fbpx

ძლიერებს უმართლებთ?!


გააზიარე სტატია

ძლიერებს უმართლებთ?!

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ივნისი განსაკუთრებით დატვირთულია წლევანდელ სეზონში, რადგან ევროპული ფეხბურთი საკლუბო პაექრობების დასრულებისთანავე სანაკრებო რეჟიმზე გადაერთო, მოვლენები ელვისებრი სისწრაფით ვითარდება და ქართველი გულშემატკივრებიც მოუთმენლად ელიან ჩვენი გუნდების გამოსვლას როგორც ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში, ისე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, რომელსაც საქართველო მასპინძლობს.

სანაკრებო ციებ-ცხელება კი ერთა ლიგის A კატეგორიის გუნდების ნახევარფინალური დაპირისპირებებით დაიწყო, რომლებიც ნიდერლანდებში ჩატარდა.

„ნარინჯისფრები“ რატომღაც ლურჯი შეფერილობის მაისურებით დახვდნენ  ბრძოლისუნარიანობით გამორჩეულ ხორვატიის ნაკრებს და „ბარსელონადან“ გაშვების შემდეგ უკან დაბრუნებულ მწვრთნელ რონალდ კუმანის თაოსნობით, მარცხი იწვნიეს მასთან შეხვედრაში.

მაყურებლებმა დიდი სიამოვნება განიცადეს ამ მატჩის ცქერით, რადგან ნიდერლანდელებმა განვლილ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრის მსგავსად, წონასწორობა აქაც მატჩის დამატებით მე-6 წუთზე აღადგინეს.

თუმცა, უკანასკნელ ნახევარ საათში ხორვატებმა მასპინძლები კიდევ ორი ჩათვლილი და ერთი არჩათვლილი გოლით დაასაჩუქრეს და მასპინძლები ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.

მეორე წყვილში ესპანელებმა თანაბარ ბრძოლაში იტალიელებს ანგარიშით 2:1 სძლიეს და გამარჯვებულის და მესამე ადგილოსნის  გამოსავლენად გუნდებმა კვირა საღამომდე შეისვენეს.

იქამდე კი ერთა ლიგის მატჩები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაპირისპირებებმა ჩაანაცვლა, სადაც ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის სფეროს საქართველოს ნაკრების გასვლითი შეხვედრა წარმოადგენდა კვიპროსის ეროვნულ გუნდთან.

ამ მატჩის დაწყებამდე უკვე ცნობილი იყო, რომ შოტლანდიის ნაკრებმა გასვლაზე ნორვეგია ანგარიშით 2:1 დაამარცხა. 

სანამ ერლინგ ჰალანდი მოედანზე იმყოფებოდა, სტუმრები მისი შიშით შეტევაში დიდი ძალების მობილიზებას ვერ ახდენდნენ და ღირებულს ვერაფერს ქმნიდნენ. 

მაგრამ მატჩის 84-ე წუთზე ჰალანდის შეცვლით ნორვეგიელთა მწვრთნელმა წარმოუდგენელი სისულელე ჩაიდინა. სტუმრებმა ამით ისარგებლეს, დარჩენილ დროში ორი ბურთი გაიტანეს და სამი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიცია ქულათა მაქსიმუმით შეინარჩუნეს.

შექმნილი ვითარება არასასურველი გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის, რადგან სამომავლო წარმატებაზე ფიქრისათვის მას კვიპროსის ნაკრები აწი უკვე აუცილებლად უნდა დაემარცხებინა.

პასუხისმგებლობა იმდენად დიდი იყო, რომ ნერვიულობა ჩვენ ბიჭებს მატჩის დებიუტშივე დაეტყოთ. 

სტადიონის ნახევრად ცარიელ ტრიბუნებზე კი ჩვენი თანამემამულეები სჭარბობდნენ მასპინძელთა გულშემატკივრებს და ქართველი ფეხბურთელების გამამხნევებელი შეძახილები განუწყვეტლივ ისმოდა.

პირველივე წუთებზე საკუთარი კარის სიახლოვეს დაშვებული რამდენიმე მიუტევებელი შეცდომის შემდეგ ჩვენებმა ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა შეძლეს, მაგრამ საგოლე მომენტებამდე საქმე ნაკლებად მიდიოდა. 

ერთ-ერთ ეპიზოდში ხვიჩა კვარაცხელიამ მცველების დამაბნეველი შესანიშნავი გადაცემით გიორგი ჩაკვეტაძე დასარტყამ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მასპინძელთა მეკარემ წაიკითხა შეტევის ასეთი განვითარება, დროულად გამოვიდა წინ და მაქსიმალურად შეუზღუდა ქართველ ფეხბურთელს ბურთის შორეული კუთხისაკენ გადასაგზავნი სივრცე.

ორმხრივი შეტევების ფონზე ნორვეგიასთან მატჩის მსგავსად, გმირობა ამჯერადაც მიქაუტაძემ ჩაიდინა, რომელმაც შეხვედრის 31-ე წუთზე მოედნის ცენტრის სიახლოვეს მეტოქეს პასი გადაუჭრა, ბურთი მოიპოვა და ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ მეკარისათვის აუღებელი დარტყმით გახსნა ანგარიში.

კვიპროსის ნაკრებმა წონასწორობა ათი წუთის შემდეგ თერთმეტმეტრიანი დარტყმით აღადგინა. გიორგი მამარდაშვილმა გამოიცნო კუთხე და ბურთს თითის წვერებით შეეხო კიდეც, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მის მოსაგერიებლად.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა თანდათანობით ხელთ იგდეს სათამაშო ინიციატივა და ორჯერ ხარიხას გაარტყეს ბურთი, რის საპირისპიროდაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა მიერ შექმნილი ნახევრად საგოლე მომენტები წარმატებისთვის საკმარისი არ ყოფილა.

უკვე ისეთი შთაბეჭდილებაც კი იქმნებოდა, რომ მასპინძელთა მწვრთნელი თემურ ქეცბაია უკეთ ხედავდა საქართველოს ნაკრების სუსტ წერტილებს, ვიდრე მისი ოპონენტი, რადგან ის შედარებით დაბალი კლასის ფეხბურთელებით ახერხებდა სათამაშო რიტმის კარნახს.

მაგრამ კვიპროსელთა დომინირება ვილი სანიოლის მიერ განხორციელებული სამმაგი ცვლილების შემდეგ აღმოიფხვრა და მატჩის 84-ე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი მოედანზე ახლად  შესული ფეხბურთელების – საბა ლობჟანიძისა და ზურიკო დავითაშვილის ძალისხმევის შედეგი იყო.

„ბორდოს“ ქართველი თავდამსხმელის მიერ შესრულებული დაფარული დარტყმა მსგავსი აღმოჩნდა შოტლანდიელი კენი მაკლინისა, რომელმაც ნორვეგიელებთან გამარჯვების ბურთი მატჩის ბოლოსწინა წუთზე გაიტანა. 

საბოლოოდ, ცივი გონებით თუკი ვიმსჯელებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ შესარჩევი ციკლის პირველი ორი მატჩიდან საქართველოს ნაკრებმა მაქსიმალური შედეგი მიიღო, რადგან ნორვეგიასთან ჩვენ წაგებასთან უფრო ახლოს ვიყავით, ვიდრე ფრესთან, ხოლო კვიპროსთან შეხვედრაში კი ფრე უფრო ლოგიკური იქნებოდა, ვიდრე მოგება.

ასეთი მდგომარეობა ჩვენს გუნდს, ერთი მხრივ, უკვე მომდევნო მატჩში თამაშის ხარისხის აშკარა გაუმჯობესებისაკენ მოუწოდებს, მეორე მხრივ კი, ქართველ გულშემატკივრებს გარკვეულწილად ამშვიდებს კიდეც, რადგან ხომ ნათქვამია, ძლიერებს უმართლებთო…

აი ნიდერლანდელებს კი აშკარად არ გაუმართლათ, რადგან მათთვის სულაც არ ყოფილა სასიამოვნო საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ორი მატჩის წაგება. 

მესამე ადგილისთვის შეხვედრა ერთა ლიგის A კატეგორიის ტურნირის მასპინძლებმა უკვე იტალიელებთან დათმეს და ამგვარად, სეზონიც მეტად უღიმღამოდ დაასრულეს.

საინტერესოა, რომ „ნარინჯისფრებმა“ ამ ორ შეხვედრაში შვიდი ბურთი გაუშვეს, როდესაც მათ დაცვით ხაზს ვირჯილ ვან დაიკი, ნათან აკე და დიუმფრისი „ამშვენებდნენ“.

ესპანეთისა და ხორვატიის მონაწილეობით ფინალური მატჩი კი საოცარი გამოდგა. გუნდებმა მთელი ორი საათის განმავლობაში თითოეულ რგოლში მაქსიმალურად უშეცდომოდ ითამაშეს და უმაღლესი კლასის ფეხბურთი აჩვენეს. საბოლოოდ ვნებათაღელვით აღსავსე მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ – 0:0 დასრულდა. 

თერთმეტმეტრიანების სერიაში მოწინააღმდეგე მხარეებმა პირველი სამი დარტყმა უნაკლოდ შეასრულეს. მეოთხე პენალტი კი მაიერს ესპანელთა გოლკიპერმა უნაი სიმონმა აუღო. ლაპორტას შეეძლო, რომ სერია ესპანელთა გამარჯვებით დაესრულებინა, მაგრამ მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა.

საბოლოოდ პეტკოვიჩს უნაი სიმონმა პენალტი კვლავ აუღო, დანი კარვახალმა კი  თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა და მისი ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით ესპანელებმა 11-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი ტიტული მოიპოვეს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.