fbpx

სავარაუდო მეოთხედფინალიდან პენალტების სერიამდე


გააზიარე სტატია



ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გახსნითი მატჩის წინ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის სტუმართა გუნდის უფროსმა მწვრთნელმა რუი ჟორჟემ საკმაოდ უცნაური განცხადება გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ ქართველები მის ფეხბურთელებს ტექნიკური თვალსაზრისით ჩამოუვარდებიან, მაგრამ ფიზიკურად სჯობნიან. 

განცხადების პირველი ნაწილი თითქოს გასაგებია, რადგან პორტუგალიელებს თვით ბრაზილიელებზე ნაკლებ ტექნიკურადაც კი არ მიაჩნიათ თავი, მაგრამ ვინმეს ოდესმე გაუმახვილებია ყურადღება ქართველ ფეხბურთელთა ფიზიკურ უპირატესობაზე მათ ტექნიკურ შესაძლებლობებთან შედარებით?!

შეიძლება ევროპის ვიცეჩემპიონთა მწვრთნელი ამ გამონათქვამით ერთგვარი დელიკატურობის გამოჩენას ცდილობდა გულუხვი მასპინძლების მიმართ, მაგრამ ეს სიტყვები მას წინ რომ დახვდა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გახსნა, ესეც ფაქტია… 

შეხვედრა ფავორიტთა ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო და ჩვენი გუნდის მცველებს და ნახევარმცველებს მაქსიმალური სიმტკიცის გამოჩენა მოუწიათ მათი შეტევების ჩასაშლელად. 

მაგრამ მოხდა უცნაური რამ – მასპინძლებმა მატჩის 33-ე წუთზე უეცრად ხელთ იგდეს სათამაშო ინიციატივა, თითქმის სამი წუთის განმავლობაში ზედიზედ 35 გადაცემა შეასრულეს და მეტოქე ბურთს არ გააკარეს.

36-ე წუთზე კი გაგუამ წიტაიშვილის ჩაწოდებულ ბურთზე ფიზიკურ ბრძოლაში აჯობა მეტოქეს და საკმაოდ რთული პოზიციიდან აუღებელი დარტყმით დააწინაურა საქართველოს ნაკრები.

მაგრამ მთავარი სიურპრიზი თურმე წინ გველოდა. 

ტაიმის დამატებულ წუთზე წიტაიშვილმა ამჯერად უკვე კუთხურიდან განახორციელა მორიგი საგოლე გადაცემა, როდესაც ბურთი ზედ თავზე დაასვა მეტოქისათვის მოულოდნელად საჯარიმო მოედნის ცენტრში გაჩენილ ცენტრალურ მცველ საზონოვს. ამ უკანასკნელის დარტყმულზე კი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებიც ვერ მოახდენდნენ რეაგირებას… 

საქართველოს ნაკრებმა მთელი ტაიმის მანძილზე პორტუგალიელთა კარში სულ ორჯერ დაარტყა და ორივეჯერ გაიტანა. 

ასეთი სტატისტიკური მაჩვენებლის ახალგაზრდულ ასაკში მიღწევა კი როგორც უმაღლესი დონის ტექნიკური და ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური მომზადების შედეგია, რაც სამწვრთნელო შტაბის გააზრებულ და მიზანმიმართულ მუშაობაზე მეტყველებს. 

საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმში ანგარიში შეინარჩუნა და პრაქტიკულად უშეცდომო ფეხბურთის წყალობით, რომლის მოდელიც ამ ცოტა ხნის წინათ ესპანეთის და ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებებმა წარმოადგინეს, მსოფლიო საფეხბურთო პრესა კვირის უდიდესი სენსაციის შესახებ აალაპარაკა. 

მაგრამ განვლო სამმა დღემ და ჩვენი გუნდი სწორედ ამ მაქსიმალურად უშეცდომო თამაშის შენარჩუნების საჭიროების წინაშე აღმოჩნდა ბელგიის ნაკრებთან მეორე მატჩში. 

მდგომარეობას ისიც ძაბავდა, რომ ძლიერი მეტოქე, რომელსაც პირველი ტურის  შემდეგ აქტივში ერთი ქულა ჰქონდა, ყველანაირად ეცდებოდა ამ შეხვედრის მოგებას.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე წინასწარ იყო ცნობილი პირველი წუთებიდანვე სტუმრების მხრიდან ზეწოლის შესახებ, პორტუგალიელებთან შეხვედრისგან განსხვავებით, ჩვენებმა შეცდომების დაშვება თავიდანვე დაიწყეს, გოლი უკვე მე-15 წუთზე გაუშვეს და ტაიმი ორბურთიანი სხვაობით ისე წააგეს, რომ ღირსშესანიშნავი  არაფერი შეუქმნიათ.   

ამგვარად, შესვენებაზე ჩვენი ნაკრები ერთი შეხედვით უიმედო მდგომარეობაში გავიდა, მაგრამ ასე თურმე არც სამწვრთნელო შტაბი და არც ის ფეხბურთელები ფიქრობდნენ, რომლებიც მატჩის მეორე ტაიმში უნდა გამოჩენილიყვნენ მოედანზე და გარდატეხა შეეტანათ ურთულეს დაპირისპირებაში. 

მატჩის 51-ე წუთზე მინდორზე ახლად შემოსულმა გოჩოლეიშვილმა და წიტაიშვილმა კომბინაცია გაათამაშეს, რომელიც ამ უკანასკნელმა საშუალო დისტანციიდან  შესრულებული უძლიერესი დარტყმით დააგვირგვინა.

გოლი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა სტუმართათვის, რომ თავდაპირველი  კონცენტრაციის აღდგენამდე მათ გარკვეული პერიოდი დასჭირდათ. უკვე ორმხრივ ქაოსურ თამაშში კი უხეშობამ იმატა, რომლის ცალკეული მომენტების განსჯაც VAR-ის სისტემის გარეშე დარჩენილ მსაჯთა ბრიგადას საკმაოდ უჭირდა.

ამასობაში, მეორე ტაიმში ლუკა გაგნიძის ნაცვლად შესულმა ნიკა გაგნიძემ 71-ე წუთზე შეჯახების შედეგად ტრავმა მიიღო. 

მაგრამ თურმე სწორედ ეს მეტად არასასიამოვნო ეპიზოდი უნდა ყოფილიყო გარდამტეხი ამ შეხვედრაში, რომლის გმირადაც ნიკას შემცვლელი გიორგი გულიაშვილი იქცა.

მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე წიტაიშვილმა საპირისპირო ფლანგზე აზაროვი გამონახა, ამ უკანასკნელმა კი საჯარიმო მოედანზე ჩაკიდა ბურთი, რომელიც გულიაშვილმა მეტოქის კარში თავური დარტყმით გადაგზავნა.

მსაჯმა თამაშს ექვსი წუთი დაამატა, მაგრამ ანგარიში 2:2 დარჩენილ დროში აღარ შეცვლილა. საგულისხმო კი ისაა, რომ საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმშიც გააგრძელა შეცდომების დაშვება და ორბურთიანი სხვაობა ისე აღმოფხვრა, რომ საგოლე მომენტები მის კართანაც საკმაო რაოდენობით იქმნებოდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეტევაში გუნდი  ცვლილებების შემდეგ შესანიშნავად გამოიყურებოდა და სტუმრებმა ვერაფერი გააწყვეს ჩვენების  გაუთავებელი ინდივიდუალური ქმედებების და მახვილგონივრული გადაცემების წინააღმდეგ.  

ბელგიელებთან ნაჩვენები ორი სრულიად განსხვავებული ტაიმი საქართველოს ნაკრებს ნიდერლანდელებთან შეხვედრაში მეტი კონცენტრირებისკენ მოუწოდებს, რადგან ოდნავი უყურადღებობაც კი დაუშვებელია მოგება მოწყურებული ჯგუფის კიდევ ერთ ფავორიტთან მატჩში, რომელთანაც ჩვენებს ფრეც ჰყოფნით მეოთხედფინალში გასასვლელად.

მესამე ტურის წინ საქართველოს ნაკრებს მდგომარეობას პორტუგალიელებსა და ნიდერლანდელებს შორის პარალელური მატჩის ფრედ დასრულება უმარტივებს, რის შედეგადაც მან სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.

საქართველოს ნაკრებმა ბელგიელებთან გმირულად მოიპოვა ქულა

სანაკრებო კვირეულის მთავარი გმირობა კი უკრაინის ნაკრებმა ჩაიდინა, რომლის როგორც ეროვნულმა, ისე 21 წლამდელთა ნაკრებებმა ორ-ორი თამაში მოიგეს. თანაც, უკრაინელმა ახალგაზრდებმა ესპანელებთან ერთად, უკვე მოიპოვეს მიმდინარე ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზური.

ასეთი გამოსვლით უკრაინელებმა უდიდესი სიხარული მოუტანეს როგორც საკუთარი ქვეყნის გულშემატკივრებს, ისე უამრავ მოაზროვნე ადამიანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელთაც შეიძლება ფეხბურთი არც კი აინტერესებდეთ…

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო უკრაინელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვება გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრაში, რომლის პირველი ნახევარიც სტუმრებმა ორბურთიანი სხვაობით დათმეს, მაგრამ მეორე ტაიმში სამი ბურთის გატანა და ამდენივე ქულის მოპოვება შეძლეს.

აი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კი სამწუხაროდ ვერ შეძლო შოტლანდიელებთან თუნდაც ქულის მოპოვება, რის გამოც მინიმუმამდე დაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე შესარჩევი ციკლიდან გასვლის შესაძლებლობა.

ამ მატჩის შესახებ უკვე უამრავი რამ დაიწერა. ამიტომ ჩვენ ერთადერთ საკითხს  შევეხებით, რაზედაც ყურადღება მაინცდამაინც არ გამახვილებულა.

ეს საკითხი თერთმეტმეტრიან დარტყმებს უკავშირდება, რის არათუ დახვეწაზე, არამედ შესწავლაზე ეროვნული ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა ახლავე უნდა იზრუნოს, რადგან აშკარად ჩანს, რომ გუნდში პენალტის მაღალ დონეზე შემსრულებელი ფეხბურთელების დეფიციტია.

ქართველი ფეხბურთელები ხომ „სლოვანი“ – „ბაზელის“ მატჩის პენალტების სერიაშიც არ ჩართულან, რომელიც სლოვენიელებმა მათ გარეშე დათმეს.

მომავალ წელს კი  საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის გავლით ექნება ევროპის ჩემპიონატის საგზური მოსაპოვებელი, სადაც სავსებით მოსალოდნელი  იქნება თერთმეტმეტრიანების სერია. 

პენალტების მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულება კი სულ ცოტა ხანში ჩვენ 21 წლამდელ ფეხბურთელებსაც შეიძლება დასჭირდეთ, რომლებიც იმედია, ამ კომპონენტს უფროსებზე უკეთ ფლობენ…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.