fbpx

20-27 ივლისს მესტიაში სვანეთის საერთაშორისო კინო-ფესტივალი 2023 გაიმართება


გააზიარე სტატია

20-27 ივლისს მესტია სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს უკვე მესამედ უმასპინძლებს. ფესტივალი 2021 წელს რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა და პროდიუსერმა თეიმურაზ ჩხვიმიანმა დააარსეს. 

გარდა იმისა, რომ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სვანეთის კინოფესტივალი ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, მისი მიზანია მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა კინემატოგრაფებს სხვადასხვა საინტერესო პროექტის განხორციელებასა და განვითარებაში. 

წელს მესამედ ჩატარდება Pitching forum კონკურსი, სადაც გაიცემა ფულადი ჯილდოები პროექტის განვითარებისათვის — საუკეთესო პრეზენტაციის ავტორს გადაეცემა დამოუკიდებელი კინოპროექტის / Independent film project ჯილდო – 5000 ლარი, ხოლო საუკეთესო  რეჟისორი ქალის პროექტს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდო – 3000 ლარი. 

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად Work in progress კონკურსის ფარგლებში დაჯილდოვდებიან რეჟისორები თავიანთი მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმებით, რომლებიც პოსტპროდუქციის ბოლო ეტაპზე არიან. 

კონკურსზე გაიცემა ფულადი პრიზები: არებატო ფილმების /Arrebato films ჯილდო – 10,000 ლარი და 1TV-ის ჯილდოები – 5000 და 2000 ლარი.

May be an image of text

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში 20 მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეირჩევა, სადაც რამდენიმე ნომინაციაში გაიცემა ქალღმერთ დალის პრიზები: საუკეთესო ფილმი, სააუკეთესო რეჟისორის პრიზი და საუკეთესო ოპერატორის პრიზი.

სეტის მოედანზე კი ყოველდღიურად მოეწყობა თანამედროვე სრულმეტრაჟიანი ფილმების გარე ჩვენებები, სადაც 200-ზე მეტ ადამიანს ექნება დასწრების შესაძლებლობა.

ფესტივალს დაესწრებიან ქართული კინოს ვარსკვლავები – მსახიობი მერაბ ნინიძე და რეჟისორი გიორგი ოვაშვილი. ღონისძიებას გააშუქებს საერთაშორისო მედიაც. 

„ფილმების ჩამონათვალი, რომელსაც მაყურებელი ფესტივალზე იხილავს, საკმაოდ ვრცელი და საინტერესოა — ამ ეტაპზე დავასახელებ რეჟისორ ბესო სოლომონაშვილის ფილმს – „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“, რომელშიც მთავარ როლს მსახიობი დუტა სხირტლაძე თამაშობს. ბატონი ბესო ჩვენი სტუმარია და დაესწრება კინოჩვენებას. 

ასევე აღვნიშნავ დათა ფირცხალავას ფილმს „დიდი შესვენება“, რომლის პრემიერაც ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და მეტიც, ფილმი გასულ წელს ნომინირებული იყო “ოსკარზე”. ბატონი დათაც იქნება ჩვენი სტუმარი. 

მოლაპარაკება მიმდინარეობს და გვსურს ვაჩვენოთ უნგრელი რეჟისორის, კორნეი მუნდრუცოს ფილმი „იუპიტერის მთვარე“, სადაც მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს. 

მინდა გითხრათ, რომ „იუესაიდის” მხარდაჭერით 27 ივლისს, ფესტივალის დასკვნით დღეს, რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმის, „დედეს“ ჩვენება მოეწყობა ჭუბერში. ამ ფილმის მთავარი გმირი ნათია ვიბლიანი  ჭუბერიდანაა. გასაოცარია ისიც, რომ უკვე წლებია მესტიაში არის მარიამის მიერ დაარსებული კინოთეატრი, სადაც ყველა მსურველს შეუძლია ფილმების ყურება და განსაკუთრებით მოთხოვნადია უცხოელებისთვის. მარიამმა კინოდარბაზი გახსნა უშგულშიც. 

May be an image of hookah and text

ყველას გელოდებით 20-იდან 27 ივლისის ჩათვლით მესტიაში. ერთად გავატაროთ ზაფხულის ერთი ცხელი კვირა. ფესტივალის ფარგლებში თქვენ ნამდვილად დაუვიწყარი დღეები გელოდებათ“, — ამბობს AT.ge-სთან ფესტივალის პიარმენეჯერი ლანა კიკნაძე.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.