fbpx

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი – გადაფრენა სამყაროზე წინ და უკან


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი და მისი „პატარა უფლისწული“ უპირობოდ ერთ-ერთ მწვერვალად გვევლინება. ეჭვგარეშეა, ფრანგი მწერლის შემოქმედება უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული მემკვიდრეობაა, რადგან, ალბათ, მისი წიგნებია ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი რამ, რაც ლიტერატურის ისტორიას ახსოვს. 

ეგზიუპერი 1900 წლის 29 ივნისს, ლიონში დაიბადა. გარდა იმ დიდი ლიტერატურული მემკვიდრეობისა, რომელიც მან დატოვა, ვფიქრობ, მისი ცხოვრების ძალიან საინტერესო დეტალებიც არ უნდა დაგვრჩეს შეუმჩნეველი. ეგზიუპერის ნაწარმოებებში მუდამ იგრძნობა ის საოცარი სილაღე და მისტიკურობა, რომელიც თავად ავტორს ჰქონდა. მწერალი მკითხველს ძალიან ღრმა და რთულ ფილოსოფიურ შრეებში ეპატიჟება, დიდ ყურადღებას აქცევს წარმოსახვის როლს ადამიანში და უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ემოციას. გარდა ამისა, ეგზიუპერის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი ასპექტი თავისუფლების იდეის სიყვარულია, რომელიც უბრალოდ ფურცელზე არ რჩება, რადგან  თითოეულ მის სიტყვას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მორიგი ნაბიჯის გადადგმა თავისუფლებისაკენ.

 

  • მფრინავი და მწერალი

ფრანგი გენიოსი მწერალთან ერთდ მფრინავიც გახლდათ. ის პილოტად ფრანგული საჰაერო ფოსტის კომპანიაში მუშაობდა 1920-30-იან წლებში. მისი, როგორც პილოტის გამოცდილებამ, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მისსავე შემოქმდებაზე. 

 

  • ავარია საჰარაში:

1935 წლის 30 დეკემებერს სენტ-ეგზიუპერის თვითმფრინავი საჰარაში ჩამოვარდა. რეკორდული ფრენის განხორციელების მცდელობა, პარიზიდან საიგონამდე, კრახით დასრულდა, მაგრამ თავად მწერალი გადარჩა და ოთხი დღე ურთულეს პირობებში გაატარა. სწორედ ამ ავარიას მოჰყვა „პატარა უფლისწულის“ დაწერა. ნაწარმოებში ვხვდებით ავარიაში მოყოლილ ავტორს, რომელსაც პატარა პრინცი ეცხადება და ბატკნის დახატვას სთხოვს.

 

  • ის ერთი წიგნის ავტორი არ არის

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერს, მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურულ ასპარეზზე ცნობილი მაინც „პატარა უფლისწულის“ ავტორადაა, სხვა არაერთი უმნიშვნელოვანესი ტექსტიც დაუწერია. მაგალითად, 1931 წელს გამოქვეყნებული რომანი „ღამის ფრენა“. ნაწარმოები საჰაერო ფოსტის მფრინავთა ისტორიას მოგვითხრობს და ადამიანური სულისკვეთებისა და ცხოვრებისეული გამოწვევების შესახებ გვესაუბრება. 

რაც შეეხება, მის ყველაზე ცნობილ ნამუშევარს „პატარა პრინცი“, – ის 1943 წელს გამოქვეყნდა და ფილოსოფიური ჟანრის, ყველა ასაკის მკითხველისთვის საყვარელი ნოველაა. ეს უაღრესად პოეტური ტექსტი უკვე ამდენი წელია არ კარგავს აქტუალურობას და მეტიც, რთულად თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვისაც არაფერი სმენია გველის გადაყლაპულ სპილოსა და ბიჭზე, რომელიც დაჟინებით მოითხოვს ბატკნის დახატვას. ეგზიუპერის შედევრი თავისუფლებისკენ გადაგმული მორიგი ნაბიჯია და მკითხველს კიდევ ერთხელ შეახსენებს ბედნიერების, მეგობრობისა და სიყვარულის ძალას. 

 

  • საერთაშორისო ბესტსელერი

„პატარა უფლისწული“ 300-ზე მეტ ენასა და დიალექტზე ითარგმნა, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე ხშირად თარგმნილ და გაყიდვად წიგნად აქცევს მსოფლიოში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ ნაწარმოების 200 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული. ქართველი მკითხველიც მის არაერთ თარგმანსა და გამოცემას იცნობს.

 

  • მფრინავი, მწერალი და…

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან მრავალმხრივი ადამიანი იყო. გარდა მფრინავობისა და მწერლობისა, მან ბედი მხატვრობაშიც სცადა და თან ძალიან წარმატებულად. ის ქმნიდა შესანიშნავ ილუსტრაციებს საკუთარი ნაწარმოებებისთვის. 

 

  • იდუმალებით მოცული გაუჩინარება

მწერალი კუნძულ სარდინიაზე გაფრინდა, რა დროსაც, მისი თვითმფრინავი უკვალოდ გაქრა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ეგზიუპერი შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა, მაგრამ ერთ დღეს, მარსელის მახლობლად, ერთმა მეთევზემ სანაპიროზე სამაჯური იპოვა, რომლზეც შემდეგი რამ იყო ამოტვიფრული: „ანტუანი, კონსუელო, რეინალი და ჰიჩკოკი“ – ე.ი ეგზიუპერის საგამომცმელო სახელი. 

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სამაჯური ნამდვილად დიდ ფრანგ მწერალს ეკუთვნოდა. გამოძიება ძალიან ნელი ტემპებით მიმდინარეობდა და კიდევ რამდენიმე ათეული წლის გასვლის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ თვითმფრინავი, სერიული ნომრით 2734-L, გერმანელმა ჯარისკაცმა ჩამოაგდო. თვითმფრინავს ეგზიუპერი მართავდა. 

სენტ-ეგზიუპერს უდაოდ გამორჩეულად საინტერესო ცხოვრება ჰქონდა მწერალთა შორის. როგორი მრავალფეროვანიც იყო მისი ბიოგრაფია, ისეთივე მრავალმხრივი და საინტერესო შემოქმედება დაუტოვა მსოფლიოს ყველა მკითხველს. მან არა მარტო, როგორც პილოტმა, არამედ, როგორც ავტორმა, შემოუფრინა სამყაროს და არაერთ სიღრმეში ჩაგვახედა, – ამიტომ დარჩება მუდამ ისტორიას, სწორედ ამიტომაა საუკეთესო. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.