fbpx

თბილისში ოტო დიქსის “ომის“ სერიას Window Project მასპინძლობს – რეპლიკა დეჟა ვუ-ზე


გააზიარე სტატია

ავტორი: თეონა ჯაფარიძე

არაფერი აცოცხლებს  100 წლის წინათ მხატვრის მიერ შექმნილ  ნამუშევრებს ისე, როგორც სწორი კონტექსტი, რომელსაც სწორი დრო და სწორი ადგილი ქმნის. ჰოდა, Ifa-ს ( institute fur Auslandsbeziehungen) მოგზაური გამოფენებიდან  დღეს მსოფლიოსთვის ყველაზე მეტად აქტუალური – ოტო დიქსის  ცნობილი „ომის“ გრაფიკული სერია უკვე თბილისში – Window Project-შია წარმოდგენილი. 

ეს არის  ოტო დიქსის მიერ პირველი მსოფლიო ომის დროს (1914-1918) პირდაპირ ფრონტის ხაზზე შექმნილი ომის საშინელებათა ავთენტური, ცნობილი გრაფიკული ჩანახატები და  დიქტატორული რეჟიმით დეგრადირებული გერმანული  საზოგადოების პორტრეტები. ცნობილი გერმანელი მხატვრის ოფორტის ტექნიკით შესრულებული გრაფიკული სერია Window Project-ში წარმოდგენილია სახელწოდებით „სოციალური კრიტიციზმი – 1920-1924 /ომი. ოფორტები 1924“.

თამუნა ღვაბერიძე (Window Project ): „ეს ჩვენი მე-3 თანამშრომლობაა Ifa-სთან როზემარი ტროკერისა და სიგმარ პოლკეს გამოფენების შემდეგ.  ვფიქრობ, რომ  ამ ეტაპზე ოტო დიქსის ეს გამოფენა დროის კონტექსტთან მიმართებაში ზუსტად ჯდება. 

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც უკანასკნელ პერიოდში ერთბაშად სამი ომი გადავიტანეთ (აფხაზეთი, ოსეთი და 2008 წლის „აგვისტოს ომი“) პოსტომის ტრავმები გადადის საზოგადოებაში, რომელიც შემდეგ ვლინდება გენდერულ ძალადობაში, აპათიაში. სახელმწიფო უნდა ცდილობდეს ომის შემდგომი ტრავმების აღმოფხვრას, ამის ნაცვლად კი ომის თემებით მანიპულირება და პოლიტიკური ქულების ჩაწერა  ხდება და ამით პირიქით კიდევ უფრო მძაფრდება ასეთი ტრავმები და დაუცველობის შეგრძნება გვეუფლება.

ეს გამოფენა ეძღვნება ომის საშინელებებს, რომელსაც ჩვენი საზოგადოება სამწუხაროდ კარგად იცნობს. მე ვიწვევ მათ, რომ ომის საშინელება კი არა,  ოტო დიქსის შემოქმედება ნახონ. ეს გამოფენა არის ევროპის პოზიცია ომთან მიმართებაში, და როცა ამბობენ – ომი გინდათ? – არა, ევროპას არ უნდა ომი. მე გიწვევთ ამ გამოფენაზე, რომ არა მხოლოდ ომის საშინელება, არამედ  ოტო დიქსის შემოქმედება ნახოთ“.

ლელა გრიგალაშვილი (Window Project ): „ეს არის ომის დოკუმენტაცია და შიშველი რეალობა, ომის შემდგომი ქალაქებში  სექსუალური ძალადობის, ფსიქოლოგიური ტერორის შესახებ, რომელიც გადმოცემულია დიდი მხატვრის ხელით. ამიტომ ბევრმა უნდა ნახოს და საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რა შედეგები მოაქვს ომს, დიქტატორულ რეჟიმს, ჩინოვნიკების ძალადობას, სიტყვის თავისუფლების მოსპობას…“

თამუნა არშბა (Window Project): „ზღვარი წაშლილია 100 წლის წინანდელ ნამუშევრებსა და დღევანდელ რეალობას შორის, ერთ-ერთზეა, რასაც დღეს ახალი ამბების გამოშვებებში, ჩვენ ირგვლივ  თუ ონლაინ რეჟიმში  ყოველდღიურად ვხედავთ და საითაც მიდის მსოფლიო…“ 

ოტო დოქსი გერმანიის ისტორიის ყველაზე მღელვარე პერიოდში ცხოვრობდა – ის პირველ მსოფლიო ომს, როგორც მოხალისე,  აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფრონტებზე სანგარში, მეტყვიამფრქვევის ამპლუაში შეხვდა. მოესწრო  მე-2 მსოფლიო ომსა და ომის შემდგომი გერმანიის გაყოფას,  ომებს შორის „ვაიმარის რესპუბლიკის“ ხანმოკლე და რთულ არსებობას და ომზე მეტად მახინჯ – ჰიტლერის დიქტატორული რეჟიმის მოსვლას.

მან საკუთარ თავზე გამოცადა გებელსის კულტურის სამინისტროსა და რაიხის სახვითი ხელოვნების პალატის რეპრესიები, როცა მისი ნამუშევარი – The Trench  (“თხრილი”) ნაცისტებმა 1937 წელს, როგორც Entartete Kunst-ის დასამცირებლად გამოფინეს ცნობილ „დეგენერატულ გამოფენაზე“ მიუნხენში, ხოლო მისი war Cripples („ომის ინვალიდები“) დაწვეს. თავად მხატვარი კი დრეზდენის აკადემიიდან გამოაძევეს. 

მოკლე ისტორიულ დროში გერმანიის  რამდენიმე პოლიტიკურ-სოციალურმა  მარცხმა –  პირველი მსოფლიო ომში დამარცხებამ,  კაიზერ ვილჰელმ 2-ის გადადგომამ, ვაიმარის რესპუბლიკის გამოცხადებამ, რასაც მოჰყვა ინფლაცია, პოლიტიკური ექსტრემიზმი, პოლიტიკური მკვლელობები, სამხედროების მიერ ძალაუფლების ჩაგდების მცდელობა, საერთაშორისო დონეზე იზოლაციამ, 1929 წლის დიდმა დეპრესიამ, უმუშევრობამ საბოლოოდ გამოიწვია დემოკრატიის კოლაფსი და კოალიციურ მთავრობაში ადოლფ ჰიტლერის მოსვლა, რაც საბოლოოდ დაგვირგვინდა ფაშისტური დიქტატურის დამყარებით. 

სწორედ ამ ყველაფერზე რეფლექსიამ გერმანულ ხელოვნებაში წარმოშვა ახალი მიმდინარეობა – Neue Sachlichkeit (ახალი ობიექტურობა), რომელმაც უარი თქვა მანამდე დომინანტურ გერმანულ ექსპრესიონიზმზე და ფუტურიზმზე, და  ექსპრესიონისტ მხატვარ  ოტო დიქსისა და სხვათა (გროსი, მაქს ბეკმანი…)   შემოქმედებაში გაჩნდა „სოციალური კრიტიციზმი“, რათა რეალობის ზუსტი და სასტიკი ასახვით ხელოვნება დაჰპირისპირებოდა მახინჯ სინამდვილეს – ომსა და დიქტატურულ რეჟიმს.  

„მე მქონდა განცდა, რომ აქ არსებული რეალობა – ეს იყო ახალი განზომილება, რომელსაც აქამდე არ იცნობდა ხელოვნება, და ეს იყო სიმახინჯის განზომილება“. – აღნიშნავდა ოტო დიქსი. 

გერმანიამ უკვე კარგა ხანია აღიარა თავისი შეცდომები და დღეს ის თავის გამოცდილებას გვიზიარებს. დღეს ifa თავისი ტრანსკულტურული პლატფორმის საშუალებით  ოტო დიქსის „ომის“ სერიას გვიგზავნის, რომ დიქტატორული რეჟიმები  ავირიდოთ. 

გამოფენას Window Project 16 ივნისიდან 3 სექტემბრამდე უმასპინძლებს, შემდეგ კი მოგზაურობას გააგრძელებს. კარგი იქნება მას პეტერბურგსა და მოსკოვშიც თუ გამოფენენ… 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.