საზაფხულო კინოკლასიკა
ავტორი: ნინკა მამულაშვილი
რამდენიმე შესამჩნევი გამონაკლისის გარდა, აგვისტოსა და ივლისში გამოშვებული ფილმები, როგორც წესი, ჰოლივუდის ბლოკბასტერებია და არა მომავალი კინოკლასიკა, რაც იდეალურ შესაძლებლობას იძლევა საუკეთესო საზაფხულო ფილმებით ხელმეორედ დავტკბეთ. რა თქმა უნდა, მათ შორის საყოველთაო ფავორიტები გამოირჩევა, როგორიცაა ოდრი ჰეპბერნის კინემატოგრაფიული დებიუტი „რომაულ არდადეგებში“ და მერლინ მონროს აკრძალვის ეპოქის უკულელეს ვირტუოზად ტრანსფორმაცია „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“.
„ნიჭიერი მისტერ რიპლი“ (1999)
გარდა მკვლელობისა, პატრიცია ჰაისმითის 1950-იანი წლების ამავე სახელწოდების რომანის ჰოლივუდური ადაპტაციის სიუჟეტი ესთეტიკურად ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ ადგილას, სიცილიის სანაპიროზე ვითარდება, სადაც პერსონაჟები გერანებით სავსე ეზოებში ვახშმობენ და ლურჯკამკამა ხმელთაშუა ზღვაში იახტებით სეირნობენ. ეს ნამდვილი მასტერკლასია არდადეგების სტილში.
„რომაული არდადეგები“ (1953)
უკვე თითქმის ვალდებულებაა ოდრი ჰეპბერნის ჰიტის საზაფხულო თუ ნებისმიერი სხვა ტიპის კინოკლასიკის სიაში მოხსენიება. ფილმი რომის მიდამოებშია გადაღებული, რომელშიც ჰეპბერნი პრინცესა ანას როლს ასრულებს. ის იტალიის დედაქალაქში სახელმწიფო ვიზიტის დროს გარბის, რათა საკუთარი პირობებით „la dolce vita“ განიცადოს. მისი მეგზური ამერიკული ახალი ამბების სამსახურის რეპორტიორი ჯოა, რომელსაც გრეგორი პეკი განასახიერებს. თუ ოდესმე დაფიქრებულხართ, საიდან მოდის ვესპაზე შემომჯდარი ტურისტების იტალიაში სეირნობის სტერეოტიპი, ამ კითხვაზე პასუხს „რომაული არდადეგები“ გაგცემთ.
„დედაშენიც აგრეთვე“ (2001)
ალფონსო კუარონმა „რომამდე“ მშობლიურ მექსიკას პატივი მოზარდული ისტორიით – „დედაშენიც აგრეთვე“ მიაგო. დრამა ათასწლეულის მიჯნაზე, ქვეყანაში პოპულიზმის აღზევების დროს ვითარდება და ორი თინეიჯერი ბიჭის, ხულიოს და ტენოქის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ტენოქის ბიძაშვილის, ლუიზას მეუღლესთან ერთად, ექსპრომტად მექსიკაში ქალაქგარეთ სამოგზაუროდ წავლენ, რათა ილუზორული სანაპირო, ცნობილი, როგორც Boca del Cielo, ან „სამოთხის პირი“ იპოვონ. ბუნებრივია, ახალგაზრდა ბიჭებს ერთმანეთი შეუყვარდებათ და მათ შორის საზაფხულო რომანი გაჩაღდება.
„შენი სახელით მომმართე“ (2017)
ლუკა გუადანინო საზაფხულო ფილმების ნამდვილი ოსტატია, მაგალითად, „დიდი შხეფი“. ფილმის სახელწოდება დევიდ ჰოკნის ნახატით არის შთაგონებული და ის „აუზის“ ახლებური ვერსიაა, რომელშიც ტილდა სუინტონი, რეიფ ფაინზი და დაკოტა ჯონსონი მონაწილეობენ. თუმცა, რომანტიკული იტალიური დრამისთვის „შენი სახელით მომმართეს“ გირჩევდით. ფილმი ჩრდილოეთ ლომბარდიაში, შვეიცარიის საზღვართანაა გადაღებული, მოქმედება კი მოსკაზანოში, კერძოდ, მე-16 საუკუნის ვილა ალბერგონში ვითარდება – ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ სახლში ფილმის ისტორიაში.
„ბინძური ცეკვები“ (1987)
„ბინძური ცეკვები“ ტიპური 80-იანი წლების ფილმია, რომელიც რომანტიკული დრამის ჟანრის კლასიკად იქცა და ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი საუნდტრეკი და ფინალური სცენა აქვს. სიუჟეტი ზაფხულში, მაღალი კლასის ტურისტულ კურორტზე – Catskills-ში ვითარდება. ფილმში ჯენიფერ გრეი ფრენსის „Baby“ ჰაუსმენის როლს ასრულებს, რომლის არდადეგებიც თავდაყირა დგება, როდესაც პატრიკ სვეიზის პერსონაჟს, ცეკვის ინსტრუქტორს, ჯონი კასტლს გაიცნობს.
„მზის ამოსვლამდე“
რიჩარდ ლინკლეიტერის რომანტიკულ დრამაში ეთან ჰოუკი ამერიკელ ტურისტს თამაშობს, რომელიც საზაფხულოდ ზურგჩანთით ევროპაში მოგზაურობას გადაწყვეტს, ჯული დელპი კი სელინის, მშვენიერი ფრანგი გოგონას როლს ასრულებს და ბებიასთან სტუმრობის შემდეგ პარიზში ბრუნდება. პერსონაჟები ერთმანეთს მატარებელში შეხვდებიან და სპონტანურად ვენაში ჩამოსვლას გადაწყვეტენ. წყვილი 24 საათს ერთად ატარებს, რაც მათ ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის.
„აუზი“ (1969)
საზაფხულო ფილმისთვის არ არსებობს უკეთესი წინაპირობა, ვიდრე სექსუალური ინტრიგა კოტ დაზურზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფილმში ანდრე კურეჟის კოსტიუმებში გამოწყობილი რომი შნაიდერი და ჯეინ ბირკინი მონაწილეობენ. მაშინაც კი, როდესაც „აუზის“ დრამატული დაძაბულობა პიკს აღწევს, ფილმის განწყობა ერთდროულად ლაღი და გლამურულია.
„ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ (1959)
ბილი უაილდერის კომიკურ შედევრში საქსოფონისტი ჯო (ტონი კერტისი) და კონტრაბასი ჯერი (ჯეკ ლემონი) 1920-იანი წლების ჩიკაგოს ბანდას ემალებიან და თავს ქალთა მუსიკალურ ჯგუფს, Sweet Sue and Her Society Syncopators-ს აფარებენ, რომელიც მაიამიში მიემგზავრება. მერლინ მონროს „Sugar“ უკულელეზე უკრავს და გადაწყვეტილი აქვს ხანდაზმულ ფლორიდის მილიონერზე დაქორწინდეს.