fbpx

Archived Fashion – ტანსაცმელი დროის მიღმა


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ ბერძენიშვილი

 

Archived fashion – ეს არის მოდა დროის მიღმა, რომელიც ცვლის გლობალურ სურათს და მოდის მეინსტრიმულ ლანდშაფტს.

არქივული მოდა, როგორც ტერმინი, გულისხმობს განსაკუთრებული, ჩაცმადი სამოსის კულტივაციას, რომელიც  კონკრეტულ ეპოქას, დიზაინერს ან ბრენდს წარმოადგენს წარსულიდან.  ტანსაცმლის ეს ერთეულები გამოირჩევა რთული კონსტრუქციით, ქსოვილების მრავალფეროვნებით  და ტექნოლოგიურად უზადოდაა დამუშავებული.

არქივული მოდა განსაკუთრებით ახალგაზრდებშია პოპულარული, მოდის აქტივისტებში და დამწყებ დიზაინერებში, რომლებიც ცდილობენ ოსტატებისგან ისწავლონ.

სამწუხაროდ დღევანდელ საქართველოში ტანსაცმლის წარმოება, როგორც ინდუსტრია მხოლოდ მცირე მასშტაბებში არსებობს და რამდენიმე ფაბრიკით შემოისაზღვრება, არტიზანული პროდუქტის შექმნის ცოდნა კი, რომელიც უფროს თაობას გააჩნდა, ნელ-ნელა ქრება.

ხშირად არქივში არსებული ტანსაცმლის ერთეულები არა მარტო ესთეტიკურ ღირებულებას,  პოლიტიკურ და სოციალურ მესიჯებსაც გვაწვდიან, რაც ამა თუ იმ ნაწარმს არა მხოლოდ კონსუმერულ საგნად, არამედ განაცხადად აქცევს, საშუალებას გვაძლევს მეტი გავიგოთ მოდის ისტორიაზე და უკეთესად დავინახოთ სტილის ევოლუცია.

ფაქტორები, რომლებიც კონკრეტულ სამოსს არქივის ნაწილად აქცევს, მისი ექსკლუზიურობაა. არქივული მოდა, რაც დრო გადის, უფრო მეტად ფასობს, რადგან დროის გასვლასთან ერთად ის ისტორიულ არტეფაქტად გარდაიქმნება, ემსახურება დიზაინერის სტილისტური ლექსიკის და ესთეტიკის შემონახვას,  ვიზუალური ინფორმაციის გადაცემას შემდეგი თაობებისთვის. მოდა ნამდვილად ბრუნავს, შთაგონების საპოვნელად კი წარსულში გადახედვა აუცილებელია საინტერესო სილუეტებისა თუ ფორმების მოძიებისა და გაცოცხლებისთვის.

მოდა ყოველთვის იყო და არის არავერბალური საკომუნიკაციო ენა. ადამიანებს  განსაკუთრებით უყვართ და აფასებენ ხარისხიან სამოსს, სწორედ  ტანსაცმელია ის, რითაც ვსაუბრობთ ერთმანეთთან და ტექსტილურ იმიჯებს საკუთარ იდენტობად ვაქცევთ.

მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში არქივული სამოსის გამოფენა –   Archived: Simple shapes, Difficult cuts   The Factory Tbilisi-ში გაიმართა და მოიცავდა 30-მდე კოსტიუმს Yves Saint Laurent-ის, Christian Lacroix-ის, Mugler-ის და სხვა კოლექციებიდან. ეს გამოფენა სასიამოვნო პრეცედენტია ქართულ რეალობაში, სადაც იშვიათად ვხედავთ სამოსს საგამოფენო სივრცეებში. 

 

კოლექციონერს საკუთარი „ნაგროვების“ საგამოფენო სივრცეში წარდგენაზე ფიქრი მუდმივად თან სდევს, განსაკუთრებით სამოსისა,  როდესაც თითოეული ნივთის აღქმა გარემოზე, დეკორსა თუ განათებაზეა დამოკიდებული, რაც საბოლოოდ მნახველის გამოცდილებად გარდაიქმნება.

Archivedcouture ერთადერთი მოდის არქივია საქართველოში და სრულიად ამიერკავკასიაში, რომელიც ინახავს  Pret-a-Porter-ის, Demi-couture-ის და Haute Couture-ის უმნიშვნელოვანეს ერთეულებს, ძირითადად მეოცე საუკუნის მოდის ისტორიიდან.
კონცეპტუალური თვალსაზრისით, Კონკრეტული გამოფენის იდეა დეკემბერში გაჩნდა, როდესაც ოფო ჭყონიასთან 80-იან წლებზე, როგორც მოდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ პერიოდზე ვსაუბრობდით. ეს პერიოდი ერთგვარი ხიდია მოკრძალებულ, ანტიკონფორმისტულ 70-იანებსა და ოპულენტურ, გლამურულ 90-იანებს შორის. 

მოდის ისტორიის მოკლე პერიოდზე კონცენტრირებული გამოფენა დიდ რესურსს საჭიროებს, ამიტომ გადაწყდა, რომ სამოსი, რომელიც Tbilisi Mercedes Benz-ის მოდის კვირეულზე  აჩვენეს,  ერთგვარი „teaser” ვერსია ყოფილიყო, ერთგვარი აპეტაიზერი მომავალ პროექტამდე, იმისათვის. რომ მაყურებელს ზოგადი წარმოდგენა შეჰქმნოდა არქივულ სამოსზე.

გამოფენის სახელი კონტექსტიდან გამომდინარე შეირჩა: Simple shapes, difficult cuts, წარმოდგენილი ექსპონატები ერთი შეხედვით მარტივი ფორმისანი არიან, მაგრამ ოდნავი დაკვირვებითაც კი შესამჩნევი ხდება მათი უზადო კონსტრუქცია და სილუეტური მრავალფეროვნება.

80-იან წლებში ჩნდება მოდის რუკაზე ამ დეკადის პროცესების პროვოკატორი Christian Lacroix, რომლის ნამუშევრების დიდი ნაწილი იყო გამოფენილი.

გამოფენის მთავარი  კოსტიუმიც Lacroix –ს შავ-თეთრი hounds tooth (French: pied-de-poule) პეპიტას პრინტის ორეული გახლდათ დიზაინერის პირველი Luxe კოლექციიდან, რომელიც 1988 წლის ნამდვილი ჰიტი იყო.

Yves saint Laurent- მისი პიჯაკები პირდაპირი სარკეა ოთხმოციანების მთელი დეკადის, ფემინური ფორმები გაზვიადებულად მასკულინური დეტალებით, ან პირიქით – ისევე, როგორც Thierry Mugler-ის წითელი ორეული, თავისი ძლიერი, სკულპტურული ქანდაკების მსგავსად მყარი სილუეტით.

გამოფენის ბოლო ნიმუშად შანელის 1990 წლის გაზაფხულის კლასიკური ტვიდის პიჯაკი შეირჩა ერთი შეხედვით მარტივი სილუეტით, რომელიც რთული კონსტრუქციითაა მიღწეული.

გამოფენის მიზანი შემეცნებითის გარდა მნახველის ემოციურად დატვირთვა გახლდათ,  ამიტომ, ყველაზე დიდი გონებრივი რესურსი სწორედ ექსპოზიციის მოწყობამ დაიკავა. მნიშვნელოვანი იყო ლოგიკური და აზრობრივი კავშირის გაბმა ექსპონატსა და ექსპონატს შორის, მათი თანამიმდევრობა არა შაბლონურად წლების ან მატერიის, არამედ ემოციური მთლიანობის და კომპოზიციური ერთიანობის მიხედვით მომხდარიყო – დაუვიწყარი შთაბეჭდილების დასატოვებლად.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.