fbpx

კერამიკული კომბინატის რენოვაცია – Material Editors-ს ახალი პროექტი


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი

Material Editors 2019 წელს დააარსეს  ახალგაზრდა არქიტექტორებმა – მარიამ გვაზავამ და ანა გრიგოლიამ. როგორც თავად აღნიშნავენ, Material Editors წარმოადგენს იდეას, რომ ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორებიცაა მასალები, ფერები და ემოციები,  მიაღწიონ ინოვაციურ მიდგომას არქიტექტურასა და დიზაინში. ტრადიციული ღირებულებების გამოწვევით და ისტორიის გაცნობით, ისინი ქმნიან ახალ დიზაინერულ  გადაწყვეტილებებს, რომლითაც  ახორციელებენ  იდეას – პროგრესი აწმყოს შეწირვის გარეშე. 2019 წლიდან მოყოლებული ისინი 50-მდე სხვადასხვა სახის პროექტზე მუშაობენ, რაც მოიცავს კომერციულ ინტერიერებს, ინდივიდუალური სახლების არქიტექტურას, ურბანულ დაგეგმარებას და პროდუქტის დიზაინს.

“ჩვენი მიზანია შევქმნათ კომფორტის, განწყობისა და ინტერესის უნიკალური სივრცეები. მოვყვეთ თითოეული  ამბავი, თითოეული პროექტი ინდივიდუალურად და გავხადოთ ისინი განსაკუთრებული, მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი. დღეს რამდენიმე საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ პარალელურად: საერთაშორისო ოფისებზე, ღვინის ქარხანაზე, საცხოვრებელი სახლების არქიტექტურაზე, გადამუშავებული პლასტმასის მასალის შექმნაზე და მცირე კომერციულ ობიექტებზე. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი კი კერამიკული ქარხნის კომბინატის რეაბილიტაციაა.” (ანა და მარიამი)

მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ 26 კომისრის სახელობის სამრეწველო უბანში ნავთლუღის გრანდიოზული კერამიკული ქარხანა დღეს აღარ ფუნქციონირებს, ამ ობიექტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რეგიონის ინდუსტრიულ ლანდშაფტში. ქარხანა, რომელიც ოდესღაც ხეტყის საწარმოს – “თბილმშენის” საკუთრებაში იყო განთავსებული, ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა  სხვადასხვა განყოფილებისთვის, მათ შორის საწარმო-ტექნიკური, დაგეგმარების, შრომისა და ხელფასის, გამოგონებებისა და რაციონალიზაციის,  ტექნიკური უზრუნველყოფის, პერსონალის, მასალების მიწოდებისთვის.  აქ იყო განთავსებული ლაბორატორია, პარტიის ბიურო, ქარხნის კომიტეტი და კომკავშირის კომიტეტი.

ქარხნის შენობა  მოსკოვის პროსპექტის გასწვრივ ორსართულიანი ფასადით,  ასახავს სტალინური არქიტექტურული სტილის მახასიათებლებს: თაღოვანი გალერეები, ნახევარწრიული ფანჯრების ღიობები, კოშკის დომინირება და ორნამენტული გაფორმება ეპოქის არქიტექტურული ენის მაგალითია. პირველ სართულზე განთავსებულია მართკუთხა ფანჯრები, ხოლო მეორე სართულზე  ნახევარწრიული ჩარჩოიანი ფანჯრები სიმეტრიულადაა გასწორებული მათთან.  აღსანიშნავია, რომ უკანა ფასადი ვრცელდება სამ სართულზე, სარდაფში  დამატებულია კვადრატული ფანჯრები.

სტრუქტურის მთავარი ადგილია მაღალი კოშკი, რომელიც დაგვირგვინებულია კარვის მსგავსი სახურავით და უზრუნველყოფს გარემოს პანორამულ ხედს. კოშკის ინტერიერში განთავსებულია კიბე, რომელიც მიდის ზევით, რაც ხაზს უსვამს მის ესთეტიკურ მიმზიდველობას. სამი სვეტს  დაყრდნობილი კოშკის ღიაობი და თაღები ოთხივე მხარეს ქმნის ჰაეროვან ატმოსფეროს. კარების ზედა სიბრტყე მორთულია მრგვალი ლუნეტებით, ხოლო პილასტრები ამშვენებს კუთხეებს და ელეგანტურობას მატებს მათ.

კერამიკულ ქარხანა  ნავთლუღში, რომელშიც ოდესღაც ინდუსტრიული საქმიანობის აურზაური იყო, ახლა თბილისის მდიდარი ისტორიის მდუმარე მოწმეა. მისი არქიტექტურული მიმზიდველობა, რომელიც ხასიათდება სტალინური დიზაინის ელემენტებით, ხიბლავს მნახველებს და გვახსენებს ქალაქის ინდუსტრიულ მემკვიდრეობას. მიუხედავად იმისა, რომ აღარ ფუნქციონირებს, ეს ღირსშესანიშნავი ნაგებობა ქალაქის წარსულის მოწმეა  და იმსახურებს შენარჩუნებას, როგორც არქიტექტურული ძვირფასი ქვა, რომელიც ასახავს ქართულ სულს.

2022 წელს კომპანია Material Editors-ის გუნდის წარმომადგენლებმა – მარიამ გვაზავამ და ანა გრიგოლიამ შეიმუშავეს კომბინატის რეაბილიტაციის პროექტი. შენობის ძლიერი დაზიანების გამო მოხდა საძირკვლის, ჩრდილო-დასავლეთის კუთხისა და ღიობების გამაგრება, ფასადის მთლიანი გასუფთავება ნალესისგან და ძველი აგურის წყობის წარმოჩენა, კოშკის დემონტაჟი და მისი ჩანაცვლება იდენტური მოცულობით. აგურის წყობა გამოჩნდა ფასადსა და კოშკზე. ფასადის ყველა არქიტექტურულმა ელემენტმა – ფანჯრებმა, კარის ღიობებმა, მოჩარჩოებამ შეინარჩუნა მანამდე არსებულის ავთენტურობა. გათვალისწინებულია ასევე პირველი სართულის შემომსაზღვრელი ცისფერი კერამიკის მოპირკეთების შენარჩუნება და აღდგენა. მოჩარჩოების, კარნიზისა და კოშკის პილასტრების თეთრი ფერი კონტრასტს ქმნის  აგურის წყობასთან და გამოჰკვეთს მათ.

შენობას გაფართოების მიზნით დაემატა მეოთხე სართულზე სრულფასოვანი მინა-ბლოკის სართული, რამაც გამოიწვია სახურავის დემონტაჟი. მისი სიმაღლე უტოლდება ოდნავ სახეცვლილი კარნიზის სიმაღლეს და ის ერთ მთლიან სიბრტყედ წარმოჩნდება.

კომბინატის შენობას არ ჰქონდა ქუჩის მხრიდან შესასვლელი. ამიტომ დაემატა მთავარი შესასვლელი მოსკოვის პროსპექტის მხრიდან. პანდუსების სისტემა  და კიბეები ლურჯი ფერის იქნება. ის შესასვლელი, რომელიც არსებობდა დასავლეთის მხრიდან, შენარჩუნდა და დამონტაჟდა ზიგზაგისებური ცისფერი სახანძრო კიბე. მესამე სართულიდან დაემატა კოშკში ასასვლელი კიბე, რომელიც მთელი კოშკის პერიმეტრს მიუყვება მესამე სართულის სახურავამდე და ზედა კოშკამდე. ინტერიერში თეთრი კიბე მოკლე გვერდის შიგა მხრიდან გაუყვება პირველიდან მესამე სართულამდე და საინტერესო ვიზუალურ ეფექტებს ქმნის. თეთრი შელესვისა და აგურის კონტრასტი შექმნილია როგორც სამუშაო სივრცეებში, ასევე დერეფნებსა და დამხმარე სათავსებში. ასევე, სადაც შესაძლებელი იყო, შენარჩუნდა შენობაში არსებული ძველი შპალერები და კედლის მოპირკეთებები, მოზაიკები და ფილები.

სართულების ფუნქციური განაწილება

შენობა დაყოფილია 3 ნაწილად – მარჯვენა ფლიგელი, მარცხენა ფლიგელი და შუა ბირთვი, სადაც ყველა სართულზე განთავსებულია დერეფნები, კიბე, ლიფტი, სველი წერტილები და ტექნიკური ოთახები.

პირველი სართული მოიცავს ორ საგამოფენო სივრცეს, ტუალეტებს, საკონფერენციო ოთახებს. მეორე სართულზე განთავსდება ცენტრალური შემოსასვლელი, რეცეფცია, წიგნის მაღაზია, სველი წერტილი, რესტორანი, საერთო მოხმარების სივრცე, დახურული ოფისები;

მესამე სართულზე განთავსდება საერთო სამუშაო სივრცე (co-working area), სამზარეულო, დახურული ოფისები, სველი წერტილი;

მეოთხე სართული (დაშენებული) მოიცავს საერთო სამუშაო სივრცეს, სამზარეულოს, ტერასას, ჰოსტელს, ადმინისტრაციას.

ფასადის მოპირკეთებაში შენარჩუნდა არსებული მასალები – აგური, კერამიკული ფილები, იატაკები, შპალერები, მინა-ბლოკი (შემდგომში ინტერიერში დაემატება – გამჭვირვალე პოლიკარბონატი, ღია თაბაშირის  პროფილები, სარკეები, მოზაიკა). დომინირებული იქნება ფერები: ლურჯი, ცისფერი, იასამნისფერი (ნათება), თეთრი. ფასადზე დამონტაჟდება იასამნისფერი ნეონის განათებები.

არქიტექტორების კონცეფცია:

ისტორიული ელემენტების თანამედროვე დიზაინის ელემენტებთან შეხამება ქმნის უნიკალურ ატმოსფეროს, რომელიც ასტიმულირებს ფანტაზიას და შთაგონებას. თავისი მრავალფეროვანი ფუნქციონალურობით შენობა ინდივიდებს და გუნდებს აძლევს მოქნილობას იმუშაონ ღია საერთო სივრცეებში, კერძო ოფისებში ან ერთობლივი შეხვედრების ოთახებში. მსგავსი ინდუსტრიული შენობების განახლება საშუალებას გვაძლევს გავაგრძელოთ მათი ისტორია დღევანდელ, თანამედროვე ეპოქაში, ახალი ფასეულობებითა და მიზნებით.

კომბინატის სივრცე სხვებისგან გამოირჩევა ისტორიული მნიშვნელობისა და თანამედროვე ფუნქციონირების შერწყმით, რაც უნიკალურ და შთამაგონებელ გარემოს ქმნის. ეს გამოცდილება სცილდება ტრადიციული საოფისე სივრცეების პარამეტრებს. დასანგრევად  განწირული შენობისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა კი ამაღელვებელ განცდას იწვევს და გაძლევს მოტივაციას წარსულზე დააშენო ახალი, წარმატებული მომავალი.

ვფიქრობთ, რომ სახელი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. სახელწოდება ატარებს მემკვიდრეობისა და ინდუსტრიული მნიშვნელობის გრძნობას, შეესაბამება შენობის ისტორიული ღირებულების შენარჩუნების საერთო კონცეფციას. ორიგინალური სახელწოდების შენარჩუნებით, პროექტი პატივს სცემს კომბინატის მდიდარ ისტორიას და მემკვიდრეობას. ასევე, კომბინატი შინაარსობრივადაც კარგად უკავშირდება მის განახლებულ ფუნქციებს, როგორც სხვადასხვა დარგის გამაერთიანებელი საწარმო.

კომბინატი  მიზნად ისახავს იყოს მრავალფუნქციური დანიშნულების ადგილი, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების კულტურულ და შემოქმედებით განვითარებას და სამგორის უბანში მიზიდულობის ცენტრის გაჩენას. კომპლექსში არსებული საგამოფენო სივრცე უმასპინძლებს კულტურულ ღონისძიებებს. საკონფერენციო დარბაზებში გაიმართება სემინარები და სხვა სამუშაო შეხვედრები. წიგნის მაღაზია მომსვლელს შესთავაზებს ფართო ლიტერატურულ არჩევანს და უზრუნველყოფს პლატფორმას ლიტერატურული ღონისძიებებისთვის. კომბინატში განთავსებული რესტორანი მოემსახურება როგორც საერთო სამუშაო სივრცეს, ასევე ამ უნიკალური გარემოს დამთვალიერებლებს, ჰოსტელი კი სტუმრებისთვის კომფორტულ საცხოვრებელს უზრუნველყოფს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.