fbpx

ნესტან მიქელაძის პერსონალური გამოფენა – I will hold you


გააზიარე სტატია

ავტორები: თამუნა გეფერიძე, ლევან მინდიაშვილი

ფოტო: Maria Shkoda

 

9 ივნისს კატი არსენიშვილის კურატორობით Crosty Art Space-მა თანამედროვე ქართველი ხელოვანის – ნესტან მიქელაძის სოლო გამოფენა წარმოადგინა.  

ნესტანის პირველი პერსონალური გამოფენა 2014 წელს გაიმართა, შემდგომ წლებში მისი ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნებში ჯგუფურ გამოფენებზე მონაწილეობდა. 

ახალგაზრდა ხელოვანი მუდამ ძიებასა და საკუთარი თავის აღმოჩენაშია – ექსპერიმენტები საღებავებთან, ფერებთან და ამჯერად ინტერაქციული ინსტალაციის ჯერიც დადგა. „ჩახუტება“ – ასე ეწოდება ორ ვარდისფერ, რკალად გაერთიანებულ მკლავებს, რომლებიც ყოველი მნახველის ჩახუტებისთვის არიან მზად. ინსტალაცია ძველი ნამუშევრის – I will Hold you-ს გაგრძელებაა,  ამ ნახატის  სერიის სხვა ტილოებიც  „მკლავების“  ირგვლივაა გამოფენილი.  

 მხატვარი ყოველ ჯერზე „მეტამორფოზის“ პროცესს გადის და მნახველთან ახალი იდეებითა და სახით, ახალი საკომუნიკაციო ფერებით ბრუნდება. ამჟამად მნახველებისა და ნამუშევრების დამაკავშირებელი ფერი ვარდისფერია, რომელმაც Crosty-ის მთელი საგამოფენო სივრცე მოიცვა. გარემო თითქოს მართლაც გაშლილი მკლავებით, თბილად გეგებება და გულში გიკრავს. ხშირად „ჩახუტება“ ერთადერთია, რაც ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობისათვის გვჭირდება. 

 წარმოგიდგენთ ლევან მინდიაშვილის, ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი არტისტის რეცენზიას ნესტან მიქელაძის გამოფენის შესახებ:

„პედიატრმა და ფსიქოანალიტიკოსმა – დონალდ ვუდს ვინიკოტმა შეიმუშავა მნიშვნელოვანი კონცეფცია – holding environment – მხარდამჭერი გარემო, სადაც ადამიანის ბაზისური საჭიროებებია თავმოყრილი (სუნთქვა, ჭამა, სმა…), ეს აძლევს ბავშვს საშუალებას განიცადოს სხეული, როგორც ადგილი, სადაც ის უსაფრთხოდ ცხოვრობს. მხარდაჭერის კონცეფცია მშობლის, ოჯახისა და ზოგადად, გარე სამყაროს მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობისათვის აუცილებელ პირობად მიიჩნია ვინიკოტმა. 

შესაძლოა, გადაჭარბებულად ჟღერდეს მშობლის მზრუნველობის განვრცობა და გადატანა ძალაუფლების მქონე სისტემებზე, მაგალითად, მთავრობაზე. ამავდროულად, რთული წარმოსადგენია მეტად ირონიული შესავალი ესეისა, რომელიც ეხება საქართველოში დაბადებულ არტისტს, იმ ქვეყანაში, რომლის მცხოვრებლების უმეტესობასაც კვლავ დაუკმაყოფილებელი აქვთ ძირითადი საჭიროებანი. 

ჩახუტების აქტი გამოფენის ცენტრალურ ნაწილში ხდება, სადაც Crosty Art Center-ის საგამოფენო სივრცის შუაში გიგანტური მკლავებია ჩამოკიდებული, ისინი ნახევარ წრეს ქმნიან და მნახველებს ჩასახუტებლად ელიან. ეს ნესტან მიქელაძის გამოფენაა. გიგანტური ხელები პლასტიკისგანაა დამზადებული და მკვეთრი ვარდისფერი ფერი აქვს, მთლიანობაში ეს ვიზუალი ბავშვის მიერ შექმნილ პლასტილინის სკულპტურას მოგაგონებთ. ინსტალაციას „ჩახუტება“ ჰქვია. ეს მიქელაძის პირველი სამგანზომილებიანი ნამუშევარია. 

სკულპტურას გარს აკრავს ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატები, ნაწილობრივ აბსტრაქტული ადამიანის ფიგურებით. უფრო ადრინდელი ნახატი, 2017 წლის,  „მე შენ ჩაგიკრავ“  ასახავს ორ ფიგურას, რომლებიც ერთმანეთს ეკვრიან. 

ნესტან მიქელაძე თვითნასწავლი არტისტია, რომლის კრეატიული წიაღსვლებიც 10 წლის წინ დაიწყო. ეს ყველაფერი კი წამოვიდა იმ საჭიროებიდან, რომ თავი დაეღწია პატრიარქალური დიქტატურისთვის, რომელიც ხშირად ტრადიციად ან კულტურულ იდენტობად არის მონათლული. 

„საქართველოში ფემინიზმის სტანდარტული ხედვა არ არსებობს, ფიქრობენ, რომ ქალს სურს კაცზე დომინირება, ამიტომ ის აგრესიულად უარყოფს ფემინურ ნაწილებს საკუთარ თავში. თუმცა ჩემთვის ფემინიზმი თანასწორობას ეხება, და თითოეული გენდერის პატივისცემას“. – აღნიშნავს არტისტი, რომელმაც, მისი თანამედროვეების მსგავსად, გზა, ნაცვლად პროფესიონალური საგანმანათლებლო სკოლისა, საკუთარ თავთან ჩაღრმავებით გაიკვალა. 

ფინანსებში 14-წლიანი წარმატებული კარიერა მიატოვა და ასე დაიწყო ჭეშმარიტების ძიება. როგორც ჩანს, მიქელაძე განასახიერებს სამშობლოს – ჯერ კიდევ არასრულყოფილად გაცნობიერებულ ლტოლვას დეკოლონიზაციისკენ.

ვინიკოტის სჯეროდა ფსიქოთერაპევტის საქმიანობის, მან დაწერა: სწორი და დროული ინტერპრეტაცია გვაძლევს განცდას, რომ ფიზიკურად ხელში აგვიყვანეს, რაც უფრო რეალურია… ვიდრე მართლა რომ ავეყვანეთ. ეს აღქმა უფრო ღრმაა, რადგანაც ძალაუფლების მქონე სისტემები მუდმივად უპასუხისმგებლოდ „იქცევიან“ ზრუნვის საკითხში, ერთადერთი გზა, რომ განვიკურნოთ და ჯანსაღად აღვიზარდოთ, არის ის, რომ ჩვენ, როგორც კომუნამ, გამოვხატოთ სიყვარული და მზრუნველობა“. 

ლევან მინდიაშვილი

ნიუ-იორკი

 გამოფენა Crosty art space-ში 31 ივლისის ჩათვლის გაგრძელდება. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.