fbpx

კინო – მაღაროელი


გააზიარე სტატია

ავტორი: მიხო ნერგაძე

მავანნი ამბობენ, დღევანდელი ქართული კინო ისეთივე ამოღრუტნულია, როგორც ჭიათურაო.

 ვიცით, რომ ორივეგან რაღაც არის: ძვირფასი, მნიშვნელოვანი, საჭირო. შეიძლება არც ფილმები გვინახავს და არც მანგანუმით გაღიავებული შუშები გვაქვს ფანჯრებში ჩასმული, მაგრამ ვიცით, რომ იქ რაღაც არის და ძვირფასია. შეიძლება ჩემთვის და შენთვის არა, მაგრამ არის. აი, როგორც ჯაზმენები – ჯემ სეშენისას შეიძლება უსმენდე, არ მოგწონდეს, მაგრამ გარშემო მყოფ სახეებზე დაკვირვებისას მიხვდე, რომ ვისაც ესმის, მათთვის კარგია.

პირველად ისინი მიადგნენ კომუნისტებს. 

ხმა არ ამომიღია, რადგანაც არ ვიყავი კომუნისტი.

შემდეგ მიადგნენ სოციალისტებს. 

ხმა არ ამომიღია, რადგან არ ვიყავი სოციალისტი.

შემდეგ პროფკავშირებს.

ხმა არ ამომიღია, რადგან არ ვიყავი არცერთი პროფკავშირის წევრი.

შემდეგი ჯერი ებრაელების იყო.

ხმა არც იქ ამოვიღე, რადგან არ ვიყავი ებრაელი.

ბოლოს ჩემთან მოვიდნენ და არავინ იყო დარჩენილი, ვინც ხმას ამოიღებდა.

გერმანელი პასტორის, მარტინ ნიმიოლერის ეს სიტყვები იმის შესახებ, თუ რა მოხდება, როდესაც სისტემა ერთს მიადგება, თითქოს გაკვეთილი უნდა ყოფილიყო შემდეგი თაობებისთვის.

მაგრამ, შენც არ მომიკვდე, ჩემი ყლე გაიაზრა ვინმემ! კი გაიგო, თქვა, გაიმეორა თუთიყუშივით და თითი გაიშვირა ყველასკენ, საკუთარი თავის გარდა. ერთი ჩემი მეგობარი იმუქრება, კინოშნიკებო, სანამ სახელები და გვარები მითქვამს, ხმა ამოიღეთ, ერთმანეთს გვერდით დავუდგეთო და თან  გატრუნულად ჯდომა დაუწუნა. ამასობაში კი დანარჩენი სფეროები უფრო გაიტრუნნენ: მხატვრები, ფოტოგრაფები, მუსიკოსები, არქიტექტორები, მწერლები. არადა ამ უკანასკნელებით დაიწყო ყველაფერი, როდესაც „ლიტერა“ წაიღეს. ზუსტად მაგ დროს ახდა გერმანელი პასტორის სიტყვები. ერთი თუ დათმე, ყველაფერს წაიღებენ. 

ვინმე მეტყვის, რატომ, მე ხომ იქ ვიყავიო, მე ვუპასუხებ,  სამაგიეროდ მე არ ვყოფილვარ-მეთქი. 

ახლა ჭორები… ან რა საჭიროა ჭორები. ყველამ თავის გარემოცვასა და სფეროში ჩაიხედოს და შემდეგ სამზარეულოში ჭორაობისას მომიყვეს, ვინ სად ჩაიჯვა და ვინ ვის ვერ იტანს, ვინ ელოდება ამა თუ იმ მინისტრის შეცვლას, რომ მის მოწინააღმდეგეს სასწრაფოდ დედის ტრაკი მოეტყნას იქ, სადაც ჯერ არს. არავინ თმობს თავის ბოღმის გორგალს და პირში აბურთავებს. გორგალს დიდი დრო და ენერგია მიაქვს ფუნდამენტური შრით – ამას-ხომ-მე-უკეთესად-გავაკეთებდი, ეს ფილმი არ უნდა დაფინანსებულიყო, ის ინსტალაცია ორი ლარი დაჯდა, ამან კი საღებავი ტრაკში შეისხა. ფოტოგრაფებზე მეტყვიან, არც იკითხოო.

იმის მაგივრად, რომ ამ რთულ, დაძაბულ დროს, რომელიც ფაქტობრივად საბადოა ხელოვანისთვის, თავისი ტკივილი დახატოს, იმღეროს ან ფირზე თუ არა, ციფრზე აღბეჭდოს,ხელოვნურ ინტელექტზე ღელავს, სფეროს რომ ართმევს. წაგართმევს, აბა რა იქნება. ქართულად ორ სიტყვას ძლივს იღებ იმის შიშით, ჩემი ორი კინკილა მსმენელი ან მკითხველი ჩემივე სათქმელით არ გავაღიზიანოო.

მაღაროზე რა ხდება? ოი, ოი, ოი, ჩვენ, პროჭი თბილისელები როგორ ვერ ვხედავთ ამ წვიმაში ამოკერილ თვალებს! მე ვხედავ,  განვიცდი. მაგრამ საკმარისია ეს თანაგანცდა? არა. 

ალბათ ავტომატურად გაგიჩნდება კითხვა,  რა გაკლია, შე ასეთო და ისეთოო (ისედაც ბევრი ვიგინე და ამჯერად თავს შევიკავებ). მაქვს პასუხი: არაფერი არ მაკლია, პირიქით, გამოცდილება სხვა რამეს მეუბნება. მათ იყენებენ.  კიდევ ერთხელ. მეასედ  თუ არა, ას მეერთედ ნამდვილად. მშრომელებს უჭირთ, ძალიან, ძალიან უჭირთ და მუდამ შველის მოლოდინში არიან. ამ მოლოდინისას ყველა, ვინც მათ პრობლემას მოისმენს, შვების დიდი წყაროა, და ნდობასაც მოიპოვებს. წამო, მე წამომყევით, თბილისს წამოვაყენებ ფეხზე, დედას მოვუტყნავ. ნახე, რამდენი ფოლოვერი მყავს? ნახე, რამდენი ემიგრანტი აკომენტებს ჩემს ვიდეოებზე? ადექით, რევოლუცია მოვაწყოთ!  რა თქმა უნდა, ამ ერთადერთ „ნათელ“ წერტილს მიჰყვები. მეტი არსაიდან ჩანს. 

რამდენიმე წლის წინ, სანამ სახელმწიფო „გადაიბარებდა“ ჭიათურას და მთლიანად ამოღრუტნიდა და ამოჭამდა, სანამ ჯერ კიდევ ცოტა წყალი მაინც მოდიოდა და სოფლები ჩავარდნის საფრთხის წინაშე დადგებოდა, ონკოპაციენტები კი ამდენი არ იყო, ერთ-ერთი გაფიცვისას სტანდარტული  ხელფასები მოგვიმატეთ, სული გვძვრებაო, თქვეს. მეც ავენთე. წავედი და, როგორც ჭეშმარიტმა გულშემატკივარმა, ჩემი კუთხე ვიპოვე. თვალს ვადევნებდი გააფთრებულ მემარცხენეებს,  როგორ იბრძოდნენ საღებავებით და ტრანსპარანტებით. 

ახალი ამბების გასვლის შემდეგ ერთმა ნაცნობ-მეგობარმა მომწერა, ახალ ამბებში თვალი მოგკარი და იქ რა გინდოდა, ხო არ გამოყლევდიო. მახსოვს, ტვინში სისხლმა როგორ ამასხა – მისი ფინანსური მდგომარეობა ჩემსაზე ათასჯერ მყარია, ჩემი კი – მაღაროელისაზე. სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, უცებ მომიყვა. მაგ კომპანიის ერთ-ერთი ფინანსური უფროსი ვიყავიო (მაყუთი ნაღდად აქვს). სქემა ეგეთია. პროფკავშირები თავისთვის ევაჭრებიან რაღაც მაყუთს ამ კომპანიას და გაფიცვა მოხოდეს ხელფასების 50-პროცენტიანი მოთხოვნითო, რაც, როგორც მახსოვს, მაინც სასაცილო თანხა იყო. ახლა პროფკავშირი და კომპანია დალაგდებიან, ხვალ-ზეგ კი მშრომელებს 10-15 პროცენტით მოუმატებენ ხელფასს და დაიშლებიანო. მეორე თუ მესამე საღამოს ზუსტად ეგრე ახდა, მალევე კი მომპოვებელი კომპანია  „სახელმწიფოს“ ხელში გადავიდა და ის „დამოუკიდებელი“ პროფკავშირიც გაქრა. 

ახლა კი საინტერესოა, დღეს რა ხდება ამოკერილ თვალებსა და პირს მიღმა. 

რაიმე დეტალებში შემოდავებას თუ მოიფიქრებთ, არ შეგედავებით. საერთო სურათი ისევ ასეთი იქნება. მშრომელებს იყენებენ ყოველი მხრიდან. 

მესმის, რომ ახლა რუსთაველზე უნდა ვიყო, მაგრამ, სანამ ჭიათურელი  მშრომელების სათავეში მდგომი  ყველა ადამიანური ღირებულების ერთ მასტერკა პლანზე გამცვლელი თბილისელი წივილ-კივილით აშავებს იმ ადამიანებს, ვისგანაც სიცოცხლით არის დავალებული, იმის მაგივრად, რომ სხვა მაღაროსა თუ ღია კარიერებზე მომუშავე მშრომელებს ელაპარაკებოდეს, სადაც, დარწმუნებული ვარ, რომ არანაკლები სიტუაციაა, უარესი თუ არა, გინდ ტყიბულში და გინდაც ბოლნისში,  პასტორის სიტყვები აქაც ვრცელდება. 

აზრად არავის მოსვლია, მშრომელებისთვის ეკითხა, დარჩა რო რამე მაღაროში. კიდევ რამდენ წელს შეძლებენ მოპოვებას? ბოლოს ისე არ აღმოჩნდეს, რომ პირ- და თვალებამოკერილი მშიერი მშრომელი სიბნელეში ჩუმად დგას  ცარიელ მაღაროში.

გამოსავალი რა არის? არ ვიცი. ჩემთვის ეს მარადიული კითხვაა. ამ ამბავში გულწრფელი მხოლოდ მშრომელი და მისი უნუგეშოდ  ცარიელი ჯიბეა. 

ჩემი წყაროების თანახმად, არასწორი მოპოვების შედეგად ის ცარიელია იმ ჯამივით, რომელშიც კრემი ათქვიფეს და ახლა მხოლოდ კედლებზეღა შერჩა ძვირფასი პროდუქტი.  თუმცა, ჯობია, ბოლომდე არ მენდოთ და ისევ მშრომელებს ვკითხოთ. 

მესმის, რომ შიათ, სწყურიათ და ჩემი დამოკიდებულება გულქვა ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული ვარ და თანაც არ ვაპირებ ცივი წყლის დალევას (წყლისო, ღარიბ, წყლისო). ვინც არხეინადაა  და არ ბრაზდება, იმას იმ პასტორის დიდებულ  სიტყვებს შევახსენებ, დასაწყისში რომ მოვიყვანე. ნუ ხარ არხეინად, რაც გინდა სახელმწიფო შეკვეთებზე იყო. იცოდე, რომ შენთანაც მოვიდნენ, ოღონდ ჯერ აზრზე არა ხარ. 

გამოდით გარეთ, ჩაიარეთ რუსთაველზე და სულ სხვა უბნებსა თუ ქუჩებში, დახატეთ, დაწერეთ, გადაიღეთ და, თუ ღირებული იქნება, ერთმანეთის სამზარეულოებში ვნახავთ, როგორც ჩვენი მშობლები და მანამდე კი იმათი მშობლები შვრებოდნენ. ახლა შექმენით ის, რისთვისაც ვიბრძვით გინდ მაღაროში და გინდაც „ანტრეში“… ან რამე უფრო ქულ ადგილას. ეს არის ერთადერთი ბრძოლის იარაღი, რაც ამწუთას გვაქვს. ყველამ თავისი წილი ნამუშევარი  შექმნას ან მონაწილეობა მიიღოს შექმნაში. 

ბრძოლა დღესვე თუ ხელოვნება ბიუროკრატიის მიღმა. არა მგონია ექსელის ფაილები ბიუჯეტის დამტკიცება სჭირდებოდეს რაიმე სათქმელს. 

წულუკიანი თუ შეძლებს შენს გაჩუმებას, დაეგდე და გაჩუმდი, ეგებ ის კბილიც გაჩვენოს მუზეუმიდან რომ გაიტაცა.

მეც თუ გამაჩუმებს, შემახსენეთ, რომ თვალებში ტყუილად ვუყურებ ვინმეს.

p.s. იმ დროს როდესაც ამ წერილს ვწერდი „ჯორჯიან მანგანეზმა“ რომელსაც ქართულად მშვენიერი შესატყვისი „ქართული მანგანუმი“ მოუხდებოდა. მშრომელებს მის მართვაში მონაწილეობა შესთავაზა. ამდენი წლის მერე ძლივს მივხვდით რომ თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩვენი ვალიაო. მოდით ეხლა და „დაირიგეთ“ ხელფასებიო. ნუ ჩემთვის ესე გამოჩნდა შეიძლება ვცდები. რაზეც მშრომელები არ თანხმდებიან.

 

p.p.s. ვნახოთ რა მოხდება ხვალ


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.