ლია ბაგრატიონის „უნივერსალური დამწერლობა“ „დედიკას გალერეაში“
ავტორი: თეონა ჯაფარიძე
ფოტო: გიორგი ნაზღაიძე
იმ დღეს „დედიკას გალერეის“ სივრცე ერთ დიდ ინსტალაციად იქცა, სადაც თავი შეაფარა თბილისის არასახარბიელო პოლიტიკურ-სოციალურ რეალობას გამოქცეულმა არნახულად უამრავმა დამთვალიერებელმა, იმისათვის, რომ კოკისპირული წვიმის ფონზე შვება ეგრძნოთ ლია ბაგრატიონის მიერ მეხსიერების ინსპირაციით შექმნილ გულწრფელ ექსპერიმენტულ ხელოვნებაში. და ეს გამოუვიდათ კიდეც.
ამ წინააღმდეგობებით აღსავსე შესავალი რთული ქვეწყობილი წინადადებისაგან განსხვავებით, ლია ბაგრატიონის გამოფენა -„უნივერსალური დამწერლობა“ ერთი მთლიანი უწყვეტობის, დინამიკისა და ბედნიერების მანტრას მსგავს შეგრძნებებს იწვევს, რადგან მთავარ მედიუმს (იქ წარმოდგენილ ქაღალდის, ტილოსა და თექის გარდა) ღრმა ბავშვობისდროინდელი მეხსიერების ალგორითმები წარმოადგენს:
ლია ბაგრატიონი – კერამიკოსი, მულტიმედია არტისტი: „ადრეულ ბავშვობაში ჩემი ოჯახის წევრებს, წერის დროს ვუყურებდი, ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდნენ. მხოლოდ მათი ხელების მოძრაობას აღვიქვამდი და იმას, რომ ფანქარით ფურცელზე რაღაც კვალს ტოვებდნენ. ამიხსნეს, რომ ეს იყო წერა. მიუხედავად იმისა, რომ არ მესმოდა წერა რას ნიშნავდა, უფროსების მიბაძვით მეც დავიწყე იგივეს კეთება. ხელის გადაბმული მოძრაობით უჯრიან რვეულებს ვავსებდი. ასე შეიქმნა გრაფიკული სიმბოლო, რომელსაც განუწყვეტლივ ვომეორებდი. ეს სიმბოლო დღეს ჩემს წარმოსახვაში წინარე გრაფემაა, ხოლო ამ სიმბოლოს რიტუალური განმეორება უნივერსალური დამწერლობა“.
ლია ბაგრატიონი მეხსიერების შრეების, როგორც მედიუმის ფიზიკურ არსებობას გამოფენაზე წარმოდგენილ თითეულ ნამუშევარსა თუ ექსპოზიციის დრამატურგიაში ხაზსს უსვამს და ვიზუალურად მასზე მიგვანიშნებს.
ეს მინიშნება გრაფემას რიტუალური განმეორებების ქაღალდზე თუ ტილოზე პალიმფსესტური პრინციპით გადატანაშიც ამოიკითხება და თოვლივით თეთრ ქათქათა გრაფემებიან სახიან ნაბადებს შორის დაკიდებული გამჭვირვალე პერგამენტებშიც, რომლებიც იმავდროულად მხტვრების ფაქიზად შენახულ პორტფოლიოსაც მოგვაგონებს.
ასე გამოდის, რომ არტისტი ამ ინსტალაციაზე მთელი ცხოვრება მუშაობდა და ბავშვობაში შეუცნობლად უჯრედებიან რვეულში გამოგონებული „უნივერსალური დამწერლობა“ მოგვიანებით ტილოზე, ქაღალდზე, სერიგრაფიებსა თუ თექაზე ექსპერიმენტებში ტრანსფორმირდა…
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ვისაც არ გინახავთ ეს გამოფენა აუცილებლად ნახეთ, მით უმეტეს რომ „დედიკას გალერეა“ სწორედ ამ რაფინირებული ექსპერიმენტით ასრულებს საგამოფენო სეზონს…












