-ლაზარეს, სინამდვილეში კი, თავის ქმარს, მომაკვდავ ვიქტორ უილინგს. თითქოს სასიკვდილო განაჩენისთვის განწირული ქმრის მოვლის პროცესით, პაულა თმობს მიწიერ სიამოვნებებს და მსახურებით გამოისყიდის ცოდვებს, მაგდალინელის მსგავსად.(9)

ბელემის სამლოცველოში დამზაფვრელია მეორე ნამუშევარი – „ქრისტესშობა,“ რომელშიც  უკომპრომისო სიმძიმეა ნაჩვენები და რომელიც შეუსაბამოა იმ გადმოცემასთან, რომლის თანახმადაც მარიამმა იესო ყოველგვარი ფიზიკური ტკივილის გარეშე მოავლინა ქვეყნიერებაზე. პაულა რეგოს ამ ნამუშევარში, უბრალოდ, რიგითი თხუთმეტი წლის გოგოს მშობიარობის სცენაა. 

ვუყურებ და ვბრაზდები ანგელოზზე, რომელიც მარიამს მშობიარობაში ეხმარება: სტატიაზე წერისას პროფესორ მარია მანუელ ლიშბოას წერილსაც გავეცანი პაულა რეგოს ღვთისმშობლების შესახებ. ავტორი იხსენებს მარგარეტ ეტვუდის რომანსაც („მხევლის წიგნი“) სხვადასხვა მიზნობრიობით;(10) და ზუსტად ამ კონოტაციით, ამ ანგელოზში ვხედავ „დეიდა ლიდიას“ (წიგნი არ მაქვს წაკითხული და დეიდა ლიდიაზეც მხოლოდ კინოპერსონაჟით ვმსჯელობ): ეს არის ადამიანი, რომელიც ფაშისტური რეჟიმის მსახურია და რომელსაც მხევლების გაწვრთნა და მათზე ზრუნვა ავალია. ფილმში ხშირია სცენები, როდესაც დეიდა ლიდია თითქოს იმაზე მეტადაა ემპათიური მონა-მხევლების მიმართ, ვიდრე ეს რეჟიმის მიერ არის დასაშვები; საბოლოოდ კი, ის მაინც რეპრესიული სისტემის ჭანჭიკია და მისთვის ზრუნვის ობიექტების – მხევლების, რომლებსაც ამზადებს, რათა მონათმფლობელებმა ისინი გააუპატიურონ – კეთილდღეობა მხოლოდ იმდენადაა უპირატესი, რამდენადაც ეს სასარგებლოა რეჟიმისთვის; მისი ემპათია კონფორმიზმის ფონზე ორმაგად ამაზრზენია.

ქრისტესშობის სცენაშიც ანგელოზი თითქოს თანაუგრძნობს გოგონას, რომელიც მისი მფარველობის ქვეშაა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ანგელოზი უპირველესად მაინც „საღვთო პროექტის“ წინაშეა ანგარიშვალდებული. 

და მერე დავფიქრდი, თუ რამდენი ასეთი „მზრუნველი“ შუამავალი გვყავს დღევანდელ საქართველოშიც: არც რომ ბოლომდე სამთავრობო ვერტიკალს წარმოადგენენ, მაგრამ არც ნონკონფორმიზმზე აქვთ ამბიცია. ასეთი ხალხი, ანგელოზ-დეიდა ლიდიასებრ შუაგვდგომლობს ოფიციოზთან და კრიტიკულ შემთხვევებში თითქოს მხარს გვიჭერს კიდეც, თუმცა, საბოლოო ჯამში, მათი არსებობის იდეა სისტემის შენარჩუნება-მსახურებაში მდგომარეობს.

ასევე მოათვინიერა ახალი აღთქმის პერსონაჟები კონტინენტური ევროპის მეორე ბოლოში თამუნა მელიქიშვილმაც; თუმცა, რეგოსგან განსხვავებით, მელიქიშვილის ნამუშევრებში არც დიდად სიჯიუტე ჩანს და არც ცინიზმი; აქ საერთო ზემოთ ნახსენები მესამე კომპონენტია – კეთილი ნების მანიფესტაციითა და დამთვალიერებლებში აღძრული ემპათიით განპირობებული ადამიანურობის განცდა. 

შეხედეთ მელიქიშვილის 2001 წელს შესრულებულ ხარების სცენას: ღვთისმშობელი თითქოს ის-ის იყო low cost ავიაკომპანიით აპირებდა მოგზაურობას, როდესაც გაბრიელმა გააჩერა და ასე, სასხვათაშორისოდ უთხრა: „გიხაროდეს, მიმადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ შენ დედათა შორის“ (ლუკა: 1:26). “Are you kidding?,” გაიფიქრა მარიამმა.

ამავე ნამუშევარში აღსანიშნავია, რომ ხარებისთვის სახასიათო შროშანი ვაშლითაა ჩანაცვლებული, რაც – გვინდა, არ გვინდა – ისევ ევას გვახსენებს, რომელსაც პატრიარქალურმა სამყარომ ყველაფერი გადააბრალა და დააბრალა. და, რაკი ვახსენეთ ევა და ვაშლი, აქ იუზა ხუსკივაძის მოსაზრებაც გავიხსენოთ, რომ თითქოს მარიამმა ევას თავდაპირველი ცოდვა გამოისყიდა. მოკლედ, ქალური სოლიდარობის წრე შეაკვრევინეს. 

ქალური სოლიდარობის მოტივები ჩანს მელიქიშვილის ხარების სხვა სცენებშიც, რომელთაგან ზოგში გაბრიელი სულაც ფემინურ განსხეულებაშია წარმოჩენილი (პრინციპში, რა მოხდა მერე – ანგელოზებს ხომ არ აქვთ სქესი; არაბინარულები არიან). ერთ-ერთ ასეთ ხარებაში საგულისხმოა მარიამის სახის ქრობაც ფარდის საშუალებით. რასაკვირველია, ესეც, გვინდა ჩვენ თუ არა, ქალთა უფლებების თემაზე გვაფიქრებს ზოგადად და კონკრეტულად 14 წლის მარიამზე, ძველი და ახალი საუკუნეების მიჯნაზე რომ ცხოვრობდა ლევანტში… 

მელიქიშვილის რელიგიის თემის ბევრ სხვა ნამუშევარში ძნელია გაარჩიო, სად სრულდება მაგ., საიდუმლო სერობის იდეა და იწყება კოტდაზურული წვეულება; ან გამოარკვიო, რა დოზითაა ქრისტეში ღმერთი და უბრალოდ ბექფექერი მოგზაური; ზოგჯერ ისიც ძნელია გაარკვიო, ხარების სცენებში რა ურთიერთდამოკიდებულება აქვთ ჯიბრაილსა და მარიამს: ხან გგონია, რომ მარიამი მის ჩახსნას ცდილობს და ხანაც ოსტატი და მარგარიტას შეხვედრის სცენა გახსენდება… 

კონსერვატიული ეკლესიური პერსპექტივით თამუნას და პაულას შემოქმედება მწვალებლურია, ღვთისმგმობია; მარტივად რომ ვთქვათ, მისი ადგილი დედამიწაზე არაა. და ვფიქრობ, ამის მიზეზი მაინცდამაინც ის კი არ არის, რომ ბიბლიური პასაჟების მხატვრული გადაწყვეტა სცდება ეკლესიის ესთეტიკურ კანონიკას, არამედ ის, რომ თავად ეს მხატვრები საკუთარი შემოქმედებით კონკურენციაში შედიან ეკლესიასთან: იმ პირობებში, როდესაც ეკლესიას სულ უფრო და უფრო უჭირს ქრისტიანული საზრისის დაკავშირება თანამედროვე საზოგადოებასთან, მხატვრებს ეს შედარებით მარტივად გამოსდით, თუმცა არა ისე, როგორც ამას პატრიარქალური კულტურა მოელის. 

გენდერის პოლიტიკის კონტექსტში საფრთხილოა „ქალზე“ და „კაცზე“ საუბარი, თუმცა, ვფიქრობ, თამუნას და პაულას… მათ შემოქმედებას სწორედ ქალური პროტესტის მშვენიერი სიმსუბუქე აერთიანებს… და აქ ვირჯინია ვულფის ქართულად ჯერარნათარგმნი „იაკობის ოთახის“ პასაჟი მახსენდება:

„რისი დამახსოვრება გთხოვე?“ – ჰკითხა ბეტიმ.

„არ მახსოვს,“ – უპასუხა არჩერმა.

„არც მე,“ – უთხრა ბეტიმ, ხალისით და უბრალოდ, და ვერავინ უარყოფს, რომ ეს გონების გაფანტულობა, როცა ერწყმის სიჭარბეს, დედის საზრიანობას, ბებრუხანების ზღაპრებს, უმიზნო ხეტიალებს, შიგადაშიგ გასაოცარი გამბედაობის, იუმორის და სენტიმენტალურობის გამოვლინებებით – მართლაც ვინ გაბედავს და უარყოფს, რომ ამ ყველაფერში ნებისმიერი ქალი ნებისმიერ მამაკაცზე მშვენიერია?

 

1 საპატრიარქოს უწყებანი. n.d. წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ცხოვრება. Accessed June, 2023. https://www.orthodoxy.ge/tveni/noemberi/ekaterine.htm

2 Mota Ribeiro, Anabela. 2016. Paula Rego por Paula Rego. Lisbon: Temas e Debates. p. 24

3 Alfaro, Catarina, Carlos Carreiras, and Isabel Sabino. 2021. Paula Rego, Josefa de Óbidos arte religiosa no feminino. Fundação D. Luís I, F.P. p. 93

4 ibid. p. 110 

5 Mota Ribeiro, Anabela. 2016. Paula Rego por Paula Rego. Lisbon: Temas e Debates. p. 28

6 ibid. p. 44 

7 Warner, Marina. 1983. Alone of All Her Sex: The Myth and the Cult of the Virgin Mary. London: Vintage. p. 239

8 Alfaro, Catarina, Carlos Carreiras, and Isabel Sabino. 2021. Paula Rego, Josefa de Óbidos arte religiosa no feminino. Fundação D. Luís I, F.P. p. 27

9 ibid. 30

10 Lisboa, Maria Manuel. 2019. “Paula and the Madonna: Who’s That Girl?” In Essays on Paula Rego: Smile When You Think about Hell . Cambridge: Open Book Publishers. https://books.openedition.org/obp/9781?lang=en#ftn28 . 

 

 

პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირისა და AT.ge-ს ფინანსური მხარდაჭერით, EU4Culture პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი. პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია ნიკოლოზ ნადირაშვილი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.